მთავარი » ფაილები » რელიგია

წმიდა ექვთიმე აღმსარებელი 1865 - 1944
2011-03-06, 7:00 PM



ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე. ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების შემკრები და გამომცემელი. 1923 წელს მთავრობამ გელათის მონასტერი გააუქმა. მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერები ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდმარტომ გადაიტანა და სვეტიცხოვლის ტაძარში გადამალა.


იღუმენი ექვთიმე, ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე, ქართული საეკლესიო საგალობლების შემკრები და გამომცემელი. დაიბადა რაჭაში, სოფელ სადმელში სოლომონ და მართა კერესელიძეების ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, თხუთმეტი წლის ასაკში, ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდეგ - თბილისში და რადგან ოჯახს მატერიალურად უჭირდა, სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მალე გაიცნო და დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძის ხაზინადარსა და მოურავს, მაქსიმე შარაძეს. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს „საღმრთო წიგნთ-საკითხავი", რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა–გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნთ-საკითხავს" სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე. ძველ ქართულ საეკლესიო გალობას კი, ათონის წმინდა მთის სავანეში განსწავლული მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძე ასწავლიდა.
მალე მაქსიმემ და ესტატემ ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას. მათ მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმინდა მთაზე, ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. ოცდახუთი წლის განმავლობაში მაქსიმემ და ესტატემ დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. სტამბაში მომუშავენი გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმინდა ცხოვრებით, ამიტომ ხალხი ამ სტამბას „ბერების სტამბას" უწოდებდა.

1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მუსიკოსმა, ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობელთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას. XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა: გაიძარცვა და განადგურდა ქართული ეკლესიის სიძველეები. გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა ქართული საეკლესიო გალობაც. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება მის გადასარჩენად.

1884 წელს წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით ქუთაისში დაარსდა ქართული გალობის აღმდგენი კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდა ყველა სასულიერო პირი და ერისკაცი, ის ვინც ქართული გალობა იცოდა. მათ ათასობით საგალობელი გადაიტანეს ნოტებზე, ხოლო მათი დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ. 1907 წელს წიწამურთან ვერაგულად მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ექვსი თვის შემდეგ გარდაიცვალა მაქსიმე შარაძეც. ეს უდიდესი დანაკარგი იყო ესტატესთვის. ერთგული მეგობრის გარადაცვალებას ზედ დაერთო სტამბის ქონების ჩამორთმევის მუქარაც. მალე მუქარა რეალობად იქცა. ესტატეს უძვირფასესი ხელნაწერები ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, სანოტო კრებული ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაარსებულ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩნდა. ესტატემ მაინც მოახერხა, რომ სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაეტანა, მაგრამ უბინაობისა და უსახსრობის გამო მათი დაცვა ვერ შეძლო და მალე ყუთები გაძარცვული დახვდა. დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში, ხორცის გამყიდველთან.

მალე ესტატემ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება მთლიანად ღვთისადმი სამსახურისათვის მიეძღვნა. 1912 წელს გალათის მონასტერში ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღიკვეცა. ამ დროიდან იწყება მამა ექვთიმეს ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა. მან გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე გადატანილი საგალობლები, რომლებიც ფილიმონის გარდაცვალების შემდეგ მასთან ინახებოდა. ექვთიმემ შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს - ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას. მანვე დაბეჭდა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნიც, მაგრამ აი, დადგა ავადსახსენებელი 1921 წელი და კომუნისტურმა ხელისუფლებამ მამა ექვთიმე დააპატიმრა. საბედნიეროდ, მართალია, მალევე გაათავისუფლა, მაგრამ დაიწყო დევნისა და შევიწროების უმძიმესი პერიოდი. გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას. „მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურევ!"– ამბობდა წმინდა მამა.

1923 წელს გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. შეძრწუნებულმა მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა. 1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის უზარმაზარი ტაძარი. იმავე წელს დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია. მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. მან, მარტოდ–მარტომ, ხელნაწერებით დატვირთული ურემი ქუთაისიდან მცხეთაში გადაიტანა და საგულდაგულოდ გადამალა.

საგულისხმოა, რომ დევნილობის დროს, სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნივმირებულ კრებულს და ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა. 1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში გაამწესეს. მან ახლა იქ აიტანა ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა. როდესაც თბილისის „მეტეხის" მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა - დავით დავითაშვილმა, შეიტყო, რომ ქართული საგალობლები მამა ექვთიმესთან ინახებოდა, იმავე დღეს ზედაზნის მონასტრისკენ გაეშურა. მალე ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით შეიქმნა კომისია, რომლებმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა.
მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 6000-მდე საგალობლისგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვითიმე სამთავროს მონასტრის დედებმა ინახულეს. წმინდანი ავადმყოფობისგან დასუსტებული დაუხვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და სული უფალს შეავედრა. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან. 2 თებერვალს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღეს.

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 277 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]