დღევანდელი ახალგაზრდობის კატეგორიები
2011-06-05, 11:43 PM
დიდი ხანია, მინდოდა დამეწერა ამაზე. ვფიქრობდი, იყო თუ არა საჭირო ან ვის რას არგებდა. მაგრამ მაინც, ეს პირობითად დაყოფილი დღევანდელი თაობის შემადგენელი კატეგორიებია. თუ სადმე ვინმე საკუთარ თავს ამოიცნობს, მე ნუ მიწყენს, იქნებ, მართლაც დაინახოს რამე შესაცვლელი…

თანამედროვე „პატრიოტები"

ასეთები შეიძლება იყვნენ თავმოყვარეობადაკარგული ლოთებიც და, ერთი შეხედვით, „ღრმადპატივცემული" სტატუსის მქონე პირებიც. ამ ორ, თითქოსდა განსხვავებულ, კატეგორიას ერთი მსგავსი სიტუაცია აერთიანებს – სუფრასთან გახსენებული პატრიოტიზმი, მეფისთვის და ერისთვის თავდადებული წინაპრები, ვაჟკაცობა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები…

ზრდილობასახლშიდარჩენილი „მეტრომანები"

მეტროთი ვინც ხშირად მგზავრობთ, ალბათ არაერთხელ შეგხვედრიათ ახალგაზრდები, ვაგონში მყოფ მგზავრთა ყურადღების მიქცევას "გამორჩეული” ქცევით რომ ცდილობენ ხოლმე:

ბოლო „ლეველზე" აღრიალებული მობილურიანი გოგო-ბიჭები, დიდი მონდომებით უმისამართოდ რომ დაღენციალობენ ვაგონის მასშტაბით… სკამზე განივად მიწოლილი, ჯინსებშემოფლეთილი (ჯინსებს არ ვაკრიტიკებ) კედებიანი არსებები, კუთხეში მდგომი მოხუცისკენ რომ არც იყურებიან – ვერ ვხედავთ და რა ჩვენი გადასახადია, წლებისგან დაუძლურებულ სხეულს ფეხზე დგომისას ძლივს თუ იმაგრებსო…

თითქოს ისინი მოხუცებად დაიბადნენ, ესენი კი მუდამ ახალგაზრდები დარჩებიან…

ძალით ორიგინალურნი

ასეთებს ხშირად შეხვდებით პარკებში, კლუბებში და სხვადასხვა ფართებზე, განსაკუთრებით კი სარდაფში მოწყობილ „ტუსოვკებზე". მონდომებით ჩამოყალიბებული ჩაცმის სტილითა და ვარცხნილობით ცდილობენ თავიანთი „მე"-ს დამკვიდრებას. მათ აღენიშნებათ ინდივიდუალიზმის (ახლა ამის დაფიქსირება ხომ ძალიან მოდაშია) მკვეთრად გამოხატვის მძაფრი სურვილი.

ისინი ფიქრობენ, რომ აქვთ განსხვავებული ხედვა და ორიგინალური გემოვნება; თვლიან, რომ ფლობენ სწორად ჩამოყალიბებულ მსოფლმხევდელობას; ჯერათ, რომ არიან განსაკუთრებულნი. უბრალოდ, უნდათ, რომ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულნი საქართველოში; მაგრამ გამოდიან ყველას მსგავსნი მის საზღვრებს გარეთ…

ჯიპომანიით შეპყრობილნი

გაიხსენეთ: ჯიპებში მსხდომი მსუქანი ბიძების სიმსუყენარევი მზერა მშიერი მათხოვრების მიმართ; სანახევროდ ჩაცმული თუ თითქმის გახდილი ნაშების დანახვაზე ათრთოლებული ღიპები… რა შემაზრზენია!..

მანქანაზე მეოცნებე უფულო ახალგაზრდები – არა, განა ჭირდებათ, მაგრამ – აბა, ისე ნაშებს რა დაკერავს! დასაწყისისთვის თუნდაც რამე სედანი „იყოს, რას მიშლის, ეგდოს"-პონტში უნდა ყავდეთ; დიად მიზნად კი მაინც ჯიპი რჩება; ან რამე „მოჯიპო" :D

პირადად ვიცნობ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, რომლებიც მოზარდი ბავშვების სწორად კვებისთვის აუცილებელ მინიმუმზე ვერ ახერხებენ ზრუნვას… სამაგიეროდ, ვალით ნაყიდი ჯიპი უყენიათ ავტოფარეხში, რომლითაც მხოლოდ ხანდახან მგზავრობენ – იმიტომ, რომ საწვავის ფული ყოველთვის არ აქვთ…

„ვეჩნა ნიდავოლნი" სახის მქონე ლამაზი გოგოები

ქუჩებში, ტრანსპორტში, ყველგან შეხვდებით… ძირითადად  „სვეცკ პონტებში" ჩნდებიან, მათი სალაპარაკო თემები – ბიჭები, კაცის ფსიქოლოგია, „შოპინგი", სხვადასახვა ბრენდები, აქსესუარები და კურორტებია. რატომღაც მუდამ უკმაყოფილო გამომეტყველება აკრიათ სახეზე, ტყუილად ეცდებით გაარკვიოთ, რაზე წუხან. უბრალოდ, ახლა ეს სახის გამომეტყველებაა მოდაში და „ვსოო"…

საოცრად წელავენ ქართულ სიტყვებს, ხშირად ურევენ „სლენგებს" (მაგალითად, „ცვეტშია" მოძველდა, ახლა უნდა გამოიყენოთ „ინ ქალარ"). ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღევანდელი ქართულის გამგონე აკაკი შანიძე, ალბათ, როგორი სასოწარკვეთით წამოიყვირებდა: „ვაიმე, ქართულო ენავ!.." (არც ჩემი ქართულია გასაგიჟებელი, მაგრამ მაინც ვცდილობ, მახსოვდეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა"!..)

ყველაფერგანაკეთები „ქალიშვილები"

მათ არ აღენიშნებათ კიოტოფობია (სქესობრივი ურთიერთობის შიში) ან პარტენოფობია (ქალწულობის დაკარგვის შიში); თუმცა აქვე აღვნიშნავ, ეს ფობიები უცხო არაა ტრადიციულ ქართულ მენტალიტეტზე აღზრდილ-დამორჩილებული ქალიშვილებისათვის. ძნელად წარმოსადგენი, მაგრამ უკვე მრავალჯერნაღაღადები ჭეშმარიტებაა, რომ ზემოთ მითითებულ კატეგორიას სექსის გარდა ყველაფერგაკეთებული „ქალიშვილები" წარმოადგენენ, საჭიროების შემთხვევაში მორალზე და ზენობრივ ღირებულებებზე თამამად მოსაუბრენი რომ ხდებიან :-)

საბოლოო ჯამში ორ უკიდურესობას ვიღებთ – ფარისევლურ მორალს ურცხვად ამოფარებულ (ყველანაირი ხერხითა და მონდომებით „ყოველი შემთხვევისთვის" შემონახულ) ვაი-ქალიშვილობას და პოსტსაბჭოურ შაბლონურ აზროვნებაში ჩარჩენილ, ქორწინებამდე სექსის მგმობ ქალიშვილობას – „ფუი, ეშმაკს!"

რეიბანების თაობა

კედები და ჯინსებზე გადმოტანილი პერანგი, მხრებამდე ჩამოზრდილი, გვერდზე გადაყრილი აჩეჩილი თმა… „ძერსკად" მოსიარულე მანერები… თვალებზე ჩამოყრილ თმებს მიღმა „მკვლელი" მზერითა და სახეზე „მაჩოსებური" ღიმით ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ „მეს".

ესენი არიან ბიჭები, რომლებიც გოგოებზე მეტად თუ არა, არანაკლები სერიოზულობით უვლიან გარეგნობას, ზრუნავენ იმიჯზე, მონდომებით ქმნიან საკუთარ სტილს, საჭიროზე მეტ დროს უთმობენ ვარცხნილობას, არჩევენ ჰიგიენური თუ სხვა საშუალებების ბრენდებს…

საკუთარი გარეგნობისა თუ იმიჯის ხარჯზე, აღენიშნებათ ზედმეტი თავდაჯერებულობა და დამღუპველი თვითკმაყოფილება…

"წიგნიერი" იდიოტები თუ უწიგნური "განათლებულები”  :-P

აი, ეს კატეგორია კი ბუნების ყველაზე დიდი შეცდომაა. ვინაიდან ორი განსხვავებული სიმძიმის მქონე ინტელექტის მფლობელთა შესახებაა საუბარი, თავიდანვე გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისგან.

არსებობენ ბევრ-წიგნ-წანაკითხი „დამძიმებული" არსებები, რომლებიც ვერ ახერხებენ ვერც საკუთარი თავის რეალიზებას და ვერც წაკითხულის რამეში გმოყენებას. ასეთები სამუდამოდ უნიათო და შნო-დაკარგულ (თუ თავიდანვე უქონელ) ადამიანებად რჩებიან. თუმცა, ერთ პლიუსს ფლობენ – რაც გინდა კითხე – ყველაფრის დაზუთხვის დიდოსტატობა აძლევთ საშუალებას, უმეტესწილად ჰქონდეთ პასუხი…

არსებობენ ცოდნადაუმძიმებელი არსებებიც, რომლებიც წიგნებს ფერებისა და სიდიდის მიხედვით ალაგებენ თაროებზე (თუკი მოეძებნებათ საერთოდ). აქვთ პრეტენზია იმაზე, რომ ბევრი (უფრო სწორად, ყველაფერი!) იციან და თითქმის არასოდეს სვამენ კითხვას, რომ რამის უცოდინრობა არ გამოაჩინონ. მათ საოცარი ნიჭი აქვთ ზევიდან დასცქეროდნენ ნებრისმიერს ან ისე ირწმუნებოდნენ რაიმეს ცოდნაში, რომ საკუთარი თავიც დააჯერონ…

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 969 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]