მთავარი » ფაილები » საქართველო

ამბროსი ხელაია “სიტყვა წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე!”
2011-03-17, 8:09 PM

ამბროსი ხელაია

ვკადნიერდები და ვბედავ ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა.
დღეს მთელი საქართველო დასტირის დიდებული მამულის შვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიდესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ლიტერატურისა. არა გვყავს ილია ჭავჭავაძე – მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით.
მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია? "იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი” (გამოცხადება 2,10). – გვიბრძანებს ჩვენ უფალი მოციქული იოანნე ღვთისმეტყველის პირით და ამით გვისახავს იმას, თუ რანაირი უნდა ვიყოთ ჩვენ ამქვეყნად, რომ დავიმკვიდროთ საუკუნო გვირგვინი – გვირგვინი უკვდავებისა. ნეტარია ის, ვინც ამქვეყნად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, სწამს და თავგანწირულად ემსახურება სიმართლეს, ამას ისახავს მოქმედებად – მოღვაწეობის საფუძვლად. "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი” ამნაირის კაცისა (ფსალმუნი 115,6). ის უკვდავია მისი ნამოქმედარით, მისი ხსოვნა უკუნისამდე დარჩება მადლიერ ერში. ამისთანა კაცი სიკვდილის შემდეგაც თვისის ნამოქმედარ-ნაღვაწით მასწავლებელი და დამრიგებელია, რადგან, მოციქულის თქმით, ის სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს (ებრ. 11,4).
მაშასადამე, არ მომკვდარა ილიაც. ის ცოცხალია. ის მხოლოდ გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად. თუმცა დასდუმდნენ მჭევრმეტყველებით განთქმული ბაგენი, მაგრამ საქმენი მისნი მჭევრმეტყველურადვე ღაღადებენ და იღაღადებენ. ის თავისი ნაშრომ-ნაღვაწით უკვდავად დარჩება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. მეტიც: ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, განადგურდეს უკუღმართ დრო-გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ მგოსან-მოღვაწის ხსოვნა, ვინაითგან საქართველოს ამ დიდებული შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არა მარტო ქართველ ერს, არამედ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა.
განსვენებული დიდებულია თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისი ღვაწლის სიდიადე არის მიზეზი, რომ ასე მწარედ დასტირის მას მთელი საქართველო. მაგრამ, ქართველნო, არა დაუვიწყარი ილიაა საგლოვ-სატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო, – მისი დამკარგავი. განა არა კმაროდა, რაც უკუღმართ დრო-ვითარებამ უბედურება დაგვატეხა თავზე, რომ ჩვენ თვითონ აუწერელი უბედურება არ მიგვემატებია?! მაგრამ დასაჯერებელი კია, ეს უმაგალითო ბარბაროსული მკვლელობა ჩაედინოს საქართველოს შვილს, იმ საქართველოსას, რომლის თავგანწირულად სამსახურში გაატარა განსვენებულმა მთელი 50 წელიწადი.
თუკი ეს ბრალი დაედო ქართველობას, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენი გახრწნილება, ზნეობრივად დაცემა, ველურობა, უკუღმართობა იქნება სატირალი. ამას უნდა ღრმად ჩავუფიქრდეთ, თუ გვინდა დავრჩეთ ქართველ ერად. განსვენებული კი ნეტარია. გზა გაკაფულია. ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც მან ამ ნახევარი საუკუნის წინათ აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, არ უღალატნია მათთვის და ამისთვის, მიციქულის თქმისაებრ, მზა არს მისთვის "გვირგვინი ცხოვრებისა” (გამოცხადება 2,10), გვირგვინი უკვდავებისა.
დიდებულ გვამთაგან გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა, ისიც უთუოდ რამეს გვასწავლის. მივიჩნიოთ ეს ბარბაროსთაგან დაღვრილი სისხლი ჩვენს ეროვნულ ცოდვათა განსაწმედად, უკუღმართ გზიდან მოსაქცევად, მთლად საქართველოს შვილთა შესაერთებლად, განსამტკიცებლად.
შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს, რომ ვიქნებით ნამდვილი აღმასრულებელნი იმ მცნებისა, რომელიც განსვენებულმა თვისის მოღვაწეობით გვიანდერძა ჩვენ. თუ ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნულ იდეალების მსახურებაში, მაშინ უეჭველია ჩვენმა სამშობლო მხარემ შეიძლება კიდევ წარმოშოს ილიასებრი დიდებული მოღვაწენი და მაშინ საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკვდავი სული. იყოს უკანასკნელი მხვერპლი, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენთან ეროვნულ ცოდვათა სახსრად შეწირული ეროვნულ ტრაპეზზედ. სიდიადე ამ მსხვერპლისა თავდებია, რომ მომავალში ჩვენი უკუღმართობა, ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობლივის ძალით შევუდგებით პირნათლად სამსახურს სამშობლო მხარის აღორძინებისას. თუ ამნაირი ღვაწლი დაგვდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა, თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურში, – ეს იქნება უკანასკნელი, ჭეშმარიტად დიადი ღვაწლი დიდებულის ილიასი – მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი. ჩვენის მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა, მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემაც განსვენებულის ხსოვნისა. ღმერთმან მოგვცეს ამის შეძლება.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამულისათვის თავდადებულო, დიდებულო მგოსანო, ილიავ!

არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია)
1907 წელი.


კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 140 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]