მთავარი » ფაილები » რელიგია

თანდაყოლილია თუ არა ცოდვა
2011-03-19, 4:19 PM

ყველას გვსურს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ, საკითხავია, თავად რას ვაკეთებთ ამის მისაღწევად? მოდუნებულად ვცხოვრობთ, დილისა და საღამოს ლოცვებსაც კი გულის გარეთ ვკითხულობთ და ამ დროს სრულებით ვეღარ ვაცნობიერებთ ჩვენს დამღუპველ მდგომარეობას. აუცილებელია, გავაცნობიეროთ ლოცვის შინაარსი, მისი აზრი და მაშინ ჩვენი ცოდვილობის შემეცნებასაც ვპოვებთ და ღვთის გულმოწყალებასაც ჩავწვდებით. ეს ლოცვები განსაზღვრავენ მთელ ჩვენს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ისინი მიგვითითებენ, თუ როგორ ვიცხოვროთ, რა ვაკეთოთ და რას განვეშოროთ.

დილისა და საღამოს ლოცვებში ჩვენ უფლის წინაშე წარვსდგებით და საკუთარ თავს ჩავუკვირდებით. ეს ლოცვები, უწინარეს ყოვლისა, ჩვენივე თავს დაგვანახებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მცირეოდენი ლოცვებიც კი, რაც დღის განმავლობაში უნდა აღვასრულოთ, ღვთაებრივი ნათლით იყოს განათლებული.

ჩვენში მცხოვრები ცოდვა გვაბნელებს და გვაიძულებს, საკუთარი თავის წინაშე თავი ვიმართლოთ. თავის მართლებას კი ეშმაკი გვთავაზობს, სანამ ჩვენში სინდისი არ გაიღვიძებს, რომელიც არა მარტო ცალკეული ცოდვების მიმართ არის მგრძნობიარე, არამედ ჩვენი ცოდვილობას ყოველგვარი თავისმართლების გარეშე შეგვამეცნებს. ჩვენ ჩვენი ცოდვით ყველგან განხეთქილება შეგვაქვს. ცოდვებისათვის ყოველგვარი თავის მართლება - ჩვენი ცხონების მტერია. მხოლოდ და მხოლოდ ცოდვისგან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის გაცნობიერება და შეგნება გამოაწრთობს ჩვენს ნებისყოფას ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ „წვრილ-წვრილ" ცოდვებს მანამ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს გვართმევს ბედნიერებას. ჩვენ ცოდვა საკუთარი ბუნება გვგონია. „მე, ასეთი და ასეთი ვარ, და სხვანაირი ვერ ვიქნები" ან „ასეთი ხასიათი მაქვს", - ვამბობთ ხშირად, მაგრამ ხასიათი ხომ სულაც არ არის ისეთი რამ, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება.

მაშინ, როცა გადაწყვეტთ, ცოდვას შეეწინააღმდეგოთ, უნდა გახსოვდეთ, რომ იგი არ არის ჩვენი თანდაყოლილი რამ, არამედ მხოლოდ მოგვიანებით მოგვეტმასნა. ჩვენი პირველი მშობლები ცოდვის გარეშე შეიქმნენ. ცოდვა მხოლოდ შემდეგ შემოვიდა ჩვენს ბუნებაში, შემოგვიძვრა და სულისთვის მშობლიურ, უცოდველ მდგომარეობას დაუპირისპირდა, ხოლო სულის თავდაპირველი მდგომარეობა უცოდველი იმიტომაა, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ცოდვა ტყვედ გვიგდებს, შემოდის ჩვენს ბუნებრივ შემადგენლობაში როგორც უცხო საწყისი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ცოდვასთან შერწყმული ხდება. გაცნობიერება იმისა, რომ ცოდვა ადამიანის შემადგენელი ნაწილი არაა, მეტად აუცილებელია ჩვენთვის, ვინაიდან ეს ფაქტორი ცოდვასთან ბრძოლაში გვეხმარება. უფლის მიერ გონების განათება და ჩვენი ცოდვილობის გაცნობიერება, უწინარეს ყოვლისა, ჩვენივე ნებასთან არის დაკავშირებული, ცოდვა იმდენად სახლდება ადამიანის ნებაში, რამდენადაც ნება ეძლევა და ამიტომ „ნებისყოფის სისუსტეც" ეშმაკისგან მომდინარეობს.

ყოველ ჩვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: მაგრამ თუ ჩემი ნება ცოდვასთანაა შეზავებული, მაშ, ჩემი ნებით როგორ შევებრძოლები საკუთარ თავს, ანუ ცოდვასთან შერწყმული ნება თავის თავს ხომ ვერ დაუპირისპირდება? იმისათვის, რომ ნებისყოფა ცოდვის წინააღმდეგ მივმართოთ, აუცილებელია ისევ და ისევ გავაცნობიეროთ, რომ ცოდვა ჩვენი არსების, ჩვენი ნების ნაწილი არ არის. ეს ცოდნა განგვიმტკიცებს ნებას ცოდვასთან დაპირისპირებისას.

ცოდვილი და სულიერად სწორი ცხოვრება - ორივე მათგანი ადამიანის შიგნით, მის სულში მიმდინარეობს, ცხოვრებისეული გარემო არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს. უკვე ითქვა, რომ ცოდვა არის განმყოფი, გამაცალკევებელი ძალა. მაგალითად, ადამიანებმა ერთმანეთს აწყენინეს, შეურაცხყვეს და განაწყენებულნი ერთმანეთს დაშორდნენ. ეს უბედურებაა, საიდანაც ჩანს, რომ ცოდვა მართლაც ყოფს და გაყოფის შემდეგ უკვე ბატონობს მათზე. ადამიანი ბედნიერებისათვის არის მოწოდებული და უნდა ისწავლოს თავისი ბედნიერებისათვის ბრძოლა უბედურების, ანუ ცოდვის წინააღმდეგ იმ გარემოში, რომელიც განსაკუთრებით ახლობელია მისთვის.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი"

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 121 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]