მთავარი » ფაილები » რელიგია

შვიდი საეკლესიო საიდუმლო
2011-04-09, 10:08 PM

ეკლესია უფლის სხეულისა. ქრისტიანის ცხოვრებას ხის ტოტს შეიძლება შევადაროთ, რომელიც მანამ ცოცხლობს, სანამ ხეზეა მიბმული. ჩვენ სულიერად ვცოცხლობთ, როცა ვუკავშირდებით წმინდა ეკლესიას. ის გამდმოგვცემს ღვთის სულის მადლს, რომელიც ქრისტეს მოციქულებმა მიიღეს. ეკლესია ევედრება ღმერთს, გადმოვიდეს ჩვენზე ეს მადლი. ეკლესიაში ლოცვის დროს უხილავად მოქმედებს საიდუმლო ძალა ღვთის სულისა. ქრისტიანობაში ჩვენ ვიცით სულ შვიდი საეკლესიო საიდუმლო, ესენია:

1. ნათლისღება
2. მირონცხება
3. ზიარება
4. სინანული, ანუ აღსარება
5. ზეთისცხება
6. მღვდლობა
7. ქორწინება

პირველი საიდუმლო ქრისტიანის ცხოვრებაში ნათლობა. მხოლოდ ნათლობის შემდეგ ვითვლებით ჩვენ ქრისტიანებად. ამიტომ ნათლობა რაც შეიძლება ადრე უნდა შესრულდეს, ჩვეულებისამებრ ჩვილ ბავშვებზე. ამ საიდუმლოს შესრულებისას მონათლულის ნათლიები ბავშვით ხელში, ანთებული სანთლებით დგებიან წყლით სავსე ჭურჭლის წინ, რომელსაც ემბაზი ეწოდება. ისინი აღიარებენ თავიანთ რწმენას და აღუთქვამენ ღმერთს მისი მცნებების აღსრულებას. მღვდელი აკურთხებს წყალს და სამჯერ ჩააყურყუმალავებს ჩვილს, თან ამბობს: „ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ და ძისათა, ამინ და სულისა წმიდისათა, ამინ".

ნათლიები ეკლესიის წინაშე პასუხისმგებელნი არიან მოსანათლის რწმენისათვის, მონათვლის შემდეგ კი, იღებენ მას მფარველობის, პასუხიმგებლობის ქვეშ და განამტკიცებენ რწმენაში.

ნათლობით მიღებული ახალი ცხოვრება გულისხმობს წმინდად ცხოვრებას. საჭიროა სულიერი ძალების შეძენა, მათ კი ყოველი ქრისტიანი იღებს მირონცხებით. ეს საიდუმლო სრულდება ნათლობისას. მღვდელი მონათლულს სცხებს მირონს შუბლზე, თვალებზე, ყურებზე, პირზე, ნესტოებზე, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე. ღვთის სული სახლდება ახალმონათლულის სულსა და სხეულში, განწმენდს მას და აძლევს ახალი ცხოვრებისათვის საჭირო სულიერ ძალებს. ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მღვდელი სამჯერ შემოატარებს მონათლულს ემბაზის გარშემო და ახალი წევრი სამუდამოს შეუერთდება ეკლესიას.

სხეული კვდება, თუ დიდხანს არ მიიღო საკვები, ასევეა სულიც, თუ ის დაშორდება ქრისტიანულ ცხოვრებას და არ მიიღებს სულიერ საკვებს. სულიერად ჩვენ ვიკვებებით ზიარების მიღებით. ეს საიდუმლო სრულდება ლიტურგიაზე. ნაკურთხი პურითა და ღვინით ჩვენ ვიღებთ იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ზიარებისას მღვდელი ამბობს: „ეზიარება მონა ანუ მხევალი ღვთისა (სახელი)". ზიარებით ჩვენ ვუერთდებით თვით ქრისტეს. მღვდელს გამოაქვს ბარძიმი, მორწმუნენი პირჯვარს იწერენ და იმეორებენ ზიარების წინა ლოცვებს. შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდებიან ბარძიმს და ემთხვევიან, მიიღებენ თბილ ღვინოს (სარღვნელს) და სეფისკვერის ნატეხს. ზიარებამდე არ შეიძლება ჭამა და რაიმეს დალევა. ბოლოს მორწმუნენი კითხულობენ ზიარების შემდეგ სამადლობელ ლოცვებს.

იმისათვის, რომ ღირსეულად ვეზიაროთ, საჭიროა წრფელი სურვილი, რათა აღარ შევცოდოთ და სინანული იმ ცოდვებზე, რომლებიც უკვე ჩავიდინეთ. როგორ მოვინანიოთ ეს ცოდვები? ამისათვის დადგენილია სინანულის საიდუმლო ანუ აღსარება. აღსარებისათვის უნდა მოვემზადოთ. ვეცადოთ, გავიხსენოთ ყველაფერი, რითაც შევცოდეთ ღმერთის წინაშე, ახლობლებისა და ჩვენი თავის მიმართ.

ჩვენ უნდა ვთხოვოთ შენდობა ყველას, ვინც გავანაწყენეთ. მღვდელი კითხულობს განსაკუთრებულ ლოცვებს, რომლებსაც „მონანიების კანონი" ეწოდება. მღვდელი ხდება ჩვენი აღსარების მოწმე, ღვთის წინაშე ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს და მღვდელთან ერთად შევთხოვღ შენდობას.

აღსარების დროს ვისმენთ მღვდლის დარიგებას. მერე დავიჩოქებთ, მღვდელი თავზე ეპიტრაქილს გვაფარებს და კითხულობს ლოცვებს, რომლის მეშვეობითაც მოგვეტევება ცოდვები. სული წმიდის მადლით ეს ცოდვები ქრება ჩვენი სულიდან. ყველა ქრისტიანი ზიარების წინ უნდა მივიდეს აღსარებაზე. მაშინაც, როცა სინდისი გვაწუხებს რაიმე ცოდვის გამო. ბავშვებმა აუცილებლად უნდა მოინანიონ ცუდი საქციელი ზიარების წინ.

სინანულის საიდუმლოსთან ახლოს დგას ზეთისცხების საიდუმლო. ის სრულდება ძირითადად ავადმყოფებზე და წელიწადში ერთხელ ყველა ადამიანზე. ღვთის სულის უხილავი მადლით მოგვეტევება ცოდვები და განვიკურნებით სულიერი და ხორციელი ტკივილისაგან. ზეთისცხების საიდუმლოს შესრულების წესი ასეთია: თავდაპირველად იკურთხება ზეთი, შემდეგ ნაკურთხ ზეთს წაუსვამენ ავადმყოფს და ყველა დამსწრეს. ზეთისცხებამდე იკითხება ნაწყვეტები მოციქულთა წერილებიდან, მღვდელი კითხულობს განსაკუთრებულ ლოცვას და ნაწყვეტებს სახარებიდან. ეს მღვდელთმსახურება სრულდება რამდენიმე მღვდლის მონაწილოებით.

საიდუმლოებები: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, სინანული და ზეთისცხება ყველა ქრისტიანის ცხოვრების ნაწილია. ამათ გარდა დაწესებულია კიდევ ორი საიდუმლო, რომლითაც იკურთხებიან განსაკუთრებული ცხოვრების გზის არჩევისას. მღვდლობის საიდუმლო სრულდება იმ ადამიანზე, რომელი მღვდელმსახურო ხდება და იღებს განსაკუთრებულ მადლს. ღვთისმსახურთათვის არსებობს იერარქია ანუ დაწინაურებული ხარისხი. ყველაზე მაღალი ხარისხის საფეხურზე დგას ეპისკოპოსი, რომელიც სახარების მემკვიდრედ გვევლინება. ეპისოკპოსები მართავენ ეკლესიას და შეუძლიათ ყველა საიდუმლოს შესრულება. ეპისკოპოსი შეიძლება იყოს: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი და პატრიარქი. მეორე საფეხური არის მღვდელი, რომელიც ყველა საიდუმლოს ასრულებს, გარდა მღვდლის კურთხევისა. ბოლო ხარისხია – დიაკონი. მას საიდუმლოებების შესრულება არ შეუძლია, იგი ეხმარება მღვდელს.

მღვდლობის საიდუმლოს შესრულებისას, ეპისკოპოსი ლიტურგიის დროს მომავალ მღვდელს განსაკუთრეულ ლოცვებს უკითხავს. მღვდელს საჭირო სამოსით შემოსავენ. მღვდელმსახურები თავიანთ სიცოცხლეს ღვთის მსახურებას უძღვნიან. მათ დიდი მადლი გადმოეცათ თვით უფალ იესო ქრისტესაგან და ჩვენ განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით უნდა მოვეპყრათ მათ.
მეშვიდე საიდუმლო არის ქორწინება. უფალი აკურთხებს ქალსა და მამაკაცს, როცა ისინი ქრისტიანულ ოჯახს ქმნიან. ეს საიდუმლო ასე სრულდება: საქმრო და საცოლე ბეჭდებს ცვლიან და დაქორწინების სურვილს გამოთქვამენ. მღვდელი სამჯერ აკურთხებს და სამჯერ შემოატარებს მათ ანალოღიის ირგვლივ. საქმრო და საცოლე დგანან ანთებული სანთლებით ხელში და მათ თავზე გვრიგვინები უჭირავთ მეჯვარეებს. ქრისტიანული ქორწინება წმინდაა, ამიტომ გაყრა არ არის დაშვებული, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, როცა დაირღვევა ცოლ-ქმრული ერთგულება.

საბავშვო საეკლესიო კალენდარი. 2002
კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 164 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]