რა სურთ ქალებს?
2011-05-13, 10:56 AM
ის, რასაც ქართველი ქალები ირჩევენ.

ყველაფერი ასე იწყება: - თეფში ბოლომდე მოაპრიალე, თორემ უშნო ქმარი გეყოლება! - რამე იტკინე? არ იტირო, ქორწილამდე მოგირჩება.  - გინდა, გაიგო, როგორი ქმარი  გეყოლება? შუაღამისას გზაჯვარედინზე დადექი და მარილიანი კვერი შეჭამე, შინ მობრუნებულმა წყლით სავსე ჭიქაში ჩაიხედე და შენს საბედოს დაინახავ. როგორ მთავრდება "მძინარე მზეთუნახავი"? ასწლიანი ძილისგან მშვენიერ პრინცესას პრინცი აღვიძებს ნაზი კოცნით და შემდეგ ისინი სიკვდილამდე ერთად, ბედნიერად ცხოვრობენ.

"მძინარე მზეთუნახავი", "ფიფქია", "მზეთუნახავი და ურჩხული" - ზღაპრები, რომლებზეც მსოფლიოში ქალების უამრავი თაობა გაიზარდა, სწორედ ამ ეპიზოდით მთავრდება - გოგო და ბიჭი ქორწინდებიან.  თუმცა, ზღაპრებში აღარაფერს ამბობენ იმაზე, რაც ქორწინების შემდეგ ხდება. როგორც ჩანს, ცოლქმრული თანაცხოვრება უკვე ზღაპრის ჟანრს სცდება. მეოცნებე გოგონებისთვის ამ ყველაზე საინტერესო ეპიზოდზე გაწყვეტილი ნარატივი  ქორწინებას კიდევ უფრო მეტ იდუმალებას მატებს.

სჭირდება თუ არა ქალს გათხოვება იმისთვის, რომ თვითრეალიზება შეძლოს? - ამ კითხვაზე დისკუსია დღეს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პასუხისკენ იხრება, თუმცა - არა საქართველოში. ჩვენთან კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუნდაც კითხვაზე - რა ასაკიდან არის დასაშვები ქალისთვის, იცხოვროს მამაკაცთან ქორწინების გარეშე - გამოკითხული მამაკაცების 82 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს ნებისმიერ ასაკში დაუშვებელია ქალისთვის; და ასევე ფიქრობს გამოკითხული ქალბატონების 81 პროცენტიც.

"ამერიკელი ფემინისტი და ჟურნალისტი, გლორიას სტაინემი დამოუკიდებელ ქალს ასე ახასიათებს: ეს არის ქალი, რომელიც ნორმალურად მიიჩნევს სექსს გათხოვებამდე და მუშაობას - გათხოვების შემდეგ. თუმცა, ლაპარაკია თითოეული ქალის ნებელობით არჩევანზე და არა აუცილებლობაზე, ჩვენი საზოგადოება კი მსგავსი არჩევნისთვის არ არის მზად", - ამბობს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი, ეკა აღდგომელაშვილი და დასძენს, რომ საზოგადოებაში, რომელშიც ისევ ძველ ტრადიციებს ებღაუჭება, დამოუკიდებელი ქალი  მარგინალიზაციისათვის არის განწირული.

როცა გათხოვების ასაკი მოაწევს, ბავშვობაში ქვეცნობიერში ჩადებული კოდები შემტევი ხასიათის რეპლიკებით იცვლება: "როდის თხოვდები? უკვე დროა!" "რა ლამაზი ხარ და რატომ ვერ თხოვდები?" რაღაცაზე დახუჭე თვალი, რა უჭირს?!"  "გვაღირსე შვილიშვილი!"

2010 წლის კვლევის მიხედვით,  გათხოვებისთვის ყველაზე შესაფერისი ასაკი,  გამოკითხული კაცების 95 პროცენტისა და ქალების 96 პროცენტის აზრით, 18-25 წელია. შესაბამისად, ქალი 25 წელს ზევით  მალევე ინაცვლებს გაუთხოვართა რისკ-ჯგუფში, არადა, შეიძლება, ჯერ სულაც 31 წლის იყოს.

ქართული კულტურული კლიშეების კიდევ ერთი გამოხატულება თვითონ საყოფაცხოვრებო ლექსიკაში შეიძლება ვიპოვოთ: ქალს, რომელსაც არ ჰყავს ოჯახი, ხშირად მარტოხელას ეძახიან - აშკარად უარყოფითი კონოტაციით. თავის მხრივ, "გასათხოვარი" - აღნიშნავს ქალს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს გათხოვების პერსპექტივა, მის საპირისპიროდ შექმნილი სიტყვა "გაუთხოვარი" კი უკვე, თითქოს, განაჩენის გამოტანას - შინაბერობას - გულისხმობს.

"ეს სიტყვაც ძალიან საინტერესოა. შინაბერა იგივეა, რაც შინ დაბერებული ქალი. თითქოს, ადგილიც კი გამონახულია მისთვის - ქალი, რომელიც არ შექმნის ოჯახს აუცილებლად შინ, სახლში უნდა დაბერდეს. ანუ მთელი ტრაექტორია ქალისთვის ჩვენს კულტურაში ასე განისაზღვრებოდა - ერთი ოჯახიდან მეორეში გადანაცვლება. გაუთხოვრის სტატუსის მქონე ქალის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას კი თან ქედმაღლური შეცოდება ერთვოდა, რადგან შინაბერობა - ეს არ იყო ამ ქალის არჩევანი, ის, უბრალოდ, დაიწუნეს და საბრალოა იმიტომ, რომ მასზე არავინ შეაჩერა არჩევანი", - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების ერთ ოთახში სამი შუახნის ქალბატონი ზის, სამივე გაუთხოვარია. ერთ-ერთ მათგანთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ხმამაღლა ვსვამ კითხვას - ხომ ვერ დამეხმარებით, ვიპოვო ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა ოჯახის შექმნაზე და ეს ვერ შეძლო? 60 წლის, სიმპათიური ქალი რუსულად, ხაზგასმული კეკლუცობით მპასუხობს: "А, кто вам скажет?" - ასე ამხელს საკუთარ ოცნებას 60 წლის ელზა, რომელიც 17 წელია, ერთ დაწესებულებაში მუშაობს.

"მე ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ უნდა გავთხოვილიყავი. არავინ მეუბნებოდა, რომ ოჯახი უნდა შემექმნა. ეს სხვადასხვა რამეა. "გათხოვდი"  შეურაცხმყოფელია - თითქოს, ვიღაც გპოულობს და შენ მას ცოლად უნდა გაჰყვე. ოჯახის შექმნა ეს სხვაა - მიზანსწრაფვა, რომ მასთან ერთად იფიქრო, ერთი იდეალებით იცხოვროთ, გაინტერესებდეს მასთან ურთიერთობა და არ გრცხვენოდეს, რომ ის შენი ქმარია. მე გმირს ველოდებოდი. რომანებში წაკითხული რაინდი იყო ჩემთვის იდეალი და ვიცოდი, რომ თუ ასეთი არ გამოჩნდებოდა, არავის გავყვებოდი ცოლად", - ამბობს ელზა და იქვე ამატებს, - "მამაკაცის მხრიდან არც გადაჭარბებული ყურადღება მომწონდა, მომაბეზრებელი იყო. როგორც ჩანს, ვთამაშობდი მთელი ცხოვრება და ამ თამაშში მოვაღწიე კიდეც აქამდე".

"მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ოთხი შვილი უნდა მყოლოდა - გოგონები, სახელებიც კი მოფიქრებული მქონდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ოთხი კი არა ნახევარიც არ მყავს. ახლა, პატარა ბავშვს რომ ვხედავ, ცუდად ვხდები და წარმოვიდგენ, რომ ეს განცდა შეიძლებოდა მეც მქონოდა. მაგრამ იცი, რა არის?! ალბათ, რომ მეცადა, ბავშვი მაინც მეყოლებოდა", - ამბობს თეატრის მსახიობი, 43 წლის ნათია, რომელიც ბოლო დროს ფერადი ქვების მძივებსა და საყურეებს აწყობს და საკუთარი ოჯახის დანაკლისს მჭიდრო და სავსე მეგობრული ურთიერთობით ივსებს.

ელზაც და ნათიაც იმ თაობის ქალები არიან, რომელთა გარკვეული ნაწილისთვის გაუთხოვრობა ცალსახად ნიშნავდა სქესობრივი პარტნიორის გარეშე ცხოვრებას. "ქალიშვილობა" - ეს მათთვის ერთგვარი იარლიყი იყო, რომელიც გარშემომყოფებისგან ან ზემოთ ხსენებული ქედმაღლური შეცოდების ან სულ მცირე მეგობრული ირონიის მიზეზი ხდებოდა. შემდეგ თაობებში ეს ტენდენცია შეიცვალა, თუმცა, ქორწინებამდე სექსი ქართულ საზოგადოებაში დღემდე მაინც ტაბუირებულ თემად ითვლება. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. შარშანდელი კვლევის მიხედვით, კითხვაზე - რა ასაკიდან არის ქალისთვის დასაშვები სექსუალური ურთიერთობა ქორწინების გარეშე - გამოკითხული მამაკაცების 90 პროცენტი პასუხობს, რომ ეს ნებისმიერ ასაკში დაუშვებელია და ასე ფიქრობს გამოკითხული ქალბატონების 89 პროცენტიც.

პროფესიით დიპლომატი 24 წლის ანკა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და თავს დამოუკიდებელ ადამიანად მიიჩნევს, შეყვარებულს ოჯახის გამო დაშორდა - მშობლებმა მას ნება არ მისცეს, შეყვარებულთან ერთად საზღვარგარეთ "არაოფიციალურად" ეცხოვრა. "არადა, ძალიან მიყვარდა. ბუნებითაც სუსტი ვარ და ვგრძნობ, რომ მჭირდება ადამიანი, რომელსაც დავეყრდნობი. თუ მანამდე ვერ გავთხოვდი, 30 წლის ასაკში შვილს მაინც გავაჩენ. მივაკითხავ იმ ჩემს ბიჭს და ვთხოვ, რომ ერთი ღამე მაჩუქოს", - სიცილით ამბობს ანკა.

თუმცა, ეკა აღდგომელაშვილი მიიჩნევს, რომ სხვა ერებში წლების წინ გაჩენილი ტერმინი - თავისუფალი ქალი, რომელიც არ ატარებს ნეგატიურ დატვირთვას და ქორწინებაში არმყოფი ქალის სტატუსს აღწერს - ჩვენთანაც ნელ-ნელა მკვიდრდება, "იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან კულტურამ ჯერ არ იცის, რა დაარქვას ამ ქალს. საზოგადოება ჯერ ამისთვის მაინც არ არის მზად". ანკას შემთხვევა კი იმაზე მიუთითებს, რომ ქორწინების გარეშე მამაკაცთან ცხოვრების ღიად დასაწყებად ჯერ მზად არც იმ თაობის გოგონები არიან, რომლებიც, წესით, მოძველებულ კულტურულ ტაბუებს ყურადღებას აღარ უნდა აქცევდნენ. ქართული ტერმინი იმ ქალის აღსაწერად, რომელიც თავისუფალ სქესობრივ ცხოვრებას ირჩევს და ქორწინებაზე უარს ამბობს, ჯერ არც ამ თაობაში გაჩენილა - უცხო ენიდან შემოსული სიტყვების გარდა.

"დასავლური, ინდივიდუალისტური კულტურისგან განსხვავებით, ჩვენთან პირველ ადგილზე დგას ჯერ ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, სამშობლო, ეკლესია და მერე, სადღაც მეათე ადგილზე ხარ შენ. ასეთ შემთხვევაში ყველას წინაშე გაქვს მოვალეობა - სამშობლოს, ეკლესიის, მეგობრების, ოჯახის, ნათესავების, ფართო საზოგადეობის წინაშე", - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი და დასძენს, რომ ქალებმა, პირველ რიგში, ეს ღირებულებათა შკალა უნდა შეცვალონ საკუთარი არჩევნის სასარგებლოდ, თუნდაც, ეს არჩევანი ქორწინებაზე საერთოდ უარის თქმას გულისხმობდეს.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1035 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]