ომის ფოტოგრაფები
2011-06-26, 9:42 PM

ფოტოჟურნალისტები ნორმანდიის ომში

ომის ფოტოგრაფიამ კაცობრიობას ისტორიული მნიშვნელობის კადრები შემოუნახა. ამ ფოტოგრაფიული ჟანრის მეშვეობით უამრავმა კადრმა მოაღწია ჩვენამდე, რომლებიც კაცობრიობის არსებობის მანძილზე მომხდარი შეიარაღებული კონკფლიქტების, ომის არეალში განვითარებული მოვლენებისა და  საომარ მდგომარეობაში მიმდინარე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
 
მხატვრობისგან განსხვავებით, რაც ხშირად მოვლენის აღწერას ერთი კონკრეტული ნახატით გადმოსცემს, ფოტოგრაფია იძლევა მრავალი კადრის ცირკულაციით ამა თუ იმ მოვლენის განვითარების ეტაპების ბევრად უფრო ეფექტურად გადმოცემის შესაძებლობას. ამან ხელი შეუწყო მშვიდობიან ადგილას მცხოვრები მოსახლეობა მეტად ინფორმირებული გამხდარიყო ომის თემატიკაზე გამართული მსჯელობისას. სხვადასხვა დროს ომზე გადაღებულმა ფოტო-მასალამ, ინფორმაციული დატვირთვის გარდა, ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა.

ფოტოგრაფები, რომლებიც ამ ჟანრში მოღვაწეობდნენ, ხშირად სიცოცხლეს რისკავდნენ, როცა ცდილობდნენ ომში გადაღებული ფოტოები როგორმე ცხელი წერტილებიდან გამოეტანათ.  ისტორიას ახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფოტო-ჟურნალისტი ბრძოლის ველზე გარდაიცვალა, აკაცობრიობას კი უტყუარი მასალა დაუტოვა იმაზე თუ რა ხდება ტყვია-ცეცხლში გახვეულ სასტიკ სამყაროში. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ცხელ წერტილში მუშაობისას ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს იცავს საერთაშორისო კონვენცია ომის წარმოების წესების შესახებ.

ომის ფოტოგრაფებში პირველი გმირი ამერიკელი იყო, მისი ვინაობაც დღემდე უცნობია. მან უამრავი ფოტო გადაიღო მექსიკა-ამერიკის ომის დროს, 1847 წელს. ომის ფოტოგრაფებიდან პირველი ადამიანი, რომლის სახელიც ცნობილია, იყო უნგრულ-რუმინული წარმოშობის კაროლ პოპ დე ზაფმარი (Carol Popp de Szathmàri). 1853-1854 წლებში მან არაერთი ოფიცრისა და კონფლიქტის ამსახველი კადრი გადაიღო ყირიმის ომის დროს. შექმნილი აქვს 200-ფოტოიანი რამდენიმე ალბომი, რომლებიც პირადად შესთავაზა ნაპოლეონ მესამესა და ინგლისის დედოფალ ვიქტორიას. მისი ფოტოებიდან მხოლოდ 9 ცალია შემორჩენილი.

Roger Fenton

ფრანგმა ფოტოგრაფმა ერნესტ ედუარდ კარანზამ 1854 წელს გადაიღო ვარნას მახლობლად მდებარე ბანაკში მყოფი თავისი მებრძოლი თანამემამულეები. მას მოჰყვა როჯერ ფენტონი, რომელსაც 1855 წელს ნება დართეს ყირიმის ომის კადრები აღებეჭდა თავისი ვეებერთელა მოწყობილობით, ბრიტანეთში როჯერი 350-მდე ფართო ფორმატის ნეგატივით დაბრუნდა.

1850-იან წლებში ფელის ბეატომ (Felice Beato), რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ომის ფოტოგრაფებს შორის, იმოგზაურა აღმოსავლეთ აზიაში, რა დროსაც ფოტოები გადაიღო ინდოეთსა და ჩინეთში განვითარებულ მოვლენებზე.

Alexander Gardner

მოგვიანებით ფოტოგრაფიამ განვითარება იმ დონემდე მიაღწია, რომ შესაძლებელი გახდა უშუალოდ ომის პროცესში გადაეღოთ მოძრავი ობიექტის კადრები, რაც პირველად განახორციელეს  ჰეილი სიმსმა და შოტლანდიელმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე გარდნერმა. მათ, სავარაუდოდ, კონფიგურაცია შეუცვალეს იმ კადრებს, რომლებიც ამერიკის სამოქალაქო ომის დროს (1861-1865 წლები) მიმდინარეობდა. ამის მიზანი კი ბრძოლის დროს განვითარებული მოვლენების ვიზუალური და ემოციური აღქმის გაძლიერება იყო.

Mathew B. Brady

მეთიუ ბრეიდი (1822-1896 წწ.) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოჟურნალისტი იყო მე-19 საუკუნის ამერიკელ ფოტოგრაფებს შორის. მას მოიხსენიებენ, როგორც ფოტოჟურნალისტიკის მამას. მეთიუმ სახელი გაითქვა ცნობილი სახეების პორტრეტირებითა და ამერიკის სამოქალაქო ომის დოკუმენტური კადრების გადაღებით. ფოტოგრაფიით16 წლის ასაკიდან დაინტერესდა , რასაც რამდენიმე მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ ეცნობოდა, მათ შორის იყო სამუელ მორზე, რომელმაც ამერიკულ ფოტოგრაფიაში დიდი წვლილი შეიტანა. შემდგომში  ბრეიდი დაგეროტიპიას სწავლობდა, ამისთვის საჭირო უნარებს დაგერთან მუშაობის დროს ეუფლებოდა.

ბრეიდმა 1856 წელს ვაშინგტონში საკუთარი ფოტო-სტუდია გახსნა, 1860-იანი წლები კი მისი შემოქმედების ზენიტად იქცა. ამ პერიოდში მან ყურადღება ამერიკის სამოქალაქო ომზე გადაიტანა, მან შექმნა ფოტოგრაფთა ოც კაციანი ჯგუფი, რომლის მიზანიც ომის კადრების დოკუმენტირება გახდა. მეთიუ ბრეიდის ფოტოების დამსახურებით ამერიკამ ომის რეალური სახე იხილა და მისი შედეგები მძაფრად შეიგრძნო. სამოქალაქო ომი ამერიკის ისტორიას მთელი თავისი სიმძაფრით შემორჩა, რადგან მისი ამსახველი უამრავი ფოტო ისტორიკოსებისთვის მოვლენათა ეტაპობრივი განვითარების ზუსტად შესწავლის შესაძლებლობებს იძეოდა.

ათასობით ფირის გადაღება ბრეიდს 100 000 დოლარზე მეტი დაუჯდა. ის იმედოვნებდა, რომ მთელ ფოტო-მასალას ამერიკის ხელისუფლება ომის შემდეგ შეიძენდა, მაგრამ 1875 წლამდე მისი ნეგატივებით აღარავინ დაინტერესებულა, მოგვიანებით კონგრესმა 25 000 დოლარად შეიძინა მთლიანი ფოტო-არქივი. უფულოდ დარჩენილი ავადმყოფი ბრეიდი სიცოცხლის ბოლო თვეებში მარტოდ-მარტო და ხელმოკლედ ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება თავისი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშნელობის კადრების უკვდავყოფას შეალია, იგი გაკოტრებული და ყველასაგან დაუფასებელი 1896 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლი ბოლო წლებში მეთიუ ბრაიდი ამბობდა: "ვერავინ გაიგებს რამდენს ნიშნავს ეს ფოტოები ჩემთვის, ზოგიერთი მათგანი მთელ ჩემ სიცოცხლედ მიღირს!”

ომის ფოტოგრაფებს შორის ჯონ ბურკი პირველი იყო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კომერციული მიზნით წავიდა ბრძოლის ველზე. მას უნდოდა შემდგომში სარფიანად გაეყიდა ომის ამსახველი კადრებით სავსე ალბომი, რისი საშუალებაც მეორე ანგლო-ავღანურმა ომმა მისცა (1878-1880).

მე-20 საუკუნის ფოტოგრაფებმა თითქმის ყველა ძირითადი ომი ასახეს ფირზე. როგორც წესი, ბევრი მათგანი ომის დროს გარდაიცვალა, ზოგიც ცხოვრების ბოლომდე ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ დარჩა სულისშემძვრელი კადრების მოგონებების გამო. ომის ფოტოჟურნალისტთა სახელები, მრავალი მებრძოლის მსგავსად, არანაკლები გმირის სახელით შემორჩა ისტორიას. მათი ერთადერთი იარაღი ფოტოკამერა იყო, ერთადერთ მოვალეობად კი წამის მეასედში იმ კადრის აღბეჭდვას თვლიდნენ, რომელიც შემდგომში თაობებს ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას მიაწვდიდა. არ ჰქონდათ დაფიქრების, შიშის, მოდუნების, მყუდრო ადგილიდან მშვიდად თვალთვალის უფლება. საჭირო წამის მოლოდინში ბრძოლის ველზე მრავალ საათს უძლებდნენ ფსიქოლოგიურ სტრესს!

Robert Capa

რობერტ კაპა (ანდრე ფრიდმანი), რომელიც 1913 წელს ბუდაპეშტში ებრაელთა ოჯახში დაიბადა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის ფოტოგრაფი იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ოპოზიციონერ ძალებში პოლიტიკური აქტივობისთვის დააპატიმრეს, 1932 წელს ქვეყანა დატოვა. ბერლინში მან ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. კაპას უნდოდა, რომ მწერალი ყოფილიყო, ოცნებობდა ფოტოჟურნალისტობაზე, რამაც ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მოგვიანებით წარმოუდგენელი წარმატებები მოუტანა.

კაპამ ფირზე ასახა 5 სხვადასხვა ომი: ესპანეთის სამოქალაქო ომი, ჩინეთ-იაპონიის მეორე ომი (1937-1945), მეორე მსოფლიო ომი, 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომი და ინდოჩინეთის პირველი ომი. მეორე მსოფლიო ომში ფოტოებს ჟურნალ "LIFE”-ისთვის ასევე იღებდნენ Margaret Bourke-White, Carl Mydans და W.Eugene Smith. რობერტ კაპა აქტიურად იღებდა 1950-იანი წლებში განვითარებულ სხვადასხვა კონფლიქტს. ომის მსვლელობის კადრების დოკუმენტირება მან ასევე მოახდინა ლონდონში, ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიაში, ასევე გადაღებული აქვს ნორმანდიის ომის შედეგად განადგურებული ომაჰას სანაპირო.

რობერტ კაპამ 1947 წელს ჰენრი კარტიე-ბრესონთან, დევიდ სეიმურთან, ჯორჯ როჯერთან, მაია აისნერთან, ბილი და რიტა ვანდივერტებთან ერთად ფოტოსააგენტო  ”Magnum Photos” დაარსა, რომელიც დღეს ყველაზე წარმატებული სააგენტოა და მსოფლიოში ცნობილ ფოტოჟურნალისტებს აერთიანებს. 1954 წლის მაისში კაპას ჟურნალმა "Life”-მა ინდოჩინეთში საომარი მდგომარეობის ფირზე ასახვა დაუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლით ადრე მან ფიცი დადო, აღარ გადაეღო ომის ამსახველი კადრები, ის მაინც გაემგზავრა. 25 მაისს იგი ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მისი ცნობილი გამონათქვამია:"თუ თქვენი ფოტოები არც ისე კარგია, ესე იგი არც ისე ახლოს მდგარხართ”. D-day-ის ცნობილი ფოტოების გადაღებისას კაპამ ისევ გარისკა სიცოცხლე, საკმაოდ ახლოს მივიდა აკრძალულ ტერიტორიამდე და გამთენიისას ომაჰას სანაპიროსთან დაშვებული ვერტმფრენიდან დესანტის მიწაზე გადასვლის კადრები ფირზე აღბეჭდა. ეს სურათები ფოტო-კლასიკადაა მიჩნეული.

Tim Page

ტიმ ფეიჯი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია მსოფლიოში. ომის ფოტოგრაფობა მას შემთხვევითობამ არგუნა, როდესაც 1964 წლის იანვარში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობისას, ლაოსში განვითარებული სამოქალაქო ომის თვითმხილველი გახდა. იმ დროს ფეიჯი ნათხოვარი ნიკონის ფოტოაპარატით იღებდა კადრებს. მის მიერ გადაღებული სურათები იმ რამდენიმე ფოტოში შევიდა, რომლებიც მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას ასახავდა.

მოგვიანებით ფეიჯი დაიქირავა United Press International-მა, მას ვიეტნამის ომის გადაღება დაავალეს. ის ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც 1965 წელს ვიეტნამსა და კამბოჯას საზღვარზე მომხდარი კონფლიქტი გადაიღო. საბოლოოდ ის გახდა მე-20 საუკუნის სამხედრო შეტაკებების ამსახველ ფოტოგრაფებს შორის ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ფოტოჟურნალისტი.

პ.ს. ტიმი მუდამ ატარებდა საყვარელ ქუდს. სჯეროდა, რომ ამ ქუდს მისთვის იღბალი მოჰქონდა. მოგვიანებით ტიმმა იღბლიანი ქუდი ასევე ფოტოჟურნალისტ სემ კასტანს აჩუქა, რომელიც 31 წლის ასაკში ვიეტნამის ომში, მომხდარი ფაქტების გაშუქებისას გარდაიცვალა 1966 წელს.

Don McCullin

დონ მაკკუილინი მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ფოტოჟურნალისტია, რომელიც აღიარებულია ომის ფოტოგრაფიაში შეტანილი წვლილის გამო. იგი 1935 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა. ფოტოგრაფიაში კარიერა 1959 წლიდან დაიწყო. 1960-იან და 1970-იან წლებში Sunday Times Magazine-თვის ფირზე ასახა გლობალური მნიშვნელობის მოვლენები. მის მიერ გადაღებული ვიეტნამის ომისა და ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის ამსახველი გამაოგნებელი კადრები უდავოდ დიდ შეფასებას იმსახურებს. 1968 წელს მაკკუილინის ნიკონის ფოტოკამერამ მისთვის განკუთვნილი ტყვია შეაჩერა.

დონის მიერ გადაღებული ფოტო-ნამუშევრები იმდენად მტკივნეულად იბეჭდებოდა ხალხის მეხსიერებაში, რომ  1982 წლეს ბრიტანეთის მთავრობამ არ დააფინანსა მისი გამგზავრება ფოლკლენდის ომში და მაკკუილინს აუკრძალეს კიდეც იქ წასვლა (რომელიც ინგლისსა და არგენტინას შორის). მარგარეტ ტეტჩერის მთავრობამ მიიჩნია, რომ შესაძლო იყო მის ფოტოებს პოლიტიკური თვალსაზრისით არასასურველი შეფასებები გამოეწვია. მაკკუილინს სჯეროდა, რომ იგი ბიუროკრატიის მსხვერპლი გახდა.

დონ მაკკუილინს კვიპროსის ომის გადაღებისთვის 1964 წელს მიღებული აქვს World Press Photo Award. იმავე წელს დაჯილდოებულ იქნა ვარშავის ოქროს მედლით. 1993 წელს ბრედფორდის უნივერსიტეტმა დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ფოტოგრაფთა საერთაშორისო ცენტრის მიერ 2006 წელს გადაეცა Cornell Capa Award. 2008 წელს Gloucestershire-ის უნივერსიტეტის მიერ ასევე მიენიჭა დოქტორის წოდება ფოტოჟურნალისტიკაში მოპოვებული მიღწევების აღსანიშნავად.

"დავიღალე დანაშაულის გრძნობისგან, დავიღალე საკუთარ თავთან იმის მტკიცებით, რომ მე არ მომიკლავს ის კაცი იმ ფოტოზე, ის ბავშვი შიმშილით სიკვდილამდე მე არ მიმიყვანია. ამიტომ ახლა პეიზაჟებს და ყვავილებს ვიღებ, ასე თავს მშვიდობას ვუსჯი”, – ამბობდა მაკკუილინი.

Henri Cartier-Bresson

ჰენრი კარტიე-ბრესონი 1908 წლის 22 აგვისტოს საფრანგეთში დაიბადა. იგი ”უჩინმაჩინი” ფოტოგრაფის ტექნიკას ფლობდა. მისი მუშაობის მთავარი პრინციპი იყო - დაენახა ყველაფერი და შეუმჩნეველი დარჩენილიყო ყველასათვის. ამ მიზნით ხშირად ფოტოაპარატის მეტალის მანათობელ ნაწილებს შავი ლენტით ფარავდა.  უმაღლეს ოსტატობას 35მმ-იანი "ლეიკის” აპარატით მიაღწია, რომელიც, მისი თქმით, "ხავერდოვან ხელსა და ქორის მზერას” აძლევდა. მისი პირველი ფოტოგამოფენა ესპანეთში, 1933 წელს მოეწყო, ხოლო პირველი სერიოზული გამოფენა 1947 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. კრიტიკოსები ფოტოხელოვანის ნამუშევრების უმეტესობას დღემდე შეუდარებელს უწოდებენ.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კარტიე-ბრესონი კაპრალად მსახურობდა  ფრანგულ არმიაში, რა დროსაც გერმანელების ტყვეთა ბანაკში მოხვდა და 35 თვის განმავლობაში მათი ზედამხედველობის ქვეშ იძულებით შრომაში იმყოფებოდა. ორჯერ სცადა გაქცევა, რაც მესამე მცდელობაზე მოახერხა. "როგორც მახსოვს, ხელში ჯოისის "ულისე” მქონდა და ისე გავრბოდი,” – იხსენებდა კარტიე-ბრესონი. მოიარა ჩინეთი, მექსიკა, კანადა, ამერიკა, ინდოეთი, იაპონია და სხვა ქვეყნები. გადაღებული აქვს ესპანეთის სამოქალაქო ომი, 1944 წლეს პარიზის გათავისუფლება, 1968 წელს სტუდენტთა აჯანყება პარიზში. 1954 და 1972 წლებში საბჭოთა კავშირს ეწვია, ამ დროს მან საქართველოც მოინახულა.

კარტიე-ბრესონი თავის ფოტოებზე ხელს მუდამ შავი მელნით აწერდა – HCB, ამიტომ მას ფოტოგრაფები უბრალოდ აშ-ეს-ბე-ს უწოდებენ. მის ფოტოალბომებზე ასობით საუკეთესო ფოტოგრაფი გაიზარდა. 1952 წელს მან წიგნი ”გადამწყვეტი მომენტი” გამოაქვეყნა. ჰენრი კარტიე-ბრესონი ფოტოგრაფიული შემოქმედების ბოლომდე დოკუმენტური ჟანრის ფოტოგრაფიის ერთგული დარჩა. 1975 წლიდან მან ფოტოგრაფია საბოლოოდ მიატოვა და სანუკვარ ფერწერასა და მხატვრობას დაუბრუნდა, რის გამოც ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. მეოცე საუკუნის უდიდესი ფოტოგრაფი 2004 წლის 3 აგვისტოს საფრანგეთში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Margaret Bourke-White

მარგარეტ ბურკ-უაითი 1904 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მარგარეტის მამას მიაჩნდა, რომ მის ყველა შვილს, განურჩევლად სქესისა, თანასწორი უმაღლესი განათელება უნდა მიეღო. ის იყო პირველი სამხედრო ფოტოჟურნალისტი ქალი, რომელთანაც კონტრაქტი გააფორმეს, პირველი ომის კორესპონდენტი ქალი ჟურნალ "Life”-თვის, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს საომარ ზონაში მუშაობის ნება დართეს და 1930 წელს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს. მარგარეტმა იმოგზაურა გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხოსლოვაკიასა და რუსეთში, რათა ფირზე აღებეჭდა ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების ქვეშ მცხოვრებ ადამიანთა ბედი.

მას ჰქონდა უნიკალური და გამორჩეული თვისება - ზუსტ დროსა და ზუსტ ადგილას აღმოჩენილიყო საკუთარი ფოტოკამერით. ამბობენ, რომ მისთვის არ არსებობდა ნაკლებ მნიშვნელოვანი დავალება, თითოეულ ფოტონამუშევარს მთელი გულისყურით ეკიდებოდა. იმისათვის, რომ განდის ფოტოგრაფირების უფლება მოეპოვებინა, მარგარეტ ბურკ-უაითმა სართავ დაზგაზე ძაფის დართვა ისწვალა და რამდენიმე საათის განმავლობაში მდუმარედ იჯდა ნახევრად წყვდიად ოთახში, სადაც განმარტოვებული განდი  დაზგის მახლობლად წიგნს კითხულობდა.

მარგარეტმა მეორე მსოფლიო ომის დროს გადაიღო ორ შვილთან ერთად მყოფი გერმანელი დედა, რომელმაც თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჯერ შვილები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. 1971 წელს მარგარეტი პარკინსონის დაავდებით 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დენიელ რობერტ ელდონი (19970-1993წწ.) მამით ინგლისელი, დედით ამერიკელი წარმოშობის ფოტოჟურნალისტი იყო. 1977 წელს დენის ოჯახი აღმოსავლეთ აფრიკაში, კენიაში გადავიდა. კენია მისთვის სახლად დარჩა ცხოვრების ბოლომდე. 22 წლის დენმა ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში 40-ზე მეტი ქვეყნის ნახვა მოასწრო, თუმცა აფრიკა ყოველთვის მშბლიურ მხარედ მიაჩნდა.

სხვების დახმარების მძაფრი სურვილი დენ ელდონს ბავშობის ადრეული ასაკიდან განუვითარდა. 14 წლის იყო, როცა გადაწყვიტა კენიელ გოგონას – ატიენოს დახმარებოდა, რომელსაც გადაუდებელი გულის ღია ოპერაცია ესაჭიროებოდა. დენმა დასთან და მეგობრებთან ერთად ოპერაციისათვის საჭირო თანხების მოძიება მოახერხა, მაგრამ საავადმყოფოს მხრიდან უყურადღებობის გამო გოგონა გარდაიცვალა. სკოლის პერიოდში დენს არაერთი მსგავსი აქცია წამოუწყია, მუდამ ცდილობდა ხელმოკლე ოჯახებს რამენაირად დახმარებოდა.

1992 წლის ზაფხულში შიმშილმა ძლიერი ინტენსივობით იწყო ფეხის მოკიდება სომალში. დენი კენიიდან სომალის სამხრეთით ქალაქ ბაიდოაში ჩაფრინდა. ელდონმა ის პირველი ფოტოები გადაიღო, რომელთა ნახვამ მილიონობით ადამიანის სინდისი შეაწუხა. შობის დღეებში დენი გაუჩერებლად აშუქებდა შიმშილისაგან სასოწარკვეთილებამდე მისული მოსახლეობის მდგომარეობას.

უკიდურესი ძალმომრეობისა და ტრაგედიის შემხედვარე დათრგუნული და შეძრწუნებული ელდონი 1993 წლის გაზაფხულზე მოგადიშუში დარჩა. მალე პაკისტანელ მშვიდობისმყოფელთა სიკვდილმა სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა და კონფლიქტმა საერთაშორისო სახე მიიღო. დენის მიერ გადაღებული ფოტოები ყველა წამყვანი ჟურნალის ყდაზე ხვდებოდა. აპრილში დენმა პირველი წიგნი გამოსცა. ივნისში, მიუხედავად გადატანილი სტრესიასა, მაინც დათანხმდა დარჩენილიყო და კვლავ გაეგრძელებინა მოვლენათა გადაღება.

1993 წლის 12 ივლისს დენი სამ კოლეგასთან ერთად მოგადიშუს გავლით მიიჩქაროდა, რათა გადაეღო დაბომბვის შემდეგ გადარჩენილი მიდამო და ხალხი. ამ დროს არეულობა მოხდა, აღშფოთებულ ბრბოში მოქცეული ოთხივე ფოტოგრაფი სასიკვდილოდ სცემეს, ხელკეტებითა და ქვებით ჩაქოლეს. დენ ელდონთან ერთდ გარდაიცვალნენ Hansi Krauss, Anthony Macharia და Hos Maina.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1288 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]