„საქართველოში ნახევრად ქართველი და უფრო უკეთესი გერმანელი გავხდი“
2011-03-25, 7:47 PM

უკვე ორი წელია, რაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქართულ საგალობლებს დიდი სიყვარულითა და რუდუნებით გალობს ეროვნებით გერმანელი, ყოფილი პროტესტანტი, ამჟამად კი მცხეთელი მართლმადიდებელი, იულიანე რაბიუსი. ის თავის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გერმანიიდან საქართველოში სწორედ მაშინ ჩამოვიდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს უამრავი ქართველი ახალგაზრდა ტოვებდა. მალე მთელი ოჯახი მართლმადიდებლური წესით მოინათლა; იულიანემ და პაულამ ჯვარი ეკლესიაში დაიწერეს და შვილების მართლმადიდებლურ და ქართულ-გერმანულ ტრადიციებზე აღზრდას შეუდგნენ. მათ მესამე შვილს, რომელიც საქართველოში დაიბადა, „ვეფხისტყაოსნის" გმირის პატივსაცემად, ფრიდონი დაარქვეს.

- იულიანე, რა გახდა თქვენი ოჯახის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი?

- საქართველოში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად 1996 წლის ივლისში ჩამოვედი და გომბორის უღელტეხილთან ახლოს, სოფელ ვერონაში სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით. მეც და ჩემი მეუღლე პაულაც დასავლეთ გერმანიაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, საქართველოში წამოსვლამდე კი ქალაქ ქასელში ვცხოვრობდით. ორივეს ყოველთვის გვინდოდა ბუნებასთან ახლოს ყოფნა და ამიტომ ქალაქური ცხოვრება მალე მოგვწყინდა. გერმანიაში მიწის ყიდვა ძნელია, ამისათვის ძალიან დიდი თანხები გვჭირდებოდა, ამიტომ, გადავწყვიტეთ უცხოეთში წასვლა. თავიდან არ ვიცოდით, სად გავემგზავრებოდით, თუმცა უფრო აღმოსავლეთ ევროპა გვაინტერესებდა. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე დასავლეთ გერმანიაში გავიზარდეთ და ჩვენთვის აღმოსავლეთ გერმანია დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო. მუდამ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ თითქოს აღმოსავლეთი ნაწილი გვაკლდა. საქართველოს შესახებ ინფორმაცია წიგნების საშუალებით მივიღე, მაშინ გავეცანი ქართულ საგალობლებს, ვნახე თქვენი ეკლესიების სურათები და ყოველივე ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ საქართველოში მეუღლესთან ერთად გამომგზავრების გადაწყვეტილება მივიღე.

- საქართველოში ჩამოსვლისას როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება?

- თბილისში ხალხი იმ დროს ძალიან მძიმე სიტუაციაში ცხოვრობდა. შუა ზაფხულში ჩამოვედით, ბინა რუსთაველზე „ლაღიძის წყლების" თავზე ვიქირავეთ და ერთ თვეში უზარმაზარი თანხის გადახდა მოგვიწია. სიძვირე იყო, თან ჰაერი არ მოძრაობდა, მხოლოდ მანქანების გამონაბოლქვის სუნთქვა შეგვეძლო. გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად ისეთ ადგილას გადავსულიყავით, სადაც ხმაურის ნაცვლად, სიწყნარე, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემო იქნებოდა. ასეთი გომბორის უღელტეხილის ახლოს მდებარე სოფელი ვერონა აღმოჩნდა. სოფელში, პატარა სახლში ვცხოვრობდით. იქაურებისგან მესაქონლეობა შევისწავლეთ. პატარა მეურნეობა მოვიწყვეთ. ერთი პერიოდი ძეგვის ბავშვთა სახლთან ვთანამშრობლობდით, მასთან ახლოს მდებარეობს სოფელი კარსანი, სადაც ძეგვის ბავშვთა სახლს თავისი მეურნეობა აქვს მოწყობილი. ვერონიდან ორი ძროხა, ერთი ცხენი ჩამოვიყვანეთ, კარსანში დავსახლდით და ძეგვის ბავშვთა სახლთან თანამშრომლობა დავიწყეთ. შემდეგ გავიცანი მამა ლაზარე, რომელიც ქაშუეთსა და სამთავროში მოღვაწეობს. ის გერმანული ენის სპეციალისტია და ამან დიდი როლი შეასრულა ჩემი ოჯახის ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებაში. დღემდე მამა ლაზარეს აღსარებას გერმანულად ვაბარებ და, შეიძლება ითქვას, რომ ამით მან ქართულ და გერმანულ ენებს შორის დამაკავშირებელი ხიდი გადო. მალე საცხოვრებლად მცხეთაში გადმოვედით, საპატრიარქოსთან არსებულ სასულიერო გიმნაზიასთან ახლოს სახლი ვიყიდეთ, კარსანიდან საქონელი ჩამოვიყვანეთ და მეურნეობაც მოვაწყვეთ (იღიმება).

- როდის გადაწყვიტეთ მართლმადიდებლური წესით მონათვლა?

- მამაჩემი პროტესტანტი მღვდელია და ამიტომ პროტესტანტულ-ლუთერანულ ტრადიციებზე გავიზარდე. ქრისტიანად დავიბადე, მაგრამ არასწორი კონფესიის მიმდევარი ვიყავი. ახალგაზრდობაში დიდი ეკლესიური ცხოვრებით არ გამოვირჩეოდი, ხოლო 22 წლის ასაკში, როდესაც მივხვდი პროტესტანტულ-ლუთერანული ეკლესია რეალურად სუსტი და მწირი იყო, იქ დარჩენა უაზრობად მივიჩნიე და ეკლესიიდან გამოვედი. დღეს კი მივხვდი, რომ ჩემს ქრისტიანობას მაშინ საფუძველი არ ჰქონდა. მართლმადიდებლობას არ ვიცნობდი, ის მხოლოდ საქართველოში გავიცანი. ერთხელ შავნაბადას მონასტერში სტუმრად ვიყავი. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ხოლო მამა ლაზარეს გაცნობამ და იმან, რომ მშობლიურ ენაზეც შემეძლო მასთან საუბარი და მართლმადიდებლობის წიაღში ჩაწვდომა, საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი მონათვლა. ოთხი წლის წინ, მაისის თვეში მთელი ოჯახი მოვინათლეთ მდინარე არაგვში მართლმადიდებლური წესით.

- ამის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში რა ცვლილებები მოხდა?

- ჩვენი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, გარეგნულად არ გვემჩნეოდა, რადგან ჩვეული საქმიანობა განვაგრძეთ, მაგრამ ეკლესიურები გავხდით, ჯვარი დავიწერეთ. სხვათა შორის, საქართველოში ნახევრად ქართველი და უფრო უკეთესი გერმანელი გავხდი.

- როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის დროს გალობთ. რამ გამოიწვია ქართული საგალობლებით თქვენი დაინტერესება და მიუხედავად იმისა, რომ ქართულად კარგად საუბრობთ, გალობა ხომ არ გიჭირთ?

- საგალობლების ტექსტის მხრივ პრობლემები მაქვს, სწრაფად ვერ ვკითხულობ, ამას ემატება ჩემი აქცენტი (იღიმება)... რაც შეეხება მუსიკას, ამ მხრივ, არ მიჭირს, რადგან დიდი ხანია, რაც მუსიკით ვარ დაინტერესებული. ერთი პერიოდი შვეიცარიაში კომპოზიციას ვსწავლობდი. ახალგაზრდობაში მინდოდა, კომპოზიტორი გამოვსულიყავი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო (კლასიკური მუსიკის შესწავლა გვიან დავიწყე), ვერ გავხდი. ქართული გალობა უნიკალურია, მას ცოცხალ ღვთისმსახურებასთან ერთად ადამიანის ცხოვრებაში ისეთი ამაღლებული ადგილი უკავია, რაც არც ერთ მუსიკას არ შეუძლია. აქ არავინ ფიქრობს პრესტიჟზე. მას კომერციული, პოპულარობის დატვირთვა არ გააჩნია, რაც ადამიანის მუსიკასთან ურთიერთობას ძალიან ართულებს.

- პირველად როდის იგალობეთ და რას გრძნობს ადამიანი გალობის დროს?

- ქართულ საგალობლებს მანამდე გავეცანი, სანამ გალობას დავიწყებდი. ძეგვის ბავშვთა სახლში ბავშვებთან ერთად მალხაზ ერქვანიძესთან გავიარე გალობის გაკვეთილები. შემდეგ მცხეთელ მგალობლებს დავუახლოვდი. სამთავროს დედათა მონასტერში გუნდთან სტუმრად ვიყავი და საგალობლებს ვსწავლობდი. ორი წლის წინ კი, როდესაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მეუფე ზენონი გახდა, საგალობლები უკვე ვიცოდი და მცხეთელებთან ერთად დავიწყე გალობა.

- რომელიმე საგალობელი გამორჩეულად თუ გიყვართ?

- სვეტიცხოვლის ტაძარში ორი გუნდი გალობს: ერთი ხალხური ანსამბლის „ფესვების" წევრები, მეორე კი - ჩვენ, მცხეთელები. ჩვენ აქცენტი კარბელაშვილების ქართულ-კახურ კილოზე გვაქვს გადატანილი, რომელიც ყოველთვის სვეტიცხოვლის კილოდ ითვლებოდა. დღეს ფიქრობენ, რომ ამ ტაძარში ამ კილოს ძირითადი სკოლა იყო, საიდანაც მთელ ქართლ-კახეთში გავრცელდა. XIX-XX საუკნეებში ძმები კარბელაშვილების ნოტებზე დაწერილი საგალობლების სწავლით გვსურს ეს კილო აღვადგინოთ. დღემდე არსებობს გელათის, შემოქმედის კილოები და ასე შემდეგ. ჩვენთვის, მცხეთელებისთვის, კარბელაშვილების კილო განსაკუთრებით საყვარელია. ის არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოსთვის, არამედ ჩემთვის, გერმანელისთვისაც უფრო ახლოს დგას (იღიმება).

- ქართულ ტრადიციებს როგორ შეაფასებდით?

- ქართული ტრადიციების დიდი ნაწილი ქრიატიანული, მართლმადიდებლურია და ისინი დროთა განმავლობაში ეროვნულ, ხალხურ ტრადიციად გადაიქცნენ. საქართველოში ოჯახს, როგორც ინსტიტუტს, დიდ პატივს სცემენ. მრავალშვილიანობა, ეკლესიურობა, მანდილოსნის პატივისცემა, სიმღერა, გალობა - ყოველივე ეს ქართულ ტრადიციებში არსებობს. ჩემი გაგებით, ქართველები ყოველთვის მარტივად ცხოვრობდნენ: მიწას ამუშავებდნენ და თავის ენერგიას ეკლესიების შენებასა და მათ დაცვას ახმარდნენ. ძალიან მომეწონა ქართული კერძები (იღიმება), თამადობის ინსტიტუტი, ოღონდ თამადა აქტიური ქრისტიანი უნდა იყოს, რომ სუფრა ღრეობაში არ გადაიზარდოს. რომ ამბობენ, ქართული სუფრა აკადემიააო - მართალია; ის ხომ ღვთისმსახურების ხალხური გამეორებაა.

- იულიანე, საქართველოში საცხოვრებლად სამუდამოდ რჩებით?

- აუცილებლად დავრჩები, აქედან არსად წავალ. გერმანიაში მართლმადიდებლობა არ არის, იქ რა მინდა (იცინის). რაც შეეხება ბავშვებს, ისინი თვითონ გადაწყვეტენ, სად იცხოვრონ, თუმცა ქართულ ტრადიციებზე უფრო იზრდებიან, ვიდრე გერმანულზე. აქ განსაკუთრებული მადლი ტრიალებს. ადამიანი, მით უმეტეს, ქართველი, ყველანაირად უნდა ცდილობდეს, ისე იცხოვროს, რომ თავისი წინაპრების ღვაწლი გააგრძელოს. უფალს კი მადლობა უნდა შევწიროთ იმისთვის, რომ საქართველო, ქართველი ერი, ეკლესია და ეროვნული ტრადიციები დღემდე შემოგვინახა და დაიცვა.

ნათია უტიაშვილი
ჟურნალი „თბილისელები", № 43, 2004 წ.

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 977 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]