მთავარი » ფაილები » რელიგია

რატომ გახდა ბაპტისტი მართლმადიდებელი? ამერიკელი თომა ბეტსი
2011-03-25, 7:39 PM

ვაშინგტონში დავიბადე. ჩემი მშობლები ოცნებობდნენ, რომ კარგად მესწავლა და რაიმე პრესტიჟულ პროფესიას დავუფლებოდი, რათა უზრუნველყოფილი ცხოვრება მქონოდა. მათ გულწრფელად სურდათ ჩემთვის სიკეთე და მეც ვცდილობდი, არ გამეწბილებინა მათი მოლოდინი. უნივერსიტეტი უცხო ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით დავამთავრე და სამსახურის ძებნას შევუდექი. რამდენიმე თვის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, სამუშაოდ მიმიწვიეს „მსოფლიო ბანკში", კარგ თანამდებობაზე, მაღალი ანაზღაურებით. 22 წლის ასაკში უკვე ამერიკელთა უმრავლესობის ოცნებისდარი საზოგადოებრივი მდგომარეობა მქონდა. თითქოს არაფერი მაკლდა სრული ბედნიერებისათვის. იმ ხანად ბაპტისტთა შეკრებებს ვესწრებოდი და თავს ნამდვილ ქრისტიანად ვთვლიდი. პროტესტანტიზმი მიმართულია ამასოფლის კეთილდღეობისა და წარმატებისკენ. ამიტომ ჩემი სამსახური „მსოფლიო ბანკში" ბედნიერებაზე ჩემივე წარმოდგენასთან სრულ ჰარმონიულ კავშირში იყო. ბაპტისტურ შეკრებებზე მეუბნებოდნენ: „ქრისტეს სურს, რომ შენ იყო ბედნიერი და წარმატებული". ცხადია, რომ მეც ეს სავსებით ლოგიკურად მიმაჩნდა.

ჩემს განვლილ ცხოვრებას ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები, რა მიამიტური და უსუსური იყო ჩემი წარმოდგენა ქრისტიანობის არსზე. პროტესტანტული ეთიკისთვის უცხოა სულიერი მოღვაწეობისა და ჯვრის ტვირთვის იდეა. მაგრამ პროტესტანტიზმმა, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად, მაინც მომამზადა მართლმადიდებლობის მისაღებად. ბაპტისთა შეკრებებზე შევისწავლე ბიბლია. განსაკუთრებით კარგად ვიცნობდი სახარებას.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა გოგონამ ახალგაზრდა მართლმადიდებლები გაიცნო და მათ სარწმუნოებას ეზიარა. მართლმადიდებლობის რაობის შესახებ სწორედ მისგან შევიტყვე. თავიდან უარყოფითად განვეწყე, რადგან ჩემი მეგობარი გოგონას ცხოვრებაში მართლმადიდებლობამ მთავარი ადგილი დაიკავა, - მე, შეუმჩნევლად, უკანა პლანზე გადავედი. ამას ვეღარ ვეგუებოდი. ჩვენს შორის უფალი ჩადგა.

ასე გავიდა რამდენიმე თვე და ერთხელ ჩემს ცხოვრებაში დიდი სასწაული მოხდა. საღამოს, ჩვეულებისამებრ, ბიბლიას ვკითხულობდი; მოულოდნელად, საოცარმა სიხარულმა მომიცვა და ძალიან მომინდა ამ მართლმადიდებლურ ჯგუფთან დაკავშირება. ასეთი ბედნიერი ადრე არასოდეს ვყოფილვარ! დავიწყე ღვთისმსახურებაზე სიარული. მაგრამ 3 საათი ფეხზე დგომა ძალიან გამიჭირდა. ეტყობა, მაშინ ჯერ კიდევ მზად არ ვიყავი, მიმეღო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თუმცა, სერიოზული ნაბიჯი უკვე გადავდგი: დავტოვე ჩემი პრესტიჟული სამსახური, სადაც 3 უზრუნველი წელი გავატარე. ახლა სულიერ ძიებაში ვიყავი.

7 წლის შემდეგ გავხდი მართლმადიდებელი  და არა ჩემს სამშობლოში, არამედ ჰოლანდიაში, სადაც 12 წელი ვიცხოვრე. იქ გამომცემლობაში ვიმუშავე. ერთხელ მივიღე წერილი ამერიკელი მართლმადიდებელი მღვდელმონაზონისაგან. მას შეუტყვია, რომ მე უცხო ენებს ვფლობდი და მთხოვდა, ზოგიერთი საღვთისმეტყველო წიგნი ინგლისურად მეთარგმნა. მე დავთანხმდი და მალევე მივიღე წიგნები. დღე გამომცემლობაში ვმუშაობდი, ამიტომ თარგმანზე მუშაობა საღამოობით მიწევდა. საღვთისმეტყველო წიგნებმა ჩემს წინაშე სრულიად ახალი სამყარო წარმოაჩინეს. სულ უფრო და უფრო ახლოს ვეცნობოდი მართლმადიდებლობას. ჰოლანდიასა და საფრანგეთში მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები მოვიძიე და მათ ხშირად ვსტუმრობდი.

თანდათანობით ჩემი გული იცვლებოდა და სულ მალე მართლმადიდბლურ ეკლესიაში მოვინათლე. ასე მივაგენი იმას, რაც სინამდვილეში ჩემს სულს სწყუროდა. ასე შევუერთდი 2000-წლოვან ქრისტიანულ ტრადიციას! ახლაც არ მჯერა, რომ ეს მე შემემთხვა! ამის შემდეგ როგორ შეიძლება თქვა, რომ სასწაული არ არსებობს?! პროტესტანტიზმი იყო მხოლოდ საწყისი ჩემი მოქცევისა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მაგრამ სწორედ მასზე გავლით მოვედი მართლმადიდებლობაში.

წმიდა ნათლობით ძალიან დიდი მადლი მივიღე. ვგრძნობდი, რომ რაღაც გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადამედგა, რათა ეს უხილავი განძი როგორმე შემენარჩუნებინა და არ გამებნია! 3 წლის შემდეგ სამსახურიდან წასვლის განცხადებით უფროსთან მივედი. როდესაც მან მიზეზი შეიტყო, ნამდვილი შოკი განიცადა. მტკიცედ განვაცხადე, რომ ვაპირებ მოღვაწეობას კალიფორნიის მართლმადიდებლურ მონასტერში.

მონასტერი ჩრდილოეთ კალიფორნიის მთებში გაშენებული. მას არა აქვს არც დენი, არც წყალი, არც ტელეფონი. მაგრამ წლები, რომლებიც იქ გავატარე, ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში!

6 თვის შემდეგ მონასტრის იღუმენის ლოცვა-კურთხევით სათავეში ჩავუდექი საღვთისმეტყველო წიგნების გამომცემლობას. დღეს ჩემი ცხოვრების წესი ძალიან შორსაა იმ კომფორტისგან, რომელსაც სიჭაბუკის წლებში ვიყავი ჩვეული. მიუხედავად ამისა, დღეს გაცილებით ბედნიერი ვარ, ვიდრე მაშინ, როდესაც მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყავი; რადგან ქრისტიანობის არსი სწორედ ჯვრის ტვირთვასა და საკუთარი თავის უარყოფაშია, რასაც მუდმივად შეგვახსენებს ტკბილი იესოს სიტყვები: „მეუფებაი ჩემი არა ამასოფლისაი არს!"

მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 12 (319), 2005 წ.

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 160 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]