როგორ გეგმავდნენ გერმანელები სტალინის ლიკვიდაციას ავტოკალამში ჩამონტაჟებული ტყვიით
2011-05-18, 10:42 AM
 



მძიმე აღმოჩნდა ფაშისტური გერმანიისთვის 1944 წელი. მას სრული განადგურებით ემუქრებოდა საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის პოლიტიკური კავშირი. ამას დაერთო 1944 წლის 20 ივლისს ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტიც, რომლის დროსაც ნაცისტების ბელადი სრულიად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

გერმანელთა უმაღლეს სამხედრო თუ პოლიტიკურ წრეებში სერიოზულად განიხილებოდა იოსებ სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის საკითხი. ფიურერის მოკვლის მიზნით განხორციელებულმა ტერაქტმა კიდევ უფრო დააჩქარა საბჭოთა ბელადზე თავდასხმის მოწყობა. ჰიტლერმა პირდაპირ განაცხადა: „თუკი ჩემ წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაა შესაძლებელი, მაშ, რატომ არ შეიძლება მისი განხორციელება იოსებ სტალინის წინააღმდეგ?!" უფსკრულის პირას მდგარი გერმანელები საბჭოთა ბელადის მკვლელობაში ხედავდნენ ომის ბედის შემობრუნების ერთადერთ გზას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის – იოჰან ფონ რიბენტროპის გეგმის თანახმად, გერმანულ მხარეს ყოველი ღონე უნდა ეხმარა, რომ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, მოლაპარაკების დანიშვნისთვის მიეღწია. ასეთ შემთხვევაში, რიბენტროპი საკუთარ თავზე იღებდა, რომ მოლაპარაკების დროს ავტოკალამში ჩამონტაჟებული ტყვიით მოკლავდა იოსებ სტალინს. ადოლფ ჰიტლერი იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ იოჰან ფონ რიბენტროპის გეგმა ჭკუაში დაუჯდა. ფიურერმა სასწრაფოდ გამოიძახა გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსი – ვალტერ შელენბერგი და მინისტრ რიბენტროპის გეგმა გააცნო. ამ უკანასკნელის გეგმა შელენბერგმა არასერიოზულად მიიჩნია და ჰიტლერს მოახსენა, რომ, ვინაიდან საბჭოთა კავშირს სამხედრო წარმატებები აქვს, ის გერმანიასთან არანაირ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდებაო. ამ საუბრის შემდეგ, ფიურერის კაბინეტიდან გამოსულ გერმანიის დაზვერვის შეფს თანამშრომელთა წრეში უთქვამს, როგორც ჩანს, იოჰან ფონ რიბენტროპს გადაღლილობისგან ფსიქიკა შეერყა და ნევროზიც დაემართაო.

საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული ლიდერის, იოსებ სტალინის მოკვლის მიზნით, გერმანიის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტაში ორი აზრი ჩამოყალიბდა: ცნობილი ტერორისტი, ოტო სკორცენი, შესაძლებლად მიიჩნევდა ლოკალური ოპერაციით იოსებ სტალინის რეზიდენციაზე თავდასხმასა და ბელადის მოტაცებას ან მოკვლას. მანამდე მან ასეთი ოპერაცია წარმატებით განახორციელა და მოიტაცა კიდეც იტალიის ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი. ვალტერ შელენბერგი იოსებ სტალინის მოტაცებას არარეალურად მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ ეს გეგმა ოცნების სფეროს უფრო განეკუთვნებოდა. გერმანიის დაზვერვის შეფის თვალსაზრისით, ჯობდა, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადაესხათ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით საგანგებოდ მომზადებული დივერსანტები. მისი ვარაუდით, საუკეთესო შემთხვევაში, ერთ-ერთი მაინც მიაღწევდა მიზანს.

მას შემდეგ, რაც თეირანის კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მოტაცების და ინგლისის პრემიერ-მინისტრის – უინსტონ ჩერჩილისა და იოსებ სტალინის მოკვლის ოტო სკორცენისეული გეგმა ვერ განხორციელდა, უპირატესობა მიენიჭა ვალტერ შელენბერგის გეგმას. ფაშისტური გერმანიის დაზვერვამ და უშიშროების სამსახურმა ამავე წლის შუა ხანებისათვის მოახერხეს და 62 სპეციალურ სკოლაში გაწრთვნილი 330 დივერსანტი გადასხეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. გერმანელი დივერსანტების მიზანი იყო ტერაქტების განხორციელება ცნობილი საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეებისა და, უპირველესად, სტალინის წინააღმდეგ. ფაშისტთა ამ საოცნებო გეგმისთვის მომზადდა ტერორისტი პეტრე ტავრინიც. მისი ნამდვილი გვარი იყო არა ტავრინი, არამედ – შილო, რომელიც დაბადებული გახლდათ ჩერნიგოვის გუბერნიაში. უკვე მოწიფულ ასაკში, ეს ტერორისტი თაღლითობისთვის მოხვედრილა ციხეში. საიდანაც მოახერხა გაქცევა და ახალი პასპორტის აღება პეტრე გავრინის სახელითა და გვარით. მოგვიანებით მან პასპორტში გვარის პირველი ასო შეცვალა და შედეგად პეტრე გავრინი ტავრინად იქცა. 1941 წელს იგი ფრონტზე გაიწვიეს, საიდანაც ძალიან მალე მოახერხა გერმანელების მხარეზე გადასვლა და ნებაყოფილობით ჩაბარდა მათ. თუმცა, ნაცისტები, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მაინც არ ენდობოდნენ. მხოლოდ და მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნამ უბიძგა გერმანელებს, რომ ტერორისტი ტავრინი სპეციალურად მოემზადებინათ, რის შემდეგაც ის, ცოლთან ერთად, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადმოსვეს. პეტრე ტავრინს ბოლომდე არ ეუბნებოდნენ, თუ რისთვის ამზადებდნენ. როდესაც სიმართლე შეიტყო, შეშინდა, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და ბედს მიენდო.

გერმანელების მიერ საგანგებოდ შემუშავებული გეგმა ასეთი იყო: პეტრე ტავრინს, სპეციალურად დამზადებული მცირე ზომის ყუმბარმტყორცნით, რომელიც ქურთუკის სახელოშიც კი იმალებოდა, უნდა აეფეთქებინა იოსებ სტალინის მანქანა. თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, გეგმის სათადარიგო ვარიანტიც ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც ტერორისტ ტავრინს უნდა შეეღწია რომელიმე შეკრებაზე, რომელსაც დაესწრებოდა სტალინი და მის ახლოს უნდა დაეტოვებინა საქაღალდეში ჩამონტაჟებული მაგნიტური ბომბი, შემდეგ კი ეს ბომბი რადიოსიგნალით უნდა აეფეთქებინა.


ცხადია, გერმანელთა მიერ შემუშავებული ორივე გეგმა უტოპიური იყო და ეს თვით პეტრე ტავრინმაც კარგად უწყოდა.

1944 წელს ტავრინი და მისი მეუღლე რიგის აეროდრომიდან საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადასხეს. დაგეგმილი ოპერაცია პირველი წუთებიდანვე წარუმატებლად დაიწყო: თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო, მფრინავები გაიქცნენ და პეტრე ტავრინიც ქვეყნის სიღრმეში ცდილობდა მიმალვას, მაგრამ გზაზე იგი გააჩერა ერთ-ერთი რაიონის სპეცსამსახურის უფროსმა და საბუთები მოსთხოვა. ტავრინმა მან საბჭოთა ოფიცრის მოწმობა წარუდგინა. სპეცსამსახურის უფროსი დაეჭვდა და პეტრე ტავრინის საბუთები გადაამოწმა, რის შედეგადაც მალევე მიიღო დადასტურება, რომ ასეთი სახელისა და გვარის მქონე ოფიცერი არ არსებობდა. გერმანელთა მიერ იოსებ სტალინის მოსაკლავად გამოგზავნილი პეტრე ტავრინი დააპატიმრეს, მაგრამ სიკვდილით არ დაუსჯიათ – საბჭოთა დაზვერვამ იგი თავისი მიზნებისათვის გამოიყენა. ტავრინი და მისი მეუღლე თითქმის ომის ბოლომდე გადასცემდნენ გერმანიაში ცნობებს იმის შესახებ, რომ იოსებ სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მზადება წარმატებით მიმდინარეობდა. თავის მხრივ, გერმანიის დაზვერვა მალე მიხვდა, რომ მათ მიერ შემუშავებულმა გეგმამ კრახი განიცადა, რომ პეტრე ტავრინი და მისი მეუღლეც ჩავარდნენ და უკვე სერიოზულად აღარ ეკიდებოდნენ მათ მიერ გადაცემულ ინფორმაციებს.

პეტრე ტავრინმა თავისი მისია ამოწურა და 1950 წელს იგი მეუღლესთან ერთად დახვრიტეს.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 905 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]