მთავარი » ფაილები » რელიგია

ქრიზოსტომოს სელახვარზი ირანელი მართლმადიდებლის აღსარება
2011-03-25, 7:45 PM

მასალა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, უაღრესად საინტერესოა. იგი აღგვიწერს ყველაზე „ისლამური" ქვეყნის, ირანის მკვიდრის სულიერ ძიებას ჭეშმარიტების რთულ გზაზე.

„საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო..." მართლაც საოცარია, როგორ გამოარჩევს ხოლმე ღმერთი თავის რჩეულ ჭურჭელს სრულიად არაქრისტიანულ გარემოში. ირანელი კაცის ეს გულწრფელი მონათხრობი არის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ქრისტეს შეცნობა ჭეშმარიტების მეძიებელი სულისათვის ყველგან შესაძლებელია. მეტად ნიშანდობლივია ისიც, თუ როგორ ხედავს „უცხო თვალი" განსხვავებას პროტესტანტიზმსა და მართლმადიდებლობას შორის. ვფიქრობთ, ირანელი ნეოფიტის მგრძნობიარე სული ნათლად ჭვრეტს, თუ რა დიდი განსხვავებაა მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს შორის, სულიერად როგორი უსიცოცხლონი არიან პროტესტანტული დენომინაციები.

და თუკი ისლამურ ირანში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი პოვებს მართლმადიდებლობას და იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, რამდენად მეტი მოეთხოვება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილს, რით იმართლებს იგი თავს ღვთის წინაშე თავისი არაეკლესიურობის გამო?

ქრიზოსტომოს სელახვარზი

ირანელი მართლმადიდებლის აღსარება

„უფალო ისეო, მე შენ ყოველთვის მიყვარდი! ზოგჯერ მეტად, ზოგჯერ ნაკლებად, ზოგჯერ - მთელი ჩემი შინაგანი ძალების მთელი დაძაბვით, ზოგჯერ - არა, ზოგჯერ - სიხარულით, ზოგჯერ სიმშვიდით, - მაგრამ მაინც მიყვარდი იმ ხანიდან, რაც შენს შესახებ შევიტყვე. გახსოვს, როგორ მიცემდა გული, როცა შენს სახელს სპარსულ პოეზიაში წავაწყდებოდი?..

გახსოვს, თეირანში ფირდოუსის მოედანზე, 1984 წელს, ისლამური რევოლუციის მეხუთე წლისთავზე, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში მეგობარს რომ ვხვდებოდი? დანიშნულ ადგილზე ძალიან ადრე მივედი და დროის მოსაკლავად ნებისმიერი ფილმის სანახავად კინოში შევედი. და ვნახე ფილმი „იესო - ძე მარიამისი" - ცენზურის მიერ შეკვეცილი ფრანკო ძეფირელის ფილმი „იესო ნაზარეველი". გახსოვს, როგორ დამავიწყა მთელი სამყარო შენით აღტაცებამ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ფირი საგანგებოდ დაამახინჯა?

გახსოვს, როგორ მინდოდა ირანში ეკლესიაში შესვლა და როგორი სულიერი ცეცხლით მენთებოდა გული შენი ტაძრის დანახვისას?

მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო. ახლა მე უკვე ნათელღებული ვარ შენს წმინდა ტაძარში. გევედრები, უფალო: „დაიცევ და განამრავლე სიყვარული, რომელიც ჩვენს შორისაა, განაძლიერე ეს სიყვარული, რომელიც მომივლინე საბერძნეთში ნათლობისას. განამტკიცე ჩემი გონება ამ პირად სიყვარულში, რომელიც ჩვენს შორის წმიდა ნათლობით დამყარდა. დაე, სულ მუდამ იზრდებოდეს იგი და სრულიად შთანმთქას, რადგან, მხოლოდ მაშინ შევძლებ, დავიცვა შენი მცნებები და გემსახურო ისე, როგორც ჯერ არს..."

დავიბადე ირანში 1966 წელს, შორეული პროვინციის პატარა ქალაქში, ღარიბ, მაგრამ დიდგვაროვან ოჯახში. დედა - მორწმუნე მუსულმანი შიიტი იყო. მახსოვს, უკვე ხანშიშესული და დაუძლურებული, როგორ აღასრულებდა იგი სჯულით დადგენილ ყველა წესს; როგორ დგებოდა ღამ-ღამობით, რათა მექას მიმართულებით ლოცვა აღევლინა. და თუმცა თავად ძალიან მორწმუნე მუსულმანი იყო, შვილებისთვის, რომლებიც მას ისე ძლიერ ვუყვარდით, თავისი რწმენა თავს არასოდეს მოუხვევია. მისი სიყვარული ყოველთვის მეწეოდა და მამხნევებდა.

მამა მუსულმანად ითვლებოდა, მაგრამ მისი დამოკიდებულება რელიგიური მოვალოებისადმი, ისევე, როგორც ზოგადად, რელიგიისადმი - ზედაპირული და არასერიოზული იყო.

ბედნიერი ჭაბუკი ვიყავი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მოსწავლეები და მასწავლებლები მაფასებდნენ. ბევრი მეგობარი მყავდა და სიცოცხლე მიხაროდა.

ერთხელ სადილის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, დავიძინე. უეცრად უმიზეზოდ გამეღვიძა, არაფერი დამსიზმრებია. ვიცოდი მხოლოდ ერთი რამ, რომ გამეღვიძა შიშისა და დარდის შეგრძნებით, რასაც ფიზიკურად, გულით განვიცდიდი. ალბათ, ზუსტად გადმოვცემ ჩემს მდგომარეობას, თუ ვიტყვი, რომ ამგვარი შიში ადამიანს ძლიერი მიწისძვრის დროს ეუფლება. გამოღვიძებულმა გავიაზრე, რომ ეს ბიძგები ჩემს შიგნით, სულის სიღრმეში რყევებით იყო განპირობებული. ჩემს გარშემო არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ჩვეულ რიტმში განაგრძობდა არსებობას; ყველაფერი - ჩემი შინაგანი ცხოვრების გარდა. იგივე დღე, იგივე სახლი, იგივე ტანისამოსი მე უკვე სულ სხვაგვარი მეჩვენებოდა. სულს ძლიერი მტანჯველი ტკივილი მშჭვალავდა. შფოთმა შემიპყრო, არ ვიცოდი, რა მემართებოდა, მიზეზი ვერ გამეგო. ჩემთვის მოულოდნელად სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. თუმცა, სამყარო კი არა, - მე შევიცვალე. ახლა ჩემს გარშემო იყო სიკვდილისა და მიცვალებულთა სამყარო.

იმხანად მეგონა, რომ სიხარულმა და სულიერმა სიმშივდემ სამუდამოდ მიმატოვა... საკუთარ სახლში თავს უცხოდ ვგრძნობდი. თითქოს დევნილებაში აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში. მხოლოდ ახლა, 15 წლის შემდეგ მესმის, თუ რა მოხდა მაშინ. ჩემს საცხოვნებლად ყოვლადსახიერმა ღმერთმა სული გამომიფხიზლა.

რელიგიისადმი ცხოველი ინტერესი გამიჩნდა. უფლის ძიებაში ვიყავი; სული თავის შემოქმედს ეძებდა. მამაჩემს ყურანის შეძენა ვთხოვე. ახლობლებს უკვირდათ, მშობლებს კი უხაროდათ, რომ პოლიტიკას ჩამოვშორდი და მორწმუნე გავხდი. მამამ ყურანის საუკეთესო სპარსული თარგმანი მიყიდა. ყურანს გულდასმით გავეცანი.

მასში არაფერი ეწერა უფლის სიყვარულის შესახებ ცალკეული პიროვნებისადმი ან ცალკეული პიროვნებისა - უფლისადმი. ყურანი უფლის შემეცნებაში ვერ დამეხმარა; იგი არაფერს ამბობდა, თუ ვინ არის ალაჰი „მოწყალე", „მეუფე სამყაროთა", „მეუფე განკითხვის დღის" (საწყისი სურა), „საიდუმლო" (2:2), „ერთი" (112:1), „მარადიული" (112:2). „აისის უფალი" (113:1), - მაგრამ ვინ არის ის? ყურანის მიხედვით, დიადი შემოქმედი უფრო ძალაა, ვიდრე პიროვნება. არ ვიცოდი, ვისკენ მივისწრაფოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი სიყვარული და ლტოლვა ძალიან პიროვნულია. ანდა როგორ შემეძლო მყვარებოდა ის, ვინც არ ექვემდებარე განსაზღვრებას? როგორ შეიძლება, გიყვარდეს უპიროვნო ღმერთი? ამგვარ სიყვარულს ფასი არ აქვს.

* * *

1990 წელს ირანიდან დევნილის სტატუსით ნორვეგიაში ჩავედი. მიმიღეს ქალაქ ვოლდას დასავლეთ სანაპიროზე. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ატლანტიკის ოკეანის სანაპიროსთან. საკუთარ თავში გასარკვევად სიმშვიდე და განმარტოება მჭირდებოდა. სწავლა ვოლდას უნივერსიტეტში განვაგრძე.

ერთმა ნორვეგიელმა ჭაბუკმა - რეიდარმა იმხანად სახარება მაჩუქა ნორვეგიულ-ინგლისური პარალელური ტექსტებით. ასე გავეცანი პირველად სახარებას. კითხვა დავიწყე და ვერ მოვწყდი. სახარებისეული იესო სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა, ვიდრე ის იესო, რომელსაც ყურანიდან და სუფისტური წიგნებიდან ვიცნობდი. ისლამური სასულიერო ლიტერატურა იესოს უფლის ერთ-ერთ წინასწარმეტყველად, ჩვეულებრივ ადამიანად წარმოსახავს (3:59, 3:84), იესო რომ ღმერთია და ძე ღვთისა - ეს ისლამის მიერ უარყოფილია და მკრეხელობადაა მიჩნეული (4:171; 5:17; 5:72). სახარებაში კი იესო არის ძე ღვთისა და უფალი. ქრისტიანული ღმერთი, ალაჰისაგან განსხვავებით, კონკრეტული პიროვნებაა. ქრისტეში ღმერთმა საკუთარი თავი კონკრეტულ პიროვნებად მოგვივლინა. ყურანში ღმერთის შესახებ, გარდა იმისა, რომ იგი სამყაროს შემოქმედია, - არაფერია ცნობილი. ისლამში ღმერთი პიროვნება არაა, ამიტომ ადამიანისთვის მასთან მიახლოება შეუძლებელია.

სახარებაში ყველაზე მეტად უფლისადმი, როგორც პიროვნებისადმი დამოკიდებულებამ შემძრა. ეს სწორედ ის იყო, რისკენაც ისწრაფოდა ჩემი სული და რასაც ის ვერ პოულობდა ისლამში. იესო ქრისტე არის ღმერთი, რომელთანაც შეიძლება დაამყარო პიროვნული კავშირი. მე პიროვნება ვარ და იმ შემთხვევაში შემიძლია უფალთან დავამყარო პიროვნული კავშირი, თუ ისიც პიროვნებაა. ეს ჩემთვის საოცარი აღმოჩენა იყო! იმედი ჩამესახა: თუკი მახარებლები მართლები არიან და უფალი ნამდვილად განხორციელდა იესოში, მაშინ ადამიანსა და უფალს შორის პიროვნული კავშირი შესაძლებელია!

მაგრამ სიხარულს ეჭვი მოჰყვა. დილემის წინაშე აღმოვჩნდი: იყო თუ არა იესო ნამდვილად ისეთი, როგორსაც მას სახარება სახავდა? მე იგი მიყვარდა, მაგრამ როგორ დავრწმუნებულიყავი, რომ იგი არაა ჩვეულებრივი ადამიანი და მარტოოდენ ისტორიული პოროვნება? ქრისტეს აღდგომა ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხად იქცა. თუკი ქრისტე მართლა აღდგა მკვდრეთით, მაშინ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი და ძე ღვთისა მოსული სოფლად კაცთა მოდგმის გამოსახსნელად. მაგრამ თუკი ის მოკვდა და არ აღმდგარა, მაშინ მახარებელი ტყუის და ქრისტე არ უნდა ვიწამოთ.

ქრისტიანობით სერიოზულად დავინტერესდი და ნორვეგიის პროტესტანტული ეკლესიების მონახულება დავიწყე. მაგრამ პროტესტანტული სალოცავების მონახულებამ ჩემი სულიერი ძიება ვერ დააკმაყოფილა. ქრისტეს შემეცნების შესახებ პირადი სულიერი გამოცდილების მქონე ვერცერთ მოღვაწეს პროტესტანტულ სამყაროში ვერ მივაკვლიე.

ამგვარ „ქრისტიანობასთან" შედარებით, ისლამი სულიერად უფრო ამაღლებული და ნამდვილია.

სულიერი ადამიანები ამქვეყნად იტანჯებიან. ზოგნი იდევნებიან, ზოგნი დატუსაღებული არიან, ან უკიდურეს გაჭირვებასი ცხოვრობენ. ადამიანის ცხოვრების ამქვეყნიურ დრამატიზმზე პროტესტანტიზმს პასუხი არა აქვს. სიმსუბუქე და ზედაპირულობა, რომლითაც ისინი ქრისტეს ახსენებდნენ, კი არ კურნავდა, - უფრო მეტად ამძიმებდა ჩემს დაწყლულებულ სულს.

* * *

1994 წლის ზაფხულში ნორვეგიელ სტუდენტებთან ერთად საბერძნეთში მოვხვდი. თურქეთის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ლესბოსზე, ძველ ბიზანტიურ მონასტერში დავსახლდით. მონასტერი მოქმედი არ იყო; იგი ეკუთვნოდა რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ დიდ მოქმედ მონასტერს. ჩვენ სენაკებში ვცხოვრობდით, სადაც ძველად ბერები მოღვაწეობდნენ. მონასტერთან პატარა ეკლესია იყო. ეკლესიამ მაგნიტივით მიმიზიდა. ტაძრის კედლებს ძველი ხატები ამშვენებდა. საოცარი მყუდროება და მადლი ვიგრძენი. იმ დღემდე არ ვიცოდი, რომ ქრისტიანებს ხატები ჰქონდათ.

გასაგებია, რომ ისლამი უარყოფს ხატებს, ვინაიდან ისლამის ღმერთი პიროვნება არაა, ამიტომ მას სახეც არა აქვს. მაგრამ რატომ არა აქვთ ხატები პროტესტანტებს? აქამდე ეს კითხვა არ გამჩენია.

ეს ეკლესია ჩემთვის მშობლიური გახდა. იქიდან გამოსვლა მიჭირდა. ერთხელ ზედიზედ სამი ღამე ეკლესიაში, ხატების გარემოცვაში გავატარე. არასდროს დამავიწყდება ეს საოცარი ღამეები. ხან მუხლს ვიყრიდი და ვლოცულობდი საკურთხევლის წინ, ხან ხატებს ჩამოვივლიდი და ვემთხვეოდი. ვტიროდი მათ წინაშე სიყვარულის, ტკივილისა და დარდისაგან. ხატებს ვეხუტებოდი და გულამოსკვნილი ვტიროდი. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ცრემლს ვერ ვიკავებდი. ის დიდი საიდუმლო, რაც ვერცერთმა ადამიანმა ვერ გადმომცა, ახლა ამ ხატებმა უსიტყვოდ მიამბეს. ხატების ხილვის შემდეგ სახარება უკვე ახალ ჭრილში დავინახე. მივხვდი, რომ ეს მიტოვებული პატარა ეკლესია გაცილებით უფრო მძლავრია და მადლმოსილი, ვიდრე ულამაზესი პროტესტანტული ტაძრები დასავლეთში.

პროტესტანტიზმმა თითქმის ამოძირკვა ჩემს სულში ქრისტიანობისადმი ინტერესი, მართლმადიდებლობაში კი ვპოვე უფალი იესო, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებდი.

რამდენიმე დღის შემდეგ მიტოვებულ მონასტერში მართლმადიდებელი ბერი გავიცანი. მან ჩვენს მონასტერში 3 დღე დაჰყო და შემდეგ სინაზე დაბრუნდა. იგი არ ჰგავდა იმ „ქრისტიანებს", რომელთაც მანამდე ვიცნობდი. მთელ მის არსებაში, სიტყვებსა და საქციელში გამოსჭვიოდა ქრისტიანობა, ძირეულად განსხვავებული პროტესტანტიზმისაგან. იგი უსიტყვოდ მიხვდა, როგორ და რისგან ვიტანჯებოდი. ხატების მსგავსად მან უსიტყვო და დიდი თანაგრძნობა გამომიცხადა. ჩემდამი მისი სიტყვები სიყვარულით იყო აღვსილი, გულში ჩამწვდომი და მშვიდობის მომგვრელი. ხოლო როცა ჩემი თხოვნით ქრისტიანობაზე ალაპარაკდა, მივხვდი, რომ იცოდა, რასაც ამბობდა. მიკვირდა მისი სიტყვები, რადგან არც ერთი ჩემი ნაცნობი ქრისტიანი ასე არ საუბრობდა. იგი მმოძღვრავდა, მაგრამ არა როგორც ფარისეველი და მწიგნობარი. ხარბად ვისმენდი მის სიტყვებს. ყოველი სიტყვა იყო კონკრეტული, პირადული და არსობრივი. მათში იგრძნობოდა სისადავე და სულიერება და არა ფილოსოფია და მორალი. რამდენიმე სიტყვით მან მასწავლა ის, რაც 4 წლის მანძილზე ვერ მასწავლეს პროტესტანტებმა. მახსოვს, ვუთხარიმას, რომ თითქმის 10 წელია ვეძიებდი უფალს და პასუხი არსად ჩანდა. მან მიპასუხა: „ე.ი. პასუხი, შესაძლოა, ათი წლის შემდეგ მოვიდეს". ვუამბე ჩემს სიძნელეებზე ქრისტიანობის გზაზე, მან კი ათონელი ბერი პაისის სიტყვებით მომიგო: „რატომ მოელი უფლის საქმეებს კაცთაგან?"

ბერი არ ყოფილა განსწავლული, არც უნივერსიტეტი დაუმთავრებია. მაგრამ მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც მეცნიერებას აღემატება. მიმზიდველი იყო მისი გარეგნობაც. უდაბნოს მზეზე დამწვარი სახე, სინას მტვრით დაფარული გაცვეთილი სამოსელი. მის ცოცხალ შავ თვალებს რომ ვუცქერდი, ირანის ღამის ცაზე მბრწყინავი ვარსკვლავები მახსენდებოდა.

აი, ასე დაიწყო ჩემი გზა ქრისტესკენ. მაგრამ ნათლისღებამდე ჯერ კიდევ ბევრი სიძნელის გადალახვა მომიხდა.

ინტერნეტის მასალების მიხედვით
მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 25 (332), 2005 წ.

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 141 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]