რატომ ეზიარებიან ადამიანები კულტს
2011-04-05, 7:27 PM

ეჭვგარეშეა, ბოლო წლებში ინფორმაციამ კულტების შესახებ დაიპყრო ჩვენი ცნობიერება. საკულტო ჯგუფების წევრების იმ ექსტრემალური, აუხსნელი ქცევების გამო, რომელთა შესახებაც ვკითხულობთ, ან რომელთაც ვუყურებთ მასმედიის საშუალებით.

1997 წლის მარტში შეერთებულ შტატებში, საკუთარი ლიდერის მიერ პროვოცირებულმა “ჰეივენ გეიტს”-ის (Heaven’s Gate) 39 წევრმა რიტუალური წესების დაცვით მოიკლა თავი.

დაახლოებით ოცი წლით ადრე, გაიანას ჯუნგლების დასახლებაში, 900-ზე მეტმა ამერიკელმა მოქალაქემ ჩაატარა მასობრივი თვითმკვლელობის აქტი მათი ქარიზმატული ლიდერის – ღირსი ჯიმ ჯონსის დაჟინებული მოთხოვნით.

საფრანგეთში, კანადასა და შვეიცარიაში, მზის ტაძრის ორდენის წევრებმა, ასევე, რიტუალური წესით მოისწრაფეს სიცოცხლე. იაპონიაში კი სექტა “აუმ შინ რიკიოს” წევრებმა ტოკიოს მეტროში გაზის გამოყენებით მოწამლეს მგზავრები და, ასევე, დაგეგმილი ჰქონდათ მასობრივი მკვლელობების სხვა აქციები მათი ლიდერის მითითებების თანახმად.

ამ ჭეშმარიტად ტრაგიკული ფაქტების მიღმა დგას ათასობით ჯგუფი, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც კულტი და რომლის წევრებიც ტოტალურ მორჩილებას უცხადებენ ამ ჯგუფებს და მათ ლიდერებს. წევრები ემორჩილებიან ნებისმიერ ბრძანებას, როგორიცაა, მაგალითად, უცნობ პარტნიორზე დაქორწინება მასობრივი ქორწინების ცერემონიების დროს, მათხოვრობა, რეკრუტირება, ხანგრძლივი შრომა ანაზღაურების გარეშე, საკუთარი ქონების ჯგუფის სარგებლობაში გადაცემა, ან დაუქორწინებლობის აღთქმის დადება.

შეგიძლიათ ასეთი რამის გაკეთების წარმოდგენა? არსებობს კი ისეთი გარემოებები, რომელთა ზეგავლენითაც მიუერთდებოდით კულტს და იქცეოდით იმ კომფორმიზმის, დათმობის და ტოტალური მორჩილების პირად, რასაც კულტი თავს ახვევს ჯგუფის წევრებს?

ცხადია, უმრავლესობა იტყვის: “არა, არავითარ შემთხვევაში”, მაგრამ ჩვენი, როგორც ფსიქოლოგების, ამოცანაა გავიგოთ, თუ რატომ ეზიარებიან ადამიანები კულტს, როგორ ახერხებენ ეს ჯგუფები და მათი ლიდერები ასეთ იძულებას და ჩავწვდეთ იმ პირობებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები მოწყვლადნი ხდებიან და უჯერებენ მათგან მიღებულ დამარწმუნებელ ინფორმაციას.

ამრიგად, რას წარმოადგენს კულტი?

საკულტო ჯგუფები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან თავიანთი აქტივობებით, სტრუქტურით, სიდიდით და იდეოლოგიით, მაგრამ პრაქტიკულად ყველა წარმოადგენს არატრადიციულ რელიგიურ ჯგუფს, რომელიც იმართება ავტორიტარული ლიდერის მიერ და რომელიც არის ჯგუფის იდეოლოგიის, დოქტრინის ერთადერთი სულიერი წყარო და ძირითადი მცველი. ასეთი ლიდერი, უმეტეს შემთხვევაში, ქარიზმატული ლიდერია, ენერგიითა და თავდადებითაა აღვსილი და ხშირად პრეტენზიასაც აცხადებს ღვთაებრივ ყოვლისშემძლეობაზე, ყოვლისმცოდნეობასა და უკვდავებაზეც კი.

მიუხედავად ცალკეული კულტებისთვის დამახასიათებელი ნიშნების განსხვავებებისა, საერთო მათ შორის ახლად მიღებული წევრებისთვის მიცემული უხვი დაპირებები, მათზე ზემოქმედების წესი და ჯგუფის იძულებითი ძალაა, რომელიც ყოველი წევრისაგან საკუთარი ნებისა და კრიტიკული აზროვნების დათმობას ითხოვს.

მაშ, რატომ სურთ ადამიანებს კულტთან შეერთება?

უპირველეს ყოვლისა, არავინ უერთდება კულტს, როგორც ასეთს. ადამიანები უერთდებიან საინტერესო ჯგუფს, რომელიც მათ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას პირდება. ისინი მხოლოდ მოგვიანებით აღიქმებიან საკულტო ჯგუფებად, მხოლოდ მაშინ, როდესაც ცნობიერდება, რომ ეს არის ცრუ, ნაკლოვანი, საშიში გაერთიანება, ან სულაც ის, რომ ის ეწინააღმდეგება საზოგადოების მიერ აღიარებულ ძირითად ღირებულებებს.

კულტი მაშინ ხდება მიმზიდველი, როდესაც ადამიანის ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დაპირებას იძლევა, რამდენადაც ეს შეიძლება ეხებოდეს სახელდახელო მეგობრობას, იდენტურობას ან ცხოვრების მოწყობას.

სოციალური მარცხის შემთხვევაში კულტი ადამიანებს კომპენსაციასაც ჰპირდება იზოლირებულობისა და მარცხის შეგრძნების აცილებით. საკულტო ჯგუფი უფრთხილდება საკუთარ სამყაროს, თავის უსაფრთხოებას, წევრების ჯანმრთელობას, მათ მოვლა-პატრონობას – ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი და გაკონტროლებული.

სულ უფრო და უფრო გართულებად სამყაროში კულტის ლიდერები წევრებს მარტივ გადაწყვეტილებებს, ბედნიერებისკენ, წარმატებისაკენ და ხსნისაკენ მიმავალი გზის გაკვალვას სთავაზობენ.

ადამიანები კულტის დამარწმუნებელი ძალის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მაშინ, როდესაც საცხოვრებლად გადადიან ახალ ქვეყანაში ან ქალაქში, კარგავენ სამუშაოს, ამთავრებენ სასწავლებლებს, ან იდევნებიან ტრადიციული რელიგიიდან, როგორც შეუფერებელნი. კულტი მიმზიდველია მათთვისაც, ვინც თავის სამუშაოს მოსაწყენად და ერთფეროვნად მიიჩნევს, ვისაც გაფანტული და უშინაარსო სოციალური ცხოვრება აქვს და ვისაც რწმენა აქვს დაკარგული საკუთარი ქვეყნის მთავრობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მასმედია მასობრივი მკვლელობებისა და თვითმკვლელობების შესახებ ავრცელებს ცნობებს, კულტების უმრავლესობა წყნარად მოქმედებს თავისი მიზნების მისაღწევად. თუკი ისინი თავიანთ დანაპირებს ასრულებენ, მათ შეუძლიათ ღირებული სამსახური გაუწიონ ცალკეულ ადამიანებს და შეძლონ მათთვის ცხოვრებისეული ვაკუუმის შევსება, მაგრამ, როდესაც ისინი მოტყუებით, იძულებით და ძალით მოქმედებენ და ამახინჯებენ თავისუფლების, დამოუკიდებლობის და კრიტიკული აზროვნების ძირითად ფასეულობებს, ისინი საშიშნი ხდებიან როგორც საკუთარი წევრებისათვის, ისე _ საზოგადოებისთვისაც.

აქვე მართებული იქნება ერთი კითხვის დასმა: _ ნუთუ საზოგადოებას არ შეუძლია ადამიანები უზრუნველყოს ყოველივე იმით, რასაც კულტები ჰპირდებიან, რათა ეს კულტები არ წარმოჩნდნენ საინტერესო, განსაკუთრებული სტილით ცხოვრებად, რომელსაც ასე ესწრაფვიან ადამიანები მთელ მსოფლიოში?

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 846 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]