რონალდ უილსონ რეიგანი
2011-03-12, 7:33 PM





რონალდ უილსონ რეიგანი (ინგლ. Ronald Wilson Reagan; დ. 6 თებერვალი, 1911 – გ. 5 ივნისი, 2004) — აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი (1981–1989) და კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი (1967–1975).

რონალდ რეიგანი 30-იანი წლებიდან ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, სადაც ის მსახიობი გახდა. იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი, შემდგომ ფირმა "ჯენერალ ელექტრიკის" სპიკერი. პოლიტიკაში ამ დროიდან ჩაება. თავიდან რეიგანი დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1962 წლიდან კი ის რესპუბლიკელი გახდა. ამის შემდეგ იგი ორი ვადით კალიფორნიის გუბერნატორი იყო. მას ორჯერ 1968 და 1976 წლებში ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვების წარუმატებელი მცდელობა. 1980 წელს მან ნომინაცია მოიპოვა და შემდგომ ჯიმი კარტერის დამარცხებით, 69 წლის ასაკში, აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

პრეზიდენტის რანგში რეიგანმა ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივები წამოაყენა. მისი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც რეიგანომიკას უწოდებდნენ გულისხმობდა ბიზნესის რეგულაციის შემცირებას, ინფლაციის კონტროლს, სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების შემცირებით ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას. პირველი ვადის დროს რეიგანზე განხორციელდა თავდასხმა, იგი დაიჭრა, მაგრამ არა სასიკვდილოდ. პროფკავშირებთან დაპირისპირებისას ის მკაცრ პოლიტიკას ატარებდა. 1983 წელს მან გრენადაში სამხედრო შეჭრის ბრძანება გასცა. აგრეთვე რეიგანმა საბჭოთა კავშირს საჯაროდ უწოდა „ბოროტების იმპერია", უარი თქვა დაძაბულობის შენელების პოლიტიკაზე, აშშ-ის სამხედრო პოტენციალი გააძლიერა და მსოფლიოს გარშემო ანტიკომუნისტურ მოძრაობებს დაუჭირა მხარი.

1984 წლის არჩევნებში მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი მეორე ვადა ძირითადად საგარეო მოვლენებით აღინიშნა: ცივი ომის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, ლიბიის დაბომბვა და ირან-კონტრას სკანდალის გახმაურება. რეიგანის პოლიტიკის შედეგად ნავთობის ფასი სამჯერ დაეცა, რამაც სსრკ-ს ეკონომიკა ძალიან დააზარალა. მან საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკებების სერია გამართა, რომლის კულმინაციაც საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება და ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალის შემცირება იყო.

რეიგანმა პრეზიდენტის თანამდებობა 1989 წელს დატოვა. 1994 წელს მას ალცეიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. იგი 2004 წელს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა. რეიგანი აშშ-ის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევა.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 873 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]