მთავარი » ფაილები » საინტერესო

“ფოლადის ადამიანი” და დიდი ქველმოქმედი – ენდრიუ კარნეგი
2011-04-07, 5:40 PM
"ფოლადის ადამიანი” და დიდი ქველმოქმედი – ენდრიუ კარნეგი
"ადამიანი, რომელიც მდიდარი კვდება, კვდება შერცხვენილი!”

კომპანია "ფოლადის ტრესტის” დამაარსებელი შოტლანდიელი ენდრიუ კარნეგი, საკუთარი "სიმდიდრის სახარების” წყალობით, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე სახელგანთქმული ქველმოქმედი გახდა.
იგი ღარიბი ფეიქრის ოჯახში, 1835 წლის 25 ნოემბერს, შოტლანდიის ქალაქ დანფერმლაინში სწორედ იმ დროს დაიბადა, როცა სამრეწველო რევოლუციამ მრავალი ადამიანი გააკოტრა. ოჯახი პრობლემებს დედის წყალობით გაუმკლავდა, რომელიც ფეხსაცმელებს კერავდა, პატარა ენდრიუ კი მას ეხმარებოდა. ოჯახის დიასახლისი საკუთარი შვილების უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობდა, ამიტომაც ოჯახი ამერიკაში გადასახლდა. მაშინ ენდრიუ 12 წლის იყო. მამამ ქსოვილების ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, ბიჭუნა მამას მხარში ამოუდგა, იგი კვირაში 1,2 დოლარს იღებდა.

ენდრიუს სკოლაში სწავლის შესაძლებლობა არ გააჩნდა, ამიტომაც თვითგანათლებას გაძლიერებული ძალისხმევით მოჰკიდა ხელი. პიტსბურგის ტელეგრაფში კურიერად მუშაობისას მისალოცი ტელეგრამების მიტანა თეატრში უწევდა. ენდრიუ ცდილობდა სპექტაკლის დაწყების დროს მისულიყო, რომ შექსპირის რომელიმე პიესის სანახავად მიეწვიათ. გატაცებული იყო კითხვით, ეცნობოდა წიგნებს პოლიტიკაზე, ისტორიაზე, მეცნიერებაზე. ჯერ კიდევ ჭაბუკობისას კარნეგი წერილებს "ნიუ-იორკ ტრიბუნის” და სხვა გაზეთების რედაქციებში აგზავნიდა, საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მონობის გაუქმებაზე გამოთქვამდა. გაზეთებში თანამშრომლობას შემდგომშიც აგრძელებდა. პატარა კარნეგიმ ბავშვობიდანვე სახელი პატიოსნებით გაითქვა. შიკრიკად მუშაობის დროს, ენდრიუმ ქუჩაში 500 დოლარი იპოვნა და მისსავე პატრონს დაუბრუნა,. ეს თანხა იმ დროს მისი რვა წლის ხელფასს უტოლდებოდა!



ცოტა ხნის შემდეგ, პენსილვანიის რკინიგზაში ტელეგრაფისტის ადგილი მიიღო, ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა სატელეგრაფო სიგნალის გარჩევა ხმის მიხედვით. მალე პიტსბურგის რკინიგზის უფროსის თანაშემწე და პირადი ტელეგრაფისტი გახდა. თვეში ხელფასის სახით 35 დოლარი დაუნიშნეს. "მაშინ არ ვიცოდი, ამდენი ფული სად წამეღო”, – იხსენებდა კარნეგი შემდგომში.

ენდრიუ დაწინაურების შესაძლებლობას ხელიდან არასოდეს უშვებდა. იგი დასავლეთ პენსილვანიის რკინიგზის უფროსის – ტომ სკოტის პირადი ტელეგრაფისტი და მდივანი გახდა. მისი ხელმძღვანელობით კარნეგი მეწარმეობისა და მართვის მეცნიერებას ეუფლებოდა. რკინიგზაში 12 წლის მუშაობის შემდეგ, კარნეგი მალევე უფროსი გახდა. ტომ სკოტმა იგი მეწარმეთა სამყაროში შეიყვანა.

1856 წელს ენდრიუ კარნეგიმ საფინანსო ინვესტიციების გასაოცარი სამყარო აღმოაჩინა: მან ადგილობრივ ბანკში კრედიტი აიღო. 217 დოლარი და 50 ცენტი Woodruff Sleeping Car Company-ში დააბანდა, რომელიც საძილე ვაგონების პატენტის მფლობელი იყო. ზუსტად ორი წლის შემდეგ, ამ აქციებიდან ენდრიუს ყოველწლიურად 5000 დოლარი შემოსავალი ჰქონდა. ეს კი პენსილვანიის სარკინიგზო კომპანიაში მიღებულ ხელფასთან შედარებით სამჯერ მეტი იყო. პარალელურად გრძელდებოდა კარნეგის კარიერული წინსვლა: 1859 წელს კომპანიის დასავლეთ განყოფილების მმართველად დანიშნეს, ხოლო მისი "მფარველი” – თომას სკოტი დააწინაურეს. კარნეგის წლიურმა ხელფასმა 1500 დოლარს მიაღწია. დედასთან ერთად პრესტიჟულ ჰოუმვუდში დასახლდა.

ორი წლის შემდეგ, კარნეგიმ Woodruff Sleeping Car Company-დან მიღებული დივიდენდები (11.000 დოლარი) მთლიანად ქალაქ ტიტუსვილის (პენსილვანიის შტატი) ახლად დაწყებულ სანავთობო ბიზნესში დააბანდა. პირველივე წელიწადს ინვესტიციამ საგრძნობი მოგება მოიტანა და დაბანდებული 11000 დოლარის სანაცვლოდ 17868 დოლარი მიიღო. უკვე 28 წლის ასაკში, ენდრიუ კარნეგის საერთო შემოსავალმა 42 ათასი დოლარი შეადგინა: აქედან თითქმის ნახევარი სანავთობო ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი იყო, 2400 დოლარი – პენსილვანიის რკინიგზაში მიღებული ხელფასი, ხოლო 13 000 – დივიდენდები Piper and Schiffler Company, The Adams Express Company და The Central Transportation Company-ში დაბანდებული ინვესტიციებიდან.

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, კარნეგიმ პენსილვანიის სარკინიგზო კომპანიის მმართველის პოსტი დატოვა და ხიდების მშენებლობის საკუთარი ფირმა Keystone Bridge დააარსა. სასტარტო ინვესტიციებისათვის საჭირო თანხის ნახევარი 80 000 დოლარი თომას სკოტმა ასესხა. შემდეგი ნაბიჯი იყო კომპანია Keystone Telegraph-ის შექმნა. კარნეგიმ ორსვლიანი გეგმა წარმატებით განახორციელა: საჩვენებელი ტენდერის შემდეგ პენსილვანიის რკინიგზამ Keystone Bridge-ს ყველა არსებული ხის ხიდების რკინით შეცვლის შეკვეთა მისცა, ხოლო Keystone Telegraph-მა პენსილვანიის სარკინიგზო ხაზის მთელ სიგრძეზე სატელეგრაფო კაბელების გაჭიმვაზე ნებართვა მიიღო. ორივე კომპანიის ინვესტორებმა საკუთარი კაპიტალი ელვისებური სისწრაფით გაასამმაგეს, რის შემდეგაც მთავარი კონკურენტების – Pacific Telegraph და Atlantic Telegraph "შთანთქმა” ტექნიკის საქმე იყო.

1872 წელს კარნეგიმ დიდ ბრიტანეთში ჰენრი ბესსემერის ფოლადჩამომსხმელი ქარხნები მოინახულა. თავისი პირველი "რკინის” კომპანია Freedom Iron მან ჯერ კიდევ 1861 წელს შექმნა, მაგრამ მხოლოდ ბესსემერის ფოლადის წარმოების საწარმოო პროცესის გაცნობის შემდეგ, შოტლანდიელმა მაგნატმა ფოლადჩამომსხმელი ბიზნესი საკუთარი იმპერიის მთავარ ქვაკუთხედად აქცია. იმ პერიოდში კარნეგი ხშირად იმეორებდა: "ყველა კვერცხი ჩაალაგე ერთ კალათაში და ყურადღებით ადევნე თვალი. ეს არის ბიზნესში ფულის კეთების ერთადერთი ხერხი”.

სამი წლის შემდეგ, კარნეგიმ პირველი საკუთარი ფოლადჩამომსხმელი ქარხანა – Edgar Thomson Works აამუშავა. ეს სახელი კომპანიას პენსილვანიის რკინიგზის მმართველის საპატივცემულოდ სიურპრიზის სახით უწოდა!

შემდეგი სიურპრიზი პენსილვანიის სარკინიგზო კომპანიამ მოაწყო, რომელმაც Edgar Thomson Works-ს 2000 ფოლადის რელსის დამზადება შეუკვეთა! შემდგომმა მოვლენებმა კარნეგის უპრეცედენტო გამდიდრებას ხელი შეუწყო: 1881 წელს კარნეგიმ ჰენრი კლეი ფრიკის კოქსის კომპანიის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, ხოლო 1883 წელს, მთავარი კონკურენტი ფოლადჩამომსხმელ ბიზნესში კომპანია Homestead Works საკუთარ ბიზნესიმპერიას შემოუერთა.

1889 წელს ენდრიუ კარნეგის პირადმა წლიურმა შემოსავლებმა ყველა გადასახადის დაფარვის შემდეგ, იმ დროისათვის არნახული თანხა – 25 მილიონი დოლარი შეადგინა! 1899 წელს, კარნეგის ფოლადჩამომსხმელი კომპანიები ერთ გიგანტურ კონცერნში Carnegie Steel გაერთიანდა, რომლის ფოლადის საერთო წარმოების მოცულობამ დიდი ბრიტანეთისას გადააჭარბა!

ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად კარნეგიმ ფოლადის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა, ხოლო თვითღირებულება შეამცირა. მან ბიზნესში ანგარიშგების ახალი სისტემა შემოიღო, რის შედეგადაც შესაძლებლობა მიეცა ფასები უფრო ზუსტად და სისტემატიურად ეკონტროლებინა. იგი ხშირად იმეორებდა კიდეც: "თვალი ადევნეთ ფასებს და მოგება საკუთარ თავზე თვითონ იზრუნებს”. ერთხელ, ახალი ფოლადჩამომსხმელი ქარხნის შემოწმების დროს შეამჩნია, რომ მისი თანაშემწე, ჩარლზ მ. შვაბი (შემდგომში ცნობილი ფინანსისტი) რაღაცით შეწუხებული იყო. აქ საწარმოო პროცესი ფოლადის თვითღირებულების 50 ცენტით შემცირების საშუალებას იძლეოდა. კარნეგის შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ იცოდა ფოლადის თვითღირებულების ერთი დოლარით შემცირების საშუალება, ამისთვის საჭირო იყო ამ ქარხნის დანგრევა და მის ადგილზე სხვა პროექტით ახალი ქარხნის აშენება. კარნეგისგან შვაბმა გასაოცარი პასუხი მიიღო: "ჰოდა, დაანგრიეთ იგი!”

კარნეგი ამტკიცებდა, რომ პარტნიორებად ბრწყინვალე ადამიანების, მეცნიერებისა და ფინანსების ჯადოქრების არჩევა მისი წარმატებების მთავარი საიდუმლო იყო. იგი სამუშაოდ საუკეთესოებს: შვაბის ან "კოქსის მეფის” – ჰენრი ფრიკის მსგავს ადამიანებს იწვევდა. კარნეგი ხუმრობდა ხოლმე: "ჩემი საფლავის ეპიტაფია ასეთი უნდა იყოს: აქ განისვენებს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად ჭკვიანებს იზიდავდა!” იგი პარტნიორებზე, თანაშემწეებზე ზრუნავდა. მიაჩნდა, რომ ისინი მისთვის უფრო ფასეული "შენაძენი” იყო, ვიდრე მადანი ან ქარხნები ერთად აღებული. ზოგიერთი მისი ხელქვეითი მილიონერი გახდა.

კარნეგი დედაზე იმდენად იყო მიჯაჭვული, რომ მის სიცოცხლეში ოჯახი არ შეუქმნია. მხოლოდ 45 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ დიდი ხნის ნაცნობ ლუიზა ვიტფილდზე დაქორწინდა, რომელიც მასზე 21 წლით უმცროსი იყო. მეუღლე არასოდეს შეწინააღმდეგებია ქმრის საქველმოქმედო მოღვაწეობას. ექვსი თვე მათ შოტლანდიაში გაატარეს, შემდეგ 40 ათასი აკრი მიწის ნაკვეთი შეიძინეს და სკაიბოს ციხე-სიმაგრე ააშენეს. ეს ადგილი ამ ოჯახის უსაყვარლეს რეზიდენციად გადაიქცა.

35 წლის ასაკში კარნეგი ხშირად იმეორებდა, რომ ყველა საქმეს ჩამოშორდებოდა, როცა 50 ათას დოლარს დააგროვებდა, თუმცა, ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა 65 წლის ასაკში, საკუთარი ფოლადჩამომსხმელი კომპანია 1901 წელს ჯონ პ. მორგანის "ფოლადის ტრესტს” 480 მილიონ დოლარად მიჰყიდა, რაც დღევანდელი შეფასებით 5,8 მილიარდ დოლარს უტოლდება! ამ საქმიანი გარიგების შემდეგ, შეიქმნა სუპერგიგანტი US Steel, ხოლო კარნეგიმ 5 მილიონი მაშინვე საკუთარი მუშებისთვის შექმნილ საპენსიო და საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხა. იგი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარი ქონება უდიდესი შრომისა და მონდომების შედეგად დააგროვა, ენდრიუ კარნეგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქველმოქმედი გახდა.

იგი ამტკიცებდა, რომ "არ არსებობს იმაზე უფრო დამამცირებელი კერპთთაყვანისმცემლობა, ვიდრე ფულის კულტია”. მისი "სიმდიდრის სახარება” 1889 წელს "ჩრდილოამერიკულ მიმოხილვაში” დაიბეჭდა, იგი მაშინვე ქველმოქმედების მთავარი პროგრამა გახდა.

კარნეგი ადამიანის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფდა: სიმდიდრის დაგროვებისა და მისი დარიგების პერიოდებად. მან 2811 საჯარო ბიბლიოთეკა გახსნა, ეკლესიებს აჩუქა 7689 ორღანი (საეკლესიო მუსიკალური საკრავი), ააშენა "კარნეგი-ჰოლი” ნიუ-იორკში, შექმნა კარნეგის ინსტიტუტი ვაშინგტონში, დააარსა კარნეგის ფონდი 125 მილიონიანი საწყისი კაპიტალით. ეს გახლდათ პირველი თანამედროვე საქველმოქმედო ფონდი. 10 წლის განმავლობაში, საქველმოქმედო მიზნებისთვის ენდრიუ კარნეგიმ 350 მილიონზე მეტი დახარჯა. ამ სამუშაომ იგი ძლიერ გადაღალა, რაც აღიარა კიდეც.

"ქველმოქმედება – უმძიმესი პროფესიაა”, – წერდა იგი 1913 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში. შემდგომ წლებში, კარნეგი მშვიდობისთვის მებრძოლი გახდა, ჰააგაში მშვიდობის სასახლე ააშენა. ყველაზე უჩვეულო საჩუქარი მან ვუდრო ვილსონის (1913-1921 წლებში ამერიკის 28-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან) თხოვნით გააკეთა, რომელიც ამ დროს პრესტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო. მან კარნეგი ნიუ-ჯერსიში ჩაიყვანა, სადაც სასწავლო დაწესებულებისთვის მისაძღვნელი საჩუქრის თაობაზე უნდა ემსჯელათ (ორღანი კარნეგის ყველაზე საყვარელი "სასაჩუქრე ვარიანტი” იყო, მაგრამ იგი უნივერსიტეტმა მანამდე ჰენრი ფრიკისგან მიიღო, რომელიც კარნეგის ყოფილი პარტნიორი, შემდეგ კი ბიზნესში მეტოქე გახდა).

კარნეგი სპორტსმენებისთვის დახმარების იდეით დაინტერესდა. ფეხბურთს სპორტის უხეშ სახეობად თვლიდა, გადაწყვიტა საჩუქარი უფრო არისტოკრატიული სახეობისთვის მიეძღვნა. მან ნიჩბოსნებს არა რბოლისთვის განკუთვნილი რვაადგილიანი ნავი გადასცა, რაც ჩვეულებრივი საჩუქარი იქნებოდა, არამედ ტბა, რომელსაც ამჟამად კარნეგის ტბა ეწოდება. ეს არის წყალსაცავი მდინარეზე საუნივერსიტეტო ქალაქთან ახლოს.

კარნეგი მხურვალე პატრიოტი იყო. მან რამდენიმე წიგნი შექმნა, მათ შორის "დემოკრატიის ზეიმი” (1886 წ.), რომელშიც აქებდა თავის მეორე სამშობლოს, აკრიტიკებდა ევროპულ მონარქიას. გამოსვლისთანავე ამ წიგნის 40 000 ეგზემპლარი გაიყიდა, რომლის გარეკანზე გამოსახული იყო გადმობრუნებული სამეფო გვირგვინი – დაგმობის ნიშანი. 1908 წელს მეფე ედუარდმა მას ბრიტანეთის ლორდის ტიტული შეთავაზა, კარნეგიმ ასეთ პატივზე უარი განაცხადა, სხვაგვარად მას ამერიკის მოქალაქეობის დათმობა მოუწევდა.

ენდრიუ კარნეგი არ გახლდათ აზარტული ადამიანი, ერიდებოდა უოლ-სტრიტზე სპეკულაციებს. სამაგიეროდ ძალიან დიდ თამაშში მონაწილეობდა, იგებდა კიდეც იმ დროს, როცა მთელ ქონებას სასწორზე დებდა, რადგანაც ამერიკის ეკონომიკურ მომავალს დაუკავშირდა. ეკონომიკური კრიზისის დროს ფულს საკუთარ ქარხნებში მაინც აბანდებდა. აღმავლობის დროს კი ეს კაპიტალდაბანდებები მას საშუალებას აძლევდა წარმოება გაეფართოვებინა, პასუხობდა დროის მოთხოვნებს. ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდებოდა კარნეგის ქონებაც.

ენდრიუ კარნეგი 1919 წლის 11 აგვისტოს, ლენოქსში, მასაჩუსეტსის შტატში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. კარნეგის მემკვიდრეობა და ქონება იმ ქვეყნის სიმდიდრეში "გაითქვიფა”, რომელიც მისი მეორე სამშობლო გახდა. შოტლანდიელი ჯადოქარის ნათესავებმა კი მისი ანდერძის თანახმად მხოლოდ "ნამცეცები” – 25 მილიონი დოლარი მიიღეს!



საქველმოქმედო საქმიანობა

ენდრიუ კარნეგის მიერ საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღებულმა თანხამ 350 695 653 დოლარი შეადგინა, რაც მისი ქონების 90%-ს შეადგენს! მან ბრიტანეთის იმპერიაში 62 მილიონი, ხოლო ამერიკაში 288 მილიონი დოლარი დახარჯა. მისი ძირითადი საქველმოქმედო ფონდებია:

1. კარნეგის ფონდი შოტლანდიის (ედინბურგის) უნივერსიტეტებისთვის, რომელიც 1901 წელს დაარსდა. მისი დანიშნულებაა შოტლანდიის ოთხი უნივერსიტეტის განვითარება და სრულყოფა, ამ უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

2. 1903 წელს შექმნილი საქველმოქმედო ფონდი ემსახურება საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების შექმნას დანფერმლაინში.

3. 1913 წელს, დანფერმლაინში დაარსებული ბრიტანეთის ფონდი საქველმოქმედო მიზნებისთვის შეიქმნა, რაც ბიბლიოთეკების, თეატრების, უფასო საბავშვო ცენტრების მშენებლობას გულისხმობდა.

4. 1896 წელს, პიტსბურგში კარნეგის ინსტიტუტი დაარსდა, მისი დანიშნულება იყო ამ ქალაქის კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაუმჯობესება და განვითარება.

5. ვაშინგტონში, 1902 წელს დაარსებული კარნეგის ინსტიტუტი სხვადასხვა დარგებში სამეცნიერო კვლევებს აფინანსებს.

6. კარნეგის გმირთა ფონდი დაარსდა 1904 წელს. მისი დანიშნულებაა იმ ადამიანთა გამოვლენა, რომლებიც მოღვაწეობენ მშვიდობის დასამყარებლად. ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავს გმირულ ვითარებებში, გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე. მათი დამსახურებების აღიარება ხდება მედლების, მატერიალური გრანტების, პენსიების, აგრეთვე სწავლისთვის საჭირო სახსრების გადაცემის გზით.

7. ასეთივე ფონდი გმირებისთვის განთავსებულია დანფერმლაინში.

8. კარნეგის სწავლების განვითარების ფონდი დაარსდა ნიუ-იორკში, 1905 წელს. მისი დანიშნულებაა კოლეჯების პროფესორთათვის უფასო პანსიონში განთავსება.

9. მშვიდობის საერთაშორისო ფონდი დაარსებულია 1910 წელს. მისი დანიშნულებაა ხალხებს შორის ურთიერთგაგების დამყარება ფართო გაგებით, ინფორმაციის გავრცელება (უპირატესად პუბლიკაციების სახით) მშვიდობის შესანარჩუნებლად.

10. კარნეგის კორპორაცია ნიუ-იორკში 1911 წელს დაარსდა. იგი კარნეგის ყველაზე დიდი ფონდია. მიმართულია "ცოდნისა და აშშ-ში მცხოვრებ ხალხებს შორის ურთიერთგაგების განვითარებისკენ”. 1917 წლიდან კანადაში და ბრიტანეთის კოლონიებში, ეს ფონდი ეხმარება კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს, აგრეთვე აფინანსებს გამოკვლევებს, სტაჟირებას იურისპრუდენციის, ეკონომიკის, მედიცინის დარგებში.

კარნეგის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი იყო უფასო საჯარო ბიბლიოთეკების დაარსება, იმისათვის, რომ ყოველ ადამიანს თვითგანათლების შესაძლებლობა მიცემოდა. იმ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. მან 1881 წლიდან საკუთარი იდეის რეალიზება დაიწყო. კარნეგის კორპორაციამ ამ მიზნის განსახორციელებლად 56 მილიონი დოლარი დახარჯა. მფარველობდა ტასკეჯის ინსტიტუტს, რომელიც ამჟამად უნივერსიტეტია. მან ფული გაიღო ჰააგაში (ნიდერლანდები) მშვიდობის პალატის შესაქმნელად, სადაც ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სასამართლო ფუნქციონირებს. მთელი სიცოცხლის მანძილზე ენდრიუ კარნეგი მსოფლიოში აღიარებული ადამიანი გახლდათ.

მის ნაშრომთაგან უმთავრესია "სამყაროს გარშემო” (1881 წელი), "ამერიკული ჰალსტუხი ინგლისში” (1883 წელი), "მოზეიმე დემოკრატია” (1886 წელი, განმეორებით წიგნი გამოიცა 1893 წელს), "სიმდიდრის სახარება”, ესეების კრებული (1900 წელი), "ბიზნესის იმპერია” (1902 წელი), "ჯეიმს უაიტი” (1903 წელი), "ჩვენი დღეების პრობლემები” (1908 წელი), "ავტობიოგრაფია” (1920 წელი).

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ენდრიუ კარნეგის საქველმოქმედო საქმიანობას ამერიკის უმდიდრესმა ოჯახებმა მიბაძეს. 1940 წლისთვის, საკუთარი ფონდები 12 დინასტიას გააჩნდა: მათ შორის იყვნენ როკფელერები, ფორდები, რეინოლდსები, მელონები, მაკკორმიკები, დიუპონები…

სადღეისოდ, საქველმოქმედო ფონდებს ძლიერი სტრუქტურები აქვთ თანამშრომელთა და კონსულტანტთა ფართო შტატებით. მათი საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში წინასწარ იგეგმება, ანგარიშზე 350 მილიარდ დოლარზე მეტი ირიცხება, ყოველწლიურად კი გრანტების სახით 18 მილიარდ დოლარს გასცემენ.

თანამედროვე მსოფლიოში ქველმოქმედების ტრადიცია კი სიღარიბეში გაზრდილმა შოტლანდიელმა ენდრიუ კარნეგიმ დაამკვიდრა, რომელმაც სიმდიდრე უდიდესი შრომის შედეგად დააგროვა.

წყარო: www.aaf.ge
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 157 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]