მთავარი » ფაილები » რელიგია

დავით ჩიკვაიძე ,,საეკლესიო სამართალი და მისი წყაროები’’
2011-03-06, 7:07 PM

§3. მცირე სჯულისკანონი

  1. მცირე სჯულისკანონი ოთხი ნაწილისგან შედგება:
  2. VI მსოფლიო კრების (ტრულის 692წ. კრება) კანონები.
  3. კანონნი შეცოდებულთანი იოანე მმარხველისა.
  4. კანონნი დღითი-დღეთა ცთომათანი.

ძეგლის წერა სარწმუნოებისა, მიღებული 843წ. კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე.

მცირე სჯულისკანონი ქართულ ენაზე თარგმნილია დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, ათონის ივერთა მონასტრის მნათობის, ექვთიმე მთაწმინდელის მიერ 1005-1028 წლებში. თავად მთარგმნელი წერს: „მაიძულეს ღმრთისმოყუარეთა და სულიერთა ძმათა აღწერად მცირედი ესე რჩულისკანონი". ქართული თარგმანი უნიკალურია, მისი ზუსტი შესატყვისი კრებული ბერძნულ ენაზე არ არსებობს, რადგან ექვთიმე მთაწმინდელმა ძეგლი არამარტო თავისებურად დაალაგა, არამედ თავისი მოსაზრებებიც, ახსნა-განმარტებებიც და დასაბუთება-მსჯელობებიც დაურთო. ექვთიმე თარგმნისას ტექსტს ბრმად არ მისდევდა, ქართული სინამდვილის შესაბამისად ამოკლებდა ავრცობდა და უმატებდა საჭირო საკითხებს. ეს საერთოდ არის დამახასიათებელი ექვთიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი საქმიანობისათვის.

მცირე სჯულისკანონში მოცემულია სამართლის უამრავი დარგის განმსაზღვრელი მასალა. მასში სისხლის სამართლის მრავალი ინსტიტუტია წარმოდგენილი; საუბარია სხვადასხვა სახის დანაშაულზე, სასჯელზე, ბრალის დადების დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე და სხვა (1). მნიშვნელოვანია „ბრალის" განსაზღვრება ექვთიმე მთაწმინდელის მიერ, რომლის ანალოგიც ბერძნულ დედანს, კერძოდ კი იოანე მმარხველის „კანონებს შეცოდებულთა" არ მოეპოვება. როგორც ცნობილია, „მცირე სჯულისკანონის" ქართული თარგმანი განარჩევდა „ნებსითს" ანუ თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ განზრახ ბრალს და „უნებლიეთს", ანუ გაუფრთხილებლობით ბრალს. აქვე უნდა ითქვას, რომ იოანე მმარხველს ბრალეულობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე საუბრისას მითითებული აქვს, რომ „თუ დანაშაულობა, ანუ ცოდვა 30 წლამდე აქვს შეცოდებულს ჩადენილი, რაც უნდა დიდი იყოს ცოდვა, ყოველგვარი პატიების ღირსიაო". ექვთიმე მთაწმინდელს ეს დებულება არსებითად შეუცვლია. მან 30 წელი დატოვა თუმცა ძეგლის ეს დებულება ასე ჩამოაყალიბა: „ყოველი ცოდვა , რომელი უწინარეს ოცდაათისა წლისა ჰასაკისა შემთხვეულ ვისდა იყოს, უსუბუქესად განიკანონების, დაღაცათუ მძიმე ცოდვათაგანი იყოს". მას აქვე აქვს მოცემული ახსნა-განმარტებაც: „რამეთუ ვიდრე ოცდაათ წლამდე უმეცრება გონებისა და მ ურვალება ორცთა დიდად მძლავრობს კაცსა და ამისთ ს უსუბუქესად განიკანონების"-ო.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ძეგლის პირველი ნაწილი, რომელსაც 692 წლის ტრულის კანონები ეწოდება და რომელიც V და VI მსოფლიო კრებებზე მიღებულ დადგენილებებს შეიცავს.

V მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I ბრძანებით ქალაქ კონსტანტინეპოლში, 553 წელს. კრებამ მუშაობა დაიწყო 4 მაისს და დაამთავრა 2 ივნისს. მისი პირველი სხდომა შედგა პატრიარქის სასახლის ერთ-ერთ დარბაზში, აია-სოფიას ტაძრის მახლობლად. სხდომებს თავჯდომარეობდა მსოფლიო პატრიარქი ევტიქი. კრებას ესწრებოდა სულ 165 მამა.იმპერატორს სურდა მონოფიზიტების შემორიგება მართლმადიდებლებთან, თუმცა იუსტინიანეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. კრებამ საზეიმოდ დაამტკიცა ქალკედონიის კრების ყველა დადგენილება. მე-5-მე-8 სხდომებზე დაამხეს ის მონოფიზიტები, რომლებიც ნესტორის ცრუმოძღვრებას ესარჩლებოდნენ.

რაც შეეხება VI მსოფლიო საეკლესიო კრებას, იგი მოწვეულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის ბრძანებით 680 წელს ქალაქ კონსტანტინეპოლში. კრებას ესწრებოდა 168 მამა. კრების მიზანი იყო მწვალებელ მონოთელიტების დამხობა, რომლებიც მონოფიზიტების შემდეგ გაჩნდნენ და სახელმწიფოში განხეთქილებას ქმნიდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იესო ქრისტეში იყო ერთი, ღვთაებრივი ნებისყოფაო. ამასთან დაკავშირებით მცირე სჯულისკანონში ვკითხულობთ: „ამან წმიდამან კრებამან სარწმუნოებით და მოწლედ შეიწყნარა ეპისტოლე წმიდისა და ნეტარისა აღათონ ჰრომთა პაპისა , მოწერილი ღმრთისმსახურისა მეფისა კონსტანტინესა, რომელსა შინა წერილ არს სახელდებით განკუეთა და განყრა ყოველთა , რომელთა ქადაგეს ერთი ნება და ერთი განკაცებისა განგებულებასა შინა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა ეგრეთვე სახედ".

არც მეხუთესა და არც მეექვსე საეკლესიო კრებებს საეკლესიო კანონები არ გამოუციათ. სამაგიეროდ VI მსოფლიო კრების სხდომები განახლდა 692 წელს, კეისარ იუსტინიანე II მოწვევით, რომელზედაც გამოცემულ იქნა 102 კანონი და რითაც შეივსო V და VI კრებების ხარვეზი საეკლესიო სამართლის საკითხში. აღნიშნულ კანონებს უწოდებენ ტრულის კრების კანონებსაც (ტრული სვეტებს ნიშნავს), რადგანაც კრების სხდომები მიმდინარეობდა სასახლის დარბაზში, სადაც მრავლად იყო სვეტები.

რაც შეეხება ძეგლის მეორე და მესამე ნაწილებს, ქართველი მკვლევარი ე. გიუნაშვილი მათ ერთ ავტორს, ვინმე იოანე მონაზონს მიაწერს. თუმცა ითვლება, რომ იოანე მმარხველი არის ავტორი მხოლოდ მეორე ნაწილისა, რომელსაც კანონნი შეცოდებულთანი ეწოდება. მესამე ნაწილის სახელწოდება კი არის: „კანონნი დღითი-დღეთა ცდომათანი, ვითარცა მამამან ჩუენმან ბასილი განაწესნა". მნიშვნელოვანია მეოთხე ნაწილი. მეოთხე ნაწილში შევიდა, როგორც ვთქვით, კონსტანტინეპოლის 843 წლის ადგილობრივ კრებაზე მიღებული დადგენილებანი - ძეგლის წერა სარწმუ-ნოებისა . აღნიშნული კრება მოწვეულ იქნა ბიზანტიის მცირეწლოვანი კეისრის მიქაელ III და დედამისის, მართალ თეოდორა დედოფლის მიერ, რომელიც წმიდათა დასში „ხატთაყვანისცემის აღმდგენლის" სახელით შევიდა. მართლაც, ამ კრებაზე განიხილეს ხატთა თაყვანისცემის საკითხი. კრებამ ერთხმად დაამტკიცა ხატთა თაყვანისცემის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და ანათემა გამოუცხადა ყველა ხატმებრძოლს. კონსტანტინეპოლის 843 წლის ადგილობრივ კრებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიის ისტორიაში, რადგანაც ამ დროიდან საბოლოოდ გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ მწვალებელ ხატმებრძოლებზე და სამუდამოდ დაამკვიდრა ხატთა თაყვანისცემა.

ქრისტიანულ მართლმადიდებელ ქვეყნებში მსოფლიო კრებების დადგენილებებს მოქმედი კანონის ძალა ჰქონდა და ამიტომაც ბერძნულიდან ქრისტიანული ქვეყნების სხვადასხვა ენებზე ითარგმნებოდა. ექვთიმე მთაწმინდელმა იმიტომ თარგმნა ეს შრომა, რომ მას საქართველოში გასცნობოდნენ. ამასთანავე, ექვთიმე მასში ქართული სინამდვილის შესაბამის განმარტებასაც იძლევა. ცნობილია, რომ მცირე სჯულისკანონი იყო ქართული ეკლესია-მონასტრების სახელმძღვანელო, თუმცა უცნობია, თუ როგორ გამოიყენებოდა იგი საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა, მასში ხმარებული იურიდიული ტერმინების მიხედვით, იგი ძვირფასი წყაროა ამ ეპოქის ქართული იურიდიული ინსტიტუტების შინაარსის დასადგენად (2).

 

§4. ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონები

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მსოფლიო კრებებს შორის სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში ეწყობოდა ადგილობრივი საეკლესიო კრებები უკვე მიღებული კანონების აღსასრულებლად ან განსამარტავად, აგრეთვე ახლის მისაღებად. ზოგიერთი კრების მიერ მიღებული კანონები, გამომდინარე მათი შინაარსიდან და საეკლესიო მნიშვნელობიდან, იძენდნენ ზოგადქრისტიანულ დატვირთვას და ენიჭებოდათ, მსოფლიო კრების შემდეგ, უზენაესი ძალა შიდასაეკლესიო კანონების მიმართ. ამგვარი ზოგადქრისტიანული მნიშვნელობა მიენიჭათ: ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიის, ლაოდიკიის, სარდიკიის, კართაგენის და კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებებზე მიღებულ საეკლესიო კანონებს და ისინი შეტანილ იქნენ დიდ სჯულისკანონში.

განვიხილოთ ზოგიერთი კანონი ადგილობრივი საეკლესიო კანონმდებლობიდან:

ანკვირიის კრებაზე მიღებულ იქნა 25 კანონი. საინტერესოა 22-ე და 23-ე კანონები, რომლებიც განარჩევენ კაცის კვლის ნებსითს და უნებლიეთს, ანუ თანამედროვე ტერმინებით: განზრახ და გაუფრთხილებლობით მკვლელობას. შესაბამისად მისაგებელიც სხვადასხვაა დაწესებული: თუ პირველ შემთხვევაში სიკვდილამდე უზიარებლობით ისჯება შემცოდე, მეორე შემთხვევა სასჯელად მხოლოდ 5 წლით უზიარებლობას ითვალისწინებს:

„ნებსითისა კაცის-კლვისათჳს შეუვრდებოდედ უკუე ყოველსა შინა ცხორებასა თჳსსა, ხოლო სრულსა ზიარებასა დასასრულღა ცხორებისასა ღირს-იქმნენ. უნებლიეთისა კაცის-კლვისათჲს პირველი უკუე საზღვარი შჳდ წელ ბრძანებს სრულისა ზიარებისა მიმთხვევასა განჩინებულთა მათებრ ხარისხისა, ხოლო მეორე ხუთისა წლისა ჟამთა სრულ-ყოფასა".

ნეოკესარიის კრებამ მიიღო 15 კანონი. აქ ყურადსაღებია მე-4 კანონი,რომელიც ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას დაუმთავრებელი დანაშაულისათვის, თუკი მის ქმედებას სახიფათო შედეგი არ მოჰყოლია:

„უკეთუ ვინმე ინებოს გულისთქუმა დედაკაცისა და საწოლსა უკუე მისსა დაწვეს, ხოლო არა სრულ-ყოს საქმით გულისთქუმა თჳსი, საცნაურ არს, ვითარმედ მადლისა მიერ გამოჴსნილ არს", ანუ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.

ფრიად საგულისხმოა ღანგრის კრებაზე მიღებული კანონები. ისინი სულ 21-ია. კანონებში ჩამოთვლილია პრაქტიკულად იმ პერიოდში ერში და ერისკაცთა შორის არსებული ცოდვები და თითოეული მათგანისთვის შეჩვენებაა განსაზღვრული მისაგებელად, ანუ იურიდიული სიტყვებით რომ ვთქვათ, მოცემულია სხვადასხვა სახის ნორმათა დისპოზიცია,ხოლო სანქციად განსაზღვრულია შეჩვენება. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ კანონებში მოცემულ შეცოდებათაგან მრავალი დღესაც აქტუალურია.

მე-13 კანონი კრძალავს დედაკაცის მიერ მამაკაცის შესამოსელის ჩაცმას: „ვინც ვინ დედაკაცმან საგონებელისთჳს მოღუაწებისა შეიცვალოს შესამოსელი და ნაცვლად ჩუეულებისებრისა სადედაბროჲსა შესამოსლისა სამამაკაცოი შთაიცუას, შეჩვენებულ იყავნ."

მე-15 კანონით აიკრძალა შვილის აღზრდაზე თავის არიდება, ხოლო მე-16 კანონით შვილებს აეკრძალათ მშობლების მიტოვება იმ მიზეზით, რომ ისინი მშობლებზე უფრო მორწმუნენი იყვნენ: „უკეთუ ვინმე შვილნი მშობელთა უფროჲსღა და მორწმუნეთა მიზეზითა ღმრთისმსახურებისაჲთა განეშორნენ... შეჩუენებულ იყავნ."

ანტიოქიის კრებაზე მიღებული 25 კანონი ძირითადად ეხება ეპისკოპოსთა უფლებამოსილებებს და მათ მოვალეობებს წმიდა ეკლესიის, ერთმანეთისა და სამწყსოს მიმართ.

ლაოდიკიის კრებამ მიიღო 59 კანონი. საინტერესოა მე-15 კანონი, რომელიც კრძალავს ღვთისმსახურების დროს გალობაზე აყოლას. 33-ე კანონი კი დაუშვებლად აცხადებს მწვალებელთან ერთად ლოცვას, ხოლო 37-ე კანონი კი კრძალავს რაიმე დღესასწაულის აღნიშვნას მწვალებელთან ერთად. 52-ე კანონი მიუთითებს ქრისტიანებს, რომ ქორწილი და დაბადების დღე მარხვაში არ აღნიშნონ.

სარდიკიის კრების კანონები აღწერილია ოქმის სტილზე, ანუ კანონის პირველ ნაწილში მოცემულია სარდიკიის მხარის რომელიმე ეპისკოპოსის შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, ხოლო მეორე ნაწილში მოცემულია დანარჩენი ეპისკოპოსების აზრი, ჩვეულებრივ კი - თანხმობა. სულ მოცემულია 20 კანონი.

კართაგენის კრებაზე მიღებულ იქნა 138 კანონი.

72-ე კანონით გადაწყდა, რომ თუ ადამიანს ჩვილობისდა გამო არ ახსოვს ზუსტად იყო თუ არა მონათლული და არ არსებობს ახლობელთა დაბეჯითებული პასუხი, მაშინ იგი უნდა მოინათლოს. 102-ე კანონი მოუწოდებს ცოლსა და ქმარს არ დაარღვიონ ღვთივკურთხეული ჯვრისწერა და მრუშების ცოდვით არ დაეცნენ. 109-ე კანონმა დაამტკიცა ძველი აღთქმისეული სწავლება ადამის ცოდვის გამო დაცემისა და სასჯელად სიკვდილის დაწესების შესახებ და ამგვარი სწავლების დარღვევისთვის შეჩვენება განაწესა, ხოლო 110-ე კანონმა აღიარა, რომ ჩვილნიც ნათელ-იღებენ „მისატევებელად ცოდვათა". 114-ე კანონმა განსაზღვრა, რომ ყოველი ადამიანი სცოდავს, მაგრამ მისივე სინანულისამებრ მიეტევება ცოდვები, ხოლო 115-ე კანონმა უარყო აზრი წმიდათა უცოდველობის შესახებ, „რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". საინტერესოა 131-ე კანონი, რომელმაც განსაზღვრა, თუ ვინ შეიძლება გამოვიდეს მოწმედ საეკლესიო პროცესში. მოწმე არ უნდა იყოს უზიარებელი, განსასჯელის სახლეულთაგანი და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი.

ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონები, როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, კათოლიკე ეკლესიამ შეიწყნარა, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის კანონები და ისინი დიდ სჯულისკანონში ჩართო. სწორედ ამით განსხვავდებიან აღნიშნული სახის კანონებისაგან ადგილობრივი ლოკალური მნიშვნელობის კანონები. მათ, როგორც დასახელებიდანაც ჩანს, მხოლოდ ლოკალური, ანუ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ და მათი მოქმედების ფარგლები ერთი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიით შემოიფარგლება. ლოკალური მნიშვნელობის კანონები მეოთხე ადგილზე დგანან საეკლესიო-სამართლებ-რივ ნორმათა იერარქიაში მოციქულთა კანონების, მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონების და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა მსოფლიო მნიშვნელობის კანონების შემდეგ. ამგვარი სახის კანონთა მაგალითს საქართველოსთვის წარმოადგენს რუის-ურბნისის ძეგლისწერა, კათალიკოსთა სამართალი და სხვა ქართული საეკლესიო-სამართლებრივი ძეგლები.

იყო შემთხვევები, როცა ლოკალური მნიშვნელობის კრება მსოფლიო გამოხმაურებას ჰპოვებდა ხოლმე. ასეთი იყო კონსტანტინოპოლის 853 წლის ადგილობრივი კრება, რომელმაც საბოლოოდ შეაჩვენა მწვალებელი ხატმებრძოლები და აღადგინა ხატთა თაყვანისცემა. ამ კრებამ, რომელიც კეთილმორწმუნე დედოფალ თეოდორას ინიციატივით იქნა მოწვეული, მიიღო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ხატთა თაყვანისცემის შესახებ. დამტკიცდა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს-სცემს არა უშუალოდ ხატს, როგორც ნივთს, არამედ იმ წმინდანს, რომელიც მასზეა გამოსახული და ამ გზით ხატსაც, რომელზეც აღბეჭდილია წმიდა სახე. აქედანვე მოდის ხატის ბერძნული და სლავური შესატყვისები η εικών  და óбразъ - (გამოსახულება).

დასასრულს უნდა ითქვას, რომ ადგილობრივმა საეკლესიო კრებებმა დიდი როლი ითამაშეს საეკლესიო სამართლის ნორმათა სრულყოფისა და განვითარების საქმეში.

 

§5. ეპისტოლარული კანონები

ეპისტოლარული კანონები ეწოდება დიდი სჯულისკანონის მე-4 ნაწილს. იგი წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ მოღვაწეთა და სჯულმდებელთა ეპისტოლეებს, ანუ წერილებს, რომლებშიც გადმოცემულია საეკლესიო-სამართლებრივი ნორმები. სულ დიდ სჯულისკანონში შედის 14 დიდი მამის კანონები. ესენია: დიონისე ალექსანდრიელის, პეტრე ალექსანდრიელის, გრიგოლი ნეოკესარიელის, ათანასეს, ბასილი დიდის, გრიგოლი ნოსელის, გრიგოლი ღვთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის, ტიმოთე ალექსანდრიელის, თეოფილე ალექსანდრიელის, კირილე ალექსანდრიელის, გენადი კონსტანტინოპოლელის, მარტვირი ანტიოქიელის და ათანასე ალექსანდრიელის კანონები. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

საინტერესოა წმიდა ბასილი დიდის მე-2 კანონი, რომელიც აბორტის უმძიმეს ცოდვას ეხება:

„მუცელსა შინა კლვისა ჩჩ ლთა სა მოპოვნებასა კაცისკლვისა თანა-აც პატიჟი... ვინა თგან ხრწნილება ცა და განრყუნა ახლადმუცლადმიღებულისა კაცის კლვა არს... რომელთა არა ვიდრე სიკუდილამდე ჯერ-არს განვრცობა სინანულისა , არამედ შეწყნარება მათი შემდგომად რიცხ სა ათთა წელიწადთა სა." როგორც ვხედავთ ბასილი დიდი ათწლიან უზიარებლობას ადგენს ჩჩ ილის მოწყვეტისთვის.

მე-5 კანონით ბასილი დიდი სიკვდილის ჟამს სინანულით მოსული მწვალებლის შეწყნარებას ბრძანებს.

მე-8 კანონით ბასილი დიდი განარჩევს ნებსით და უნებლიეთ ცოდვის ჩადენას. ეპისტოლეში მას მოყვანილი აქვს შემდეგი მაგალითი: „სრულიად უკუე უნებლიეთი და გარეგანი მიზეზისა არს, ვითარ-იგი რაჟამს ძაღლისა ანუ ხისადა ტყორცებული ქვა მიემთხ ოს კაცსა, რა თა მ ეცი წარიოტოს ანუ ნაყოფი ხეთა შტამოყაროს". ამასთან, წმიდა მამას განხილული აქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა შეცოდებას ორივე ნიშნები აქვს, ანუ სახეზე გვაქვს არაპირდაპირი განზრახვა და სხვა. სულ ბასილი დიდს ეკუთვნის 25 კანონი.

საინტერესოა წმიდა ტიმოთე ალექსანდრიელის მიგება კანონიერი, ანუ კითხვა-პასუხები, რომელშიც გადმოცემულია წმიდა ეკლესიის სწავლება სხვადასხვა შეცოდებებსა და საეკლესიო-სამართლებრივ ინსტიტუტებზე.

განვიხილოთ ზოგიერთი კითხვა-პასუხი:

კითხვაზე, თუ 7 წლის უნათლავი ყრმა უმეცრებით სადმე ეზიარება, წმიდა მამა ბრძანებს, რომ იგი უნდა მოინათლოს, „რამეთუ ღი’სა მიერ წოდებულ არს." საიტერესო პასუხი აქვს წმიდა მამა ტიმოთეს უძლურებაში მყოფის მარხულობის შესახებ: „მარხვა დამდაბლებისათ ს მოპოვნებულ იქმნა ორცთა სა. აწ უკუე, უკუეთუ ორცნი სიმდაბლესა შინა იყვნენ და უძლურებასა უ მს უმევა (იგულისხმება სახსნილო საკვების). სულ ტიმოთე ალექსანდრიელს 15 კითხვა-მიგება აქვს შეტანილი სჯულისკანონში.

46-ე კანონით: „დედაკაცმან, რომელმან უმეცრებით იქორწინოს კაცი ვინმე ჟამ რაოდენმე დატევებული ცოლისა მიერ, ამისსა შემდგომად განტევებული იქმნეს მისდავე მიმართ მიქცევისათ ს პირველისა მის ცოლისა, ისიძვა უკუე, არამედ უმეცრებით და ქორწილისაგან ვიდრემე არა დაიყენების, ხოლო უმჯობეს არს, უკუეთუ დაადგრეს ესრეთ."

ბასილი დიდის 56-ე და 57-ე კანონები ეხება ნებსით და უნებლიეთ კაცის კვლას. პირველისთვის 20, ხოლო მეორესთვის 10 წელი უზიარებლობაა განსაზღვრული. მრუშებისთვის 15, ხოლო სიძვისათვის 7 წლით უზიარებლობას განსაზღვრავს წმიდა მამა. მე-60 კანონში მითითებულია, რომ ვინც უფლისადმი მიცემულ ქალწულების აღთქმას დაარღვევს, მრუშის კანონი უნდა აღასრულოს. რაც შეეხება პარვას, აქ წმიდა ბასილი დიდი ორ შემთხვევას განიხილავს: როცა მპარავი თვითვე აღიარებს ცოდვას, და როცა მას შეასმენენ, ანუ სხვა პირის მეშვეობით გაირკვევა მისი შეცოდება. პირველ შემთხვევაში 1, ხოლო მეორე შემთხვევაში 2 წლით უზიარებლობაა სასჯელად. ცრუ ფიცისთვის 10-წლიანი უზიარებლობა განსაზღვრა 64-ე კანონმა. იგივე მისაგებელია განსაზღვრული საფლავთა შეურაცხყოფისათვის. 67-ე და 68-ე კანონები ეხება სისხლის აღრევას ნათესავთა შორის. ამ ცოდვისთვის 15 წლით უზიარებლობაა განსაზღვრული, ანუ მემრუშის სათანადო სასჯელი. მრავალქორწინებულობას ბასილი დიდი სიძვის „უძჳრეს ცოდვად" თვლის და შესაბამისად განაკანონებს.

ეპისტოლარულმა კანონებმაც თავისი როლი შეასრულეს საეკლესიო სამართლის განვითარებაში. ჩვენ ზემოთ ავღნიშნეთ, რომ ეპისტოლეებს, ჩვეულებრივ, დიდი საეკლესიო იერარქები უგზავნიდნენ სხვადასხვა პიროვნებებს, ეკლესიებს, ქალაქებს იმ საჭირბოროტო საკითხებზე რაც მათ აინტერესებდათ. ამგვარად, ცალკეული პიროვნებებისადმი გაგზავნილი ეპისტოლეები საერთო-საეკლესიო მნიშვნელობას იძენდნენ მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობაში ჩართვის სახით. ეპისტოლეებიც, მსგავსად სხვა საეკლესიო ნორმებისა კაზუისტურად არის შედგენილი და მასში დეტალურადაა აღწერილი დისპოზიციური ნაწილი ნორმისა, ანუ შეცოდების ფაქტობრივი შემადგენლობა. მისაგებლად, როგორც დავინახეთ, საეკლესიო მოძღვრების გათვალისწინებით, უზიარებლობაა განსაზღვრული.

ჩვენი აზრით დიდი სჯულისკანონი, საეკლესიო სამართლის ეს უპირველესი ძეგლი, სრულიად უსაფუძვლოდ არის შეტანილი თანამედროვე იურისტ მეცნიერთა მიერ ისტორიულ სამართლებრივ სისტემებში, ვინაიდან საეკლესიო სამართალი, რომლის შემადგენელ და უმთავრეს ნაწილს დიდი სჯულისკანონი წარმოადგენს, არის მოქმედი სამართალი მართლმადიდებელ ეკლესიაში. იგი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გამოცხადდა მომქმედ სამართლად საქართველოს ეკლესიაში, რითაც ფაქტობრივად სახელმწიფომ აღიარა კანონიკური სამართალი საერო სამართლის თანასწორად გამომდინარე იქიდან, რომ თავად სახელმწიფო და ეკლესია წარმოადგენენ სრულუფლებიან, თანასწორ და ურთიერთდამოუკიდებელ საჯარო სამართლებრივ სუბიექტებს.


1. იხ. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ. 2000, გვ. 159.

2. იხ. ივ. სურგულაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 160.


კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 310 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]