ფილიპ ზიმბარდო – “ცრურწმენები და სტერეოტიპები”
2011-04-05, 7:24 PM

ფილიპ ზიმბარდო – Philip Zimbardo (1933)

"ცრურწმენები და სტერეოტიპები”

ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა სისუსტიდან არც ერთს არ გააჩნია ისეთი დამანგრეველი ძალა, როგორიც ადამიანის ღირსებასა და სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინასწარ-შექმნილ ცრურწმენებს. ცრურწმენის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ დამახინჯებულია სოციალური რეალობა – ადამიანების გონებაში შექმნილია სიტუაცია, რომელსაც შეუძლია დაამციროს და გაანადგუროს სხვა ადამიანების ცხოვრება.

ცრურწმენა (Prejudice) წინასწარდასწავლილი დამოკიდებულებაა სამიზნე ობიექტის მიმართ, რომელიც მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს (არმოწონება, ან შიში) და ნეგატიურ შეხედულებებს (სტერეოტიპებს), რომლებიც ამართლებენ არსებულ დამოკიდებულებებს და ქცევით განზრახვებს _ აცილებულ, გაკონტროლებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნენ ისინი, რომლებიც მოცემულ სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან.


მაგალითად, ნაცისტი ლიდერები კანონებსაც კი ქმნიდნენ, რათა განემტკიცებინათ თავიანთი ცრურწმენები, რომ ებრაელები დაბალი დონის ადამიანები იყვნენ და რომ ისინი არიული კულტურის დაღუპვამდე მიყვანას ცდილობდნენ. მცდარი შეხედულება კვალიფიცირდება, როგორც ცრურწმენა, თუ ის ეწინააღმდეგება ცვლილებას, მისი სიმცდარის ნათელი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად. მაგალითად, ადამიანები ავლენენ ცრურწმენებს, როდესაც ამტკიცებენ, რომ აფრო-ამერიკელები ყველანი ზარმაცები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი აფროამერიკელი კოლეგები დაუღალავად შრომობენ. ცრურწმენები გარკვეული ფილტრის როლს ასრულებენ, რომელიც ყოველთვის მიჯნავს ადამიანებს სხვა ადამიანებისაგან და მათ სამიზნე ჯგუფში ათავსებს ერთხელ განხორციელებული კატეგორიზაციის შესაბამისად.

სოციალური ფსიქოლოგია ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ცრურწმენების შესწავლას, ვინაიდან ცდილობს, გაიგოს მათი სირთულე, სიმყარის მიზეზები და შეიმუშაოს მათი შეცვლისა და დაძლევის სტრატეგიები (Allport,1954; Dackitt, 1992; Jones, 1997). გაიხსენეთ პირველი თავი, სადაც აღნიშნული იყო, რომ უზენაესი სასამართლოს 1954 წლის გადაწყვეტილება საზოგადო სასწავლებლებში სეგრეგაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც, ნაწილობრივ, ეყრდნობოდა სოციალური ფსიქოლოგ კენეტ კლარკის (Clark & Clark, 1947) მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ საკუთარი კვლევების შედეგებს და რომელიც შავკანიან ბავშვებზე განცალკევებული და არათანასწორი სწავლების ნეგატიურ შედეგებს ასახავდა (Clark & Clark, 1947). ამ ქვეთავში აღვწერთ იმ პროგრესს, რომელსაც სოციალურმა ფსიქოლოგებმა მიაღწიეს ცრურწმენების წარმოშობისა და მათი ეფექტების გაგებაში; ასევე, შევეხებით მათი შეცვლის პრაქტიკულ მცდელობებს.


ცრურწმენის საწყისები

ერთ-ერთი სამწუხარო ჭეშმარიტება, რომელიც ცრურწმენების შესწავლამ გამოვლინა, ის სიმარტივეა, რომლითაც ადამიანები შეიძლება უარყოფითად განაწყონ უცხო ადამიანებისადმი.

სოციალური კატეგორიზაცია (Social categorization) არის პროცესი, რომლითაც ადამიანები საკუთარი სოციალური გარემოს ორგანიზებას ახდენენ, მიაკუთვნებენ რა ადამიანებს საკუთარ და სხვათა ჯგუფებს.

კატეგორიზაციის ყველაზე მარტივი და ყოვლისმომცველი ფორმაა ინდივიდის მიერ იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის მისი მსგავსი და ვინ _ არა. კატეგორიზაციის ეს ფორმა სათავეს იღებს დაპირისპირებიდან, "მე არა მე-ს წინააღმდეგ” ორიენტაციამდე "ჩვენ ისინი-ს წინააღმდეგ”. ადამიანები სოციალურ სამყაროს ორად ყოფენ:

შიდა ჯგუფებად (In-groups) – ჯგუფები, რომლებთანაც ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს და გარე ჯგუფებად (Out-groups) – ჯგუფებად, რომლებთანაც ადამიანები იდენტიფიკაციას არ ახდენენ.

ამ კოგნიტური განსხვავებების შედეგია შიდაჯგუფური მიკერძოება – საკუთარი ჯგუფის გადაფასება სხვასთან შედარებით (Jones, 1997). ადამიანები, რომლებიც განიხილებიან, როგორც გარეჯგუფის წევრები, უფრო ხშირად ხდებიან მტრული გრძნობებისა და უსამართლო დამოკიდებულების ობიექტები.

მინიმალურად შესამჩნევი მინიშნებაც კი საკმარისია, რომ გამოწვეულ იქნეს ტენდენციურობა და ცრურწმენის ჩამოყალიბება მათ მიმართ, რომლებიც გარეჯგუფს მიეკუთვნებიან.

შემთხვევით არჩეული ნიშანი იწვევს ჯგუფის სოლიდარობას

ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტების სერიაში ცდის პირები შემთხვევითად დაყვეს ორ ჯგუფად: მწვანეებად და ლურჯებად. ცდის პირებს იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნეს, დაურიგეს მწვანე ან ლურჯი კალმები და სთხოვეს, ეწერათ, შესაბამისად, მწვანე ან ლურჯ ქაღალდებზე. ექსპერიმენტატორები ჯგუფების წევრებს მიმართავდნენ მათი ჯგუფის ფერის შესაბამისი ფერის სახელით და მიუხედავად იმისა, რომ ფერის მიხედვით განსაზღვრულ კატეგორიებს არავითარი ფარული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ გააჩნდათ და ჯგუფის წევრების შერჩევაც სრულიად შემთხვევით მოხდა, ისინი საკუთარ ჯგუფს უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე მეორეს. მეტიც, მხოლოდ და მხოლოდ ფერთა განსხვავებაზე დაფუძნებული ეს შიდაჯგუფური მიკერძოება მანამდეც კი გამოვლინდა, სანამ ცდის პირები ექსპერიმენტული დავალების შესრულებას დაიწყებდნენ (Rabbie, 1981).


ის, რამაც თავი იჩინა თუნდაც "ფერების” ამ ექსპერიმენტში, სოციალური კატეგორიზაციის სწრაფ გამოვლინებას წარმოადგენს.

მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა იმ შედეგების შესასწავლად, რომელიც ისეთ მინიმალურ ჯგუფებს ჰქონდათ, როგორიც "მწვანეების” და "ლურჯების” შემთხვევაში იყო (Tajfel, 1982; Tajfel & Billing, 1974). განსხვავებული ჯგუფების წევრები ძალიან ხშირად ურთიერთობას იწყებენ, როგორც უცხოები, მაგრამ თითქმის მაშინვე ავლენენ გასაოცარ ერთსულოვნებას – სწამთ, რომ მათი შიდაჯგუფის წევრები ყველაზე სასიამოვნო და კარგად მომუშავე ხალხია. როდესაც რესურსების განაწილების დრო დგება, ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა არაფერი უწილადონ გარე ჯგუფის წევრებს. ასეთი შედეგები თავს იჩენს იმის მიუხედავად, რომ გარე ჯგუფი რისკის ქვეშ დგება და მიუხედავად იმისა, რომ შიდა და გარე ჯგუფების ზოგიერთ წევრს, შესაძლოა, კარგი ურთიერთობაც ჰქონდეს ერთმანეთთან ((Park & Rothbat, 1982; Quattrone1986).


თუ ყველა ამ ძალას გამოვიყენებთ ხელოვნურად შექმნილ ჯგუფებში, თქვენ შეგეძლებათ, დააკვირდეთ, თუ როგორ ხორციელდება ცრურწმენები ასე დაუნდობელ რეალურ ცხოვრებაში. ცრურწმენებმა ადვილად შეიძლება მიგვიყვანოს რასიზმამდე (Racism) – ადამიანის დისკრიმინაციის ფორმამდე, რომელიც დაფუძნებულია კანის ფერზე ან ეთნიკურ წარმოშობაზე და სექსიზმამდე (Sexism) – ადამიანის დისკრიმინაციის ფორმამდე, რომელიც დაფუძნებულია სქესობრივ ნიშანზე. "ჩვენ” და "ისინი”-ს განსხვავებების საწყისი ტენდენციები ხშირად მაშინ ძლიერდება, როდესაც ჩნდება შთაბეჭდილება, რომ რესურსები შეზღუდულია და ის, შესაძლოა, მხოლოდ ერთ ჯგუფს ერგოს. ფაქტობრივად, ადამიანი, რომელსაც ახასიათებს ცრურწმენებისადმი დაქვემდებარებულობის მაღალი ხარისხი, უფრო მეტად მსჯელობს იმის შესახებ, ადამიანებიდან ვინ რომელ კატეგორიას ეკუთვნის.


ცრურწმენა და რასობრივი ხასიათის მსჯელობა

სტუდენტების ჯგუფს შესავსებად მისცეს სკალა, რომელიც ზომავდა მათ დამოკიდებულეაბას აფრო-ამერიკელების მიმართ. მათ შეფასებებზე დაყრდნობით, ერთი ჯგუფი კლასიფიცირდა, როგორც ცრურწმენების მქონე, მეორე კი _ როგორც ცრურწმენების არმქონე. შემდეგ ორივე ჯგუფის სტუდენტებს სთხოვეს, დაეთვალიერებინათ ფოტოების სერია, რომლებზეც სახეები იყო გამოსახული და ხმამაღლა დაეხარისხებინათ ისინი, როგორც "თეთრი” ან "შავი”. ზოგიერთი სახის კლასიფიცირება ძალიან ადვილი იყო მაშინ, როცა ზოგიერთი სახე ძალზე გაურკვევლად გამოიყურებოდა. მკვლევრებს ჰქონდათ ჰიპოთეზა, რომ ცრურწმენების მქონე ადამიანები უფრო გულმოდგინედ მოეკიდებოდნენ „სწორი~ რასობრივი შეფასებების გაკეთებას. მკვლევრებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ცრურწმენების მქონე სტუდენტები უფრო მეტ დროს დაუთმობდნენ ორაზროვანი სახეების კლასიფიცირებას. ფაქტობრივად, ცრურწმენების მქონე სტუდენტებმა თითოეული ორაზროვანი სურათის ამოცნობაზე ერთი წამით მეტი დრო დახარჯეს, ვიდრე მათ, ვისაც არ გააჩნდა რასობრივი ცრურწმენები (Blascovich et al.1997).

ეს ექსპერიმენტი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცრურწმენების მქონე ადამიანებისათვის სხვა ადამიანების კლასიფიცირება "ჩვენებად” და "სხვებად”. ბოლო დროს მკვლევრებმა შეძლეს უფრო ზუსტად აღენუსხათ ცრურწმენების არქონა, რაც გამოიხატა იმით, რომ ასეთი ადამიანები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ადამიანებს შორის განსხვავებებს (Phillips & Ziller,, 1997). ადამიანებს, რომლებსაც მაღალი ქულები აქვთ უნივერსალური ორიენტაციის სკალაზე, ისეთი ტიპის დებულებებზე დათანხმების ტენდენცია ახასიათებთ, როგორიცაა: "როდესაც ვინმეს ვხვდები, ვცდილობ, განვსაზღვრო მსგავსება ჩემსა და მას შორის” და უარყოფენ ისეთ დებულებებს, როგორიცაა: _ "ბევრი რამის თქმა შემიძლია ადამიანზე, თუ ვიცი, რა სქესისაა ის”. ამგვარად, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სამყაროს შიდა და გარე ჯგუფებად დაყოფის ტენდენციის დაძლევა.

ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად სწრაფად მივყავართ ცრურწმენებს ადამიანების "ჩვენ” და "ისინი” ჯგუფებად დაყოფამდე. ახლა კი ვნახოთ, როგორ ერთვებიან
სტერეოტიპები ცრურწმენების ფუნქციონირებაში.


სტერეოტიპების ეფექტები

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სოციალური კატეგორიზაციის ძალა მრავალი სახის ცრურწმენის საწყისების ასახსნელად. იმისათვის, რომ ავხსნათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ცრურწმენების გავლენა, ჩვენ უნდა ავხსნათ მეხსიერების ის სტრუქტურები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამყარებენ მათ, კერძოდ, კი _ სტერეოტიპები.

სტერეოტიპები წარმოადგენენ ადამიანების გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებულ განზოგადებებს, რომლებიც გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ მთელ ჯგუფს.

უეჭველია, რომ თქვენ სტერეოტიპების ფართო სპექტრს იცნობთ. რა შეხედულებები გაქვთ კაცებსა და ქალებზე, ებრაელებზე, მუსულმანებსა და ქრისტიანებზე, აზიელებზე, აფროამერიკელებზე, ამერიკის მკვიდრ მოსახლეობაზე, ლათინოამერიკელებსა და კავკასიელებზე? რა გავლენას ახდენენ ეს შეხედულებები ამ ადამიანებთან თქვენს ურთიერთობებზე? თქვენი შეხედულებების გამო თავს არიდებთ ხოლმე მათთან ურთიერთობას?

ვინაიდან სტერეოტიპები ასე ძლიერად ერთვებიან მოლოდინებში, ისინი ხშირად უწყობენ ხელს იმ სიტუაციების წარმოქმნას, როდესაც ადამიანები თვითონ აგებენ საკუთარ სოციალურ რეალობას. გაითვალისწინეთ, რა როლს ასრულებენ სტერეოტიპები იმ შეფასებით მსჯელობებში, რომლებიც სოციალურ გარემოში რაიმეს "არსებობას” ეხება. ადამიანები "მონაცემების ნაკლებობის” საკუთარი სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ინფორმაციით შევსების ტენდენციით ხასიათდებიან: "მე არ ვაპირებ ჰიროშისთან ერთად მანქანაში ჩაჯდომას – აზიელები საშინელი მძღოლები არიან”. ასევე, ადამიანებს შეუძლიათ (არა აქვს მნიშნელობა, იციან თუ არა) სტერეოტიპული ინფორმაციის ქცევითი დადასტურებისათვის გამოყენება. მაგალითად, თუ თქვენ ასაბუთებთ, რომ ებრაელები ცუდი მეგობრები არიან, თქვენ არასოდეს მისცემთ მათ შესაძლებლობას, რომ საწინააღმდეგო დაგიმტკიცონ. ამაზე უარესი ისაა, რომ გაიმყარებენ თუ არა საკუთარ მოსაზრებებს, ადამიანები აღარაფრად აგდებენ სხვების, მათი სტერეოტიპებისთვის შეუსაბამო მოსაზრებებს.


არაპოპულარული სტერეოტიპი – შეუსაბამო ინფორმაცია

რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენ იღებთ ინფორმაციას, რომლის ნაწილიც ამყარებს თქვენს შეხედულებებს, მეორე ნაწილი კი ეწინააღმდეგება მას? ერთ-ერთ კვლევაში ექსპერიმენტატორებმა სტუდენტები დაყვეს ორ _ ჰომოსექსუალიზმის მიმართ ძლიერი და სუსტი ცრურწმენების მქონე _ ჯგუფად. ამის შემდეგ თითოეული სტუდენტი თანმიმდევრობით კითხულობდა ორ მეცნიერულ ნაშრომს ჰომოსექსუალიზმის შესახებ. ერთ ნაშრომში მოცემული იყო სტერეოტიპის შესაბამისი დასკვნა, რომ ჰომოსექსუალიზმი უნდა შეფასდეს სქესთაშორის ქცევებთან მიმართებაში, მეორეში კი – სტერეოტიპის საწინააღმდეგო დასკვნა, რომ ჰომოსექსუალიზმი არ უნდა იქნეს შეფასებული სქესთაშორის ქცევებთან მიმართებაში. როდესაც ორივე ჯგუფის სტუდენტები აფასებდნენ ორივე ნაშრომის მეცნიერულ დონეს, მათ მაღალი შეფასება მისცეს იმ ნაშრომს, რომელიც, შესაბამისად, ემთხვეოდა მათ შეხედულებას. მაგალითად, ძლიერი ცრურწმენების მქონე ცდის პირებმა მეტი მეცნიერული ღირსება მიაწერეს იმ ნაშრომს, რომელიც განამტკიცებდა სქესთაშორის სტერეოტიპს. მეტიც, ამ ორი ნაშრომის წაკითხვის შემდეგ, რომლებიც ფაქტობრივად, მხოლოდ აბალანსებდნენ ერთმანეთს, სტუდენტებმა დაადასტურეს, რომ მათ განუმტკიცდათ საკუთარი აზრის სისწორის რწმენა (Munro & Ditto, 1997).

ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ინფორმაცია არ ამცირებს ცრურწმენებს: ადამიანებს გააჩნიათ მიდრეკილება, მნიშვნელობა არ მიანიჭონ იმ ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება მათ მთავარ სტერეოტიპებს (შემდეგ ქვეთავში განვიხილავთ ცრურწმენების შემცირების უფრო ქმედით მეთოდებს).

ნება მოგვეცით, გაგახსენოთ სტერეოტიპების სხვა ეფექტი, რომელსაც ინტელექტის ტესტირების განხილვის დროს შევეხეთ. გავიხსენოთ მე-10 თავი, სადაც ინტელექტის კოეფიციენტებში (IQ) რასობრივ განსხვავებებზე ვსაუბრობდით. აღნიშნულ თავში ჩვენ მიმოვიხილეთ ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სტერეოტიპულ ჯგუფებს ახასიათებთ საფრთხე, რომელსაც კლოდ სტილმა და მისმა კოლეგებმა სტერეოტიპული საფრთხე უწოდეს (Steel, 1997; Steel & Aronson, 1995, 1998).

სტერეოტიპული საფრთხე ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანები ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, რომლებთანაც დაკავშირებულია სტერეოტიპის ნეგატიური ასპექტები.

მაგალითად, აფრო-ამერიკელების მიერ უნარების ტესტების შესრულება უარესდება, როგორც კი უჩნდებათ ეჭვი, რომ ტესტის შედეგები შეესაბამება შავკანიანების სწავლის დაბალუნარიანობის სტერეოტიპებს. ეს მონაცემები იმიტომ შეგახსენეთ, რომ ხაზი გაგვესვა იმ ფაქტორებისთვის, რომლებიც აძლიერებენ უარყოფით სტერეოტიპებს და იმ ხერხებისთვის, რომლებიც სტერეოტიპულად განწყობილი ადამიანების ცხოვრების დეფორმაციას იწვევენ.

დარწმუნებულიც რომ იყოთ, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ცრურწმენები, მაინც სავარაუდოა, რომ თქვენც გაქვთ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. ამ სტერეოტიპების ცოდნამ, შესაძლოა, არაცნობიერ დონეზე მათი გამოყენებისაკენ გიბიძგოთ. იმ ადამიანებმაც კი, რომელთა შეხედულებებიც თავისუფალია ცრურწმენებისგან, შესაძლოა, მაინც განახორციელონ ავტომატური აქტები, რომლებიც წარსული და აწმყო გარემოცვის მრავალი წყაროდან მიღებულ გაუცნობიერებელ ცრურწმენებს გულისხმობენ. შეხედეთ თქვენს მეგობრებს, ისინი ხომ იგივე ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნიან, რომელსაც თქვენ? თუ ასეა, რატომ?

ჩვენ მივედით იმ სავალალო დასკვნამდე, რომ ცრურწმენის შექმნა ადვილია, მაგრამ დაძლევა – ძნელი. მიუხედავად ამისა, სოციალური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების პირველი დღეებიდანვე მეცნიერები ებრძვიან მათ.

ახლა მივუბრუნდეთ ამ მცდელობების საუკეთესო მაგალითებს.


ცრურწმენების დაძლევა

სოციალურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთმა კლასიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ "ჩვენ” ჯგუფის დაპირისპირებამ "ისინი” ჯგუფთან, შესაძლოა, სერიოზულ მტრობამდე მიგვიყვანოს. 1954 წლის ზაფხულში მუზაფერ შერიფმა და მისმა კოლეგებმა ორ ჯგუფად დაყოფილი ბიჭები ოკლაჰომის შტატის სახელმწიფო პარკში წაიყვანეს. ჯგუფებს, პირობითად, "არწივები” და "ჩხაკუნები” უწოდეს. თითოეული ჯგუფი თვითონ უვლიდა თავის თავს _ ისინი დაეხეტებოდნენ, ცურავდნენ, საჭმელს ამზადებდნენ და ერთი კვირის განმავლობაში არაფერი იცოდნენ მეორე ჯგუფის არსებობის შესახებ. ჯგუფებმა ერთმანეთი ბეისბოლში, ფეხბურთსა და ბაგირის გადაწევაში შეჯიბრების დროს გაიცნეს. ასეთ დასაწყისს ორ ჯგუფს შორის გამძვინვარებული მეტოქეობა მოჰყვა. დაწვეს ერთმანეთის ალმები, დაარბიეს და გაძარცვეს საცხოვრებელი კოტეჯები და საკვების გამო ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს. როგორ უნდა შემცირებულიყო ასეთი მტრობა?


ერთმანეთზე დამოკიდებულებების აუცილებლობა

ექსპერიმენტატორებმა სცადეს პროპაგანდისტული ხერხი – ერთ ჯგუფს უქებდნენ მეორეს. ამან არ გაჭრა. ამის შემდეგ შეეცადნენ ჯგუფებისთვის ისეთი გარემო შეექმნათ, რომელიც გამორიცხავდა შეჯიბრს. არც ამან იმოქმედა. მტრობა მაშინაც გრძელდებოდა, როდესაც ჯგუფები ერთად უყურებდნენ ფილმს. ბოლოს მკვლევრებმა ერთი რამ მოიფიქრეს. მათ უნდა შეექმნათ ისეთი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელი იქნებოდა
საერთო მიზნების დასახვითა და თანამშრომლობითი აქტივობით. მაგალითად, მკვლევრებმა შექმნეს ისეთი სიტუაცია, რომ ბიჭებს ხრამიდან ტვირთი ამოეთრიათ. საერთო ამოცანის წყალობით მტრობა გაქრა და, ფაქტობრივად, ისინი საუკეთესო მეგობრებად იქცნენ "ჯგუფების საზღვრების” დარღვევის გარეშე.

ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა კონტაქტის ჰიპოთეზა (Cotact hipothesis), რომ მტრულ ჯგუფებს შორის პირდაპირი კონტაქტი ამცირებს ცრურწმენებს. ბიჭებს ერთად ყოფნის გარდა სხვა აღარაფერი სურდათ და, პირიქით, ექსპერიმენტმა ისიც აჩვენა, რომ ცრურწმენების დასაძლევად წახალისებულ უნდა იქნეს ადამიანების ერთმანეთზე დამოკიდებულება და საერთო მიზნები. ერთი წუთით დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ცოდნა იმ სიტუაციებში, რომლებშიც ჩართულნი ხართ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაპირისპირებული თანამშრომლების ხელმძღვანელი ხართ. რას მოიმოქმედებდით ამ დაპირისპირების აღმოსაფხვრელად?

მოგვიანებით, სოციალურმა ფსიქოლოგმა ელიოტ არონსონმა და მისმა კოლეგებმა (1978) შეადგინეს პროგრამა, რომელიც ემყარებოდა აღწერილი ექსპერიმენტის შედეგებს და მიზნად ისახავდა ტეხასსა და კალიფორნიაში ახლად დესეგრერირებულ სკოლებში ცრურწმენების აღმოფხვრას. მათ შექმნეს ისეთი სასწავლო პროგრამები, რომლის პირობებში მეხუთე კლასის მოსწავლეები სწავლის პროცესში ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი და ნაკლებად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სასწავლო მასალის ათვისებაში.

სტრატეგიაში, რომელიც "ასაწყობი სურათების” (Jegsaw classrooms) მეთოდის სახელითაა ცნობილი, თითოეულ ბავშვს მოსამზადებლად ეძლევა მთელი მასალის ნაწილი, რომელიც შემდეგ მან ჯგუფის დანარჩენ წევრებს უნდა გააცნოს. წარმატება ფასდება მთელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის ხარისხზე დაყრდნობით. ამდენად, მნიშვნელოვანი და ფასეულია ჯგუფის თითოეული წევრის წვლილი. ასეთი ასაწყობი სურათების მეთოდით მომუშავე კლასებში რასობრივი კონფლიქტები შემცირდა, ვინაიდან მანამდე ურთიერთდაპირისპირებული თეთრკანიანი, ლათინოსი და ზანგი სტუდენტები ერთად იყვნენ საერთო მიზნებით გაერთიანებულ ჯგუფებში.

განვიხილოთ ერთი ახალგაზრდა ყმაწვილის, კარლოსის შემთხვევა. კარლოსს იგნორირებას უკეთებდნენ იმის გამო, რომ მისი მშობლიური ენა არ იყო ინგლისური; მას დაევალა ჯგუფში, რომელიც ჯოზეფ პულიტცერის პრემიის მოპოვებას ცდილობდა, განსაკუთრებული როლის შესრულება. გუნდის სხვა წევრებს უნდა მოეფიქრებინათ, როგორ მიეწოდებინათ მისთვის ინფორმაცია, რომლის პრეზენტაციაც უნდა მოეხდინა მას შემდგომ. თანაგუნდელების მოთმინებისა და გამამხნევებელი შენიშვნების საპასუხოდ, კარლოსს მათ მიმართ თბილი გრძნობები გაუჩნდა და ისიც გაარკვია, რომ პრემიის მოპოვების ამბავი ნამდვილი არ იყო. მან სათანადოდ შეაფასა როგორც საკუთარი თავი, ისე _ თანაგუნდელები (ჩვენ სიხარულით უნდა აღვნიშნოთ, რომ კარლოსმა ტეხასში კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლა ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში გააგრძელა).

მიუხედავად იმისა, რომ ცრურწმენებთან დაკავშირებული, ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითების უმრავლესობა აშშ-ის ფარგლებშია მოპოვებული, ფაქტობრივად, ყველა საზოგადოება განასხვავებს შიდა და გარე ჯგუფებს. დაბოლოს, ამ ქვეთავის სისრულისათვის, ცრურწმენების დაძლევის საკითხის თვალსაზრისით, ჩვენ განვიხილავთ ექსპერიმენტს, რომელიც საკითხის ინტერნაციონალურ ასპექტებს ეხება და ღირსშესანიშნავია თავისი შედეგებით.

თომას პეტიგიუმ შეისწავლა დაახლოებით 4000 ადამიანის მონაცემი საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ინგლისსა და ყოფილ დასავლეთ გერმანიაში, რათა შეემოწმებინა შერიფის და მისი კოლეგების მიერ აღწერილ კვლევაში მიღებული შედეგები, განსაკუთრებით კი _ კონტაქტის ჰიპოთეზა, რომელსაც ცრურწმენების შემცირებამდე მივყავართ.



მეგობრობა ამცირებს ცრურწმენებს

ყველა ამ ქვეყანაში ცდის პირებს სთხოვეს, განესაზღვრათ თავიანთი დამოკიდებულება გარკვეული ეროვნული უმცირესობების მიმართ (მაგალითად, ინგლისელებს ეკითხებოდნენ ინდოელების, ხოლო გერმანელებს _ თურქების შესახებ). მათ, აგრეთვე, სთხოვდნენ, მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ ადამიანებთან კონტაქტების ტიპის შესახებ, რომლებიც სხვა ერებს, რასებს, რელიგიებს, კულტურებს ან სოციალურ კლასებს ეკუთვნოდნენ; ჰყავდათ თუ არა მათ შორის მეგობრები, მეზობლები ან თანამშრომლები. კვლევის შედეგები საკმაოდ დრამატული იყო. როდესაც ადამიანები ამ გარე ჯგუფების წევრებს ახასიათებდნენ, როგორც მეგობრებს, ისინი ცრურწმენების შედარებით დაბალ დონეს ავლენდნენ.

კულტურათაშორისი (კროს-კულტურული) მონაცემების გათვალისწინებით, ამ კვლევიდან ძალზე ცალსახა დასკვნა გამომდინარეობს: გარე ჯგუფის წევრთან მეგობრობას ცრურწმენების გაქრობამდე მივყავართ.

რატომაა მეგობრობა ასე ეფექტური?

მეგობრობა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მეტი გაიგონ გარე ჯგუფის წევრების შესახებ, მათთან იდენტიფიკაციაც კი შეიძლება მოახდინონ. მეგობრობამ, ასევე, შესაძლოა, დეპროვინციალიზაციამდეც მიგვიყვანოს: ეს ნიშნავს, რომ, როდესაც ადამიანები მეტს იგებენ გარე ჯგუფის ნორმების და ჩვეულებების შესახებ, ისინი ნაკლებ "პროვინციულები” ხდებიან საკუთარ შიდა ჯგუფში მიმდინარე პროცესების კორექტულობასთან მიმართებაშიც.

სოციალური ფსიქოლოგია არ თვლის, რომ ცრურწმენები ხელის ერთი მოსმით შეიძლება მოისპოს, მაგრამ ის თანმიმდევრულად დგამს ნაბიჯებს მათი ყველაზე მძიმე შედეგების თანდათანობითი აღმოფხვრისათვის თითოეულ მცირე შემთხვევაშიც კი. ნამდვილად ღირს, გამოძებნოთ დრო და დააკვირდეთ, როგორ შეძლებთ თქვენი იმ ცრურწმენების გამოვლინებების დარეგულირებას თქვენ ირგვლივ, რომლებსაც ან თქვენ ახვევთ თავზე სხვებს, ან, პირიქით, სხვებისგან გიხდებათ ამის ატანა.

შეჯამება

ცრურწმენებთან დაკავშირებული სავალალო რეალობა ისაა, რომ ძალზე მინიმალური მანიშნებელიც კი საკმარისია მავნე ტენდენციების ჩამოყალიბებისათვის. კვლევებმა ცხადყო, რომ სოციალური კატეგორიზაცია სწრაფად კრავს უცხო ადამიანებს მჭიდროდ შეკავშირებულ ჯგუფებად, რომლებიც შიდა ჯგუფების წევრებს უფრო პოზიტიურად აღიქვამენ, ვიდრე _ გარე ჯგუფების წევრებს. სტერეოტიპები ზღუდავენ ადამიანის მიერ "რეალობის” განცდას. შერიფის ექსპერიმენტმა დაგვანახა, რომ ცრურწმენები შეიძლება შემცირდეს იმ პროგრამებით, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო მიზნების მიღწევას. ასაწყობი სურათების მეთოდი ამას საკლასო ოთახებში აკეთებს. კვლევები აჩვენებენ, რომ განსხვავებული ჯგუფების წევრთა დამეგობრება ცრურწმენების შემცირებას იწვევს.


სამყარო პატარავდება

ინტერნეტის ზედაპირული მიმოხილვაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ _ სამყარო დაპატარავდა.

ახლა უკვე ბევრი ჩვენგანი ამყარებს ურთიერთობას უცხო ადამიანებთან ელექტრონული ფოსტისა და "ჩატის” მეშვეობით. ასეთი ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება იმის შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი აითვისებს მსოფლიო ქსელის ტექნოლოგიებს. მაგალითად, ერთ-ერთი არასპორტული თემა, რომელზეც ლაპარაკი იყო 2000 წლის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ინტერნეტი იყო. ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობდნენ, კარგად იყო აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რათა მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სპორტსმენებს მსოფლიო ქსელში მოგზაურობის საშუალება ჰქონოდათ. გაზეთები იუწყებოდნენ, რომ კუბელმა სპორტსმენებმა, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ ინტერნეტთან ურთიერთობის გამოცდილება, ერთი კვირის განმავლობაში აამოქმედეს 160-ზე მეტი ვებ-გვერდი (Jordan, 2000).

ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც XXI საუკუნე ნამდვილად სვამს ფსიქოლოგიის წინაშე, ისაა, თუ როგორ შეეგუა ადგილობრივი კულტურები მსოფლიო ქსელს და, პირიქით, რა გავლენა მოახდენა ადგილობრივმა კულტურებმა მასზე.

განვიხილოთ, თუ რა გავლენა მოახდინა ინტერნეტმა კუვეიტის ცხოვრებაზე (Wheeler, 1998). როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, კუვეიტშიც ინტერნეტი თავდაპირველად აკადემიური წრეებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, კერძოდ, კუვეიტის უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, თუმცა, ძალიან მოკლე დროში ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. უმრავლეს შემთხვევაში, კუვეიტელებიც ისევე იყენებენ ინტერნეტს, როგორც მთელ მსოფლიოში _ "ჩატისთვის”: ადამიანები მას, ძირითადად, "სალაყბოდ” მიმართავენ და კუვეიტელებიც აღნიშნავენ, რომ ურთიერთობები და რომანები კიბერსივრცეში აქვთ. და მაინც, კუვეიტში ინტერნეტის გამოყენება თავისებურებით ხასიათდება, რაც მას სხვებისგან განასხვავებს: "ბევრი დაძვრება ინტერნეტში, მაგრამ ცოტა თუ აქვეყნებს რაიმეს”. კუვეიტში "ინტერნეტით საკუთარ თავზე ინფორმაციის გავრცელება პოტენციური საფრთხის შემცველი აქტი უფროა, ვიდრე _ საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება. ის არის იარაღი თქვენი მტრის წინააღმდეგ და ინსტრუმენტი, რათა შენარჩუნებულ იქნეს დოგმებისადმი კონფორმულობა და გაადვილდეს ყოველდღიური ცხოვრების მართვა” (Wheeler, 1998. გვ. 365-366).

ასეთი კულტურული შეზღუდვების პირობებში ძნელი წარმოსადგენია, რომ კუვეიტში ინტერნეტი საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებად იქცეს, როგორც ეს მრავალ სხვა ქვეყანაში მოხდა.

მკვლევრებმა ინტერნეტის გამოყენების სხვა მრავალი კულტურული განსხვავებაც შეისწავლეს, მაგალითად, ვებ-გვერდების ის მახასიათებლები, რომლებსაც ამა თუ იმ კულტურების წარმომადგენლები ანიჭებენ უპირატესობას. ერთი და იგივე ვებგვერდი, შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის მისაღები იყოს, მაგრამ კულტურული განსხვავებები, შესაძლოა, მაინც არსებობდეს, თუ რამდენად გასაგები ან ფასეულია ესა თუ ის ვებ გვერდი Sears et al., 2000).

მაგალითად, ბევრ ვებ გვერდზე ინფორმაცია მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ და ზევიდან ქვევით _ ისე, როგორც კითხულობენ ინგლისურ ენაზე, მაგრამ ჩინელები ან ებრაელები, შესაძლოა, სირთულეებს წააწყდნენ, ვინაიდან მათი ენები ინფორმაციის სივრცითი განლაგების განსხვავებულ წესს იყენებენ. საზოგადოდ, ვებ-გვერდების დიზაინერებმა, შესაძლოა, აღმოაჩინონ, რომ მათ საკუთარი პროდუქციის "ინტერნაციონალიზაციისათვის” სოციალური მეცნიერებების დახმარება სჭირდებათ. ვებგვერდი, რომელიც ერთი ჯგუფის მოწონებას იმსახურებს, შესაძლოა, უარყოფილ იქნეს მეორე ჯგუფის მიერ, ვთქვათ, იმ მოჭარბებული აგრესიულობის ან სირთულის გამო, რომელიც ადგილობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება (Sears et al 2000).

ჭეშმარიტად კულტურათაშორისი ღირებულების მქონე ვებ-გვერდების შესაქმნელად, ვებ-დიზაინერებმა ინფორმაცია ისეთ წიგნში უნდა მოიძიონ, როგორიცაა "ფსიქოლოგია და ცხოვრება”. როგორც XXI საუკუნის მოქალაქე, თქვენ მსოფლიოს დაპატარავების მოწმე ხართ. რა დასკვნებს გააკეთებდით ამის თაობაზე? რა კითხვებს დაუსვამდით ფსიქოლოგებს?
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1063 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]