წმიდა დიონისე არეოპაგელი (I)
2011-03-19, 4:32 PM

წმიდა დიონისე არეოპაგელი ათენში ცხოვრობდა, იქვე მიიღო კლასიკური ელინური განათლრბა, შემდეგ კი ეგვიპტეში, ქალაქ ილიოპოლისში განისწავლა ასტრონომიაში. წმიდანი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს. „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას" - უთქვამს მას მაშინ. ათენში დაბრუნებული დიონისე არეოპაგიის - ათენის უზენაესი სამსჯავროს წევრად აირჩიეს. როცა არეოპაგიის წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმართებს „უცნაური ღმერთის" განკაცება ახარა და ქრისტანული სწავლება უქადაგა, წმიდანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე გახდა. სამი წლის განმავლობაში იგი მოძღვართან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი მოციქულმა პავლემ მას ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

ჯერ კიდევ ყოვლაწმიდა ქალწულის სიცოცხლეში ათენიდან იერუსალიმში საგანგებოდ მის სანახავად ჩასული დიონისე პავლე მოციქულს წერდა: „ღმერთია მოწამე, მთელ სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღაიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე - ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აუღწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე".

პავლე მოციქულის აღსურლების შემდეგ დიონისე, რომელსაც სურდა, გაეგრძელებინა მისი საქმე, დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ - გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი შეიპყრეს და საბყრობილეში ჩაყარეს. ღამით წმიდა დიონისემ საღმრთო ლიტურგია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და მხოლოდ იქ დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა კალმა კატულამ დაკრძალა.

დიონისე არეოპაგელის სწავლებამ ჩვენამდე მოაღწია ოთხი წიგნით: „საღმრთოთა სახელთათვის", „ზეცათა მღვდელმთავრობისათვის", „საეკლესიოისა მღვდელმთავრობისათვის", „საიდუმლო ღვთისმეტყველებისათვის" და ათი ეპისტოლით.

წმიდა დიონისე არეოპაგელის თხზულებებს (ე.წ. არეოპაგელის წიგნებს) განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებელ ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე, VI ს-ის I ნახევრამდე, წმიდა მამის სწავლება მხოლოდ საიდუმლო გადმოცემებით იქნა შემონახული, უმეტესად, ალექსანდრიის ღვთისმეტყველთა მიერ. მას იცნობდნენ კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, დიონისე დიდი, რომლებიც მემკვიდრეობით განაგებდნენ ალექსანდრიის სასწავლებელს, და გრიგოლი ღვთისმეტყველი.

წმიდა დიონისე არეოპაგელის თხზულებები XI ს. მეორე ნახევარში ქართულ ენაზე თარგმნა წმიდა ეფრემ მცირემ.

„წმინდანთა ცხოვრება", ტ. I, თბილისი, 2003 წ.
კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 966 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]