მთავარი » ფაილები » რელიგია

შვილების დამოკიდებულება დედებისადმი - კეთილდღეობის და დღეგრძელობის საწინდარი განმწმენდი მსხვერპლის საპასუხოდ
2011-03-19, 4:02 PM

„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა". - ამბობს მეხუთე მცნება და ის მცნება განუხრელად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ეს ქვეყანა არსებობს.

კეთილო ძმაო, გინდა, რომ „კეთილი გეყოს შენ?" რა თქმა უნდა გინდა. გინდა, რომ „დღეგრძელი იყო"? რასაკვირველია, გინდა. როგორ მიაღწევ ამას? როგორ და „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა". მაგალითი ფუტკრებისაგან აიღე. „შეხედეთ ფუტკრებს, - ამბობს დეკანოზი ნაუმოვიჩი, - ისინი მაშინაც კი არ მიატოვებენ საკუთარ დედას, როცა მას უკვე აღარაფერი შეუძლია და დაუძლურებული სკის ძირზე ეცემა. ზედ ევლებიან და ყოველი ღონით ცდილობენ აიყვანონ ზემოთ. ერთმანეთს გადაებმებიან, ერთგვარ კიბეს ააწყობენ, რომ დედა ამ კიბით ზემოთ ავიდეს, სადაც მას ყველაზე ბეჯითი მსახურები ელიან. თუ ის ისეა დაუძლურებული, რომ ზემოთ ვეღარ ადის, მასთან რამდენიმე ფუტკარი რჩება თაფლით. ასე კვებავენ დედას, ათბობენ. წარმოიდგინეთ, მაშინაც კი არ მიატოვებენ, როცა მოკვდება. ზედ დაჰფარფატებენ და უნიავებენ, რომ როგორმე გააცოცხლონ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ დედა უკვე მოკვდა, საცოდავი ბზუილით გაეცლებიან იქაურობას".

ყოველივე ამის მაყურებელი უნებურად ფიქრობ: „მოდი გონიერო არსებავ, შეხედე ფუტკარს, ისწავლე მისგან შრომისმოყვარეობა, მომჭირნეობა, შვილებზე ზრუნვა, დედის მოფრთხილება". ჩვენ ხომ ველურები არა ვართ, არც წარმართები და უღვთო ხალხი. ჩვენ ხომ დედაეკლესია მიწყივ გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების პატივისცემას. მაგრამ, სამწუხაროდ, მომსმენი არ არის ხოლმე.

სამწუხაროდ ხშირად შვილებს დედის ცრემლები ქალური მგრძნობიარობის და განუსჯელობის ზედმეტ და ამაო გამოვლინებად მიაჩნიათ. უაღრესად დიდი ცოდვაა ამ ცრემლების არაფრად ჩაგდება (მით უმეტეს - დაცინვა) და უპატივცემულობა. ეს მხოლოდ იმ ადამიანთათვის არის დამახასიათებელი, ვის გულშიც მანკიერებას საფუძვლიანად გაუდგამს ფესვი.

დედა აღზრდის შვილებს და მათ მომავალზე ოცნებობს. როგორ განიცდის და ღელავს, როდესაც მისი შვილი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე გადის, ანდა რაიმე ახალ ნაბიჯს დგამს ამ გზაზე. შვილები ახალგაზრდა ასაკში ხშირად საკუთარი თავის იმედად უფრო არიან ხოლმე, ვიდრე - უფლის, მაგრამ წლებით დაბრძენებული დედა ცრემლებით ლოცულობს უფლის წინაშე მათთვის; მერეც, ცხოვრების გზებზე, სხვადასხვაგვარი სიამეებით რომ ტკბებიან, შვილები ხშირად ივიწყებენ, ვინ არის ყოველგვარი სიკეთის წყარო. ამ დროსაც ისევ დედა აღავლენს შემოქმედის მიმართ მადლიერების ლოცვას შვილების ბედნიერებისათვის. აქაც ისევ დედის ლოცვა გადაარჩენს მის ქარაფშუტა შვილებს; ისევ დედა აძლევს მათ რჩევებს და კურთხევას, თუკი მომსმენი არის.

რა კარგი იქნებოდა, შვილები ძველი ქრისტიანების დარად მშობლის კურთხევის გარეშე არანაირ საქმეს არ იწყებდნენ. ამ კურთხევის ძალა უდიდესია, მოქმედება კი - გადამრჩენი. ეს შვილების კეთილდღეობის გარანტიაა. უგუნურნი არიან ის შვილები, რომლებიც ამას არად დაგიდევენ და დედის რჩევებს ყურს არ ათხოვებენ. მისმა უწმიდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არაერთხელ მოუწოდა შვილებს განსაკუთრებით მოეპყრან დედის კურთხევას; ისიც კი ურჩია, შინიდან გასვლის წინ დედას ხელზე ემთხვიეთ ყოველთვის, რადგან უფლიმიერი მადლი დედიდან შვილზე სწორად ამ გზით გადადისო.

როგორც ვთქვით, დედის გული შვილის ყოველ გასაჭირსა თუ სიხარულზე რეაგირებს, ამიტომ შვილები თავიანთ საწუხარს ყოველთვის უნდა უზიარებდნენ დედებს. მხოლოდ მათს გულში იპოვნიან ისინი სრულ თანაგრძნობას მწუხარებაში, ნუგეშს - თავს დამტყდარ უბედურებებში და გადარჩენას - მის მხურვალე ლოცვაში; ვინაიდან დედის ცრემლები იქნება განმწმენდი მსხვერპლი შვილების საქციელისათვის. ამ ცრემლების გამო უფალი მათ შეიწყალებს. და შვილებმაც ამ მსხვერპლს სათანადო პატივი და მადლიერება უნდა მიაგონ.

ნუ განეშორებით, შვილებო, დედებს! მუდამ გახსოვდეთ, რომ დედებისაგან სიცოცხლით ხართ დავალებულნი; გაიხსენეთ, რა წამებით მოგავლინათ ამქვეყნად; რა წვალებით გაგზარდათ, რამდენ რამეზე უთქვამს უარი თქვენს გამო. გახსოვდეთ ეს ყოველივე და დააჯილდოვეთ იგი ამისთვის. რა შეიძლება იყოს საუკეთესო ჯილდო დედისთვის, თუ არა შვილების სიყვარული. ყოველთვის გახსნილი იყოს თქვენი გული დედისთვის, რათა მასშიც ისევე ნათლად კითხულობდეს ყველაფერს, როგორც საკუთარში. ეს დიდი შვება იქნება თქვენთვის.

შვილი დედას არასოდეს უნდა ივიწყებდეს. ამის ბრწყინვალე მაგალითი თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა. ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა მხოლოდ შვიდი წინადადება თქვა. მათ შორის ერთი იქვე ჯვართან მდგომ თავის უსაყვარლეს დედას უთხრა: „დედაკაცო! აჰა ძე შენი" (იოვ. 19, 27). იოანე მოციქულსაც უთხრა: „აჰა დედაჲ შენი" (იოვ. 19, 27). „ამ სიტყვებში შვილების მხრიდან მშობლებისადმი აუცილებელი მზრუნველობა იხატება. ის, რომელმაც ადამიანებს მისცა მცნება: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა" თავად  ასრულებს მას ბოლო წუთამდე" (წმ. ნიკოლოზ სერბი).

დედის გადამრჩენ ცრემლებზე ხომ ვთქვით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა თქვენთვის მისი სამადლობელი ლოცვები. სიხარულის ცრემლები, რომლებიც მის მადლობით აღსავსე მზერას ავსებს, ზეციურ მამას არანაკლებ შეძრავს, ვიდრე ცრემლი და მწუხარება. თაის უსაზღვრო გულმოწყალების საპასუხოდ უფალი თქვენგან მხოლოდ მადლიერებას და ქრისტიანულ ცხოვრებას ითხოვს.

შვილებო, დედის სახით უფალმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში პატრონი და დამრიგებელი, ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და საცდურებში საიმედო დამცველი დაგიდგინათ. მუდამ გახსოვდეთ, რომ ღვთის მიერ ჩვენთვის დადგენილ მცნებებში უფლისადმი ჩვენი ვალდებულებების შემდეგ პირველ ადგილზე მშობლების პატივისცემის მოთხოვნაა. ამისათვის მოწყალე ღმერთი მიწიერ სიკეთეებს შორის ყველაზე დიდს - კეთილდღეობას და დღეგრძელობას გპირდებათ.

წიგნიდან: „დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 170 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]