მთავარი » ფაილები » რელიგია

ვახტანგ გურული – ”საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება” (1811-1814)
2011-07-05, 11:07 AM

ვახტანგ გურული – ”საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება” (1811-1814)

თავი I

მცხეთის საპატრიარქოს თვითმწყემსობის (ავტოკეფალიის) გაუქმება

ეკლესიის საკითხი ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობაში (1771-1800 წწ.)


ეკლესიათა ურთიერთობის საკითხი ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წ.) დადების წინა ხანებში დაისვა. ამ პერიოდისათვის (XVII I საუკუნის 70-80-იანი წლები) ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიაში განსხვავებული საეკლესიო წყობა არსებობდა. ქართლ-კახეთის სამეფოში უმაღლესი საეკლესიო იერარქი იყო უწმიდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I. ანტონ I იყო მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის მპყრობელი, სამოციქულო მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელი. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეკლესიის მართვა-გამგეობაში დიდ როლს ასრულებდა საეკლესიო კრება, რომელსაც პერიოდულად იწვევდნენ უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად.

სულ სხვაგვარად იყო მოწყობილი რუსეთის ეკლესია.

1700 წლიდან რუსეთს აღარ ჰყოლია უმაღლესი საეკლესიო იერარქი – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. 1721 წლიდან რუსეთის ეკლესიას განაგებდა უწმიდესი სინოდი. სინოდის წევრები სასულიერო პირები (მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები) იყვნენ, მაგრამ სინოდის ობერ-პროკურორი (თავმჯდომარე) საერო პირი იყო. უწმიდესი სინოდის წევრებსა და ობერ-პროკურორს იმპერატორი ნიშნავდა და ათავისუფლებდა. უწმიდესი სინოდის ობერპროკურორს მნიშვნელოვანი ფუნქცია არ ჰქონია დაკისრებული. იგი სინოდის სხდომებს თავმჯდომარეობდა და მიღებულ გადაწყვეტილებას მოახსენებდა იმპერატორს. სინოდის ობერ-პროკურორის წარდგინების შემდეგ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იმპერატორი იღებდა და გამოსცემდა შესაბამის ბრძანებას (განკარგულებას). იმპერატორს შეეძლო, ყურად არ ეღო სინოდის გადაწყვეტილება. რუსეთში დე ფაქტო და დე იურე იმპერატორი ითავსებდა უმაღლესი საეკლესიო იერარქის ფუნქციას.

საეკლესიო წყობაში პრინციპული განსხვავება ართულებდა საეკლესიო სფეროში ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობას. 1771 წლის დეკემბრის მიწურულსა და 1772 წლის იანვრის დამდეგს ერეკლე II-მ შეიმუშავა ის პირობები, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღებას ითხოვდა. 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლე II-მ ხელი მოაწერა მფარველობითი ხელშეკრულების პროექტს. სამეფო ხელისუფლების ”უცვალებლად” შენარჩუნებასთან ერთად მეფე ითხოვდა: ”მსგავსადვე კათოლიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად” (ვალერიან მაჭარაძე. გეორგიევსკის ტრაქტატი. თბილისი, 1983, გვ. 59).

 

ერეკლე II - Erekle II

1782 წლის ბოლოსა და 1783 წლის დამდეგს ეკატერინე II-მ აზრი გამოთქვა ქართლ-კახეთის სამეფოსთან დასადები მფარველობითი ხელშეკრულებების პირობების თაობაზე. ეკლესიების ურთიერთობის პრინციპებს ეკატერინე II არ შეხებია, მაგრამ ამ საკითხს შეეხო იმპერატორის ფავორიტი ალექსანდრე ბეზბოროდკო. მისი აზრით, ქართლ-კახეთის სამეფოს ეპარქიების მმართველი იერარქები უნდა დაქვემდებარებოდნენ რუსეთის ეკლესიის უწმიდეს სინოდს, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი უნდა გამხდარიყო უწმიდესი სინოდის წევრი (ვალერიან მაჭარაძე. გეორგიევსკის ტრაქტატი. თბილისი, 1983, გვ. 65).

გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წლის 24 ივლისი) მერვე მუხლის ძალით კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I ხდებოდა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის წევრი და სინოდში იკავებდა მერვე ადგილს ტობოლსკის არქიეპისკოპოსის შემდეგ (ვალერიან მაჭარაძე. გეორგიევსკის ტრაქტატი. თბილისი, 1983, გვ. 69). გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე მუხლი ლახავდა მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტის მპყრობელის, სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელის, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის ღირსებას, კერძოდ, რუსეთის ეკლესიაში და, ცხადია, უწმიდეს სინოდში, არ იყო ანტონ I-ის რანგის საეკლესიო იერარქი, ასეთი იერარქი რუსეთს 1770 წლიდან საერთოდ არ ჰყოლია. სინოდის წევრობა ანტონ I-თვის ნიშნავდა მის წევრებთან (მიტროპოლიტებთან, არქიეპისკოპოსებთან, ეპისკოპოსებთან) გათანაბრებას. უფრო მეტიც, სინოდში კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ზე დიდი პატივით სარგებლობდა შვიდი მღვდელმთავარი (მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი).

 

გეორგიევსკის ტრაქტატი, 1783 წ.

გეორგიევსკის ტრაქტატი (1783 წ.) არ აუქმებდა ქართლკახეთის სამეფოს, ისევე როგორც ტრაქტატის მერვე მუხლი არ აუქმებდა მცხეთის საპატრიარქო ტახტს და უძველეს სამოციქულო ეკლესიის თვითმწყემსობას (ავტოკეფალიას). რუსეთის საიმპერატორო კარი იწყებდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისათვის გეგმაზომიერ მოქმედებას (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. თბილისი, 2009, გვ. 1091). მცხეთის საპატრიარქო ტახტისა და ავტოკეფალიის გაუქმებისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებითა და მისი რუსეთთან შეერთებით (Епископ Кирион. Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие. Тифлис, 1901, стр. 18.).

 

სვეტიცხოველი, ალექსანდრე ენგელის ფოტო

მცხეთის საპატრიარქოს გაუქმების მომზადება (1801-1809 წწ.)

1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე (მანიფესტში ”ქართლ-კახეთის სამეფოს” ნაცვლად ვხვდებით: ”царство Грузинское” და ”Грузия”). მანიფესტში აღნიშნული იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო სამუდამოდ უერთდებოდა რუსეთის იმპერიას (Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею. Том I. Тифлис, 1866, стр. 94). მანიფესტში არაფერი იყო ნათქვამი კათოლიკოს-პატრიარქსა და ეკლესიაზე.

მანიფესტის გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ გენერალ-ლეიტენანტმა კარლ კნორინგმა, იმპერატორ პავლე I-ის ნების თანახმად, წერილი გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს. 1801 წლის თებერვლისათვის კარლ კნორინგი თანამდებობრივად ქართლ-კახეთთან არანაირად არ იყო დაკავშირებული. იგი ქართლ-კახეთის გენერალ-გუბერნატორად მხოლოდ 1801 წლის 11 მარტს დაინიშნა. მიუხედავად ამისა, რუსი გენერალი თავს გაუქმებული ქართლ-კახეთის სამეფოს, აწ უკვე რუსეთის იმპერიის ერთი გუბერნიის, ბატონ-პატრონად თვლიდა.

კარლ კნორინგი ანტონ II-ს სთხოვდა ეპასუხა შემდეგ კითხვებზე:

1. რამდენი ეპარქია იყო ქართლ-კახეთის სამეფოში, ვინ იყვნენ ეპარქიის მმართველი იერარქები, რომელ სასულიერო ხელისუფალს ემორჩილებოდნენ ეპარქიის მმართველი იერარქები და როგორ დამოკიდებულებაში იყვნენ ისინი სამეფო ხელისუფლებასთან?

2. რამდენი მამათა და დედათა მონასტერი, საკათედრო ტაძარი და სამრევლო ეკლესია იყო თითოეულ ეპარქიაში, რამდენი ღვთისმსახური იყო ეპარქიაში და საიდან იღებდნენ ისინი სარჩოს?

3. როგორ განაგებდნენ მონასტრებსა და ეკლესიებს საეკლესიო იერარქები; არსებობდა თუ არა ეპარქიებში რაიმე ორგანო: დიკასტერია, სასულიერო მმართველობა და სხვ., როგორი იყო ამ ორგანოების შემადგენლობა; კანცელარიის მოხელეები სასულიერო პირები იყვნენ თუ საერონი, საიდან იღებდნენ ისინი სარჩოს?

4. სად იხილებოდა სასულიერო პირების მონაწილეობით სამოქალაქო საქმეები: საეკლესიო თუ საერო სასამართლოში?

5. როგორ ხდებოდა სასულიერო წოდების მინიჭება, სასულიერო პირს ირჩევდა მრევლი თუ მას სასულიერო ხელისუფალი ნიშნავდა?

6. არსებობდა თუ არა ეპარქიებში სასულიერო წოდებისათვის სასწავლებლები, რას ასწავლიდნენ ამ სასწავლებლებში და ვის ხარჯზე არსებობდნენ ისინი?

7. ზემოხსენებულის გარდა, ქართველი სამღვდელოების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის კიდევ რაიმეს გარკვევა ხომ არ იყო აუცილებელი? (Акты, I, стр. 529; ელდარ ბუბულაშვილი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II . თბილისი, 2002, გვ. 16-17).

გენერალ-ლეიტენანტ კარლ კნორინგის წერილში ყოველი კითხვა ნათლად და გასაგებად იყო ჩამოყალიბებული. მიუხედავად ამისა, როგორც არქიმანდრიტი ნიკანდრი აღნიშნავდა, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II პასუხის გაცემას არ ჩქარობდა (Архимандрит Никандр. Об Автокефальности грузинской церкви и церковкой жизни в Грузии при католикосах. – Прибавление в „Духовному вестнику Грузинскаго экзархата", 1905, №№13-14, 1-15 июля, стр. 66). ცხადია, რუსმა არქიმანდრიტმა კარგად უწყოდა, თუ რატომ აგვიანებდა პასუხს ანტონ II. კათოლიკოს-პატრიარქი გრძნობდა, რომ პეტერბურგში სრულიად გარკვეული მიზნით დაინტერესდნენ ქართლ-კახეთის ეკლესიის მდგომარეობით.

პავლე I-ის 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წ.) უხეში დარღვევის მაუწყებელი იყო. პავლე I-მა ფეხქვეშ გათელა ქართლ-კახეთის სამეფო სახლის უფლება, არად ჩააგდო მისი წინამორბედი იმპერატორის, თავისი დედის, ეკატერინე II-ის მიერ რატიფიცირებული ტრაქტატი. ყოველივე ეს ანტონ II-ს სრულ უფლებას აძლევდა ეფიქრა: რუსეთის საიმპერატორო კარი ვერც კათოლიკოს-პატრიარქის ხელისუფლებას მოითმენდა და მცხეთის უძველეს საპატრიარქო ტახტსაც, უძველეს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიასაც გააუქმებდა. ძალზე საეჭვო იყო რუსეთის საიმპერატორო კარის დაინტერესება ისეთი საკითხებით, რომელიც მხოლოდ ანტონ II-ის იურისდიქციაში შედიოდა. ქართველი სამღვდელოების ბედზე ზრუნვით რომ რუსეთი რაღაც ავისმომასწავებლის შენიღბვას ცდილობდა, ეჭვს არ იწვევდა.

კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ბოლოს იძულებული გახდა, პასუხი გაეცა რუსი გენერლის მიერ დასმულ კითხვებზე. ანტონ II-ის მიერ გაგზავნილი წერილის დედანი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. ჩვენამდე მოღწეული წერილის რუსულ თარგმანს თარიღი არ უზის (Акты, I, стр. 529-530). დადგენილი არ არის, თუ რამდენ ხანს დააგვიანა ანტონ II-მ საპასუხო წერილის გაგზავნა, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის შემდეგ პასუხს დიდხანს ვეღარ დააყოვნებდა. ყოველ შემთხვევაში, 1801 წლის ოქტომბრისათვის ანტონ II-ის პასუხი პეტერბურგში უკვე მიღებული უნდა ჰქონოდათ (Акты, I, стр. 535).

 

საქართველოს კათალიკოსი ანტონ მეორე (1762-1827)

კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის წერილი ძალზე კარგადაა შედგენილი. ანტონ II , ცხადია, გრძნობდა, რომ რუსეთის საიმპერატორო კარი მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტისა და უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას აპირებდა. ამიტომ იყო, რომ წერილი შემდეგნაირად იწყებოდა: ”ბერძენთა მეფის კონსტანტინე დიდის დროს საქართველოში მოვიდა წმიდა ნინო, რომელმაც უფლის შეწევნით დაამხო წარმართობა და მართლმადიდებლობაზე მოაქცია მეფე მირიანი და ქართველი ხალხი” (Акты, I, стр. 529-530). ანტონ II აღნიშნავს, რომ მეფე მირიანის თხოვნის საფუძველზე იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა საქართველოში გამოგზავნა ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი, რომელმაც მონათლა მეფე და ქართველი ხალხი, აკურთხა ეკლესია (Акты, I, стр. 530). ანტონ II წერილში საგანგებოდ უსვამდა ხაზს იმას, რომ მეფე ვახტანგ გორგასალმა მცხეთაში ცხოველმყოფელი სვეტის ადგილზე ააგო ეკლესია, დანიშნა კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც იწოდებოდა ”უწმიდესად”. ანტონ II წერდა, რომ ბიზანტიის იმპერატორები და მსოფლიო საეკლესიო კრებები ცნობდნენ საქართველოს ეკლესიის ”თვითმწყემსობას” და საპატრიარქო ღირსებას. ცხადია, სრულიად გარკვეულ მიზანს ისახავდა ანტონ II, როდესაც წერილში საგანგებოდ აღნიშნავდა: „и по сие время патриаршество сие есть самовласное" (Акты, I, стр. 530).

ამ შესავლის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II პასუხობს კარლ კნორინგის მიერ დასმულ კითხვებს:

1. ქართლში საეკლესიო იერარქები იყვნენ _ მიტროპოლიტები: თბილელი, სამთავროელი, რუისელი, წილკნელი; მთავარეპისკოპოსი მანგლელი; ეპისკოპოსები: ურბნელი, სამთავნელი, ნიქოზელი. კახეთში _ მიტროპოლიტები: ალავერდელი (ეპარქიას პირადად ანტონ II განაგებდა), ბოდბელი, ნინოწმინდელი; მთავარეპისკოპოსი რუსთველი; ეპისკოპოსები: ნეკრესელი, ხარჭაშნელი.

2. ეპარქიების მმართველი იერარქები გამორჩეული და დანიშნული იყვნენ მეფისა და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ.

3. ქართლში მამათა შემდეგი მონასტრები იყო (მონასტრების სახელწოდებას მოვიყვანთ ისე, როგორც ”აქტებშია” დაბეჭდილი): „Пещерский", „Похвалы Божией Матери", „Икортский", „Ананурский", „Креста", „Пустынный Мгвимский", „Ларгвисский", „Хобский", „Улумбский", „Гетсиманий", „Тирский". კახეთში მამათა მონასტრები იყო: „Давид Гареджский", „Предтеченский", „Средигорный (Шуамтинский)", „Бочормский", „Святаго Саввы", „Хирсский", „Спаса", „Предтеченский". მონასტრებს განაგებდნენ არქიმანდრიტები. დედათა მონასტრები ქართლსა და კახეთში აღარ არსებობდა.

4. მღვდელმთავრები (მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები, ეპისკოპოსები), მონასტრები და არქიმანდრიტები სარჩოს იღებენ საეკლესიო გლეხების მიერ გაღებული გადასახადიდან და საეკლესიო მამულებიდან რანგის შესაბამისად. სამრევლო ეკლესიების ღვთისმსახურები კი სარჩოს იღებენ მრევლიდან და პირადი შრომით.

5. ეკლესიაში თანამდებობებს იკავებენ მემკვიდრეობით, პირადი ღირსებითა და არჩევის გზით.

6. ქართლ-კახეთში დიკასტერია ან სხვა რაიმე ორგანო, საპატრიარქო სახლის გარდა, არ არსებობდა. ეპარქიებს განაგებდნენ პირადად მღვდელმთავრები (მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები, ეპისკოპოსები) სამღვდელოებასთან ერთად, განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავდნენ საპატრიარქოს.

7. ქართლისა და კახეთის ყველა ეპარქიაში სასულიეროთა შვილებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას თავიანთი ოჯახების ხარჯზე. მეფე ერეკლე II-ის დროს თბილისსა და თელავში არსებობდა სემინარიები, სადაც ეუფლებოდნენ გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას. სემინარიებს ინახავდა მეფე (Акты, I, стр. 530).

ანტონ II-ის წერილისა და, ცხადია, სხვა ინფორმაციის მიღების შემდეგ პეტერბურგში შეუდგენიათ დოკუმენტი სათაურით „Наличный состав Грузинскаго Патриархата". დოკუმენტი შემდეგი შინაარსისაა:

1. ქართლ-კახეთის ეკლესიას განაგებს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, მეფე ერეკლე II-ის ძე ანტონ II .

2. საპატრიარქო კათედრა მცხეთაშია. ტაძარი აშენებულია სასწაულმოქმედი სვეტის ადგილას.

3. ქართლში კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის 88 სოფელი, კახეთში _ 58. ქართლში 6 მონასტერია, კახეთში _ 5. კათოლიკოს-პატრიარქის გამგებლობაშია: კახეთში _ ალავერდის ეკლესია, ქართლში _ სამთავროს ეპარქია.

4. ქართლში საეკლესიო იერარქები არიან: ა) თბილელი მიტროპოლიტი არსენი, რომლის სამწყსოში, გარდა თბილისისა, შედის 18 სოფელი. სამწყსოს ტერიტორიაზე მამულები აქვთ 3 თავადსა და 4 აზნაურს; ბ) რუისელი მიტროპოლიტი იუსტინე, რომლის სამწყსოში შედის 46 სოფელი 21 თავადითა და 95 აზნაურით; გ) წილკნელი მიტროპოლიტი იოანე, რომლის სამწყსოში შედის 46 სოფელი, ასევე მოხევეები, მთიულები, გუდამაყრელები, ხანდოსხეველები, ჭართლელები. სამწყსოს ტერიტორიაზე 14 აზნაური სახლობს; დ) ურბნელი მიტროპოლიტი იული, რომლის სამწყსოში შედის 20 სოფელი 5 თავადითა და 8 აზნაურით; ე) სამთავნელი ეპისკოპოსი გერვასი, რომლის სამწყსოში შედის 17 სოფელი 1 თავადითა და 8 აზნაურით; ვ) ნიქოზელი ეპისკოპოსი ათანასე, რომლის სამწყსოში შედის 8 სოფელი.

5. კახეთში საეკლესიო იერარქები არიან: ა) ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე, რომლის სამწყსოში შედის 31 სოფელი 28 თავადით; ბ) ნინოწმინდელი მიტროპოლიტი მიხეილი, რომლის სამწყოში შედის 30 სოფელი 1 თავადით; გ) რუსთველი მთავარეპისკოპოსი სტეფანე, რომლის სამწყოში შედის 8 სოფელი 1 თავადით; დ) ნეკრესელი მიტროპოლიტი ამბროსი, რომლის სამწყოში შედის 14 სოფელი 5 თავადით (Акты, I, стр. 531).

1801 წლის 12 სექტემბერს მოსკოვში იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა უმაღლეს მანიფესტს ქართლკახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთის იმპერიასთან შეერთების თაობაზე (Акты, I, стр. 132-133). მანიფესტში, ისევე როგორც სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში, ”ქართლკახეთის სამეფოს” ნაცვლად გვხვდება „царство Грузинское" და „Грузия". 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში არაფერი იყო ნათქვამი კათოლიკოს-პატრიარქის, საპატრიარქოსა და ეკლესიის თაობაზე. მანიფესტი ითვალისწინებდა ქართლკახეთის მოსახლეობის დაფიცებას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ქართველი სამღვდელოება სწორედ ამ კონტექსტშია მოხსენიებული: ”სამღვდელოთა, ვითარცა მწყემსთა სულისა თანა, პირველად შვენისთ მიცემა მაგალითისა” (ქართული სამართლის ძეგლები. ტექსტი გამოსცა ი. დოლიძემ. ტომი II . თბილისი, 1965, გვ. 558).

1801 წლის 12 სექტემბერსვე ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა კიდევ რამდენიმე დოკუმენტს:

1) „Рескрипт от 12-го сентября 1801 года", რომელიც მიეცა „Нашему ген.-л., главнокомандующему в Грузии Кноррингу" (Акты, I, стр. 133-136), 2) „Височаише утвержденное воззвание к Грузинскому народу, в 12-й день сентября 1801 года" (Акты, I, стр. 136-137);
3) „Постановление внутренняго в Грузии управления, Высочайше утвержденное в 12-й день сентября 1801 года" (Акты, I, стр. 137-138);
4) „Объяснение исполнений Высочайшаго повеления, последовавшаго к ген.-л. Кноррингу, об управлении Грузиею, в 12-й день сентября 1801 года" (Акты, I, стр. 138-140). ამ ოფიციალურ დოკუმენტებში ყველგან ”ქართლ-კახეთის” ნაცვლად გვხვდება: „Грузия".

1801 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს შინაგანი მართვა-გამგეობა ასე მოეწყო:

პირველი. ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს (აღმოსავლეთ საქართველოს) ტერიტორია დაიყო 5 მაზრად (სამი მაზრა შეიქმნა ქართლში, ორი მაზრა _ კახეთში). ეს მაზრები იყო: გორის, ლორეს, დუშეთის, თელავის, სიღნაღის.

მეორე. ქართლ-კახეთის მართვა-გამგეობაში შემდეგი თანამდებობები და ორგანოები იყო:

ა) მთავარსარდალი (Главнокомандующий),
ბ) მმართველი (Правитель),
გ) საქართველოს უმაღლესი მთავრობა (Верховное Грузинское Правительство), რომლის ადგილსამყოფელი იყო თბილისში.

საქართველოს უმაღლესი მთავრობა იყოფოდა ოთხ ექსპედიციად (დეპარტამენტად):

1) აღმასრულებელი, ანუ მმართველობისა,
2) სახაზინო, ანუ ეკონომიური,
3) სისხლის სამართლის საქმეთა,
4) სამოქალაქო საქმეთა.

ექსპედიციების (დეპარტამენტების) უფროსები რუსი მოხელეები უნდა ყოფილიყვნენ. ექსპედიციის უფროსებს ეყოლებოდათ ქართველი თავადებისაგან შემდგარი 4 მრჩეველი, ანუ მდივანბეგი. საქართველოს მმართველი (Правитель Грузии), ექსპედიციების უფროსები და მათი მრჩევლები შეადგენდნენ ”საქართველოს მთავრობას” („Верховное Грузинское Правительство") (Акты, I, стр. 137).

საქართველოს პირველი მთავარსარდლები იყვნენ: გენერალ-ლეიტენანტი კარლ კნორინგი (1801-1803), გენერალლეიტენანტი პავლე ციციანოვი (ციციშვილი) (1802-1806), გენერალ-ანშეფი ივანე გუდოვიჩი (1806-1809), გენერალლეიტენანტი ალექსანდრე ტორმასოვი (1809-1811), გენერალ-ლეიტენანტი ფილიპ პაულუჩი (1811-1812), გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლოზ რტიშჩევი (1811-1816). საქართველოს უმაღლესი მთავრობა თბილისში მოღვაწეობას შეუდგა 1802 წლის 8 მაისს. საქართველოს პირველი მმართველი იყო პეტრე კოვალენსკი.

1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარი უფრო ენერგიულად შეუდგა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის, საკათალიკოსოსა და ქართველი სამღვდელოების საქმეებში ჩარევას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აქტიურობდა კარლ კნორინგის შემცვლელი, საქართველოს ახალი მთავარსარდალი გენერალ-ლეიტენანტი, წარმოშობით ქართველი თავადი პავლე ციციანოვი (ციციშვილი) (Ахимандрит Никандр. Об автокефальности 21 грузинской церкви и церковной жизни в Грузии при католикосах. – Прибавление к „Духовному Вестнику Грузинскаго экзархата", 1905, №№13-14, 1-15 июля, стр. 67).

 

პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (კავკასიის მთავარმართებელი); Pavel Tsitsianov – High Commissioner of the Caucasus (1802-1806)

პავლე ციციანოვი საქართველოს მთავარსარდლად 1802 წელს დაინიშნა, თუმცა თბილისში 1803 წლის 1 თებერვალს ჩამოვიდა. ახალი მთავარსარდლის მოთხოვნით მალევე იქნა აღრიცხული კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის წლიური შემოსავალი. ანტონ II-ს შემდეგი შემოსავალი ჰქონია: 1700 კოდი ხორბალი, 225 საპალნე ღვინო, 2800 მანეთი (Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею. Том II. Тифлис, 1866, стр. 263).

თბილისში ჩამოსულ საქართველოს მთავარსარდალ პავლე ციციანოვს საქართველოს მმართველმა პეტრე კოვალენსკიმ წარუდგინა მოხსენება 1803 წლის 27 იანვარს მომხდარი ინციდენტის თაობაზე. 27 იანვარს, სამთავროსა და წილკნის მთავარეპისკოპოს იოანეს დაკრძალვის დროს, წარმოიშვა დავა დეკანოზს სოლომონსა და თბილისის სიონის ტაძრის დეკანოზს (დოკუმენტში ვინაობა არაა მითითებული – ვ. გ.) შორის კათოლიკოს-პატრიარქის უწყებაში (საკათალიკოსო სახლში) თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით. თბილელი მიტროპოლიტი არსენი მოითხოვდა, უპირატესობა მიენიჭებინათ სიონის ტაძრის დეკანოზისათვის. გაწბილებულმა დეკანოზმა სოლომონმა, რაკი თავისი ვერ გაიტანა, დაკრძალვა მიატოვა. დაკრძალვიდან დაბრუნებისას თბილელ მიტროპოლიტ არსენს და მის თანმხლებთ თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, დაჭრეს მიტროპოლიტი და მასთან მყოფი რამდენიმე ღვთისმსახური. მიტროპოლიტ არსენის აზრით, თავდამსხმელები იყვნენ დეკანოზ სოლომონის შვილები, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ისა და ორივე დედოფლის (დარეჯანისა და მარიამის _ ვ. გ.) მსახურები (Акты, II, стр. 263; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 29-30).

პავლე ციციანოვისათვის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ქალაქის კომენდანტს წარუდგენია მოხსენება. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ შემთხვევის ადგილას ხმლით ხელში დაუჭრიათ დეკანოზ სოლომონის შვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა. პავლე ციციანოვმა ბრძანება გასცა ძიების დაწყების თაობაზე, რათა დაედგინათ დაპატიმრებულის თანამზრახველები და კანონის შესაბამისად დაესაჯათ ისინი. ყოველივე ამის თაობაზე პავლე ციციანოვმა 1803 წლის 10 თებერვალს საგანგებო წერილით საქმის კურსში ჩააყენა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (Акты, II, стр. 263-264).

მთავარეპისკოპოს იოანეს დაკრძალვის დღეს მომხდარი ინცინდენტი უფრო სხვა მხრივაა ყურადსაღები. თბილელი მიტროპოლიტი არსენი ბაგრატიონთა მუხრანულ შტოს ეკუთვნოდა. როგორც პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი აღნიშნავს, თბილელი მიტროპოლიტი არსენი ”წარმოშობით ბაგრატიონი იყო, თუმცა იგი ნადიბაიძის გვარს ატარებდა. არსენი იყო ვახტანგ მეექვსის ძმის, იესეს, უკანონო შვილის აბდულა-ბეგის (არჩილის) შვილი” (ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 28-29). იგი ოპოზიციაში ედგა ბაგრატიონთა კახეთის შტოს ერეკლე II-ს, გიორგი XII-ს, დავით ბატონიშვილს და, ცხადია, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I I-ს (ერეკლე II-ს ძეს). პავლე ციციანოვმა ყოველივე ეს კარგად უწყოდა და თბილელი მიტროპოლიტის თავისი მიზნებისათვის გამოყენებას ცდილობდა. ამიტომ იყო, რომ გენერალმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პეტრე კოვალენსკის მოხსენებას და ინცინდენტის გამოძიებას შეუდგა. სამაგიეროდ, პავლე ციციანოვი ყოველნაირად ცდილობდა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის შეზღუდვას. საქართველოს მთავარსარდალი კათოლიკოს-პატრიარქთან ურთიერთობისას ყოველთვის ერიდებოდა ეტიკეტის დარღვევას, თუმცა ანტონ II-ის სამართლიან მოთხოვნებს იშვიათად უწევდა ანგარიშს.

საერთოდ, პავლე ციციანოვი თვლიდა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიას მეფესთან ერთად განაგებდა, მეფეს ეთათბირებოდა. რადგან სამეფო ხელისუფლება უკვე გაუქმებული იყო, კათოლიკოს-პატრიარქს გადაწყვეტილებები საქართველოს მთავარსარდალთან, ე. ი. პავლე ციციანოვთან, შეთანხმებით უნდა მიეღო. 1802 წლის 16 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაიწვა თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კუთვნილი 10 სავაჭრო დუქანი. ხანძარმა დააზიანა ტაძარიც. სიონის ტაძარი ძირითადად ამ დუქნებიდან მიღებული შემოსავლით არსებობდა. პავლე ციციანოვმა გამოგონილი მიზეზით ანტონ II-ს უარი უთხრა დუქნების აღდგენაზე და, ამდენად, სიონის ტაძარი უსახსროდ დატოვა. გენერალი კათოლიკოს-პატრიარქს დაჰპირდა: იმპერატორს ვთხოვ, გვერდით მდებარე დავით ბატონიშვილის კუთვნილი ქარვასლა უბოძოს სიონის ტაძარსო (Акты, II, стр. 264). ქარვასლის სიონის ტაძრისათვის გადაცემის თხოვნა პავლე ციციანოვს მართლაც რომ გაეგზავნა პეტერბურგში, ეს საქმე ძალიან დიდხანს გაჭიანურდებოდა, სიონის ტაძარს კი ფინანსური შემწეობა დაუყოვნებლივ სჭირდებოდა _ აუცილებელი იყო ტაძრის რესტავრაცია. ტაძარი რომ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, პავლე ციციანოვმა კარგად უწყოდა. მიუხედავად ამისა, გენერალმა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს ოფიციალურად აცნობა, რომ სიონის საკათედრო ტაძრის რესტავრაციისათვის საჭირო 10.000 მანეთი საქართველოს შემოსავლებიდან ვერ გამოიყოფოდა (Акты, II, стр. 264). მოგვიანებით, 1803 წლის 4 მაისს, პავლე ციციანოვს პეტერბურგიდან აცნობეს, რომ სიონის საკათედრო ტაძრის რესტავრაციისათვის საჭირო 10.000 მანეთი იმპერატორის 1803 წლის 29 აპრილის ბრძანებით გამოყოფილი იყო სახელმწიფო ხაზინიდან (Акты, II, стр. 265; ელდარ ბუბულაშვილი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 26). ეს თანხა ტაძრის რეკონსტრუქციას მოხმარდა. რუსეთის საიმპერატორო კარის მითითების თანახმად, პავლე ციციანოვი შეუდგა ქართლსა და კახეთში ეპარქიების შემცირებას. თავდაპირველად მიმდინარეობდა ეპარქიების გაერთიანება. პავლე ციციანოვმა გადაწყვიტა წილკნის ეპარქია გაეუქმებინა, უფრო ზუსტად, წილკნისა და სამთავისის ეპარქია გაეერთიანებინა. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II წინ აღუდგა ორი ეპარქიის გაერთიანებას და პავლე ციციანოვის თანხმობის გარეშე წილკნის ეპარქიის მმართველ იერარქად არქიმანდრიტი დოსითეოზი დაადგინა. ცხადია, არქიმანდრიტი ეპარქიის მმართველად მხოლოდ დროებით შეიძლებოდა ყოფილიყო, მალევე უნდა მომხდარიყო დოსითეოზის ეპისკოპოსად ხელდასხმა.

ანტონ II-ის გადაწყვეტილებამ ძალზე აღაშფოთა პავლე ციციანოვი. 1803 წლის 2 აპრილს გენერალმა წერილი გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქს (Акты, II, стр. 264). მართალია, პავლე ციციანოვი თითქოს პატივისცემას ადასტურებდა კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, მაგრამ ამავე დროს აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ანტონ II-მ მასთან შეუთანხმებლად არქიმანდრიტი დოსითეოზი წილკნის ეპარქიის მმართველად დაადგინა. გენერალს ისიც კი გამოუძიებია, თუ ვისთან იმყოფებოდა დოსითეოზი ნათესაურ კავშირში (Акты, II, стр. 264). აღშფოთებული გენერალი ანტონ II-ს შეახსენებდა, რომ „священная есть воля Е. И. В. (მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის _ ვ. გ.) не умножать в Грузии высоких в духовенстве званий" (Акты, II, стр. 264). ეს იმას ნიშნავდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქს უკრძალავდნენ ეპისკოპოსად, მთავარეპისკოპოსად და მიტროპოლიტად ხელდასხმას. და ბოლოს, პავლე ციციანოვი ანტონ II-ს ავალებდა: იმპერატორის ნების თანახმად, წილკნის ეპარქია გააუქმე და სამთავისის ეპარქიას შეუერთეო. გაერთიანებული ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსად მეუფე გერვასი უნდა დარჩენილიყო (Акты, II, стр. 264).

ანტონ II მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეპისკოპოსად, მთავარეპისკოპოსად და მიტროპოლიტად ხელდასხმის აკრძალვის გამო, ეპარქიის მმართველი იერარქიის გარდაცვალების შემთხვევაში, ეპარქია ავტომატურად უქმდებოდა (უერთდებოდა სხვა ეპარქიას). 1803 წლის აპრილში ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა მიხეილმა ავადმყოფობის (მხედველობის დაქვეითების) გამო გადადგომა ითხოვა. ეპარქიის ახალი მმართველი იერარქის დადგენა (ეპისკოპოსად ხელდასხმა) ანტონ II-ს აკრძალული ჰქონდა. 1803 წლის 26 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ რუსთველ მთავარეპისკოპოს სტეფანეს აცნობა, რომ რუსთავის ეპარქიას უერთდებოდა ნინოწმინდის ეპარქია. ამიერიდან გაერთიანებული ეპარქიების მმართველი იერარქი სტეფანე იწოდებოდა ასე: ”მიტროპოლიტი ნინოწმინდისა და მთავარეპისკოპოსი რუსთავისა” (Акты, II, стр. 564-565).

პავლე ციციანოვი უხეშად ერეოდა საპატრიარქოს ფინანსურ საქმეებში. 1804 წლის 18 თებერვალს გენერალმა წერილით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს. წერილში აღნიშნულია, რომ სანთლის გაყიდვის შედეგად რუსეთის ეკლესია მნიშვნელოვან შემოსავალს იღებდა. ამიერიდან ქართლისა და კახეთის ეპარქიებში სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა უნდა მოხმარებოდა ეკლესიებს (ტაძრებს) და არა სამღვდელოებას (Акты, II, стр. 567). პავლე ციციანოვის გადაწყვეტილება, რომელიც, ცხადია, პეტერბურგში მიღებული გადაწყვეტილების გამოძახილი იყო, შემთხვევითი არ ყოფილა.

XIX საუკუნის დამდეგისათვის ქართლისა და კახეთის ეკლესიებისა და მონასტრების უმრავლესობა დაუყოვნებლივ რესტავრაციას საჭიროებდა. სახელმწიფო ხაზინას საჭირო სახსრების გაღება არ სურდა. ამიტომ გადაწყდა, რესტავრაციისათვის აუცილებელი თანხა თვით ეკლესიებს მოეძიებინათ. თუ სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა სამღვდელოებას არ მოხმარდებოდა და რესტავრაციისათვის გადაიდებოდა, ცხადია, ხაზინას გარკვეული შეღავათი მიეცემოდა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად მცირდებოდა ღვთისმსახურთა შემოსავალი. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართველი სამღვდელოებისათვის ეს დიდი დარტყმა იყო.

საქართველოს კათალიკოსი ანტონ მეორე

 

რუსეთის საიმპერატორო კარი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარებისთანავე შეუდგა როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო უწყებაში შემოსავლების აღრიცხვას გადასახადების დაწესების მიზნით. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ცდილობდა საეკლესიო შემოსავლების დაცვას. ამით აღშფოთებული საქართველოს მთავარსარდალი პავლე ციციანოვი 1804 წლის 23 მარტს უმაღლეს ხელისუფლებას მოახსენებდა: საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქს სამჯერ გავუგზავნე ფორმები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩაეტარებინათ საეკლესიო ქონების აღწერა, მაგრამ საჭირო ცნობების მიღებას ვერ ვეღირსეო (Акты, II, стр. 267). პავლე ციციანოვმა 1804 წლის 23 მარტს იმპერატორისათვის გაგზავნილ მოხსენებას თან დაურთო იმავე რიცხვით დათარიღებული წერილის ასლი, რომელიც მან კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს გაუგზავნა.

                                                                           გადმოწერე სრული ვერსია


კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 516 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]