მთავარი » ფაილები » რელიგია

წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაულები II ნაწილი
2012-01-06, 5:46 PM

მეორე ნაწილი

 

წმიდა ნიკოლოზის მიერ მომავალი ბერის (გაბრიელის) გადარჩენა დახრჩობისაგან

საქართველოში ბევრისათვის არის ცნობილი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალული ბერი გაბრიელის საფლავი, რომელსაც მრავალი მორწმუნე ადამიანი მიეახლება რწმენითა და სასოებით.

მოგვითხრობენ შემდეგ ეპიზოდს მამა გაბრიელის ცხოვრებიდან:

ერთხელ, ახალგაზრდობაში, იგი მგზავრობდა გემით, რომელიც შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოცურავდა. მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოჩენილი, იგი უფლის ნებას მიენდო. ტალღებმა ჩაითრიეს ჭაბუკის სხეული და ზღვაში დანთქმას იქადდნენ.

ამ დროს ზღვის ტალღებზე წამოიმართა მღვდელმთავრის ძვირფასი სამოსით შემოსილი სპეტაკი წვერით შემკული ადამიანი, რომელმაც მკაცრად მიმართა გემის კაპიტანსა და მის თანაშემწეებს:

- სად არის თქვენი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა, როდესაც თქვენი დაუდევრობით ზღვაში იხრჩობა ადამიანი?

მისი მითითებით კაპიტანმა სასწრაფოდ უხმო მეზღვაურებს, რომლებიც ნავში ჩასხდნენ და აჩქარებით მოისვეს ნიჩბებს.

მეზღვაურებმა ცოცხალ-მკვდარი ახალგაზრდა ნავში აიყვანეს და ნაპირზე გავიდნენ. როდესაც ხელოვნური სუნთქვით მოასულიერეს, მერეღა მოიკითხეს მისი მეოხმყოფელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადარჩენილს უპოვეს მკერდზე ჩამოკიდებული წმიდა ნიკოლოზის ხატი, შეიცნეს მასში მშველელის ჭეშმარიტი ვინაობა.

 

ქურდის დასჯის ამბავი

ვოლოგდის მთავარეპისკოპოსი ნიკონი მოგვითხრობს: „ერთ სოფელში ცხოვრობდა კეთილმორწმუნე გლეხი, რომელიც ყოველ დღესასწაულზე ესწრებოდა საზეიმო წირვას. სადაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც კი ეკლესიის ზარების ხმას გაიგებდა, თავს მოუყრიდა ბავშვებს და ტაძარში მიდიოდა. ცოლს დაუბარებდა, რომ საოჯახო საქმეები მალე მოეთავებინა და ტაძარში წამოსულიყო.

ერთხელ, წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე, ამ კაცის ცოლი ჩვეულებრივ ტაძარში წასასვლელად ემზადებოდა და სიჩქარეში კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. ამ დროს მათ სახლთან ჩაიარა იმ მხარეში ცნობილმა ქურდმა, რომელმაც დაინახა ღიად დარჩენილი კარი და სახლში შევიდა. რისი წაღებაც უნდოდა, თავი მოუყარა, შეკრა და წასასვლელად ემზადებოდა, რომ დაინახა, როგორ შემოვიდა დაკეტილი კარებიდან სრული სამღვდემთავრო შესამოსლით შემოსილი წმიდა ნიკოლოზი. მან მკაცრად შეხედა ქურდს და უთხრა: „ადამიანები, რომლებსაც ღმერთი უყვართ, ტაძარში წავიდნენ, სიჩქარეში ქოხის დატეკვა დაავიწყდათ. შენ ამით ისარგებლე და მათი ნაოფლარის მოსაპარად შემოხვედი?" ამ სიტყვებით მიუახლოვდა და სილა გააწნა. ქურდი უეცრად დაბრმავდა. მან ოთახში ბორიალი დაიწყო, უნდოდა კარი მოეძებნა და გარეთ გასულიყო, მაგრამ ვერაფრით მოახერხა.

ამასობაში სახლის პატრონებიც დაბრუნდნენ და შეამჩნიეს, რომ ქოხში ვიღაც დადიოდა. შევიდნენ და ნახეს ნაცნობი ქურდი, რომელიმაც ტირილით მოუთხრო მათ, რაც თავს გადახდა.

ქურდი გაასამართლეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, რამაც ძალზე გაახარა მთელი სოფელი, რადგან მოსვენება არ ჰქონდათ მისი ავკაცობისაგან. ეტაპირების დროს პატიმრები სოფელზე გაატარეს. ქურდმა ისურვა შესულიყო ეკლესიაში, სადაც წმინდა ნიკოლოზის ხატი ესვენა. დაიჩოქა მის წინაშე, თვალცრემლიანმა მოინანია თავისი ცოდვები და შენდობა სთხოვა. როდესაც ლოცვის შემდეგ ხატს ეამბორა, უეცრად თვალები აეხილა.

 

წმინდა ნიკოლოზის ხატის მიერ მოხდენილი სასწაული

1938 წლის ზაფხულში შინსახკომის თამანშრომელი დიმიტრი ეფიმოვი სამუშაოდ მიავლინეს ნოვოდერევენსკის რაიონში. სოფელში მისთვის შესაფერი ბინის მოძებნა რთული აღმოჩნდა - მასზე ადრე ჩამოსულებს აქ ყველა ადგილი უკვე დაეკავებინათ. ადგილობრივი ადმინისტრაციის მუშაკებმა ერთი მარტოხელა ქვრივის სახლში გადაწყვიტეს ოთახის დაქირავება. მაგრამ ქვრივმა განაცხადა, რომ ოთახს არავის დაუთმობდა, რადგან იგი წმიდა ნიკოლოზს ჰქონდა დაკავებული. მას ოთახის გაღება უბრძანეს და როცა შევიდნენ, იხილეს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის უზარმაზარი, იატაკიდან თითქმის ჭერამდე აზიდული ხატი. იგი აიღეს და საბრალო ქალის თხოვნა-მუდარის მიუხედავად სარდაფში ჩაიტანეს. ბოლოს ქვრივმა თქვა, რომ უსარგებლოდ ირჯებოდნენ, რადგან  წმიდა ნიკოლოზი მაინც არავის დაუთმობდა თავის ოთახს. მას სიცილი დააყარეს. დიმიტრიმ შეიტანა ოთახში ნივთები, ოთახი ჩაკეტა და სამუშაოდ წავიდა.

იდგა ივნისის უღრუბლო დღე. უეცრად გაისმა ჭექა-ქუხილი და გაიელვა. დიმიტი მივარდა ფანჯარასთან და დაინახა, რომ იწვოდა ქვრივის სახლი. სასწრაფოდ მიირბინა შემთხვევის ადგილზე და თვითმხილველთაგან გაიგო, რომ მცირე, მუჭისხელა ღრუბლიდან გამოვარდა მეხი, რომელიც სწორედ მის მიერ დაქირავებულ ოთახს დაეცა. ამგვარად, წმიდა ნიკოლოზმა არავინ დაუშვა თავისი ხატის სამყოფელში. სახლი დაიწვა, ხატი კი უვნებელად გადარჩა. ქვრივმა მიიღო დაზღვევის თანხა, ააშენა ახალი ქოხი და მადლობდა წმიდა ნიკოლოზს წყალობისა და ნუგეშისათვის.

 

„დავინახე, რომ შენს ადგილზე იდგა წმინდა ნიკოლოზი"

სამოქალაქო ომი მძივნარებდა. ახალგაზრდა გოგონა - ე.პ. თავისი სახლის წინ იდგა. უეცრად მან დაინახა იარაღმომარჯვებული გლეხი, რომელსაც იგი მიზანში ჰყავდა ამოღებული. გოგონამ თრთოლვით მიიკრა მკერდზე ხელები და დიდი რწმენითა და სასოებით ილოცა: „წმიდაო ნიკოლოზ, სასწაულთმოქმედო ქრისტესო, შემეწიე მე!" მოულოდნელნად გლეხმა იარაღი დააგდო და გოგონას უთხრა: „ახლავე წადი, გაიქეცი, სადაც გინდა, მეტად აღარ მომხვდე თვალში".

გოგონა სახლში შევარდა, აიღო საჭირო ნივთები და სადგურისკენ გაიქცა. იმ დღიდან მას მოსკოვში დაიდო ბინა. გავიდა რამდენიმე წელი. ერთხელ კარებზე კაკუნი მოისმა. ზღურბლზე გამხდარი, ჩამოძონძილი კაცი იდგა და კითხულობდა, აქ ცხოვრობდა თუ არა ე.პ. იგი შინ შეიპატიჟეს. როდესაც უცნობმა დაინახა ის, ვისაც ეძებდა, ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. მასპინძელი დაიბნა, არ იცოდა, რა მოემოქმედა: წამოაყენა და აუხსნა, რომ მას არ იცნობდა.

„ნუთუ ვერ მიცანი? ეს მე ვარ, სწორედ ის, ვისაც შენი მოკვლა უნდოდა. როგორც კი იარაღი მოვიმარჯვე და დაგიმიზნე, დავინახე, რომ შენს ადგილზე იდგა წმინდა ნიკოლოზი. ვერ შევძელი მისთვის მესროლა" - თქვა სტუმარმა და ფეხებში ჩაუვარდა მასპინძელს. „მას შემდეგ ავად ვარ. შენი მოძებნა გადავწყვიტე. სოფლიდან ფეხით ჩამოვედი".

ე.პ.-მ ოთახში შეიყვანა გლეხი, დაამშვიდა და უთხრა, რომ ყოველივეს ჰპატიობდა. შემდეგ აჭამა და სუფთა ტანსაცმელი ჩააცვა. „ახლა კი დაწყნარებული მოვკვდები", - თქვა მოხუცმა.

მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ მან მშვიდად მიაბარა სული უფალს. სიკვდილის წინ აღსარება თქვა და უფლის წმიდა საიდუმლოს ეზიარა. ე.პ.-მ დაიტირა გლეხი, როგორც ძალზე ახლობელი ადამიანი.

 

წმიდა ნიკოლოზისთვის აღთქმული შესაწირი

ერთი კეთილმორწმუნე კაცი გულმოდგინედ ევედრებოდა წმიდა ნიკოლოზს ცოლის უნაყოფობისგან განკურნებასა და შვილოსნობის უნარის მონიჭებას და აღუთქვამდა, რომ შვილთან ერთად მისი სახელობის ტაძარს ოქროს ჭურჭელს შესწირავდა. მისი ლოცვა შეისმინა სახიერმა მეოხმა და მოკლე ხანში მას ძე მისცა. მადლიერმა მამამ გაიხსენა თავისი აღთქმა და ოქრომჭედელს შეუკვეთა ოქროს ჭურჭელი. მაგრამ როდესაც ჭურჭელი ჩამოისხა, ამ კაცს ძლიერ მოეწონა იგი და თავისთვის დაიტოვა, ოქრომჭედელს კი წმიდა ნიკოლოზის ტაძრისთვის სხვა ჭურჭლის ჩამოსხმა სთხოვა. როდესაც ისიც მზად იყო, მან წაიღო ორივე ჭურჭელი, თან იახლა ძე და ხომალდით გაემგზავრა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისაკენ. მოგზაურობის დროს მოხდა უბედური შემთხვევა: მამის ბრძანებით ყრმა წყლის მოსატანად წავიდა, მაგრამ ჭურჭელთან ერთად ზღვაში გადავარდა და დაიხრჩო. ეს იყო სწორედ ის ჭურჭელი, რომელიც ბავშვის მამას დაენანა წმიდა ნიკოლოზისთვის შესაწირად.

მამამ ცხარე ცრელმებით დაიტირა თავისი ძის უდროო სიკვდილი და მარტომ განაგრძო გზა, რადგან ეწადა წმინდანისთვის მიცემული აღთქმის შესრულება. მან მშვიდობით მიაღწია წმიდა ნიკოლოზის ტაძარს, თაყვანი-სცა მღვდელმთავრის ხატს და ჭურჭელი ხატის წინ დადგა. მაგრამ უხილავმა ძალამ ჭურჭელი ტაძრის შუაგულში გადააგდო. მან ხელმეორედ დადგა ჭურჭელი ხატის წინ, მაგრამ ისევ წარუმატებლად: უხილავმა ძალამ ჭურჭელი ტაძრის შუაგულში მოისროლა. ამ ამბავმა ყველა გააოცა; ვერავინ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს. მოულოდნელად ტაძარში გაჩნდა ყრმა, რომელსაც ხელში ჭურჭელი ეკავა და იქ მყოფთ უამბო, რომ ზღვაში დახრჩობისაგან იგი დაიფარა ქრისტეს მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა. მამამ მადლობა შესწირა წმიდანთა შორის დიდებული უფალს, წმიდა ნიკოლოზის ტაძარს ორივე ჭურჭელი შესწირა და ძესთან ერთად შინ მშვიდობით დაბრუნდა.

 

ქ. მოჟაისკის თავზე წმ. ნიკოლოზის გამოცხადება

გადმოცემა გვიამბობს, რომ როდესაც რუსეთის ქალაქ მოჟაისკს თავს დაესხნენ მტრები და წმიდა ნიკოლოზის ტაძრის დანგრევით იმუქრებოდნენ, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საკვირველად გამოეცხადა მკაცრი სახით, ტაძრის თავზე ჰერში მდგომი. მას ერთ ხელში ეჭირა მახვილი, მეორეში კი - ციხე-სიმაგრით გარშემოვლებული ტაძრის გამოსახულება. ამ საკვირველმა გამოცხადებამ მოჟაისკის მოცხოვრებნი გაამხნევა, მტრებს კი შიშის ზარი დასცა და ისინი მაშინვე გაიქცნენ. წმიდა ნიკოლოზის ძლევამოსილი მეოხებისათვის მადლობის ნიშნად მოჟაისკის მცხოვრებლებმა ამ სასწაულებრივი გამოცხადების ხეზე ნაკვეთი გამოსახულება. ეს ხატი დღეს წარმოადგენს მოჟაისკის წმდია ნიკოლოზის ტაძრის მთავარ სიწმინდეს.

 

წმინდა ნიკოლოზის ხატის სასწაულებრივი გადარჩენა

1812 წელს ფრანგების ჯარი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით შიმშილისა და სიცივის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი. ქალაქიდან გასვლისას მათ დანაღმეს კრემლის კედლები. ჩადებულ იქნა დენთის უზარმაზარი რაოდენობა, ამიტომ აფეთქების ძალაც საშინელი აღმოჩნდა: ქვები, რკინა და მორები ყველა მხარეს მიფრინავდა. მოხდა გამანადგურებელი მიწისძვრის მსგავსი რამ. რა დაემართებოდა ნიკოლსკის კოშკსა და კარიბჭეს, რომლის ქვეშაც ჩადებული იყო დენთი? მოხდა აშკარა სასწაული, ნიშანი წმიდა ნიკოლოზის ძალისა და დიდებისა. კოშკის ზედა ნახევარი დაინგრა, მაგრამ კოშკის თავზე მოთავსებული ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და შუშა, რომელიც ფარავდა წმიდანის ხატს, მცირედითაც არ დაზიანებულა. ხატის წინ დანთებული კანდელი არ გაუნადგურებია აფეთქებას და იგი კვლავაც ენთო, თითქოს არაფერი მომხდარა.

 

დამშრალი ჭის წყლით ავსება

ბერი პაისი ათონელი მოგვითხრობს: „ერთხელ ათონის მთის ერთ-ერთ სენაკში დაშრა ჭა. ამ სენაკის მკვიდრმა მონაზონმა, რომელიც ბავშვური უბრალოებით გამოირჩეოდა, ბაწრით ჩაუშვა ჭაში წმიდა ნიკოლოზის ხატი და წარმოთქვა: „წმიდაო მამაო ნიკოლოზ, თუ გსურს, რომ მე მომავალშიც ავანთო შენს წინაშე კანდელი, ამოიწიე წყალთან ერთად - შენ ხომ შეგიძლია ამის გაკეთება. შენ ხედავ, რამდენი ადამიანი მოდის ჩვენთან, ჩვენ კი მათთვის არა გვაქვს ცივი წყალი".

და, ჰოი, სასწაულო! წყალმა თანდათანობით იწყო ამოსვლა, მასთან ერთად კი წმინდა ნიკოლოზის ხატმაც ამოიწია, სანამ მონაზონმა იგი ხელში არ აიღო. ამის შემდეგ იგი მოკრძალებით ეამბორა მას და უკან, ტაძარში წაიღო.

 

შიმშილობისგან გადარჩენა ოკუპაციის დროს

1941 წლის 8 ნოემბერს გერმანიის ჯარებმა დაიკავეს ქალაქი ტიხვინი. იმ დროს ხალხის მთავარი საზრდო იყო პური, რომელსაც ხელისუფლება ბარათების საფუძველზე გასცემდა. მაგრამ ოკუპაციის შედეგ ეს შეუძლებელი გახდა, რადგან გერმანელები პურს ბარათებით არ გასცემდნენ.

მძიმე დღეებში ჩაცვივდნენ ტიხვინის მკვიდრნი, მათ შორის ელისაბედ ხმელიოვაც... იტირა ელისაბედმა, თავისი პურის ბარათი ჩაუშვა სანთლების უჯრაში, ილოცა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატის წინ და დაიძინა. დილით ხედავს - მაგიდაზე პურია... ოთხასგრამიანი ნაჭერი. სწორედ ამ დროს შემოვიდა მეზობელი, მარიამ პავლოვა. „მარიამ, ეს შენ მოიტანე პური?" - ჰკითხა მას ელისაბედმა. „არა, - მიუგო მან, - საიდან, მე თვითონ უპუროდ ვზივარ!"

ელისაბედმა უამბო სასწაულის შესახებ და მარიამი შეევედრა, მისი პურის ბარათიც ჩაეშვა სანთლების უჯრაში...

ასე გაატარეს ელისაბედმა და მარიამმა ოკუპაცია. არავინ იცის, ეს როგორ ხდებოდა - მაგიდაზე ყოველ დილით ხვდებოდათ პურის ერთი ულუფა. ნიკოლოზ პურისა მათ მთელი ოკუპაციის განმავლობაში კვებავდათ. მართალია, ოკუპაცია დიდხანს არ გაგრძელებულა, მხოლოდ ერთი თვე. საბჭოთა ჯარებმა დეკემბერში გაათავისუფლეს ტიხვინი.

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 235 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]