''ფიქრები წარმატებაზე'' Soso Mikeladze
2011-04-30, 11:17 AM

ცხოვრებისეული წარმატების მასშტაბი განისაზღვრება საკუთარი თავის რწმენის მასშტაბით.

 

Imperare sibi maqsimum imperium! (საკუთარი თავის ფლობა უდიდესი ძალაუფლებაა! )

 

* * *

წუხელ ვსწავლობდი მასალებს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების, 1924 აგვისტო-სექტემბრის სისხლიან რეპრესიების ამბებს...რა გაეწყობა, ძალიან სევდიანი და ვაჟკაცური ისტორიაა. იქაც მარტოობა, უსაშველობა, უპატრონობა! და თავგანწირვა!

არ მინდა პირდაპირ მივახტე თანამედროვეობას, მაგრამ პატარას, ზრდასრულს სულ ყოველთვის მაკვირვებდა ეს ქართული თუ ზოგადადამიანური არატოლერანტობა ქართველის მიმართ. რატომ არ უყვართ ქართველებს რეალობაში ერთმანეთი? რატომ გნასხვავდება მათი სიტყვები სუფრაზე და საქმეები სინამდვილეში? რატომ ვართ სულ სათამაშოები რაღაც ავიზნის და მანკიერების ხელში? სულ ვიღაცის სათამაშოები - მონღოლების, სპარსელების, რუსების, თურქების, დემოკრატიის გამავრცელებლების?

ლავრენტი ბერიამ იმდენი ქართველი მოსპო, ალბათ, მითიურ ქართლოსიც კი შეიძვრებოდა საფლავში, ყველგან ეს გაუტანლობა, სურვილი ერთმანეთის გათელვის, გამოყენების და მიგდების, ზიზღით, როგორც ნახმარი პრეზერვატივის...

 

* * *

ახლაც ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. ვინ? როგორ? რანაირად? რა საშუალებებით? თანაც ეს პოლიტოლოგების დაუსრულებელი ყაშყაში, რომ საქართველო დაიშალა და უფრო მეტად დაიშლება. და იქვე ეს თვითდაბრმავების პოზიცია - ყველაფერი კარგად არის, ჩვენ რა გვიჭირს, აგერ აშშ-ს და ევროპას შეხედეთ. 

ხშირად მეუფლება სურვილი გადავახვიო მთელი ეს "ფილმი", ან ავდგე და დავტოვო დარბაზი. მაგრამ სად უნდა გაექცე ამ მშვენიერ მიწა-წყალს? ამ სუფთა, ჯერ კიდევ სუფთა ბავშვებს, ახალგაზრდებს, ვინც ელიან სწორ გადაწყვეტილებებს, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს...

და შთამომავლებს, რომლებიც დგანან და ჩვენს მოქმედებებს განიხილავენ. ბჭობენ, გვაკრიტიკებენ, იშვიათად გვაქებენ... 

 

* * *

დღეს ვიყავი კაჭრეთში და საგარეჯოში. სასიამოვნო მზიანი დღე იყო... საოცარია, როგორ უწყობენ ადამიანები საკუთარ განწყობილებას მეტეოპირობებს. 

საგარეჯოს ქუჩებში დადიოდა მომღიმარი მხიარული ახალგაზრდობა. თითქოს ადამიანები და მზე ერთმანეთით ხარობდნენ. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია რა ენერგია აქვს მზეს, შეიძლება მზე ყველაფერია...სიხარულიც, გულიც, სატრფოც დედამიწის...და ეს მზე გულით უნდა ვატაროთ სამარადისოდ, მაშინაც როცა ის ცაზე არ არის...იმისათვის, რომ ხანდახან მაინც ღამის ცაში ვარსკვლავები შევამჩნიოთ და უყუროთ. ამბობენ ვარსკვლავიანი ცის ყურება ძალიან სასარგებლოა ფსიქიკის, მხედველობის და ზოგადად ჯანმრთელობისათვის.

საგარეჯოში ჩავედი, რათა გასულ კვირას აქ ჩემს მიერ ჩატარებული სამდღიანი ტრენინგის მონაწილეებისათვის სერტიფიკატები გადამეცა. ყოველთვის სასიამოვნოა ნიჭიერი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, მით უმეტეს ქართველების. კიდევ უფრო დიდი ფასეულობაა ჩემთვის ქართველობის ამ ნაწილის ლტოლვა შეცვალოს საკუთარი თავი და იყოს მაღალაღქმადი, მაღალპროდუქტიული და შესაბამისად წარმატებული.

 

* * *

მოხიბლული ვარ საგარეჯოს ტრენინგის მონაწილეებით, მათი სურვილით გაიზარდნენ, როგორც პიროვნებები, გახდნენ უფრო ეფექტური და ღირებული პერსონები საზოგადოებისათვის. ეს არის ახალგაზრდობა და ეს არის ახალგაზრდობა! (ხვდებით, ალბათ სიტვყების თამაშის მნიშვნელობას!). ამჟამად მათ გონებას სწორი საკვები უნდა მივაწოდოთ. მათ აზროვნებას ადექვატური საჭიროებები და პრობლემები უნდა შევთავაზოთ გადასაწყვეტად. არა ალისედესები, გამანადგურებელი სამოქალაქო დაპირისპირების ფაქტები, თვითდათრგუნვის იდეები, მათი შესაძლებლობების შეზღუდულობის მოძღვრებები და სხვა. არა, არავითარ შემთხვევაში! მათ უნდა ჩაუნერგოთ, რომ ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფერი, რასაც მოინდომებენ და მივცეთ ამის დანახვის და გაჯერების შესაძლებლობა! ყველაზე გრანდიოზული იდეების განსხეულება! ახლავე! წინააღმდეგ შემთხვევაში უარეს მონებს და უარეს გაუბედურებული მოსახლეობას მივიღებთ 10 წელიწადში! გავითვალისწინოთ ისიც, რომ რასაც მივაწვდით მათ გონებას ახლა, იმას მივიღებთ არჩ თუ შორეულ მომავალში.

 

* * *

პიროვნების ხარისხს განსაზღვრავს იმ იდეების ხარისხი თავში, რაც უტრიალებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იფიქრებს ადამიანი ღვთიურზე, იქნება ახლოს ღვთიურთან, იფიქრებს სულიერ სიმტკიცეზე – იქცევა ამ თვისების განსახიერებად; იფიქრებს მარცხზე – პირველი აუტსაიდერი იქნება საკუთარ სამეზობლოში, იფიქრებს გველობაზე – თვითონაც ვერ გაიგებს რანაირად ჩაუვარდება ეშმას მკლავებში. 

ჩემი კრედოა - ჩვენ ახალგაზრდობას რეალური და სწორი საქმეები უნდა მივცეთ გადასაწყვეტად. თუ გვინდა ქვეყნის პატრონები მივიღოთ. ეს ტრენინგები ეხმარება არა მხოლოდ ტრენინგის მონაწილეებს. მეც მეხმარება დავინახო ვისთან მომიწევს თანაცხოვრება, როდესაც ჩემი სიცოცხლის მზე ზენიტიდან ნელ-ნელა დაეშვება ჰორიზონტისაკენ. 

ამიტომ ვიცი, მე ყველაფერს მოვიმოქმედებ, რომ ესენი იყვნენ თავისუფალი ადამიანები. რომ მათ შეძლონ უფრო მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემის და უბრალოდ გრძნობის დამვკიდრება საქართველოში...

 

* * *

რა ქმნის ადამიანს? ადამიანის წარმატებას? კომფორტული პირობები თუ პირიქით - დისკომფორტი? საკუთარ კანზე გამომიცდია, რომ განვითარებისაკენ მივყავართ არასრულფასოვნების გამძაფრებულ გრძნობას, რომელიც გვაიძულებს ვიმოძრაოთ უკეთესობისაკენ, გადმოვინაცვლოთ პირველყოფილი კაცის მღვიმეებიდან მაღალგანვითარებული ადამიანის აპარტამენტებში. უკმაყოფილება საკუთარი თავით შობს ამ დაუოკებელ მისწრაფებას იყო უკეთესი და საუკეთოსო. თუ ადამიანი არ მოძრაობს და გაყინულია ერთ მდგომარეობაში, მაშინ მას მოსწონს საკუთარი პოზიცია და რაღაცნაირად აკმაყოფილებს ცხოვრებისეული სტატუს-ქვო და მეტიც, გავკადნიერდები და ვიტყვი –კმაყოფილია თავისი ბედისწერით. აბა სხვა რით აიხსნება ამდენი "ბრბო”-ს სიმპტომით დაავადებული მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში? ამდენი თვითკმაყოფილი სიფათი, ამდენი მანკიერება, ესოდენ დიდი დანაშაულებები ჩვენი და ჩვენი შთამომავლების წინაშე. 

* * *

ღორს რომ უთხრა ღორი ხარო, არ მგონია ეწყინოს. ადამიანებს სწყინთ ასეთი ტიტულის ბოძება. და არც ერთი "ადამიანი” არ იტყვის რომ სინამდვილეში ღორია. ახლა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ კაცი და ღორი თავისი ხორცის შემადგენლობით დღესდღეობით თითქმის არ განსხვავდებიან (ღორის შინაგან ორგანოებს ადამიანის ორგანიზმი მშვენივრად ითვისებს), ხოლო წარსულში, როცა ქრისტემ ღორის კოლტი კლდეში გადაუშვა, მაშინ საერთოდ კაცის ხორცი და ღორისა ერთი და იგივე იყო. თავში მომივიდა აქვე ვიღაც ძალიან განაწყენებული კაცის გოდება ადამის მოდგმაზე – "ადამიანი ასჯერ უფრო დიდი ღორია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ”...მინდა შევეკამათო "სიბრძნის სიმფონიით” და ჰუმანური აპოლოგიით და უთხრა, არა, რას ბრძანებთ, ბატონო, ადამიანები ისეთი კეთილშობილები არიან, მათში იმდენი სილამაზეა, იმდენი მშვენიერება, იმდენი სინათლე! ...და ენა კბილებს ედება. სხვათაშორის კომუნისტური მითის ნგრევის მორიგ მიზეზად სწორედ ესეც ითვლება. ახალი წყობის დამკვიდრების მომხრეებს ადამიანებზე უფრო მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ, ვიდრე ადამიანები სინამდვილეში იყვნენ. 

* * *

გაზვიადება იყო ეს ყველაფერი, გაზვიადება ადამიანური პატიოსნების და კეთილშობილების! და ჩაიფუშა სამარცხვინოდ! განა დიდი ხანია რაც ადამმა ცნობადის ხილი იგემა, კაენმა განგმირა საკუთარი წარმატებული ძმა აბელი, იერუსალიმში ყაჩაღის ნაცვლად ქრისტე აცვეს ჯვართ. სულ ახლახანს იყო ოსვენციმი, ჰოლოკოსტი, პოლპოტის რეჟიმი! ნუთუ ძალიან შორს წავიდა ადამიანი საკუთარი სათნო თვისებებით? ნურას უკაცრავად! 

ზოგადსაკაცობრიო თემებზე რა ვთქვა მეტი?!. საქართველოა ჩემი ტკივილი. არა იმიტომ, რომ ალტრუისტი ვარ. უბრალოდ დღეს აქ ვარ, ამ ხალხით ვცხოვრობ, ამ მზით და ზეცით, ამ მიწით მალე რომ იფეთქებს სიცოცხლის მწვანე ზეიმით... როდესაც გონება ვეღარ წყვეტს ამოცანას, იგი ითიშება და რაღაც ფრუსტრაცია, ტრანსი ემართება პიროვნებას. ამ ილეთს იყენებენ საესტრადო ჰიპნოტიზიორები, მუსიკოსები, და რა თქმა უნდა ამა ქვეყნის ძლიერნი. ადამიანებმა არ იციან როგორ უშველონ საქართველოს? ეს ძალიან ძალიან ძალიან რთული ამოცანაა!

 

* * *

მახსოვს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რეპლიკა ჩემი ტრენინგების ჩატარებაზე; "ნუთუ ასეთი საჩქაროა?”. არა, ბატონო, ამ ქვეყანაში არაფერია საჩქარო. არც განვითარება, არც წინსვლა. არაფერია საჩქარო! რად უნდა ავადმყოფს გამოჯანმრთელება? რად უნდა ქართველს თავისუფლება? მონობასაც წარმატებით ირგებს! ვიყოთ ამ მდგომარეობაში კიდევ დიდ ხანს. და ვაშენოთ გზები და მოვაასფალტოთ. მაინც რუდუნებით ვითმენთ და ვითმენთ. 

იშვიათს სურს, რომ ქვეყანაში "ღორების” რაოდენობამ იკლოს და ადამიანების - იმატოს. რაღაც ისეთი შეგრძნება მეუფლება ღორიც კმაყოფილია და ადამიანიც. თუმც არიან ღორკაცებიც და კაცღორებიც, მუტანტები და ჰიბრიდებიც. გაოგნდები ვინ არის ეს დიდი ექსპერიმენტატორი, ასეთი თავდადებით რომ ასახიჩრებს ადამიანების ზნეს? 

ბრალი იმას და ადამიანური განავითაროს ჩვენში, რაღა ღორულს ავითარებს?

 

* * *

დღეები ერთმანეთს ჰგავს, დღეები ერთმანეთს არა ჰგავს... შეხვედრები, აზრები, მოხეტიალე შინაგანი ტკივილი, ადამიანები, მოვლენები, პატარა სიხარული და წარმატებები – შემოიქროლებენ დღის მონაკვეთში და ისევ უჩინარდებიან უცნობ და არარეალურ სივრცეში. ვითომც არც ყოფილან...

თითქოს სულ გუშინ ვამზადებდი სატრენინგო პროგრამებს, ვინიშნავდი, წარმოვისახავდი. დღისით კი აგერ მორიგი ტრენინგის მონაწილეები დავაჯილდოვე სერტიფიკატებით და CD-დისკებით. ისეთი ლამაზი დღე იყო მართლა გაგახსენდებოდა ლადო ასათიანი "...ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა...”, თან თუ იმყოფები სოფ. გავაზში (ყვარლის რაიონი) და ასწავლი ესოდენ ნიჭიერ და გონიერ ჭაბუკებს და გოგონებს. ამდაგვარ სუფთა გულებს, ოცნებებს...ეს მართლაც დიდი სიამოვნებაა, გქონდეს საქმე სიჭაბუკესთან და მოზარდობასთან, ახლიდან გადიოდე შენი სიცოცხლის ამ უტკბეს ეტაპს. თუმც, რარიგ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, უფრო მეტია აქ პასუხისმგებლობა. 

 

* * *

შენ, მასწავლებელი თუ უფროსი მეგობარი, აქანდაკებ და ძერწავ მათ ცნობიერებას იმ იდეების საშუალებით, რომლებსაც აწვდი. 

საფიქრალი აყალიბებს მოფიქრალს. რას მიაწვდი ამ მწყურვალ გონებებს, უდიდესი მნიშვნელობის საქმეა. მისიაა, მერწმუნეთ! 

 

* * *

პირველი, რასაც ვებრძვი სასკოლო განათლებაში ეს არის კლიშეებით აზროვნებას. ამ ყალიბებით, ტრაფარეტული ფრაზებით, შედარებებით, ურაპატრიოტიზმით იწყება კაცის ტვინის დაბეტონება, მისი სულის გაუხეშება. რა არის სამშობლო? რა არის ვეფხისტყაოსანი? თამარი? რისთვის უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია, ჩვენი ტრადიციები? რამდენია მასში ქართული, რამდენი მონღოლური და არაბული? რატომ ქართველი, საქარტველო, ქართი, ქართლი? რატომ? თუ კაცი პროფესიონალი თამადა არა არის შეიძლება ვერც ჩამოაყალიბოს კარგად, ხოლო მე სექტანტობაში დამადანაშაულოს! 

გავაზის საშუალო სკოლის ბავშვებთან კარგა ხანს ვისაუბრეთ მრავალ საგულისხმო თემაზე. ერთ-ერთი იყო ილია... კი, ილია ჭავაჭავაძე, რომელსაც გვარი მოუცილეს და აკურთხეს წმინდა ილია მართლად. არ მინდა ბავშვებმა ეს ინფორმაცია ასე სახელდახელოდ ჩაყლაპონ. ვინ იყო ილია? 

 

* * *

ვინ იყო ილია? ეს უფრო მთავარია, ვიდრე ის, რად უნდათ აქციონ ეს კაცი ზოგ-ზოგიერთებს. მართლაც და ვინ იყო ეს საოცარი ქართველი, თავისი დარდებით, ტკივილებით, შეცდომებით, ვინაც შეუდარებელი მსხვერპლი შესწირა ქართველი ხალხის მდგრადობას? ვინ იყო ეს კაცი თავისი ჩავარდნებით? რას განიცდიდა? ან მოისურვებდა კი, რომ მის სახელს ასეთი რეზონანსი მიეღო? და ხშირად კონიუნქტურული სათამაშო გამხდარიყო? რამდენად მართლზომიერია მისი ასეთი გაფეტიშება? ან ის, ვინც მიდის და გაჰყვირის ილია, ილია, ნუთუ ყველამ იცის ვინ არის ეს კაცი, ილია ჭავჭავაზე, რა გაუკეთებია, როდის ცხოვრობდა ბოლო-ბოლო?... 

სუსტი სახელმწიფოებრივი ცნობიერების და ძლიერი პიროვნული მენტალიტეტის დეფიციტის პირობებში საქართველოში ადვილად ხერხდება პიროვნებათა გაფეტიშება. პატიოსან და პატრიოტ ქართველს (ილიას, აკაკის ტიპის) პირადად არ მგონია ეს დიდად ეამოს. დანარჩენი ქართველები ამ გაფეტიშებით ლამის ფსიქოლოგიურ ორგაზმს აღწევენ.

 

* * *

ამის ფერხორციანი ილუუსტრაციები იხილეთ ცხრასაათიანი "კურიერის” ყოველ გამოშვებაში. დაწერილი ტექსტები, ყელში ამოსული (ჩვენს ყელში) გაცვეთილი ერთი სქემით დაწერილი მეტაფორები, ფრაზები, დადგმული ჟესტიკულაცია და "ქორეოგრაფია”, გამოწრთობილი მზერა, ვითომ სპონტანური მოქმედებები და გადაწყვეტილებები, მამულიშვილური გულდასმით შერჩეული კოსტიუმები და ჰალსტუჰები... და მერე საღამოობით ამ პრანჭვა-გრეხვის გარჩევა ოჯახურ წრეში თუ იმიჯმეიკერის კაბინეტში...

ლირიული გადახვევა – გამახსენდა, ეს დალოცვილები, რა ბოლო დონეზე გამოწყობილები, გამოწკეპილები თავმომწონედ ბულბულებენ?! ის ავადსახსენიებელი ვლადიმერ ილიას ძე (ბევრმა აღარც იცის რომ ასე ლენინს ვიხსენიებდით "მონობის” პერიოდში) და სტალინიც კი, თუნდაც PR-სთვის ერთი უშაქრო ჩაის სვამდა, მეორე - კიტელს იკეცავდა სახელოზე. ამათ რა ღმერთი გაუწყრათ და აღარ იციან რა ფუფუნებით გაიბრწყინონ. ნუთუ იმ საბჭოთა ქვეყანაზე მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ?

 

* * *

...უჰ, მოვრჩეთ, მოვრჩეთ ამის შესახებ, თორემ ვარდები არ არიან... ჯერ კიდევ არ შემოსულან...

 

გუშინ ბევრი ვწერე ღორისა და კაცის შეპირისპირებაზე (უფრო მეტი ვწერე მსგავსებაზე, გახსოვთ ისტორიული კულტი მიტრასი - ღორკაცა?). დღეს შევეხები მონების სიჭარბეს ჩვენს ქართულ საზოგადოებაში. ვასილ კლუჩევსკიმ მშვენიერი ალიტერაციით აღწერა მსოფლიო ისტორია. რამდენიმე ტრენინგი ამ ფრაზითაც დამიწყია და მიკითხავს მონაწილეებისათვის. რა იგულისხმა თქვენი აზრით ისტორიკოსმა, როცა თქვა: "მონები, მონები, მონები და არაფერი მონების გარდა – აი კაცობრიობის ისტორია...” ბევრ მონაწილეს არ აქვს პასუხი, რას ნიშნავს მონა...ან ჩვეულებრივ მოსახლეს რაში სჭირდება იცოდეს რა არის მონა?! ეს რომ გააცნობიეროს მერე თავში გველივით შემოსისინდება აზრი: "მე? მეც მონა ხომ არ ვარ? ჰა? მართლა, მონა ვარ? არა, ვაიმეეეე...ისინი კი, აი ვალიკო, მიშა, პეტრე, პავლე, ცისნამი, ისინი აშკარად მონები არიან. მაგრამ მე? მეც? ნუთუ მეც?!!!”

 

* * *

განა რით ვიგებთ კაცის მონურ სულს? პირველი იმით, რომ რა წამს უჭირს ეგრევე ბორკილს ეძებს ხელ-ფეხზე დაიდოს და საყელოც მოირგოს. სულ ბატონი, მბრძანებელი, მეფე ენატრება. ვიღაც ავტორიტეტული, ვინც ეტყვის "წადი მარცხნივ, მერე 20 ნაბიჯი პირდაპირ, მერე დაბლა, მერე, ეხლა ტუალეტში შედი, ეხლა დაწმინდე, ეხლა ფეიერვერკზე ცადი, ეხლა ინერვიულე, ეხლა იომე....” მონას თუ რამეს ეტყვი ასევე იჯერებს და მზად არის ინერვიულოს ან იმხიარულოს. მისი "აგდება” ძალზედ ადვილია. მოისმენს ერთი ორ ადგილას – "ეს ნაბოზარი რუსები რას გვიშვრებიან, ეგ ნაბიჭვრები...დამპყრობლები...რუსეთი ამ დროის სატანაა. უჰ, მაგათი დედები!..” და წავიდა. წავიდა...სიძულვილის ტალღა. 

გამოვა აჟიტირებული ნახევარი (არ შემშლია!) ორატორი, იპოვის საქართველოს უბედურებათა მთავარ დამნაშავეს პრეზიდენტის სახით და ადამიანური სიძულვილის კურსი იქეთ დაიძვრება.

 

* * *

ახლა ეთერს ჩაიგდებს მისი აღმატებულება და გაიხარე ისეთი ნაცადი არგუმენტებით (ვენაცვალე, რა სფიჩრაიტერები ჰყავს! ახსნის რამდენად კარგად ვართ, რომ არ ვწევართ მიწის ქვეშ ერთნახევარი მეტრის სიღრმეზე და არ წარმოვადგენთ ჭიების და ჭიაყელების საუზმეს. კვლავ გული მოგვივა ისტორიაში შესულ ამ გოლიათ პიროვნებაზე - "გადადექი, გადადექი!” ჩაით რომ დალოცა!. მერე გაიგებ და ჩააშტერდები კადრებს როგორ გააუპატიურა ვიღაცამ ბავშვი, რძალმა იმრუშა მამამთილთან, გაკოტრდა LB ბანკი, ვერაფრით გაბედნიერდა მეზობელი ელო და...

რა? რააა? არაფერი. გგონიათ, რომ თავის დროზე მონებს სხვა უკეთესი საფიქრალი ჰქონდათ? ნურას უკაცრავად!

ისინი თავისუფლებაზე მაინც ოცნებობდნენ! ჩვენ რაზე ვოცნებობთ? რაზე? ნეტა თავისუფლებაზე მაინც ვიოცნებოთ! ღმერთო, ღმერთო! ნეტა თავისუფლებაზე მაინც იოცნებოს ქართველმა! თვითონ აირჩიოს თავისი საკუთარი ბედი, საკუთარი მომავალი! ტვინი არ გვქონდეს ესოდენ მონურად მოწყობილი!

 

* * *

ნეტავ თავისუფლებაზე მაინც ვოცნებობდეთ! ყველა სიტუაციაში თამადას არ ვეძებდეთ, პარაზიტარიზმი არ გვაწუხებდეს და აღმშენებლობითი ჭეშმარიტი სული თუ ვირუსი, თუ რაც გინდათ უწოდეთ, შეგვეყაროს!...

ეჰჰჰ...მე ისევ ჩემს გავაზელ ახალგაზრდებს და საერთოდ ჩვენს ბავშვებს უბრუნდები...მჯერა მათი! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი მონები არ იყვნენ. პირველ რიგში საკუთარი ავადმყოფური ამბიციების მონები არ გახდნენ. და უფრო მეტიც, მეტიც - ისინი ლიდერები უნდა გახდნენ. ათი, ოცი, ასი, ათასი ძლიერი და საუკეთესო ლიდერი. 

იცოდნენ მართვა, ჰქონდეთ გამოცდილება, და არა ვიღაცის თითიდან სწოვდნენ ამ გამოცდილებას, საკუთარ ოფლით და მიზანსწრაფვით ჰქონდეთ მოპოვებული. იყვნენ განათლებულნი და გონებაგანათლებულნი!

 

* * *

ქართველ ბავშვებს სწყურიათ! მათ ენატრებათ ნამდვილი ცოდნა. ცოდნა ცხოვრებისეული კანონების და კანონთა კავშირების. ჭეშმარიტება ენატრებათ ამ სიცრუის წუთისოფელში!

9...არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? 10. ანდა თევზი სთხოვოს, მან კი გველი მიაწოდოს? 

(მათეს სახარება, თავი მეშვიდე, იესოს ქადაგება მთაზე). 

 

2009, თებერვალი

 

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1052 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]