განწყობის ფსიქოლოგია
2011-04-10, 10:56 PM
განწყობის ფსიქოლოგია

განწყობა

1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი

ორგანიზმი როგორც მთლიანი მოქმედობს. იგი როგორც მთლიანი უპასუხებს გარემოს ზემოქმედებას; და ამის შესაძლებლობას მას, როგორც ზემოდ დავინახეთ, მისი საოცარი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურება აძლევს . მაგრამ ამ მთლიან მოქმედებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ რომ იგი მიზანშეწონილად წარიმართებოდა, ესე იგი, თუ რომ იგი ორგანიზმს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და გარემოსთან საზოგადოდ უკეთ შეგუვბის შესაძლებლობას მისცემდა. ჩვენ ვიცით, რომ ცოცხალ ორგანიზმს სწორედ ასეთი მიზანშეწონილი მოქმედების უნარი ახასიათებს. უამისოდ იგი დაიდუპებოდა, უამისოდ სიცოცხლე საზოგადოდ შეუძლებელი იქნებოდა, უამისოდ მის მოქმედებას არავითარი აზრი არ ექნებოდა.
და აი იბადება საკითხი. როგორ არის ეს მიზანშეწონილი მოქმედება შესაძლებელი? როგორ ახერხებს ორგანიზმი მას? ამ ძველადძველ საკითხზე ორი განსხვავებული პასუხი იყო დღემდე ბურჟუაზიულ მეცნიერებაში გავრცელებული. მექანისტური და ვიტალისტური. თანახმად მექანისტური შეხედულებისა, ორგანიზმის მოქმედებას წმინდა მექანიკური კანონზომიერება განსაზღვრავს: ორგანიზმი ნამდვილი მანქანაა, რომლის მუშაობაც გარედან მომდინარე ზეგავლენაზვა დამოკიდებული.
თავისი უკიდურესი გამოხატულება მექანიციზმმა დეკარტის ცნობილ შეხედულებაში ჰპოვა, რომლის მიხედვითაც ცხოველი ნამდვილ მანქანას, ავტომატს წარმოადგენს, და მისი ქცევის მიზანშეწონილობა მისი აქტიური ჩარევის გარეშე ისახება. თანამედროვე ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში მექანიციზმს განსაკუთრებით ე. წ. რეფლექსოლოგია და ბიჰევიორიზმი იცავენ. მათი რწმენით, ცხოველისა და ადამიანის ქცევის გასაგებად, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ფიზიკურქიმიკური კანონზომიერების შესწავლაა საკმარისი, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმის ქცევაც ბუნების მოვლენაა, იგი არაფერს სპეციფიკურს არ შეიცავს და, როგორც ყველაფერი ბუნებაში, ფიზიკურ-ქიმიკურ პროცესებზე უნდა იქნეს დაყვანილი.
ვიტალისტური შეხედულება სულ სხვა პოზიციაზე დგას. მისი აზრით, ცხოველის მოქმედების მიზანშეწონილების ფიზიკო-ქიმიკურად ახსნა დამარწმუნებელი არაა. ორგანიზმი, როგორც სიცოცხლის მატარებელი, არსებითად განსხვავდება არაორგანული ნივთიერებისგან, და ამიტომ მის მოქმედებას სრულიად თავისებური ფაქტორი განსაზღვრავს: ორგანიზმის ქცევის მიწანშეწონილება ფიზიკო-ქიმიკური პროცესების ნიადაგზე როდი აიგება; იგი სპეციფიკური ფაქტორიდან გამომდინარეობს, რომელსაც ყოველი ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს. ეს ფაქტორი წმინდა არამატერიალურ არსს ან ძალას წარმოადგენს. ზოგი მას ენტელექიას უწოდებს. ზოგი ფსიქოიდს, ზოგი სასიცოცხლო ენერგიას. იგი დამოუკიდებლად მოქმედობს ორგანიზმზე და შიგნიდან წარმართავს მას ამა თუ იმ მიმართულებით, იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება ორგანიზმს ამჟამად. ასე ჩნდება მიზანშეწონილი ქცევა. ეს უკანასკნელი, მაშასადამე, ახსნას არ მოითხოვს. ცოცხალ ორგანიზმს იმთავითვე აქვს თანდართული საგანგებო ძალა, რომელიც მას მიზანშეწონილი მოქმედების უნარს ანიჭებს. ასეთია ვიტალისტური თვალსაზრისი.
თავისთავად იგულისხმება. არცერთი ეს თვალსაზრისი არაა მისაღები. მექანიციზმი ცოცხალი ორგანიზმის სპეციფიკურობას უარყოფს. მაშასადამე, სიცოცხლვ მისთვის განვიოარების ახალ საფეხურს არ წარმოადგენს: იგი კვლავ არაორგანული ნივთიერების კანონზომიერებათა ფარგლებში რჩება. ვიტალიზმი მეორე უკიდურესობაში ვარდება. იგი ორგანულსა და არაორგანულს შორის გარდუვალ უფსკრულს თხრის, მათ შორის აბსოლუტურ განსხვავებას სჭვრეტს, რამდენადაც იმას, რაც სპეციფიკურია ორგანიზმისთვის, არამატერიალურად აცხადებს.
ეს საკითხი მხოლოდ მატერიალისტური დიალექტიკის ნიადაგზე შეიძლება გადაწყდეს: ორგანულსა და არაორგანულს შორის უფსკრული არ არსებობს: რამდენადაც ორგანულიც მატერიის მოძრაობის ერთერთ ფორმას წარმოადგენს, ისიც არაორგანულის მსგავსად, მატერიალურის კანონზომიერებას ემორჩილება. მაშასადამე, ყველაფერი, რაც მასში ხდება, გარკვეული ფიზიკურ-ქიმიკური მიზეზით უნდა იქნეს ახსნილი: ორგანული, ცოცხალი, ისე როგორც არაორგანულიც, მიზეზ-შედეგთა უწყვეტ ჯაჭვშია ჩართული; და იმისთვის, რომ მასში რაიმე მოვლენის გაგება მოახერხო, უთუოდ მისი მიზეზი უნდა გამონახო. ერთი სიტყვით, ყველაფერი მიზეზით არის განსაზღვრული. ვიტალიზმის ძირითადი შეცდომა ისაა, რომ ორგანიზმში იგი ძალის არსებობას გულისხმობს, რომლის მოქმედებსაც მიზეზი კი არა, მიზანი განსაზღვრავს: თუ ორგანიზმისთვის, მაგალითად, ესა და ეს მოძრაობაა ხელსაყრელი, საჭირო, ერთი სიტყვით, მიზანშეწონილი, ეს ძალა სწორედ ამ მოძრაობას წარმოაქმნევინებს მას. მაგრამ არც ისაა სწორი, რასაც მექანიციზმი უჭერს მხარს. მართალია, ორგანულიც მატერიის მოძრაობის ერთერთი ფორმაა, და მისი არაორგანულისგან სრული მოწყვეტა არ შეიძლება. მაგრამ იგი ცოცხალი მატერიაა და, როგორც უფრო მაღალი ფორმა მატერიის განვითარებისა, მისი ორგანიზაციის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. როგორც ასეთი, იგი ახალ რომელობით თავისებურებას შეიცავს და, მაშასადამე, მთლიანად არაორგანულის კანონზომიერებაზე ვერ დაიყვანება: იგი ახალ, სპეციფიკურ კანონზომიერებას, ბიოლოგიურ კანონზომიერებას გულისხმობს, რომლის გარეშეც ორგანიზმის მოქმედების გაგება სრულიად შეუძლებელი იქნებოდა.

2. მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა

როგორ უნდა გავიგოთ ორგანიზმის ეს სპეციფიკური თავისებურება? ენგელსი ამბობს, რომ `მიზანშეწონილი მოქმედება ჩანასახში ყველგან არსებობს, სადაც კი პროტოპლაზმა არის, სადაც ცოცხალი ცილა არსებობს და რეაგირობს, ესე იგი, თუნდ სულ მარტივ მოძრაობას იძლევა, როგორც შედეგს გარედან მომდინარე გარკვეული გაღიზიანებისას. ასეთ რეაქციას იქაც კი აქვს ადგილი, სადაც ჯერ კიდევ არავითარი უჯრედი არ არსებობს, მით უმეტეს, ნერვული უჯრედი~-ო.
მაშ, ნათელია, რომ ყოველი ცოცხალი არსისთვის, ყოველი მეტად თუ ნაკლებად რთული ორგანიზმისთვის ძირითადში მიზანშეწონილი ქცევაა დამახასიათებელი. იგი არის ის სპეციფიკური თავისებურება, რომელიც ორგანული მატერიის რომელობითს მონაპოვარს წარმოადგენს და არაორგანულისთვის სრულიად უცხოა. ჩვენი პრობლემა, მაშასადამე, იმაში მდგომარეობს, რომ გავარკვიოთ, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ ორგანიზმის, როგორც მატერიის ერთ-ერთი ფორმის, ქცევა უდაოდ მიზეზობრივად იყოს განსაზღვრული, მაგრამ იმავე დროს მიზანშეწონილობითაც ხასიათდებოდეს.
ვნახოთ ჯერ, საიდანაა, რომ ცოცხალი არსების ქცევა მიზანშეწონილი ხასიათისაა. უდაოა, რომ ქცევის ეს ნიშანი ცოცხალი ორგანიზმის რომელიღაც განსაკუთრებით სპეციფიკური თავისებურებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მაშასადამე, პირველ რიგში გამოსარკვევია, თუ რა უნდა ჩაითვალოს ამ სპეციფიკურ თავისებურებად, ისეთ თავისებურებად, რომ მის გარეშე ცოცხალი ორგანიზმის არსებობაც კი შეუძლებელი იყოს.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი განსაკუთრებით ნიშანდობლივი თავისებურება, რომლითაც იგი მკვეთრად განსხვავდება არაორგანული სხეულისგან, ეს ისაა, რომ იგი გარემოსთან ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის განუწყვეტელ ურთიერთობაში იმყოფება. როგორც ყველამ იცის, გარეშე ამ ურთიერთობისა, სიცოცხლე სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. `სიცოცხლე ცილოვან ნივთიერებათა არსებობის ფორმაა, რომლის არსებითს მომენტსაც გარემო ბუნებასთან ნივთიერებათა მუდმივი გაცვლა-გამოცვლა შეადგენს და რომელიც ამ გაცვლაგამოცვლის შეწყვეტასთან ერთად ისპობა~-ო, ამბობს ენგელსი. რასაკვირველია, ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის შესახებ არაორგანულ სინამდვილეშიც შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ ქიმიკური პროცესების არსებობა ყველგან დასტურდება. მაგრამ აქ სულ სხვაგვარ გაცვლაგამოცვლასთან გვაქვს საქმე. `არაორგანულ სხეულთა შემთხვევაში ნივთიერებათა გაცვლაგამოცვლა არღვევს მათ, ხოლო ორგანულ სხეულთა შემთხვევაში იგი მათი არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენსო~, გვეუბნება ენგელსი. ამიტომ ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ცოცხალი არსების სპეციფიკურ თავისებურებას, განვითარების რა საფეხურზეც უნდა იდგეს იგი, ყველგან ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლა შეადგენს. სხვანაირად ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალ ორგანიზმს ის გარემოება ახასიათებს, რომ იგი ყოველთვის რაიმე მოთხოვნილების მატარებელია, რომ მას ყოველთვის რაიმე მოთხოვნილება, პირველ რიგში, ნივთიერი მოთხოვნილება აქვს. არაორგანული სხეულის შესახებ ამის თქმა, რასაკვირველია, არ შეიძლება. ნივთიერების გაცვლა-გამოცვლა მას არ ესაჭიროება, მოთხოვნილება მას არა აქვს.
ამრიგად. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ცოცხალ ორგანიზეს ორი თავისებურება აქვს, რომლის მსგავსსაც არაორგანულ სინამდვილეში ვერაფერს ვხვდებით. ერთი _ მიზანშეწონილი ქცევა და მეორე _ მოთხოვნილება. ძნელი შესამჩნვვი არაა, რომ მათ შორის უეჭველი კავშირი არსებობს. მიზანშეწონილ ქცევას მოთხოვნილების ფაქტი უდევს საფუძვლად. თუ ცოცხალი ორგანიზმი ქცევის აქტს მიმართავს, ამას მხოლოდ იმიტომ შვება, რომ სხვანაირად მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლებელია.
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებებს მხოლოდ გარებუნება შეიცავს. მაშასადამე, ცოცხალი არსება იძულებული ხდება, ბუნებასთან სათანადო ურთიერთობა დაამყაროს, ესე იგი, გარკვეულ ქცევის აქტებს მიმართოს. მაშასადამე, უდაოა, რომ ქცევა საზოგადოდ მოთხოვნილების ნიადაგზეა აღმოცენებული, რომ იგი მოთხოვნილების პროდუქტს წარმოადგენს.
მაგრამ რატომაა, რომ ეს ქცევა მიზანშეწონილია? როგორ ახერხებს ორგანიზმი, რომ სწორედ მიზანშეწონილ ქცევას მიმართავს? უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საკითხიც მოთხოვნილების ცნებასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს.
სანამ სხეული მოკლებულია მოთხოვნილებას, მასსა და დანარჩენ სინამდვილეს შორის სრულიად ინდიფერენტული დამოკიდებულება არსებობს. რა იმოქმედებს და რამდენად იმოქმედებს ამ სხეულზე, ეს სულერთია. იგი თავიდან ბოლომდე პასიურად განიცდის ამ ზემოქმედებას. მაგრამ რა წამს სხეულს მოთხოვნილება უჩნდება, იმ მომენტიდან სინამდვილესა და მას შორის ინდიფერენტული ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება: ამიერიდან ცოცხალი ორგანიზმი იმიტომ ამყარებს სინამდვილესთან ურთიერთობას, რომ მას მოთხოვნილება აქვს, რომლის დაკმაყოფილებაც ამ ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია. ამიერიდან, რასაკვირველია, სულერთი აღარაა მისთვის, თუ რა იმოქმედებს და როგორ იმოქმედებს ამ სინამდვილიდან მასზე.
ამიერიდან იგი გარემოსთან, როგორც არა ინდიფერენტულ რაღაცასთან, არამედ როგორც თავისი მოთხოვნილების სიტუაციასთან, აწესებს კავშირს.
მაშასადამე, თუ აქამდე სხეულსა და გარემოს მოვლენათა შორის მხოლოდ შემთხვევითი დამოკიდებულება არსებობდა, ამიერიდან ცოცხალი ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთობა მოთხოვნილების ნიადაგზე ყალიბდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ყველაფერი კი არ მოქმედობს გარესინამდვილეში ცოცხალ არსებაზე, არამედ მხოლოდ ის, რაც მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს, ესე იგი, რაც ყოველს მოცემულ მომენტში აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციას წარმოადგენს.
ამნაირად, ნათელი ხდება, რომ მოთხოვნილების მატარებელს ცოცხალ ორგანიზმზე გარემოს ცალ-ცალკე მოვლენები კი არ აწარმოებენ ზემოქმედებას, არამედ ამ მოვლენების მთელი სისტემა, რამდენადაც ისინი აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავენ, ესე იგი, რამდენადაც ისინი მის სიტუაციას წარმოადგენენ.
მაგრამ მოთხოვნილების ფაქტი არა მარტო ამას ხდის გასაგებად, ესე იგი, იმ გარემოებას, რომ ცოცხალ ორგანიზმზე გარემო, როგორც მოვლენათა შემთხვევითი თავყრილობა კი არა, როგორც განსაზღვრული სიტუაცია, როგორც გარკვეული მთლიანი სისტემა, ახდენს ზეგავლენას.
მოთხოვნილების ფაქტი მეორე მნიშვნელოვან გარემოებასაც უდევს საფუძვლად, სახელდობრ შემდეგს: არაორგანული სხეული ყოველთვის მხოლოდ ობიექტს წარმოადგენს სხვა ობიექტთა გვერდით _ მას არაფერი აქვს ისეთი, რომ მისს სწორედ ასეთს და არა ისეთ დამოკიდებულებას მოითხოვდეს სხვა ობიექტებთან _ მას არაფერი აქვს ისეთი, რომ მას რაიმე ქცევას ავალებდეს. მაგრამ რა წამს სხეულს მოთხოვნილება უჩნდება, მდგომარეობა მაშინვე იცვლება: გარესინამდვილე ეხლა მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებად, მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციად იქცევა. მაშასადამე, ორგანული სხეული, იმისდა მიხედვით, თუ რა მოთხოვნილება აქვს მას, იძულებული ხდება, ამა თუ იმ გარკვეული ხასიათის ურთიერთობა დაამყაროს გარესინამდვილესთან _ იგი იძულებული ხდება, გარკვეული ქცევის აქტებს მიმართოს.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოთხოვნილების ფაქტის ნიადაგზე ცოცხალი ორგანიზმი ინდივიდად ქცევის სუბიექტად, იქცევა, ხოლო მასზე მოქმედი გარე სინამდვილე მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციად.
რას ნიშვავს ეს? უწინარეს ყოვლისა, ნათელი ხდება, რომ გარესინამდვილე ცოცხალ არსებაზე როგორც ინდივიდზე, როგორც მოთხოვნილების სუბიექტზე ახდენს ზემოქმედებას _ ესე იგი, ცოცხალი არსების არა რომელიმე ნაწილობრივ მომენტზე, მის რომელსამე ძალაზე ან ფუნქციაზე, არამედ მასზე, როგორც მთლიანზე, როგორც ინდივიდზე, როგორც მოთხოვნილების სუბიექტზე.
მაშასადამე, ნათელი ხდება ისიც, რომ გარესინამდვილის ზემოქმედების ეფექტი პირველ რიგში ცოცხალ არსებაში, როგორც მოთხოვნილების სუბიექტში, როგორც ინდივიდში, იჩენს თავს, და მაშასადამე, მხოლოდ მთლიანობითი ხასიათის შეიძლება იყოს. უკეთ რომ ვთქვათ, ეს ეფექტი მოთხოვნილების სუბიექტში რაიმე ნაწილობრივი ცვლილების სახით კი არ უნდა იჩენდეს სადმე თავს, არამედ თვითონ ინდივიდის ცვლილებას, თვითონ ინდივიდის მოდიფიკაციას უნდა წარმოადგენდეს.
მაგრამ როგორია შინაარსებულად ეს მთლიანობითი ეფექტი, ეს ინდივიდის, როგორც მოთხოვნილების სუბიექტის გადასხვაფერება ან გადახალისება? გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის ამ საკითხის გადაჭრას აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი საკითხის გადაწყვეტა მთლიანად მასზეა დამოკიდებული.
გარესინამდვილე ცოცხალ არსებაზე, როგორც ინდივიდზე, მაშასადამე, როგორც მთელზე მოქმედობს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იგი ამ შემთხვევაში, როგორც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაცია მოქმედობს მასზე, როგორც სისტემა, რომელიც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს. მაშასადამე, იმ ეფექტში, რომელსაც იგი სუბიექტში იწვევს, გარესინამდვილე შეიძლება მხოლოდ როგორც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაცია _ და არა როგორც შემთხვევითი და ინდიფერენტული გარემო _ იყოს ასახული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ეფექტი თვითონ სუბიექტის მოდიფიკაციას, თვითონ სუბიექტის გადახალისებას, მის გადასტრუქტურებას წარმოადგენს, და არა რაიმე ნაწილობრივ ცვლილებას, რომელიც ცოცხალი არსების რომელსამე კერძო მხარეს ეხება. ეს კი, ცხადია, შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ გარესინამდვილესთან ურთიერთობის პროცესში, ქცევის სუბიექტი, რომელიც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ესწრაფვის, ამ უკანასკნელის სიტუაციის შესატყვისად იცვლება. მაშასადამე, იგი, როგორც მთელი, როგორც ქცევის სუბიექტი უკვე მანამდე, სანამ მოქმედებას დაიწყებდეს, თავისი მოთხოვნილების სიტუაციის შესატყვის მოდიფიკაციას განიცდის, და ამიტომ მისი მომავალი მოქმედება მოცემული სიტუაციის შესატყვისად მოდიფიცირებული არსების მოქმედებას წარმოადგენს. მაშასადამე, როგორ იმოქმედებს მოცემულ სიტუაციაში ესა თუ ის ცოცხალი არსება, ეს განსაზღვრულ ფარგლებში, უკვე მანამ არის გარკვეული, სანამ მოქმედება დაიწყებოდეს: ეს უკანასკნელი მოცემულია იმ მოდიფიკაციის სახით, რომელსაც სუბიექტი გარემოს ზემოქმედების შედეგად განიცდის. მაგრამ თუ იგი მანამდეა მოცემული, სანამ დაიწყებოდეს, ცხადია, იგი მხოლოდ როგორც წინასწარი მიდრეკილება, როგორც გარკვეული მოქმედების ტენდენციაა მოცემული.
მაშასადამე, ქცევას წინ უსწრებს სუბიექტის მდგომარეობა, რომელშიც, როგორც ობიექტური სიტუაციის ასახვაში, ამ ქცევის საერთო ხასიათი, მისი ძირითადი რაგვარობა მისი ობიექტური ვითარების შესატყვისობა წინასწარაა განსაზღვრული.
რა უნდა ვუწოდოთ ამ სპეციფიკურ მდგომარეობას? ფსიქოლოგიაში კარგა ხანია ერთი ფაქტია შენიშნული, რომელიც განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში `განწყობის~ სახელწოდებით აღინიშნება ხოლმე. ამ ფაქტის ერთერთ ნიმუშად შემდეგი შეიძლება ჩაითვალოს. როდესაც ადამიანი, ვთქვათ, პურის შესახებ რუსს ესაუბრება, მას ენაზე თავისთავად რუსული სიტყვა ადგება. ხოლო როდესაც იგი, მაგალითად, გერმანელთან დაიწყებს საუბარს, მაშინ მას შესაფერი გერმანული სიტყვა (Bროტ) აგონდება.
რატომ? რა უდევს ამ გარმოებას საფუძვლად? პასუხი ასეთია. რუსთან საუბრის დროს ადამიანი რუსულად სალაპარაკოდ არის განწყობილი, ხოლო გერმანელთა საუბრის დროს _ გერმანულად სალაპარაკოდ. მაშასადამე, რა სიტყვა მოგადგება ენაზე ყოველს კერძო შემთხვევაში, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ენაზე ლაპარაკის განწყობა გაქვს.
ჩვენ დავრწმუნდით, რომ სანამ ცოცხალი არსება საზოგადოდ რაიმე მნიშვნელოვან ქცევას ჩაიდენდეს, იგი უკვე მანამდეა ისე მოდიფიცირებული, რომ მან სწორედ ეს ქცევა უნდა ჩაიდინოს. _ სხვანაირად ასეც შეიძლებოდა გვეთქვა: სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა განწყობის სახით მოცემული.
მაშასადამე, იმ სპეციფიკურ მდგომარეობას, რომელიც სუბიექტში მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტური სიტუაციის ზეგავლენის შედეგად ჩნდება, განწყობა შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს ტერმინი განსაკუთრებით იმიტომაა შესაფერისი, რომ ერთის მხრივ, იგი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საქმე არა რომელსამე გარკვეულს შინაარსეულ ცვლილებას ეხება, რომელიც სუბიექტში ჩნდება, არამედ სუბიექტს, როგორც მთელს; მეორის მხრივ _ იმ გარემოებაზე, რომ სუბიექტის ეს სპეციფიკური მდგომარეობა მას გარკვეულ ქცევისკენ მოუწოდებს _ მაშასადამე, ეს ქცევა უკვე წინასწარაა მასში განსაზღვრული, და, დასასრულ, _ იმ გარმოებაზეც, რომ ეს სპეციფიკური მდგომარეობა დინამიკური სახის მოვლენაა, რომელმაც თავისი გამოვლენა სუბიექტის გარკვეულ აქტივობაში უნდა პოვოს.
ამრიგად, ცოცხალი არსებისა და გარემოს ურთიერთობა, რამდენადაც ამ უკანასკნელს მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსი უდევს საფუძვლად, საბოლოოდ ასე უნდა წარმოვიდგინოთ: მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსით ამოქმედებულს ცოცხალ არსებაზე გარემოსიტუაცია იწყებს ზემოქმედებას და მასში სიტუაციის შესაფერის გარკვეულს მთლიან ცვლილებას, გარკვეულ განწყობას იწვევს. ამიერიდან ასე შეცვლილს, გარკვეული განწყობის მქონე სუბიექტს, რასაკვირველია, მხოლოდ თავისი განწყობის შესაფერისი პროცესებისა და აქტების წარმოება შეუძლია. ამისდა მიხედვით, მისი ქცევა, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ყოველ მონაცემ მომენტში მისი ამა თუ იმ განწყობის რეალიზაციად უნდა ჩაითვალოს.
მაშასადამე, ცოცხალი არსების ქცევას გარემო განსაზღვრავს მაგრამ ეს განსაზღვრა მექანიკური ხასიათის როდია: გარემო თვითონ ქცევას აქტებზე კი არ მოქმედობს უშუალოდ, იგი პირდაპირ კი არ იწვევს მას. არა, იგი სუბიექტზე მოქმედობს, მას სცვლის მთელი სიტუაციის შესაფერისად, მასში გარკვეული ქცევის განწყობას იწვევს. თვითონ ქცევის აქტებს კი უშუალოდ ამიერიდან ამ გარკვეული განწყობის მქონე სუბიექტი განსაზღვრავს. იგი იმ აქტებს და პროცესებს, ერთი სიტყვით, იმ ქცევას მიმართავს, რომლის განწყობაც მას სიტუაციის ზემოქმედების შედეგად აქვს შემუშავებული.
ამის შემდეგ ძნელი არ არის იმ ძირითადი საკითხის გადაჭრაც, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის ქცევის მიზანშეწონილობის ფაქტს ეხება და რომლის გამოც მექანისტური და ვიტალისტური შეხედულებები ეგოდენ მკვეთრად უპირისპირდებიან ურთიერთს. მექანიციზმისა და ვიტალიზმის ფორმულა გარემოსა და სუბიექტს შორის ურთიერთ-დამოკიდებულების შესახებ შეიძლება, როგორც ორწევრიანი ფორმულა, დახასიათდეს. მართლაცდა, მექანიციზმიცა და ვიტალიზმიც ამ ურთიერთობაში მხოლოდ ორ-ორ წევრს გულისხმობს. მექანიციზმის მიხედვით, გარემო პირდაპირ იწვევს ორგანიზმში ამა თუ იმ ქცევას. მაშასადამე, მისი ფორმულის სქემა ასეთი იქნება: გარემოქცევა.
ვიტალიზმის რწმენით, ორგანიზმი მიზანდამსახველ ძალას, ენტელექიას თუ ფსიქოიდს შეიცავს, და ქცევას სწორედ ეს ძალა განსაზღვრავს. მისი ფორმულის სქემაც ორწევრიანია.

ფსიქოიდი-ქცევა.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ ურთიერთობა გარემოსა და ცოცხალ არსებას შორის სხვაგვარად უნდა იქნეს წარმოდგენილი. წინააღმდეგ მექანიციზმისა და ვიტალიზმისა, ეს ურთიერთობა სამწევრიანია. ჩვენის სქემა ასეთია: გარემო _ სუბიექტი (განწყობა) _ ქცევა.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ქცევას საბოლოოდ აქაც გარემო განსაზღვრავს; მაგრამ ეს სუბიექტის შუალობით ხდება, რომელშიც იგივე გარემო სიტუაციის შესატყვის განწყობას იწვევს, და ეს უკანასკნელი ქცევას, როგორც თავის რეალიზაციას, წარმოშობს. ქცევა განწყობით არის უშუალოდ განსაზღვრული: იგი არის მისი აღმოცენების უშუალო მიზეზი. მაგრამ განწყობა ხომ იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი უკვე წინასწარაა გარკვეული ქცევისთვის მომართული. მაშ, როგორ მოიქცევა იგი ამა თუ იმ სიტუაციაში, ეს უკვე წინასწარაა მის განწყობაში მოცემული. ის, რაც უნდა მოხდეს მომავალში, ესე იგი, როგორ უნდა მოიქცეს გარკვეულ პირობებში ცოცხალი არსება, ეს უკვე მანამდეა სუბიექტის განწყობაში მოცემელი, სანამ ქცევა დაიწყებოდეს. მაშასადამე, განწყობა არა მარტო როგორც ნამდვილი მიზეზი მოქმედობს ქცევაზე, არამედ ამავე დროს თითქოს მიზნის მსგავსადაც: როგორც მიზანში წინასწარაა მოცემული ის, რაც შემდეგში უნდა მოხდეს, სწორედ ასეა განწყობაშიც.
მაგრამ განწყობის სახით ჩვენ ხომ სიტუაციის სუბიექტში ასახვასთან გვაქვს საქმე. მაშასადამე, თუ ქცევას განწყობა განსაზღვრავს, თუ ქცევა განწყობის შესატყვისად წარიმართება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სიტუაციის შესაფერისად, მაშასადამე, მიზანშეწონილად მიმდინარეობს: ცოცხალი არსების ქცევას მიზანშეწონილი ხასიათი აქვს.
ასე წყდება ქცევის მიზანშეწონილობის საკითხის როგორც ვხედავთ, იგი მთლიანად მიზეზობრივ რკალშია ჩართული: მიზეზ-შედეგის ჯაჭვი აქ არსად არ წყდება _ არ არსებობს არავითარი გარეშე ძალა (ენტელექია, თუ ფსიქოიდი), რომელიც სინამდვი ლის მიმდინარეობის პროცესში ერეოდეს და მას ნებისმიერ მიმდინარეობას აძლევდეს. მიუხედავად ამისა, ცოცხალი არსების ქცევას მაინც მიზანშეწონილება ახასიათებს.

3. განწყობა და ადამიანი

აქამდე ჩვენ საზოგადოდ ცოცხალი არსების განწყობაზე გვქონდა საუბარი. მაგრამ ფსიქოლოგიას ხომ პირველ რიგში სპეციალურად ადამიანი აინტერესებს. ამიტომ ბუნებრივად იბადება საკითხი: რა არის სპეციფიკური ადამიანისთვის? რა ცვლილება იჩენს თავს განვითარების პროცესში ისეთი, რომ ადამიანისა და ცხოველის ქცევის განსხვავებულობის ფაქტს გასაგებად ხდიდეს? ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევჩერდებით. აქ კი საკმარისი იქნება, თუ რომ მას პრინციპული მხრივ მაინც შევეხებით.
ისე როგორც ცხოველის ქცევას, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ქცევასაც მოთხოვნილება უდევს საფუძვლად. ეს უდაო ფაქტია, რომელიც ყოველთვის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. `ადამიანებიო, _ ამბობს ენგელსი, _ მიეჩვიენ, თავის მოქმედების ახსნისას თავისი აზროვნებიდან გამოდიოდნენ, და არა თავისი მოთხოვნილებიდან; და ასე გაჩნდა დროთა მსვლელობაში ის იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც ანტიკური ქვეყნების დაცემის ეპოქიდან დაწყებული ადამიანის გონებას ფლობდა~(ენგელსი, ბუნების დიალექტიკა, გვ. 68).
`იმისთვის რომ~ ისტორია შექმნან, `ადამიანთ უწინარეს ყოვლისა სიცოცხლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდესთ. მაგრამ სიცოცხლისთვის პირველ რიგში საჭმელ-სასმელია საჭირო, ბინა, ტანსაცმელი და ზოგი რამ კიდევ სხვა. მაშასადამე, პირველი ისტორიული საქმე _ ეს ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ საშუალებათა წარმოებაა-ო~, ამბობს მარქსი.
ამრიგად, სრულიად უდაოა, რომ ადამიანის ქცევასაც მოთხოვნილება უდევს საფუძვლად, და ამ თვალსაზრისით ცხოველსა და ადამიანს შორის განსხვავება მართლაც არაფერია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნამდვილად განსხვავება მათ შორის მაინც დიდია. საქმე ისაა, რომ ცხოველის მოთხოვნილებათა ბუნება და წრე ერთხელ და სამუდამოდ არის განსაზღვრული. მათ ცოცხალი ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურებები უდევს საფუძვლად. სულ სხვა სურათს წარმოადგენს ადამიანის მოთხოვნილება. ადამიანი ისტორიული არსებაა და მისი მოთხოვნილება სოციალურ ურთიერთობათა განვითარების ნიადაგზე განუწყვეტელი ქმნადობის პროცესში იმყოფება, ამის შედეგი ისაა, რომ არა მარტო ძველი მოთხოვნილებები იცვლება, არამედ განუწყვეტლივ ახალახალი მოთხოვნილებებიც ჩნდება, მოთხოვნილებები, რომლის მსგავსსაც კი ვერაფერს ვნახავთ ცხოველთა სამკვიდროში: ადამიანი შეუდარებლად უფრო მრავალფეროვანის და მრავალმხრივი მოთხოვნილების პატრონია, ვიდრე ცხოველი.
ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ქცევის თავისებურებათა ნათელსაყოფად. რა წამს ცოცხალ არსებას მრავალფეროვანი მოთხოვნილება უჩნდება, რომელიც მისი ისტორიული განვითარების მიმდინარეობაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, მისი ურთიერთობა გარემოსთან საფუძვლიანად იცვლება. მართლაცდა, ცხოველს ყოველს მოცემულ მომენტში ერთი გაბატონებული მოთხოვნილება აქვს, და არ არსებობს იმავე დროს სხვა რაიმე მოთხოვნილება, რომ მას წინააღმდეგობას უწევდეს. ამიტომ მისი ურთიერთობა სინამდვილესთან ამ ერთი მოთხოვნილების ნიადაგზე წესრიგდება, მის ქცევას ამ ერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსი უდევს საფუძვლად. ამიტომ გასაგებია, რომ ცხოველს აქტიური მოთხოვნილების სიტუაციაში სრულიად გარკვეული მოქმედების განწყობა უჩნდება, რომელსაც არაფერი უშლის ხელს მაშინვე შესაფერი ქცევის სახით გაიშალოს.
მაგრამ ვთქვათ, ცოცხალ არსებას მრავალფეროვანი და მრავალგვარი მოთხოვნილება აქვს. შესაძლებელია და სრულიად ბუნებრივი, რომ ეს მოთხოვნილებები ზოგიერთ შემთხვევაში საფუძვლიანად ეწინააღმდეგებოდნენ ურთიერთს, და ერთის დაკმაყოფილება მეორის საზიანოდ იყოს მიმართული. მაგალითად, ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოთხოვნილებების გვერდით ადამიანს მორალური ან ესთეტიკური მოთხოვნილებებიც აქვს. ხშირია შემთხვევა, რომ ეს მოთხოვნილებები ურთიერთს ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, შესაძლოა, რომელიმე აქტუალური ბიოლოგიური მოთხოვნილების იმპულსი ისეთი ქცევისკენ გვიზიდავდეს, რომელიც ჩვენს მორალურ მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება _ ვთქვათ, მშიერი ადვილად დაიკმაყოფილებდა თავის მოთხოვნილებას, რომ მას ნება მიეცა თავისი თავისთვის, თავისი ამხანაგის ულუფა ქურდულად ან ძალით მიეთვისებია.
მაგრამ ვთქვათ, რომ ეს ქცევა სრულიად არ ეთანხმება მის მორალურ მოთხოვნილებას. რა არის ასეთი მდგომარეობის შედეგი? რასაკვირველია, ის, რომ მშიერი სხვისი ულუფის მითვისების იმპულსს არ ემორჩილება და, ამრიგად, მონაცემ სიტუაციაში თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ცდაზე ხელს იღებს. სხვანაირად. შიმშილისა და მონაცემი სიტუაციის, ესე იგი, სხვისი ულუფის მითვისების შესაძლებლობის ნიადაგზე სუბიექტს გარკვეული ქცევის _ სხვისი ულუფის მითვისების _ განწყობა უჩნდება. მაგრამ სანამ ეს უკანასკნელი ქცევაში გადავიდოდეს, მისი მეორე მოთხოვნილება _ მორალური მოთხოვნილება _ იღვიძებს, და აღნიშნული განწყობის ქცევაში რეალიზაციას აფერხებს. მაშასადამე, სუბიექტი სხვისი ულუფის მითვისების განწყობის აღმოცენებასთანავე როდი მიმართავს სათანადო ქცევას _ მისი განწყობა უშუალოდ როდი გადადის ქცევაში. არა! სუბიექტის განწყობა სხვა სახით პოულობს თავის რეალიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ მან სუბიექტის სათანადო ქცევაში პოვოს გამოვლენა, მასში გარკვეული ქცევის აქტები გამოიწვიოს, იგი მის ცნობიერებაში იკვლევს გზას და თავის რეალიზაციას იქ პოულობს _ ნაცვლად იმისა, რომ სუბიექტმა სხვისი ულუფის მითვისების რეალურ აქტებს მიმართოს, იგი ჯერჯერობით მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ ამ აქტების განხორცივლების სურათს წარმოიდგენს: სხვისი ულუფის მითვისების განწყობა თვითონ ქცევაში კი არა, ამ ქცევის წარმოსახვაში, რეალური ქცევის ფსიქიკურ ეკვივალენტში პოულობს რეალიზაციას.
თავისთავად იგულისხმება: სუბიექტს რომ წარმოსახვის შესაძლებლობა არ ჰქონოდა, იგი რომ მოკლებული ყოფილიყო ცნობიერებას, მისი განწყობა მყის ქცევის სახით უნდა გამოვლენილიყო, და ყოველი მისი აქტუალური მოთხოვნილების იმპულსს მაშინვე სათანაოო ქცევა უნდა გამოეწვია.
მოთხოვნილებათა გართულებისა და განვითარების შედეგად ადამიანს საკმაოდ განვითარებული ცნობიერება უმუშავდება; და ეს შესაძლებლობა აძლევს მას აქტუალური მოთხოვნილების სიტუაციის ზეგავლენით აღმოცენებულ განწყობას, რეალური ქცევის ნაცვლად, წარმოსახული ქცევის სახით მისცეს გამოვლენა და ამნაირად აქტუალური განწყობის მონობისგან თავი გაითავისუფლოს.
მაგრამ თუ ეს ასეა, რაღა წარმართავს მაშინ სუბიექტის ქცევას- მართალია, აქტუალური სიტუაციის ნიადაგზე აღმოცენებულ განწყობას იგი აღარ ემორჩილება, მაგრამ მას ხომ ამ განწყობის შესატყვისი ქცევის სურათი უჩნდება ცნობიერებაში! და ეს სურათი ამ ქცევის გაცნობიერებას წარმოადგენს; იგი უჩვენებს სუბიექტს, თუ რამდენად მისაღებია მისთვის ამ ქცევის რეალური განხორციელება. ამის მიხედვით, ესე იგი, შესაძლო ქცევის ღირებულების გაცნობიერების მიხედვით. სუბიექტს მისი შესრულების თუ შეუსრულებლობის განწყობა უჩნდება, და ასე ხდება, რომ სუბიექტი გარკვეული ქცევის აქტს მიმართავს.
ამრიგად, ადამიანის სპეციფიკურ თავისებურებას, რითაც იგი მკვეთრად განსხვავდება ცხოველისგან, ის გარემოება შეადგენს, რომ წამყვან როლს მის ცხოვრებაში ცნობიერება ასრულებს. იგი აქტუალური სიტუაციის ნიადაგზე აღმოცენებულ განწყობას არ ემორჩილება, როგორც ამას ცხოველის შემთხვევაში აქვს ადგილი. იგი წინასწარ აცნობიერებს თავის ქცევას და ამა თუ იმ აქტს მხოლოდ იმის მიხედვით მიმართავს, თუ რას მიიღებს ამ გაცნობიერების შედეგად _ მოკლედ: ცხოველის განწყობას აქტუალური იმპულსის სიტუაცია ქმნის, ხოლო ადამიანის განწყობას, რომელიც მის ქცევას უდევს საფუძვლად, გაცნობიერებული წარმოსახული სიტუაცია.

4. განწყობის ცნება ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიაში

განწყობის ცნება სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება თანამედროვე ფსიქოლოგიაში. განსაკუთრებით დიდ როლს მას გერმანელი ფსიქოლოგი მარბე მიაწერს, რომლის მიხედვითაც ადამიანის მთელი ქცევა, მისი ფსიქიკის მთელი მუშაობა განწყობის ფუნქციას წარმოადგენს. ეს დებულება ძირითადში სწორია. ოღონდ იმ შემთხვევაში მხოლოდ, თუ განწყობის ცნება მართვბულად იქნება გაგებული. მაგრამ ბურჟუაზიული ფსიქოლოგების და კერძოდ მარბეს განწყობის ცნება სრულიად არაა დამაკმაყოფილებელი. მარბესთვის განწყობა სუბიექტის მთლიანს ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელიც ან თანდაყოლილია და ან პირადი ცხოვრების მიმდინარეობაში ამა თუ იმ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე განცდების ე.წ. `კრიტიკული გამოცდილების~. ზეგავლენითაა პირობადებული. და, აი, როდესაც ადამიანზე რაიმე ობიექტური ვითარება მოქმედობს, ეს უკანასკნელი მასში უკვე მზამზარეულ განწყობას ხვდება, რომელიც მის განცდას განსაზღვრავს.
განწყობა წმინდა სუბიექტური მდგომარეობაა და, როგორც ასეთი, რასაკვირველია, წმინდა სუბიექტურ ფაქტორად უნდა იქნეს ნაგულისხმევი. იმას, რაც განწყობას შეაქვს განცდაში, მაგალითად, აღქმაში თუ აზროვნებაში, მხოლოდ სუბიექტური საფუძველი აქვს: იგი ობიექტური ვითარების ასახვას კი არ უწყობს, არამედ უშლის ხელს. ამიტომ გასაგებია, რომ, ჩვეულებრივ, განწყობის მოქმედების გასათვალისწინებლად მცდარი აღქმების ე. წ. ილუზიების ფაქტს იმოწმებენ ხოლმე.
განწყობის ასეთი სუბიექტური გაგება არც მართებულია და არც ხელსაყრელი. მართალია, განწყობა სუბიექტის მდგომარეობაა, მაგრამ იგი სრულიად თავისებური სუბიექტური მდგომარეობაა. იგი ყოველთვის ობიექტური ვითარების ზემოქმედების შედეგად ჩნდება და ისეთ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელშიც თვითონ მისი გამომწვევი ობიექტური ვითარებაა ასახული. განწყობა, მაშასადამე, წმინდა სუბიექტური მდგომარეობა კი არაა, იგი ობიექტური ვითარების სუბიექტში გადატანაა, იგი, ასე ვთქვათ, სუბიექტში გადასული ობიექტური ვითარებაა. ამიტომ გასაგებია, რომ განწყობა პირველ რიგში სინამდვილის მცდარ განცდას ან ილუზიას კი არ უდევს საფუძვლად, არამედ ობიექტურის სწორი განცდის შესაძლებლობას იძლევა.
იმისთვის, რომ ეს ნათლად გვქონდეს წარმოდგენილი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ განწყობა პირველადად სუბიექტის მზამზარეული მდგომარეობა კი არაა, რომელიც მას სხვა პირობებში შეუმუშავდა და ამიერიდან, ყოველი ახალი ვითარების განცდისას, მარად თან ახლავს და განსაზღვრავს მას. არა! ყოველი ახალი სიტუაცია, რომელიც გარკვეული მოთხოვნილების მქონე სუბიექტზე მოქმედობს, პირველ რიგში მას შესატყვის განწყობას უქმნის, და დანარჩენი, რაც ამიერიდან ამ სუბიექტში მოხდება _ მისი განცდები, თუ ქცევა _ ამ განწყობის ნიადაგზე იქნება აღმოცენებული. პირველადად, სუბიექტი მზამზარეული განწყობით როდი უდგება სინამდვილეს და მისდა შესატყვისად გარდაქმნის მას. არა, განწყობა მას თვითონ ამ სინამდვილის ზემოქმედების პერიოდში უჩნდება და მისდა შესატყვისი განცდისა და ქცევის შესაძლებლობას აძლევს.
განწყობას ასეთ პირველად ფაქტად ბურჟუაზიული ფსიქოლოგებიდან არავინ სთვლის, და ამიტომაა რომ მათთვის განწყობის მეორე არსებითი მხარე დაფარული რჩება, სახელდობრ ის, რომ განწყობა ცოცხალი არსების ობიექტური ვითარების შესატყვის მოდიფიკაციას, მასში, როგორც მთელში, ობიექტური ვითარების ასახვას, წარმოადგენს. განწყობის ცნებისთვის კი განსაკუთრებით სწორედ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, და ამის გარეშე ამ ცნებას არავითარი პრინციპული ღირებულება არ ექნებოდა ფსიქოლოგიაში.

5. განწყობის სუბიექტური ფაქტორი

განწყობის აღმოცენებისთვის არა მარტო ობიექტური ვითარებაა საჭირო, არამედ თავისთავად იგულისხმება, სუბიექტიც, რომელზეც ეს ობიექტური ვითარება მოქმედობს. ამისდა მიხედვით, უეჭველია. განწყობა ორ ფაქტორს გულისხმობს, ობიექტურს და სუბიექტურს. საჭიროა შევჩერდეთ ამ ორივე ფაქტორის განხილვაზე!
სუბიექტური ფაქტორის გასათვალისწინებლად ძირითადი მნიშვნელობა მოთხოვნილების ცნებას აქვს. ყოველი ცოცხალი არსება _ მაშასადამე, ადამიანიც _ უთუოდ რაიმე მოთხოვნილების ნიადაგზე ამყარებს ურთიერთობას გარემოსთან, და ამ ურთიერთობის მთელი აზრი ისაა, რომ მან სუბიექტს ქვემდებარე მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა უნდა მისცეს. ამიტომ გასაგებია, რომ მოთხოვნილების რაგვარობას ყოველთვის გადამწყვეტი გავლენა აქვს ქცევაზე. თვითონ გარემო თავისთავად არასდროს არავითარი მოქმედების სტიმულს არ აძლევს სუბიექტს, თუ რომ ეს უკანასკნელი სრულიად მოკლებულია მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილებაც ამ გარემოს პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. გარემო ჩვენი მოქმედების ასეთ თუ ისეთ სიტუაციად მხოლოდ იმის მიხედვით იქცევა, თუ რა მოთხოვნილება გვაქვს, როდესაც მასთან ურთიერთობას ვამყარებთ.
აქედან ცხადია, რომ გარეშე ამა თუ იმ გარკვეული მოთხოვნილების მონაწილეობისა, მარტო გარემოს ზემოქმედების პირობებში, ადამიანს არასდროს არავითარი ქცევის განწყობა არ გაუჩნდებოდა. ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, რომ იმისთვის, რომ რაიმე გარკვეულ ქცევის განწყობა გაჩნდეს, სრულიად აუცილებელია ჩვენზე გარკვეული ობიექტური გარემო მოქმედებდეს _ ამ პირობების გარეშე განწყობა ვერასდროს თავის გარკვეულ, თავის კონკრეტულ სახეს ვერ მიიღებდა. მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ განწყობის რაგვარობის გარკვეულობაზე მოთხოვნილებასაც გადამწყვეტი გავლენა აქვს.
უბრალო მაგალითიც საკმარისი იქნება, რათა ეს დებულება სრულიად ნათელი გახდეს. ვთქვათ, ბუხარში ცეცხლია დანთებული და ოთახში შევდივართ. თუ გვცივა (ესე იგი, სითბოს მოთხოვნილება გვაქვს) ეს სიტუაცია _ ბუხარი, ცეცხლი ჩვენზე ისე იმოქმედებს, რომ ჩვენში ბუხართან ახლო დაჯდომისა და შეიძლება ცეცხლის შემატების განწყობას გამოიწვევს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საწინააღმდეგო მოთხოვნილება გვიჩნდება _ ვთქვათ, დაგვცხა და სიგრილე მოგვინდა _ იგივე სიტუაცია სრულიად საწინააღმდეგო მოქმედების განწყობას აღძრავს, სახელდობრ, ბუხრიდან მოშორებისა და შეიძლება ცეცხლის ჩაქრობისასაც.
ამრიგად, უდაოა, რომ განწყობა სუბიექტურ ფაქტორსაც გულისხმობს და რომ ასეთ ფაქტორად უთუოდ მოთხოვნილება უნდა ჩაითვალოს _ ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით.

6. განწყობის ობიექტური ფაქტორი

როდესაც ცოცხალი არსება რაიმე მოთხოვნილებას განიცდის, იგი მის დასაკმაყოფილებლად გარემოს მიმართავს; და საგულისხმოა, რომ აქ მხოლოდ ის სიტუაცია იწვევს მის ძალებს სამოქმედოდ, რომელიც ქვემდებარე მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს. თუ რომ ასეთი სიტუაცია არსად ჩანს, ცოცხალი არსების აქტივობის ტენდენცია კვლავ ინაქტურ მდგომარეობაში განაგრძობს არსებობას: ხოლო თუ ასეთი სიტუაცია გაჩნდა, მაშინ ეს უკანასკნელი ერთბაშად აქტუალური ხდება: იგი სუბიექტს გარკვეული მიმართულებით სამოქმედოდ იზიდავს.
რა ხდება აქ? რატომაა რომ სუბიექტი ერთბაშად აქტივობას იწყებს? უეჭველია, ერთის მხრივ, ჩვენ აქ საქმე გვაქვს გარემოსთან, რომელიც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს, ხოლო მეორეს მხრივ, სუბიექტთან, რომელიც სწორედ ამ გარემოს შესატყვის მოთხოვნილებას გრძნობს. მოკლედ: ხდება მოთხოვნილებისა და მისი შესატყვისი ობიექტური სიტუაციის შეხვედრა. შედეგი ისაა, რომ სუბიექტს სრულიად გარკვეული აქტივობის, სრულიად გარკვეული ქცევის განწყობა უჩნდება, იმ აქტივობისა, რომელიც სწორედ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზანს ემსახურება.
მაშასადამე, განწყობის აღმოსაცენებლად მოთხოვნილების შესატყვისი ობიექტური სიტუაციაა აუცილებელი, და სწორედ ეს უკანასკნელია, რომ განწყობის ობიექტურ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს.
ამრიგად, განწყობას არც მარტო მოთხოვნილების მდგომარეობა ქმნის თავისთავად და არც მარტო ობიექტური სიტუაცია. იმისთვის, რომ განწყობა გაჩნდეს, მოთხოვნილება თავისი დაკმაყოფილების პირობების შვმცვლვლს ობიექტურ სიტუაციას უნდა შეხვდეს.
კურტ ლევინმა ერთი უეჭველი ფაქტი აღნიშნა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: როდესაც ადამიანს რაიმე მოთხოვნილება უჩნდება, ამ მოთხოვნილების შესატყვისი საგნები და მოვლენები მის მიმართ განსაკუთრებული ძალით აღიჭურვებიან; ისინი მას განსაზღვრული მიმართულებით მოქმედებას აძალებენ, გარკვეული ქცევისკენ იწვევენ: პური მშიერს ჭამისკენ მოუწოდებს, ლოგინი დაღლილს წამოსაწოლად იზიდავს. მაგრამ საგანთა ეს იძულებითი, ეს გამოწვევითი ძალა მყის ისპობა, რაწამს შესაფერი მოთხოვნილება კმაყოფილდება. _ ლევინის ეს სწორი დაკვირვება, რომელიც ყოველ წუთს შეგვიძლია შევამოწმოთ და დავადასტუროთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება გასაგები, თუ ლევინის მიერ ნაგულისხმევს უშუალობის თეორიაზე ხელს ავიღებთ და მხედველობაში განწყობის ცნებას ვიქონიებთ. როგორც ვიცით, მოთხოვნილების მატარებელ სუბიექტს, შესატყვის საგნებთან თუ მოვლენებთან, შესატყვის სიტუაციასთან შეხვედრის შემთხვევაში, სრულიად გარკვეული მოქმედების განწყობა უჩნდება; და ეს განწყობაა, რომ თავის ფსიქოლოგიურ გამოხატულებას ლევინის მიერ აღწერილ ფაქტში პოულობს: პური მშიერში დაუფლებისა და შეჭმის განწყობას იწვევს და ამიტომაა, რომ იგი ერთგვარი მიმზიდველობის ძალის მქონედ განიცდება.

7. განწყობის ცნების მცთარი გამოყენება

განწყობის ცნების მცთარი გამოყენების ნიმუშად განვიხილოთ ერთი განსაკუთრებით ცნობილი დაკვირვება, რომელშიც, ჩვეულებრივ, განწყობის მოქმედებას გულისხმობენ, და ვნახოთ, რამდენად მართებულია აქ განწყობის შესახებ ლაპარაკი.
ერთი ფსიქოლოგი, რადოსლავლევიჩი, შემდეგ საინტერესო დაკვირვებას მოგვითხრობს: ერთერთს თავის ცდისპირს მან ისე ამეორებინა დასამახსოვოებელი მასალა, რომ თურმე ამან არც კი იცოდა, რომ ეს მასალა უნდა დაემახსოვრებინა. 46 განმეორების შემდეგ ექსპერიმენტატორმა ჰკითხა ცდისპირს, შეუძლია თუ არა მას ამ მასალის ზეპირად განმეორება. `როგორ? განა ზეპირად უნდა დამესწავლაო!~ იკითხა გაკვირვებით ცდისპირმა; და ამის შემდეგ ექვსიოდე განმეორებაც კი საკმარისი აღმოჩნდა და ცდისპირმა უკვე მთელი მასალა ზეპირად იცოდა. პირველ შემთხვევაში, განმეორების მიუხედავად, ცდისპირს თითქმის არაფერი ახსოვდა; ხოლო მეორე შემთხვევაში ექვსი განმეორებაც საკმარისი აღმოჩნდა, რათა მას მთელი მასალა ზეპირად დაესწავლა.
როგორ უნდა აიხსნას ეს საკვირველი ფაქტი? გავრცელებული პასუხი ასეთია: პირველ შემთხვევაში ცდისპირს დამახსოვრების განწყობა არ ჰქონია; მეორეში მას ეს განწყობა ჰქონდა. და დამახსოვრების არსებითს პირობად სწორედ ეს უნდა ჩაითვალოსო. ამრიგად აქ იგულისხმება, რომ დამახსოვრების განზრახვა და დამახსოვრების განწყობა ერთიდაიგივეა.
მაგრამ ამ დაკვირვების უფრო სწორი ანალიზი ალბად ასეთი იქნებოდა: როცა ცდისპირს გააგებინეს, რომ მას ზეპირად უნდა დაესწავლა მასალა. უეჭველია, ამას პირველ რიგში დამახსოვრების განწყობა კი არა, დამახსოვრების მოთხოვნილება უნდა გამოეწვია მასში: მან მიწოდებული მასალა ზეპირად არ იცოდა, და მას ამ `დანაკლისის~ შევსების ტენდენცია უნდა გაღვძებოდა. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ უდაოა, რომ აქ განწყობასთან კი არა, ჯერ მხოლოდ ამ უკანასკნელის სუბიექტურ ფაქტორთან _ მოთხოვნილებასთან _ გვაქვს საქმე. როდესაც ეხლა დამახსოვრების მოთხოვნილების მქონე სუბიექტის წინაშე დასამახსოვრებელი მასალა ჩნდება, ეს უკანასკნელი, როგორც ობიექტური ფაქტორი, სპეციფიკურ ცვლილებას _ გარკვეულ განწყობას _ იწვევს მასში, და მიწოდებული მასალის ადვილი დამახსოვრება ამის ნიადაგზე ხდება.
მაშასადამე, შეცთომაა, როდესაც ფიქრობენ, თითქოს დამახსოვრების განზრახვა დამახსოვრების განწყობას წარმოადგენდეს. იგი მხოლოდ ერთერთი ფაქტორია, რომელსაც მეორეც უნდა დაემატოს, რათა სუბიექტს მართლა ნამდვილი განწყობა გაუჩნდეს.
ამიტომ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საზოგადოდ არაა სწორი, როდესაც განწყობაზე ლაპარაკობენ იქ, სადაც საქმე მხოლოდ მოთხოვნილებას თან გვაქვს _ როგორიც უნდა იყოს ეს მოთხოვნილება, სულერთია ბიოლოგიური, თუ სოციალური.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1013 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]