მთავარი » ფაილები » რელიგია

კირიონ II ქართული საეკლესიო გალობა
2011-03-06, 6:53 PM



ქართული საეკლესიო გალობა ყვაოდა როგორც ჩვენს სამეფოში, აგრეთვე მის გარეშე მრავალ ქართულ მონასტრებშიაც. გალობას ქრისტიანობა მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წირვა-ლოცვაში და, საზოგადოდ, ღვთისმსახურებაში. ამით აიხსნება ის დიდი პატივისცემა, რომელშიაც ჰყავდათ მგალობლები ჩვენს წინაპართ. ისინი მუდამ იყვნენ სასურველნი პირნი ჭირსა და ლხინში, და ღვთიური ჰანგებით უღვიძებდნენ ხალხს სარწმუნოების თბილ გრძნობას.

ყველა ხალხს არა აქვს ნიჭი, შექმნას საკუთარი ნაციონალური გალობა. ზოგმა ვოკალური გალობა რომ ვერ შექმნა, მიჰმართა ინსტრუმენტალურ მუსიკას (კათოლიკენი). ჟ.ჟ.რუსსო თავის მსჯელობაში მუსიკაზედ (Diction de Musique) ამბობს: „საღმრთო საგალობელნი არ უნდა იყვნენ გამომხატველნი ვნების მღელვარებისა, არამედ მხოლოდ მისი დიდებულებისა, რომელსაც მიეწერებიან და ემსახურებიან".

გალობაში არის ერთგვარი ფასდაუდებელი სიმდიდრე, რომელიც ძნელი მისაწვდომია და რომელსაც იწვევს ხმის ამაღლება-დადაბლება და გაგრძელება (Деян. Всел. Собор. изд. при Казан. дух. Акад. ტ. VI, გვ. 306; 75-ე მუხლი მეექვსე მსოფლიო კრებისა).

ზოგი ქრისტიანეთაგანი ცდილობს, შემოიღოს ეკლესიაში საზოგადო გალობა. აზრი ამ რეფორმისა არის ქრისტიანობრივ სარწმუნოების გაცხოველება ხალხში, მაგრამ ჩვენ ამას ვთვლით უსაფუძვლო საქმედ და უსარგებლო წყლის ნაყვად, რადგანაც პრაქტიკამ სულ სხვა გვაჩვენა: ამან ვერ უშველა მწვალებლობის გავრცელებას ხალხში, და ხალხი ისევ გარეგან ქრისტიანედ დარჩა.

საზოგადოდ, ახალი რაიმეს შემოღება ეკლესიაში უნდა დიდის აწონ-დაწონით ხდებოდეს. აქ საჭიროა შევნიშნოთ, რომ ქართულმა ეკლესიამ, მუდამ მბაძავმა და მიმდევარმა ძველი ქრისტიანული წესებისა, არ იცის საზოგადო გალობა, რომელიც ეკლესიაში დაშლილია XV მუხლით ლაოდიკიის საეკლესიო კრებისა (Деян. девяти помест. соб.; изд. Казан. дух. Акад. გვ.51).

ქართული საეკლესიო მდიდარი მელოდიები წარმოგვიდგენენ არათუ მხოლოდ საზოგადო საგალობლებს, არამედ ცალკე ფრაზების აზრს და სიტყვებსაც კი. ამ მხრით ჩვენი მელოდიები შეუდარებლები არიან, და უნდა ვმადლობდეთ გამჩენს, რომ ასეთი დიდი საუნჯე მოუნიჭებია ჩვენთვის, ჩვენი მორწმუნე ერისთვის.

ფრიად დიდი მნიშვნელობა გალობისა ცხადად ჩანს იქიდან, რომ იგი ხორცშესხმულ ჰყოფს, ჰმოსავს მთელ საგალობელს თვისი რბილი და ჰაეროვანი ფორმით: არომატით ავსებს მას, თავს დასტრიალებს, და, როგორც ადამანტი, იზიდავს კაცს გრძნეულ სამეფოში კეთილისა და მშვენიერებისა. ყველა ეს აუარებელი მუსიკალური სიმდიდრე შექმნა შრომისგან წელში გაღუნულმა უკვდავმა და მადლიანმა ქართველმა გლეხმა.

ჩვენი გალობის დასაწყისი უძველეს დროს ეკუთვნის, როდესაც ჩვენნი წინაპარნი, ქალდეველნი, ჯერ კიდევ წარმართნი იყვნენ. ჩვენს სიმღერა-გალობას ოთხი-ხუთი ათასი წლის ისტორია აქვს. ახლანდელ ჩვენს ხალხურ სიმღერას უწინ რელიგიური ხასიათი ჰქონდა და საკერპოებში გალობდნენ. ჩვენში შემოტანილმა ქრისტიანობამ ძველი სიმღერა მხოლოდ გააქრისტიანა, მისცა მას რელიგიური ხასიათი. ახლაც ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა ძალიან წააგვანან ერთმანეთს. შორიდან რომ მოისმინო სიმღერა ხალხისა, ვერც კი გაარჩევ, გალობენ თუ მღერიან; ასეთი მცირე გარჩევაა მათში.

ათასწლობით ატკბობს ქართული გალობა ჩვენს სმენას. გალობა იმთავითვე გვქონდა სამხმიანი და არა უნისონური, როგორც აქვთ ბერძნებსა და სომხებს. ჩვენი გალობის ზეგავლენა ეტყობა ბევრ ხალხს, განსაკუთრებით სლავიანებს, რომელთაც გულუხვად ისარგებლეს ბევრი ქართული კილოთი. ბერძნებისგან ქრისტიანობა მიიღეს, მაგრამ მათი გალობით კი ვერ ისარგებლებდნენ სლავიანები, რადგანაც თვით ბერძნებს არა ჰქონდათ გარმონიული მრავალხმოვანი გალობა.

ეკლესიაში გალობის დროს ქართველი კაცი თავის თავს ზეცაში გრძნობს, ქვეყნიურ ზრუნვას სტოვებს და ლმობიერი სულითა და მგრძნობიარე გულით შემოქმედის წინ დგას და ელის მისგან წყალობას. აქ უქარვდება მას ვარამი ქვეყნისა, და გულში ენერგება იმედი უკეთესი მომავლისა. ამით სულდგმულობდა პატარა საქართველო, წილხვდომილი დედისა ღმრთისა, და იმედიც არ უცრუვდებოდა. ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს საეკლესიო გალობას წარსულში.

საქართველოში გალობას ასწავლიდნენ როგორც ზეპირ-თქმულობით, ეგრეთვე ნოტებითაც. ძველი ქართული ნოტების ნიმუშები ჩვენამდე მოვიდა (იხილე „საუნჯე" მოსე ჯანაშვილისა).

ეჭვგარეშეა, რომ ძველად ჩვენში სახარებისა და სამოციქულოს კითხვის ნოტებიც იყო. ეს ნოტები იწერებოდა სიტყვების თავზედ და სიტყვების ქვეშ. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელთნაწერმა, რომელშიაც არის ნოტური ნიშნები ასოების თავზედ და მათ ქვეშ. ამით აიხსნება, რომ კილოები სახარება-სამოციქულოს კითხვისა კარგად არის დაცული ჩვენში.

ჩვენში გალობა დასცეს მაჰმადიანებმა, რომელთაც საგალობლობის ბუდე - მონასტრები გაანადგურეს. არაერთხელ ჩააქრეს მათ კერა ჩვენი ტკბილი საეკლესიო გალობისა. იავარ-ჰყვეს ჩვენი საეკლესიო კულტურული ცენტრები. მათ ფანატიზმს საზღვარი არა ჰქონდა. ანადგურებდნენ ყველა იმას, რასაც კი ნიშანწყალი ჰქონდა ქრისტიანობისა: ამოაგდეს ჩვენში ბერობა, და ბევრგან სადაც უწინ ქრისტიანობა ყვაოდა, ძირიან-ფესვიანად ამოაგდეს იგი. უნდოდათ, მთელი საქართველო წაელეკნათ მაჰმადიანთა ოკეანეში, მაგრამ ღმერთი შეგვეწია და ღვთისმშობელმა დაგვიფარა. კურთხეულ იყოს სახელი უფლისა.

მონასტრების მოოხრების შემდეგ გალობას ვეღარსად სწავლობდნენ და იგი ეცემოდა, ჰქრებოდა და იკარგებოდა. შედეგი ამისა იყო ის, რომ ხალხმა გული აიცრუა ეკლესიებზედ, სადაც ძველებური მელოდიური გალობა აღარ გაისმოდა. ერთი დიაკონი რა რელიგიურ გრძნობას აღუძრავდა ხალხს? ქართული საეკლესიო გალობის მცოდნენი, ღვთის მადლით, კიდევ მოგვეპოებიან და, სრული იმედი გვაქვს, რომ ქართული გალობის აღდგენა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. ღმერთო, შენით!

კირიონ II „წერილები, სტატიები"

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 137 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]