მთავარი » ფაილები » რელიგია

მართლმადიდებლური ტაძარი და მისი მოწყობილობა
2011-04-09, 10:07 PM



თვით ღმერთმა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, მოსე წინასწარმეტყველის მიერ დარიგება მისცა ადამიანებს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ღვთისმსახურების ტაძარი; ახალი აღთქმის მართლმადიდებლური ტაძარი მსგავსია ძველი აღთქმისეული ტაძრისა.

ძველი აღთქმის ტაძარი (რომლის პირველსახეა მოძრავი კარავი ანუ სკინია) სამნაწილიანია: წმიდა წმიდათა, წმიდა და ეზო. მას ემსგავსება ქრისტიანული ტაძარიც – საკურთხეველი, შუა ნაწილი და კარიბჭე (სტოა).

ისევე, როგორც ძველ ტაძარში წმიდა წმიდათა, ახალ ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია.

ძველ აღთქმაში იკრძალებოდა წმიდა წმიდათაში შესვლა. მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა წელიწადში ერთხელ ამის უფლება. როგორც ცნობილია, ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანის წინაშე დაიხშო სასუფევლის კარი. მღვდელმთავარი კი, როგორც პირველსახე ქრისტესი, ამგვარი ქმედებით აუწყებდა ერს, რომ ჟამთა გადასვლის შემდგომ ქრისტე ჯვარცმითა და თავისი სისხლის ფასად დააბრუნებდა ადამიანს სასუფეველში. ამიტომაც, ქრისტეს ჯვარცმისას კრეტსაბმელიც ორად გაირღვა: მაშინ განიხვნა სასუფევლის კარი ყოველი მორწმუნისათვის.

მართლმადიდებლურ ტაძარში წმიდას შეესიტყვება შუა ნაწილი. ძველი აღთქმისეული ტაძრის წმიდაში შესვლის უფლება მხოლოდ ღვთისმსახურთ ჰქონდათ. ახალ ეკლესიაში კი ლოცულობს ყოველი ქრისტიანი, რამეთუ ყველასათვის ღიაა სასუფეველი.

ძველი ტაძრის ეზოს, სადაც ლოცულობდა ერი, შეესიტყვება ახალი ტაძრის სტოა; ეს ადგილი კათაკმეველთა, მონანულთა და ზიარებისაგან განყენებულთათვის არის განკუთვნილი.

მართლმადიდელური ტაძრის საკურთხეველი აიგება აღმოსავლეთის მხარეს, საიდანაც ამოდის მზე. უფალი იესო ქრისტეა ჩვენი აღმოსავალი, საიდანაც აშუქებს ღვთიური ნათელი. საეკლესიო ლოცვებში ქრისტეს ვუხმობთ „მზედ სიმართლისა" (ანდა „აღმოსავალ არს სახელი მისი").

ყოველი ტაძარი ემსახურება ღმერთს, და აგებულია ამა თუ იმ წმიდა მოვლენისა თუ წმიდანის სახელზე, როგორც მაგალითად: სამების, ფერიცვალების, ამაღლების, ხარების, მიქაელ მთავარანგელოზის, წმ. ნიკოლოზის და ა.შ. როდესაც ტაძარში რამდენიმე საკურთხეველია, ცალკეული მათგანი ამა თუ იმ მოვლენისა თუ წმიდანის სახელობისაა. ყველა საკურთხეველი, გარდა მთავრისა, ეკვდერად იწოდება.

უფლის ტაძარი გარეგნულად არა ჰგავს სხვა ნაგებობებს. უმეტესად ტაძარი ჯვრის ფორმისაა, რაც მოგვაგონებს, რომ ჯვარზე წამებით გვიხსნა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის მეუფებისაგან. ხშირად ეკლესია ნავისებურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტაძარი – მსგავსად ნოეს კიდობნისა – მიგვაცურებს ცხოვრების ოკეანეში სასუფევლის მყუდრო ნავსაყუდელისაგენ. ზოგჯერ ტაძარი წრიული ფორმისაა, რაც ქრისტეს ეკლესიის მარადიულობის სიმბოლოდ აღიქმება. შეიძლება ტაძარი აიგოს რვაკუთხედად, ვარსკვლავისებურად, ნიშნად იმისა, რომ ეკლესია გზის მაჩვენებელი მნათობია წუთისოფელში.

ჩვეულებრივ, ტაძარს აგვირგვინებს გუმბათი, რომელიც ზეცის სიმბოლოა; გუმბათზე ჯვარია აღმართული – ეკლესიის თავის – იესო ქრისტეს სადიდებლად. ხშირად ტაძარს რამდენიმე გუმბათი აქვს (მრავალგუმბათიანობა უმტავრესად რუსული მართლმადიდებლური ტაძრის არქიტექტურას ახასიათებს, და საქართველოში გამონაკლისის გარდა თითქმის არ გვხვდება). ორი გუმბათი მიანიშნებს ქრისტეს ორბუნებოვნებას (ღვთაებრივსა და კაცობრივს); 3 გუმბათი – წმ. სამების სამსახოვნების მაჩვენებელია; 5 – იესო ქრისტესი და 4 მახარებლისა, 7 გუმბათი – 7 საიდუმლოსი და 7 მსოფლიო კრებისა, 9 გუმბათი – ანგელოსთა 9 დასისა, 13 – იესო ქრისტესი და 12 მოციქულის სიმბოლოა. ზოგჯერ კი უფრო მეტგუმბათოვანი ტაძრებიც გვხვდება.

ტაძრის შესასვლელთან, ზოგჯერ კი მის გასწვრივ, სამრეკლოს აღმართავენ, ზარებისათვის, რომელთა რეკვით მორწმუნეებს უხმობენ სალოცავად, ღვთისმსახურებაზე, ანდა რეკავენ ღვთისმსახურების უმთავრესი მომენტების დროს. ცალი ზარის რეკვას „მწუხრი" ეწოდება (ეს არის ნიშანი ღვთისმსახურების დაწყებისა). ყველა ზარის, ერთდროული ახმიანებით, გამოხატავენ საერთო ქრისტიანულ სიხარულს, დაკავშირებულს რომელიმე დღესასწაულთან, გლოვის დროს ზარების რეკვას კი თავისი წესი აქვს. ზარი მოგვაგონებს უმაღლეს, ზეციურ სამყაროს.

ტაძრის უმთავრესი ნაწილია საკურთხეველი. მასში აღესრულება მღვდელმსახურება. აქვეა ტაძრის ყველაზე წმიდა ადგილი – წმ. ტრაპეზი, რომელზეც სრულდება წმ. ზიარების საიდუმლო. საკურთხეველი შემაღლებულია, რათა ყველამ იხილოს მოქმედება, რომელიც იქ ხდება. ასევე მიგვანიშნებს, რომ ის, რაც საკურთხეველში ხდება, თავისი სულიერი მნიშვნელობით ყოველგვარ ამ სოფლიურზე მაღლა დგას.

ტრაპეზი ეწოდება ყველაზე მეტად განათებულ ოთხკუთხა მაგიდას (ქვის ან ხისა), რომელიც მოთავსებულია საკურთხევლის შუაგულში და რომელსაც ორგვარი – თეთრი ტილოთი და ძვირფასი ქსოვილით (უმეტესად ფარჩისა) მოსავენ. ტრაპეზზე საიდუმლოდ, უხილავად სუფევს თვით უფალი, როგორც მეუფე და მბრძანებელი ტაძრისა. მასთან მიახლება და ამბორი მსოლოდ ღვთისმსახურებისთვისაა დასაშვები.

ტრაპეზზე მოთავსებულია: ოდიკი, სახარება, ჯვარი, დიდი და პატარა სასანთლე.

ოდიკი ეწოდება მღვდელმთავრის მიერ ნაკურთხ აბრეშუმის ქსოვილს, რომელზეც გამოსახავენ ქრისტეს აკლდამაში ჩასვენებას, და რომელზეც მეორე მხრიდან ამოკერილია რომელიმე წმიდანის წმ. ნაწილები, რამეთუ პირველ საუკუნეებში ლიტურგია აღესრულებოდა წმიდანთა აკლდამებზე. ოდიკის გარეშე დაუშვებელია საღმრთო ლიტურგიის შესრულება.

ოდიკის დასაცავად მას შეახვევენ სხვა აბრეშუმის ქსოვილში, რომელსაც ილტონი ეწოდება. იგი მოგვაგონებს უფლის კვართს.

თბილისის წმ. სამების
საპატრიარქო ტაძრის
დიდი სანაწილე


თვით ოდიკზე მოთავსებულია ღრუბელი ფეშხუმზე წმ. ნაწილების შესაგროვებლად.

სახარება არის ღვთის სიტყვა, სწავლება უფლისა ჩუენისა, იესო ქრისტესი.

ჯვარი ღვთისა არის მახვილი, რომლითაც უფალმა ეშმაკი და სიკვდილი დათრგუნა.

დიდი სანაწილე ეწოდება ყუთს, რომელშიც მოთავსებულია წმ. ძღვენი სნეულთა ზიარებისათვის. ჩვეულებრივ, დიდი სანაწილე ფორმით პატარა ეკლესიას წააგავს.

მცირე სანაწილე ეწოდება პატარა ყუთს, რომელშიც მიაქვთ წმ. ნაწილები სნეულთა სახლში ზიარებისათვის.

ტრაპეზზე დგას შვიდსანთელი (შვიდტოტა) 7 კანდელით, რომლის უკან აღმართულია ჯვარი. ტრაპეზის აღმოსავლეთ მხარეს, ადგილს საკურთხევის კედელთან მაღალი დასაჯდომელი ეწოდება.

ტრაპეზის მარცხნივ, ჩრდილოეთით, დგას პატარა მაგიდა, რომელიც ასევე მთლიანად შემოსილია. მას სამკვეთლო ეწოდება. მასზე ამზადებენ წმ. ნაწილებს ზიარების საიდუმლოსათვის.

სამკვეთლოზე მოთავსებულია წმ. ჭურჭელი:

ბარძიმ-ფეშხუმი, ვარსკვლავი
ლახვარი და კოვზი


1. ბარძიმი – მასში ლიტურგიის დაწყებამდე ასხამენ ღვინოსა და წყალს, რომელიც ლიტურგიის დროს ქრისტეს სისხლად გარდაიქმნება.

2. ფეშხუმი – მცირე ზომის მრგვალი თასი სადგარითურთ. მასზე ალაგებენ პურს, რომელიც საღვთო ლიტურგიის დროს ქრისტეს ხორცად გადაიქცევა.

3. ვარსკვლავი – რომელიც ლითონის ორი მცირე კრალისაგან შედგება და რომელსაც შეიძლება ჯვარის ფორმა მივცეთ. მას დგამენ ფეშხუმზე იმისათვის, რომ დაფარნა არ შეეხოს წმიდა ნაწილებს. იგი გამოხატავს ვარსკვლავს, რომელიც ქრისტეს შობისას გამობრწყინდა.

4. ლახვარი – დანა, რომელიც წააგავს შუბს, რათა განკვეთონ ტარიგი და სეფისკვერი. იგი გამოხატავს ლახვარს, რომელიც გვერდში უგმირეს ჯვარცმულ მაცხოვარს.

5. კოვზი – მორწმუნეთა საზიარებლად.

6. ღრუბელი – ჭურჭლის გასაწმენდად.

ქსოვილს, რომელსაც ფეშხუმსა და ბარძიმს აფარებენ – მცირე დაფარნები ეწოდება. დიდი დაფარნა, რომელიც ერთდროულად ორივეს საფარად გამოიყენება, გამოხატავს იმ ეთეროვან სივრცეს, საიდანაც გამობრწყინდა ვარსკვლავი, მოგვებისათვის ქრისტეს შობის მაცნე.

საერთოდ კი, სამივე დაფარნა მოგვაგონებს საბურველს, რომლითაც ყრმა მაცხოვარი შემოსეს, და აგრეთვე კვართს, რომელშივ გაახვიეს მაცხოვარი.

ამ წმიდა საგნებთან შეხება ეკრძალება ყველას, გარდა ეპისკოპოსის, მღვდლებისა და დიაკვნებისა.

სამსხვერპლოზე აგრეთვე დგას ტაკუკი, საიდანაც პროსკომიდიის დროს ბარძიმში ასხამენ წყლიან ღვინოს, და რითაც მორწმუნეთ ზიარების ბოლოს მისაყოლებელ განკუთვნილ სასმელს მიართმევენ.

საკურთხეველში აგრეთვე მოთავსებულია საცეცხლური, რომლითაც აკმევენ. კმევა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ტაძარში დააწესა ღმერთმა. წმიდა ტრაპეზისა და ხატების კმევა მათდამი მოკრძალებისა და პატივისცემის გამომხატველია. მლოცველთა კმევა გამოხატავს სურვილს, რათა მათი მხურვალე და გულწრფელი ლოცვა ისევე მსუბუქად აიჭრას ზეცისკენ, როგორც საცეცხლურის კვამლი, და რათა ღვთის მადლმა საცეცხლურის კვამლის დარად შემოსოს მორწმუნენი. კმევისას მლოცველთ ქედის მოდრეკა მართებთ.

საკურთხეველში აგრეთვე დგას ორსანთელი (დიკირი) და სამსანთელი (ტრიკირი), რომლითაც ეპისკოპოსი აკურთხებს ერს, და სამწერობელი (სიპიდა).

ორსანთელი წარმოადგენს ორტოტიან შანდალს, რომელიც ქრისტეს ორბუნებოვნების – ღვთიურისა და კაცობრივის – სიმბოლოა.

სამსანთელი ეწოდება სამტოტიან შანდალს, რომელიც წმ. სამებისადმი ჩვენს რწმენას გამოხატავს.

სამწერობელი არის ტარზე მიმაგრებული ლითონის წრიული ფირფიტები ქერუბიმთა გამოსახულებით. იგი დიაკვნებს უჭირავთ ძღვენის (წმ. ნაწილების) კურთხევსას. ძველად მას ამზადებდნენ ფარშევანგის ბუმბულისაგან, რათა საღვთო ძღვენი მწერთაგან დაეცვათ. ამჟამად მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და გამოხატავს ციურ ძალთა მონაწილეობას წმ. ზიარების საიდუმლოში.

საკურთხევლის მარჯვნივ მოწყობილია საეკლესიო შესამოსელისა და ჭურჭლის საცავი. ეს არის ნაგებობა, სადაც ინახავენ ღვთისმსახურებისათვის საჭირო ყველა ნივთს.

საკურთხეველს ტაძრის შუა ნაწილისაგან გამოყოფს კედელი, რომელზეც გამოსახულია ხატები და კანკელი ეწოდება.

კანკელი სამკარიანია, მასში უხილავად გაბრძანდება მეუფე დიდებისა, უფალი იესო ქრისტე. სამეუფო კარში შესვლა ღვთისმსახურთა გარდა, ყველასათვის აკრძალულია. სამეუფო კარის შიგნით, საკურთხეველში ჰკიდია ფარდა, რომელიც ღვთისმსახურების წინ იხსნება ან იხურება. სამეუფო კარზე გამოსახულია ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა და ხატები 4 მახარებლისა, ანუ მოციქულთა: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი. სამეუფო კარის მარჯვნივ ათავსებენ მაცხოვრის, ხოლო მარცხნივ – ღვთისმშობლის ხატებს.

მაცხოვრიდ ხატის გასწვრივ სამხრეთის, ხოლო ღვთისმშობლის ხატის გასწვრივ – ჩრდილოეთის კარებებია. მათზე გამოსახულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატები, ან პირველი დიაკვნები – სტეფანე და ფილიპე, ზოგჯერ აარონ მღვდელმთავარი და მოსე წინასწარმეტყველი. ამ კარებს უწოდებენ დიაკვნის კარებს, სადაც უმთავრესად დიაკვნები გაივლიან.

დიაკვნის კარების გასწვრივ გალნაგებულია განსაკუთრებით საპატიო წმიდანთა ხატები. მაცხოვრის მარჯვნივ ყოველთვის ტაძრის ხატია, რომელიც ტაძრის სახელობის დღესასწაულს ან წმიდანს გამოხატავს.

კანკელის თავზე აღმართულია ჯვარი, მასზე ვნებული იესო ქრისტეს გამოსახულებით (ჯვარცმა).

სასანთლე


თუ კანკელი მრავალიარუსიანია, მაშინ ჩვეულებრივ, მეორე იარუსზე განალაგებენ თორმეტი დღესასწაულის ხატებს, მესამეზე – მოციქულთა, მეოთხეზე – წინასწარმეტყველთა ხატებს, ბოლოს კი ჯვარს გამოსახავენ (მრავალიარუსიანი კანკელი ძირითადად რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გვხვდება; ქართულში თითქმის არ გვხვდება, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელიც რუსული გავლენის პერიოდში აიგო).

გარდა კანკელისა, ჩვეულებრივ, ხატები ტაძრის კედლებზე, აგრეთვე ანალოღიებზეცაა განლაგებული. ანალოღიები წარმოადგენს მაღალ, ვიწრო მაგიდებს, რომელთაც შემაღლებული ზედაპირი აქვთ.

სამეუფო კარის პირდაპირ შემაღლებულ ადგილს ამბიონს უწოდებენ. ამბიონზე დიაკვანი წარმოთქვამს კვერექსებს და იკითხება სახარება. ამბიონიდან აგრეთვე აზიარებენ მორწმუნეთ,

კედლების გასწვრივ, ამბიონის გაგრძელებას მარჯვნივ და მარცხნივ კედლებთან ეწოდება კლიროსი, რომელიც განკუთვნილია მედავითნეთა და მგალობელთათვის. კლიროსთან აღმართულია ბაირაღები, ანუ ლითონზე ან ქსოვილზე გამოხატული ხატები, რომლებსაც გრძელ, დროშისებურ ტარზე ამაგრებენ.

ტაძარში მოთავსებულია დაბალი მაგიდა, რომელზეც დგამენ ჯვარცმას და სასანთლეს. მასთან სრულდება პანაშვიდები, ანუ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი ღვთისმსახურება.

ხატებისა და ანალოღიების წინ დგას სასანთლეები, რომლებზეც მორწმუნენი ანთებენ სანთლებს.

ტაძრის შუაგულში, ჭერში ჰკიდია პანიკადილო, ანუ დიდი მრავალტოტიანი სასანთლე. პანიკადილო აინთება ღვთისმსახურების სადღესასწაულო მომენტებისას.

ჟურნალი „წყარო", N28, 1995 წ.
კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 131 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]