მთავარი » ფაილები » რელიგია

როდის არ ისმენს უფალი დედის ლოცვას
2011-03-19, 4:04 PM

ზოგჯერ ხდება ისე, რომ უფალი დედის გულმხურვალე ლოცვას არა და არ ისმენს. ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ძირითადად ამსოფლიური სიბრძნით და ლოგიკით ვხელმძღვანელობთ, მიწიერი კანონებით ვსჯით და გვავიწყდება, რომ არსებობს უფრო დიდი უფლისმიერი სიბრძნე, ლოგიკა და სამართალი - სამწუხაროდ, ხშირად მიუწვდომელი და მიუღებელიც კი ჩვენი ხორციელი ბუნებისათვის.

საქმე ის გახლავთ, რომ უფალმა, როგორც გულთამხილავმა და ყოვლისმცოდნემ კარგად უწყის თითოეული ჩვენგანის არა მხოლოდ გულის ზრახვანი, არამედ ისიც, თუ რას ჩავიდენთ მომავალში. ამიტომ მომავალი დაღუპვისაგან გადასარჩენად ადრე ასაკში წაიყვანს ხოლმე ადამიანს, რის გაგება და მიღება, ბუნებრივია, ძალზე ძნელია; განსაკუთრებით კი - დედისათვის. აი, რამდენიმე ტკივილიანი ისტორია.

 

გონივრული და უგუნური ლოცვები

შვილთათვის ლოცვა, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოცვა, შეიძლება გონივრულიც იყოს და უგუნურიც, იაკობ მოციქული ამბობს: „ითხოვთ, და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ" (იაკ. 4, 3).

რა უნდა ითხოვონ მშობლებმა უპირველეს ყოვლისა?

ნათელია, რომ მათი უპირველესი მისწრაფება შვილის ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის ცოცხალ წევრად აღზრდა უნდა იყოს. ამ სურვილს უფალი თავის დროზე შეუსრულებს, თუმცა ამ დროის ცოდნა საჭირო არ არის. ზოგჯერ უფალს ყმაწვილები ხსნისკენ პირდაპირი გზით მიჰყავს, დროებით განსაცდელებს და გზიდან გადაახვევებსაც კი უშვებს. მშობლებმა ასეთ დროს იმედი არ უნდა დაკარგონ და უფრო ძლიერად უნდა ევედრონ არსთა გამრიგეს.

წმიდა მამები ამბობენ: „ქრისტიანის გარეგან ბედზე სიფრთხილით ილოცეთ". ეს ბავშვის გამოჯანმრთელებისათვის მშობელთა ლოცვასაც ეხება. როცა უფალს სურს მშობლები მომავალი მწუხარებისაგან იხსნას, შვილს ადრეულ ასაკში ართმევს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მათ ღვთის განგებისადმი მორჩილება მართებთ. ავადმყოფი ბავშვისათვის ლოცვა კი ყოველთვის გეთსიმანიის ბაღში უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვებით დაასრულონ: „ხოლო ნუ ნება ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ" (ლუკ. 22, 42).

ამასთან დაკავშირებით ასეთი მონათხრობი გავიხსენოთ:

ერთი დედა, რომლის ორივე ვაჟიშვილი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, მათი გამოჯანმრთელებისათვის დაუცხრომლად ლოცულობდა, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა სიზმარში მათი მომავალი აუწყა. მან ისინი ერთ ფუნდუკში შეზარხოშებულ საზოგადოებაში მოქეიფენი იხილა. ბიჭებმა ჩხუბი ატეხეს და ერთმანეთს დანებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

ამიტომ ბავშვის სასიკვდილო ავადმყოფობისას სასოწარკვეთილებას ნუ მივეცემით. მაგალითი მეფე დავითისაგან ავიღოთ. მთელი კვირა ლოცულობდა და არაფერს ჭამდა მეფე. „ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს ბავშვი" (2 მეფ. 12-22). - ამბობდა იგი, მაგრამ როცა შვილი გარდაეცვალა, დამშვიდდა და ჭამა დაიწყო. თავისი საქციელი კი გარშმომყოფთ ასე აუხსნა: „ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორც შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავად მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება" (2 მეფ. 12, 23).

მშობელთა ლოცვების მიუხედავად, ღვთის განგებით, ბავშვთა დაღუპვაზე მეტად მისი სასწაულებრივი გადარჩენის შემთხვევები არსებობს. მშობელთა ლოცვას ღვთის წინაშე განსაკუთრებული ძალა აქვს, რადგან ძლიერი სიყვარული მხურვალე ლოცვას შობს. მხურვალე ლოცვა კი შეუსმენელი არ რჩება ხშირად მაშინაც, როცა სათხოვარზე უარის თქმა უკეთესიც კი იქნებოდა.

ამის დასადასტურებლად ასეთი ამბავი არსებობს:

მოსკოველი აზნაურის ოჯახში ფიცის გატეხვის მძიმე ცოდვის გამო არა მარტო შვილი, არამედ მთელი მისი მოდგმა დაისაჯა. აზნაურთა ამ გვარის ყველა მამაკაცი ან თავს იკლავდა, ან ჭკუაზე იშლებოდა. თითქოს მათზე წმ. წერილის ეს სიტყვები აღსრულდა: „მე ვარ უდალი, ... შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში. ათასწილი სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის" (გამ. 30, 5-6).

ბავშვის სასიკვდილო ავადმყოფობისას აზნაურის ერთ-ერთი ქალბატონი მხურვალედ ლოცულობდა ოჯახის სათაყვანებელი წმინდანის ხატის წინაშე და ვაჟის გადარჩენას ევედრებოდა. გამთენიისას სიზმარში ნახა, რომ წმიდანი ხატიდან გადმოვიდა და უთხრა: „უგუნურია შენი ლოცვა, რადგან არ იცი, ვინ გამოვა ბავშვი. მაგრამ, თკი ასე ითხოვ, იყოს შენი ვედრებისამებრ".

ბიჭი გამოჯანმრთელდა, გაიზარდა, მაგრამ მისი ცხოვრება დედას საწყევრად ექცა.

„ჯანმრთელობა ღვთის ჯილდოა", - ამბობდა სერაფიმე საროველი. თუმცა ის ყოველთვის არ არის სასარგებლო. როგორც ყოველგვარ სატანჯველს, ავადმყოფობას სულიერი ბიწისაგან განწმენდის ძალა აქვს. ის განაქარვებს ჩვენს ცოდვებს, არბილებს და ამდაბლებს სულს, გვაიძულებს დავფიქრდეთ, ვიგრძნოთ საკუთარი უძლურება და უფალი გავიხსენოთ. ამიტომ ავადმყოფობა ჩვენც გვჭირდება და ჩვენს შვილებსაც.

„ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენს დროში მოსმენილისა და ნანახისაგან ზიანს პატარებიც იღებენ. ამიტომ აუცილებელია განწმენდა, რომელიც ტანვჯის გარეშე ვერ მოხდება. სულიერი განწმენდა კი უმეტესად ხორციელი ტკვილის მეშვეობით ხორციელდება... დააკვირდით: განა ძუძუმწოვარა ჩვილების კი ტანჯვითა და ავადმყოფობით არ გადადიან მომავალ ცხოვრებაში?" - წერს წმ. ამბროსი ოპტინელი.

მართალია, ძნელია ბავშვის ავადმყოფობას უყურო, მაგრამ ამაში ხშირად თავად ჩვენ ვართ დამნაშავე.

ერთხელ ამბროსი უპტინელთან ეშმაკეული ბავშვით ხელში ერთი გლეხი მივიდა და განკურნება სთხოვა.

- სხვისი აგიღია? - მკაცრად ჰკითხა ბერმა.

- ამიღია, შევცოდე, მამაო! - უპასუხა გლეხმა.

- აი, შენი სასჯელიც! - უთხრა წმიდა ამბროსიმ და უბედურ მამას გაშორდა.

უდანაშაულო ბავშვთა ტანჯვას ეპისკოპოსი წმ. ნიფონტი ასე ხსნის: „ერში მცხოვრებთაგან მრავალნი ცოდვებს არ ინანიებენ და სულზე არ ზრუნავენ. ამ მიზეზით უფალი სხვადასხვა უბედურებით სჯის როგორც მათ, ასევე შვილებს, რომ შვილთა ავადმყოფობით მშობელთა უსჯულოება განწმინდოს და სინანულად მოაქციოს ისინი, რომ შედმეგ თავის საშინელ სამსჯავროზე გაამართლოს...

იცოდე, უცოდველი ჩვილი იმისთვის იტანჯება, რომ ტყუილუბრალო სიკვდილით უხრწნელი ცხოვრება მიიღოს, ხოლო მშობლები მათი ტანჯვის გამო კეთილგონიერებისა და ჭეშმარიტი სინანულის ღირსნი გახდნენ".

ხშირად ბავშვის გამოჯანმრთელება მშობელთა სინანულს მოსდევს. უნდა გვახსოვდეს, რომ შვილთა ბედნიერება და ხსნა პირველ რიგში ჩვენზე, მშობლებზეა დამოკიდებული. საქმით დავამტკიცოთ ჩვენი სიყვარული მათდამი და ღვთისადმი მხურვალე ლოცვა აღვავლინოთ, რომ მათი სულიერი აღზრდისათვის სიბრძნე მოგვმადლოს, რამეთუ მეფსალმუნის თქმით - „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძენებ მხუმილნი მისნი" (ფს. 126, 1).

 

„დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისათვის..."

ხშირად ჩვენ არ ვიცით, რა უმჯობესია ჩვენთვის: სიცოცხლე თუ სიკვდილი, ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა, კეთილდღეობა თუ სიღატაკე. ყველაფერი ღვთის ნებაა, თუნდაც ეს ჩვენ არ გვესმოდეს, მაგრამ ადამიანს ყოველთვის არ უნდა რეალობის მიღება.

ერთ შემთხვევას გიამბობთ:

ერთ მდიდარ პეტერბურგელ ქალს ერთი წლის ბიჭი ჰყავდა. ერთხელ ბავშვი ავად გახდა. აღარაფერი შველოდა. ფაქტიურად ბავშვის ბედი გადაწყვეტილი იყო. მაშინ დედამ მოძღვარ იოანე კრონშტადტელს სთხოვა, ელოცა მისი მომაკვდავი შვილის გამოჯანმრთელებისათვის. ბერმა წირვა აღავლინა. დედის საბედნიეროდ ბავში გამოკეთდა.

გადიოდა წლები... დედა ტკბებოდა შვილის ცქერით. მეცხრამეტე წელში რომ გადადგა, ვაჟს ქალიშვილი შეუყვარდა. მან კი არ უპასუხა მის გრძნობას. ვაჟი დეპრესიაში ჩავარდა, ძლიერ განიცდიდა უპასუხო სიყვარულს, ბედს ვერ ეგუებოდა, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა - ქალიშვილმა ის არ შეიყვარა.

ამჯერად დედა უკვე უძლური იყო რამე ეშველა მისთვის. გულგატეხილმა ვაჟმა... თავი მოიკლა.

„დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რატომ დავიხსენი მისი სიცოცხლე მამა იოანეს მეშვეობით". - მოთქვამდა უბედური დედა.

 

„ოღონდ მომავალში არ დაიღუპოს..."

მიტროპოლიტ ბენიამენის (ფედჩენკოვი) მოგონებიდან

ეს შემთხვევა ქალაქ იალტაში მოხდა.

ერთ ქვრივს ერთადერთი შვილი ავად გაუხდა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა საბედისწერო აღსასრული. ტანჯულმა დედამ მხურვალე ლოცვით მიმართა დედა ღვთისმშობელს, არ წაერთმია მისთივს ერთადერთი იმედი... მერე დაქანცული სავარძელში ჩაჯდა და ჩათვლიმა.

ის, რაც მან იხილა, სიზმარი იყო, თუ გამოცხადება, ვერ გაარკვია. ნახა ღვთისმშობელი, რომელმაც, თითქოს მის გასაჭირს ეხმიანებოდა, ქალს ჰკითხა: „შეძლებ კი აღზარდო შვილი ისე, როგორც საჭიროა და შეინარჩუნო ისე სუფთა, როგორიც ახლაა?" (ბავშვი მაშინ შვიდი წლის იყო).

- თავს ვდებ! თავს ვდებ! - სულმოუთქმელად შეჰღაღადა დედამ, - ოღონდაც ცოცხალი დარჩეს!

ქალს გაეღვიძა. ბავშვი სწრაფად გამოკეთდა. დედა ხარობდა.

ბიჭი სკოლაში წავიდა. ის ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა, მაგრამ ამავდროულად სხვადასხვა არასასურველ მიდრეკილებას იჩენდა. დედა სიძნელეებს არ შეეპუა - შეუპოვრად იბრძოდა შვილის ხსნისათვის... მაგრამ ვერ დარიგებამ, ვერც მუქარამ, ვერც დასჯამ, ვერაფერმა გამოიღო შედეგი. ბიჭი უკან-უკან მიდიოდა და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა ცოდვის ჭაობში.

დედამ დაინახა, რომ ის უძლური იყო. მაშინ მას გაახსენდა (თუმცა არც არასდროს დავიწყნია) ღვთისმშობლისათვის მიცემული პირობა, რომ ბავშვს კარგად აღზრდიდა.

ქალი ღრმადმორწმუნე ქრისტიანი გახლდათ და კარგად იცოდა, რაც მოელოდა ცოდვილს მარადიულ ცხოვრებაში. ამიტომ ერთ დღეს ღვთისმშობელს ხმამაღლა შეჰღაღადა: „დედაო ღვთისავ! თუ ჩემი შვილი არ გამოსწორდება, უმჯობესია წაიყვანო ამ ქვეყნიდან, ოღონდაც მომავალში არ დაიღუპოს, იყოს ნება შენი!"

დაგვეთანხმებით, თვით მორწმუნე, ეკლესიური ადამიანისთვისაც კი ძალზე ძნელია ამგვარი სიტყვების წარმოთქმა. ეს არის უმწარესი დილემა, რომელიც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. იმ ქალმა შეძლო კი სწორი გადაწყვეტილების მიღება და უფლისათვის ამხელა ნდობის გამოცხადება.

ამის შემდეგ მოსახდენი მალე მოხდა: ბიჭი ცხენით მთებში სასეირნოდ წავიდა. იქ გაჭენებული ცხენი ვეღარ დაიმორჩილა, გადმოვარდა და... სახლიდან საღ-სალამათი გასული დედას გარდაცვლილი მიუყვანეს სახლში.

დედა, რასაკვირველია, ცხარე ცრემლით დასტიროდა შვილს, მაგრამ ეს მაინც სხვა რამ იყო. მას უმთავრესი უკვე გაცნობიერებული ჰქონდა - ახლა მან იცოდა, რისთვის მოხდა ასე, რომ მისი შვილისთვის ასე ჯობდა, რომ ამ მწარე საფასურით შვილის (და თავისიც) მარადიული ბედნიერება შეიძინა. ამიტომ მისი ცრემლები უფრო მშვიდი და შემამსუბუქებელი იყო.

 

დედის უგუნური ლოცვა

ერთი ქვრივი ქალი, რომელსაც 12 წლის ქალიშვილი ჰყავდა, ყოველთვის განსაკუთრებით გულმხურვალედ ლოცულობდა დედა ღვთისმშობლის წინაშე. მოულოდნელად გოგონა ავად გახდა. ექიმების ყოველი მცდელობა ამაო გამოდგა და დედის ერთადერთი იმედი გარდაიცვალა.

სანამ გოგონას დაასაფლავებდნენ, გამწარებული დედა ეკლესიაში მიიჭრა და ღვთისმშობლის ხატთან დაიწყო ლოცვა, რომელსაც ლოცვა კი არა, საყვედური უფრო ეთქმის: „ყოველთვის ვლოცულობდი შენზე, ყოველთვის თაყვანს ვცემდი შენს ხატებს; შენ კი არაფრად ჩააგდე ჩემი მდგომარეობა და ჩემი შვილი სიკვდილისაგან არ იხსენი, ერთადერთი სიხარული და ნუგეში წამართვი!" ეს კიდევ არაფერი, ქალმა ღვთისმშობელს უმოწყალო, ულმობელი, დაუნდობელი უწოდა.

ერთბაშად ქვრივმა იგრძნო, რომ რაღაც უცნაური რამ ემართებოდა - თითქოს გრძნობა დაკარგა და რას ხედავს!.. მის წინ ზეციური დედოფალი დგას - გასხივოსნებული, არაბუნებრივი ბრწყინვალებით მოსილი.

ღვთისმშობელმა ქალს მიმართა: „უგუნურო ქალო! მე ყოველთვის მესმოდა შვილისთვის შენი ლოცვები და ვევედრე ჩემს ძეს და ღმერთს, რომ მოწყალე თვალით მოეხედა მასზე, წაეყვანა შენი შვილი წმინდა, უბიწო ქალწულად. მან ჩემი თხოვნა შეისმინა. იგი მას თავის დასში ჩარიცხავდა, შენი შვილი კი განადიდებდა უფლის სახელს. შენ კი ამის წინააღმდეგ წახვედი. დაე, იყოს ისე, როგორც შენ გსურს. წადი, შენი შვილი ცოცხალია!"

ქალი გამოფხიზლდა. ნანახით და მოსმენილით გაოგნებული და თავზარდაცემული სახლში წავიდა.

უკვე დასაკრძალად გამზადებული მისი ქალიშვილი კუბოში იწვა. ნელ-ნელა, ყველას გასაოცრად, გოგონას ლოყები გაუვარდისფრდა, ცოტა ხანში ღრმად ამოისუნთქა და წამოჯდა. დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ის ჯერ კიდევ სულად ვერ ჩასწვდომოდა დედა ღვთისმშობლის ნათქვამს.

უგუნურება მკაცრად ისჯება. ქალმა ეს მწარედ გამოსცადა საკუთარ თავზე. გოგო გაიზარდა და თავაწყვეტილ, უზნეო ცხოვრება მიჰყო ხელი; დედის თხოვნას, შენიშვნებს, საყვედურებს არაფრად აგდებდა. უბედური დედისათვის ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესი იყო - შვილი უხეშად ეპყრობოდა მას - უყვიროდა, ლანძღავდა, სცემდა, ყველანაირად აბუჩად იგდებდა, ცხარე ცრემლით ატირებდა. ერთი სიტყვით, მხოლოდ უბედურება მოჰქონდა მისთვის. მაშინ კი მიხვდა უბედური ქალი, რა დაკარგა და რა მოიპოვა თავისი ურჩობით და ღმერთის ნების უგულებელყოფით.

„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 110 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]