სექსუალური აღზრდა თუ აღვირახსნილობა?! სექსუალური რევოლუცია მოზარდი „განმანათლებლების“ ხელმძღვანელობით?!
2011-04-09, 9:56 PM

არაერთი სტატია დაიწერა სქესობრივი აღზრდისადმი ფრთხილი მიდგომის მნიშვნელობის შესახებ, მიუხედავად ამისა საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პედაგოგიური საზოგადოებისაგან ფარულად საკმაო ხანია ახორციელებს მცირე, სასინჯ პროექტებს, რათა მომზადდეს უფრო დიდი პროექტები, რომლებიც მალე უკვე მთელი საქართველოს ახალგაზრდობას მოიცავს. ამ პროექტთაგან ყველაზე დიდი, მისი გაცნობა შეიძლება ინტერნეტით საიტზე: http://www1.theglobalfund.org, სასწავლო დაწესებულებებში 2007 წლამდე ახალგაზრდობის 90%-ში უსაფრთხო სექსის ჩვევების დამკვიდრებას ისახავს მიზნად, სკოლაში „სასიცოცხლო უნარების სწავლება" განხორციელდება 240 სკოლაში, დარიგდება 250 000 ათასი ბუკლეტი, ხოლო 400 პედაგოგი ტრენინგის კურსებს გაივლის; ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც პრეზერვატივებს მუდმივად ხმარობენ, უნდა გაიზარდოს 60%-მდე. პროექტის მასალები ასევე გავრცელდება ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილებში და მასმედიით (პროექტის საწყის ეტაპზე „გლობალური ფონდის" დაფინანსებით გამოცხადებული ტენდერის მიზნები ასევე დაბეჭდილია გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა", 18 მარტი 2004 წელი).

შიდსის პრევენციის მიზნით დაგეგმილი ამ პროექტის წამყვანი სტრატეგია ახალგაზრდების თანატოლების უსაფრთხო სექსში მწვრთნელებად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად - უმაღლესი სასწავლებლების 600 სტუდენტი და 180 ლტოლვილი ახალგაზრდა თანატოლებს ტრენინგებზე მიღებულ თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას ფონდიდან მიღებული გასამრჯელოს საფასურად გაუზიარებს. რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელების, ისე მსმენელი ახალგაზრდობის ყურად- ღება, ნაცვლად სწავლისა და შემეცნებისა, გადატანილ იქნება სქესობრივ აქტივობაზე.

ასევე დამაფიქრებელია პროექტის მეორე სტრატეგიული მიმართულება - პედაგოგების მომზადება, რათა ბავშვებს ინფორმაცია საკლასო ოთახებში მიაწოდონ.

საზღვარგარეთის ქვეყნებში მიჩნეულია, რომ ინტიმურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს და შიდს-ის თუ ადრეული ორსულობის პრევენცია უპირატესად მხოლოდ მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში მდგომარეობს, თუ როგორ მოახდინონ სქესობრივი აღზრდა. საგანმამათლებლო პროექტები უპირატესად მხოლოდ თავშეკავების პროპაგანდას ახდენენ და არა კონკრეტული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების რეკლამას (პრეზერვატივების რეკლამაც ასევე კანონით მკაცრად რეგლამენტირებულია აშშის ბევრ შტატში). თანატოლების მიერ სქესობრივი განათლება ამ სფეროში საწინააღმდეგო, მავნე სტრატეგიად არის მიჩნეული.

საქართველოში დაგეგმილი პროექტის მიხედვით, ახალგაზრდებს, 18 ცენტრის საშუალებით, უფასოდ მიაწოდებენ 30000 პრეზერვატივს. პროექტის განაცხადიდან ჩანს, რომ 2002 წელს პროექტის ერთ-ერთმა წარმდგენმა ორგანიზაციამ საქარ- თველოში 204 000 დოლარი მხოლოდ პრეზერვატივების სარეკლამო კომპანიაზე დახარჯა (გვ. 20). სრულიად აშკარაა, რომ პროექტის აქცენტი უსაფრთხო სექსსა და პრეზერვატივებზეა გადატანილი. საზღვარგარეთ თავშეკავება, ქორწინების გარეშე კავშირებზე, ითვლება ერთადერთ, 100-% გზად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაცვისა. ცნობილია და ნაკლებად აქცენტირებულია, რომ პრეზერვატივები იძლევა მხოლოდ 10-დან 9 შემთხვევაში დაცვას. ამდენად, შიდს-ის ან სხვა დაავადების გადაცემის ალბათობა საკმაოდ დიდია. ასევე მავნებელია ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომლებიც ქალის ორგანიზმის ნგრევას იწვევს. ამდენად, საქართველოში ახალგაზრდობისთვის იმ ილუზიის შექმნა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებანი ჯანმრთელობისთვის უვნებელია, მათი არასწორი ინფორმირებაა.

მეორე ანალოგიური პროექტი - „გურიის მოზარდების რეპროდუქტიული ჯანმრთელობა" გულისხმობს: „მოზარდებში ინფორმირებული, სექსუალური ჯანმრთელობის არჩევნის გაკეთების უნარის" გავარჯიშებას, სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დაცვასა და პასუხისმგებლობის განვითარებას" (http://www.careusa.org/careswork). აქაც მასშტაბები საკმაოდ დიდია - პროექტი ჯერ 2800 ახალგაზრდას შეეხება, შემდეგ კი უკვე 12000 ახალგაზრდას მიაწოდებს მასალებს სქესობრივ უფლებებსა და არჩევანზე სამი წლის განმავლობაში. ამ პროექტის მიხედვით, ახალგაზრდობას წამყვანი როლი ეკისრება საკუთარი რეპროდუქციული უფლებების დაცვაში. როგორც ვხედავთ, გეგმა აქაც ორმაგ საფრთხეს უმზადებს ჩვენს ახალგაზრდობას. მოზარდებს უკვე უფროსები კი არ ურჩევენ უსაფრთხო სექსს, არამედ, ხშირად ჯერ კიდევ დაუქორწინებელი ახალგაზრდა უნდა გახდეს სექსუალური თავისუფლების, ოჯახის ხელოვნური დაგეგმარების მქადაგებელი, ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის პირას მყოფ საქართველოში. ჩვენთან უკვე დიდი ხანია სიკვდილიანობა ჭარბობს მშობიარობას, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაცვლად ოჯახის შექმნისა ან მრავალი შვილის გაჩენისა საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს, რათა საკუთარი თავი, მეუღლე ან ერთი შვილი მაინც არჩინოს. საქართველოში დარჩენილი ნაწილისთვის, კი როგორც ჩანს, სექსუალური ინსტრუქტორების კარიერაა ნავარაუდევი.

ორივე პროექტში მთავარ სტრატეგიას წარმოადგენს თანატოლებისთვის უსაფრთხო სექსისადმი ბიძგის ახალგაზრდობის მხრებზე გადატანა. როგორც ვხედავთ, საქართველოში დაგეგმილ პროექტთა განაცხადებში თავშეკავების ხსენებაც კი არ არის, არც ის ზნეობრივი ნორმებია ნახსენები, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული ტრადიციული მენტალიტეტი ეყრდნობა, მთავარი აქ ე.წ. „უსაფრთხო სექსის" ჩვევების დამკვიდრებაა და თანაც ახალგაზრდების საშუალებით.

სოციოლოგიური კვლევები ადასტურებენ: რომ ნაადრევ სქესობრივ ურთიერთობებში ნაკლებ ერთვებიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც:

ა) აფრთხილებენ ქორწინებამდელი სექსის არასასურველობის შესახებ;
ბ) როცა მოზარდი ესწრება წირვა-ლოცვას ეკლესიაში;
გ) როდესაც მოზარდს მშობლების მიერ მიეწოდება ინფორმაცია სქესობრივი ურთიერთობების შესახებ,
დ) ასევე თუ მოზარდი იმყოფება მშობლის ყურადღების ქვეშ, ჩართულია სპორტულ ან სკოლისგარეშე სხვა აქტივობაში, აქვს სწავლის ინტერესი.

ამდენად, თუ მართლა გვსურს, ახალგაზრდობა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდეს, სახელმწიფომ ან დაინტერესებულმა ორგანიზაციამ მოზარდი ზემოთ აღნიშნული პირობებით უნდა უზრუნველყოს. ამდენად, ზემოთაღნიშნული პროექტებით უსაფრთხო სექსის პროპაგანდაზე გათვალისწინებული თანხა უმჯობესია ამ მიმართულებით წარიმართოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ეს პროექტები დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს პედაგოგიურმა და სამედიცინო საზოგადოებამ. დროა განათლების სამინისტროსთან ამოქმედდეს ან შეიქმნას პედაგოგიური კოლეგია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებს დაუქვემდებარებს ეროვნულ ინტერესებს და არა ცალკეული ჯგუფების კომერციულ თუ პროგრესისტულ ექსპერიმენტებს.

„გლობალური ფონდის" დაფინანსებით ქვეყნის სამ რეგიონში ახალგაზრდობის 75%-ს ხომ უკვე მიუღია ინფორმაცია შიდსის შესახებ; 2400 ახალგაზრდას შეუძენია „სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისათვის" საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, 12-15 წლის 4 500 ბავშვს გაუღრმავებია ცოდნა აივ/შიდს-ის შესახებ (გაზეთი "ახალი განათლება" 2004 წელი 17 მარტი, გვ. II).

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საგანმანათლებლო პროგრამები ეკლესიის, სამედიცინო და პედაგოგიური საზოგადოების ზედამხედველობით, აქტიური მონაწილეობით უნდა წარიმართოს და დაეყრდნოს ქართველი ხალხის საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას და არა გაურკვეველი წარმოშობის ექსპერიმენტულ მოდელებს, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჯერ წესიერად აპრობირებულიც კი არ არის.

თუ განათლების ცენტრალური ან ადგილობრივი ორგანოები მომხრე იქნებიან ამ პროექტების დაწყებისა ან ვერ გააკონტროლებენ მსგავსი პროექტების განხორციელებას სასწავლო დაწესებულებებში, მშობლებს, სკოლებს, სამეურვეო საბჭოებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათ შვილებს სკოლაში არ ასწავლიდნენ ან არ უბიძგებდნენ რწმენის საწინააღმდეგო ქმედებას, რადგან ბიძგი ქორწინების გარეშე კავშირებისადმი ცოდვის, გარყვნილებისადმი მოწოდებას წარმოადგენს.

საქართველოში ოჯახისა და ქორწინების სიმტკიცეზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, მაგრამ კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის იძლევა შესაძლებლობას, ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდობის მომავლის განსაზღვრაში. ამიტომ ბევრი რამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რაიონულ განათლების საბჭოებსა და სასკოლო სამეურვეო საბჭოებში სასულიერო პირებისა და მრევლის აქტიური ნაწილის პირად ინიციატივაზე იქნება დამოკიდებული.

გიორგი ყიფიანი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის
სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი"
კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 894 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]