ნანა ჩაჩუა–დეპრესია,სასოწარკვეთა,თვითმკვლელობები
2011-10-17, 10:16 PM
უმუშევართა რაოდენობა იზრდება, კომუნალურ გადასახადებზე ფასები მატულობს, სხვადასხვა კატეგორიისთვის არსებული შეღავათები უქმდება, არსებობა ძვირდება. მძიმე სოციალური ვითარება და შიმშილი კი საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ფსიქოლოგიური კვლევებით კი ეს ფორმებია დეპრესია, აგრესია, გულგრილობა, სუიციდი და კრიმინალური ფონის გაუარესება.

როგორ უნდა დავძლიოთ არსებული რეალობა? საზოგადოებისგან რა სახის გამოვლინებებს უნდა ველოდოთ? როგორ გადაიტანეს სხვა ქვეყნებმა ანალოგიური ვითარება? ამ და სხვა საკითხებზე „ადამიანის უფლებათა ცენრს" ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

ჟურნალისტი: იმ სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, რაც საქართველოში არსებობს, როგორ შეაფასებთ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას – დეპრესიულია თუ უფრო რთული?

ნანა ჩაჩუა: ჯერ კითხვა უნდა დავა – არის თუ არა ეს დეპრესიული ფონი. ჩემი აზრით, ეს უფრო რეალობის წინაშე დგომაა. არის რაღაც რეალობა, რომელსაც თან ახლავს გარკვეული სირთულეები. ამ სირთულეებს კი შეუძლიათ, რომ ადამიანებში მასტიმულირებელი ძალები აღძრან. იქ, სადაც სირთულეა, შინაგანი ფსიქოლოგიური რესურსებიც აქტიურდება და უფრო მეტად მოდის მოქმედებაში.

მესმის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არსებული შეღავათები გაუქმდა, სამსახურებში შემცირებები ხდება, ცხოვრება გაძვირდა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი შესაბამის საკანონმდებლო წიაღში ხდება, ადამიანს სერიოზული პოზიტიური, მასტიმულირებელი მდგომარეობა ექმნება. ამ ყველაფერში კი იმას ვგულისხმობ, რომ კანონმდებლობა საზოგადოებას ხელს უნდა უწყობდეს, ინდივიდუალურად გაშალონ თავიანთი საქმიანობა – შექმნან შპს-ები, წამოიწყონ სხვა საქმიანობები და საკუთარი შემოქმედებითი ძალები ინდივიდუალურად გამოავლინონ.

საერთოდ, პირველი შოკის შემდეგ სიტუაციის გაცნოებიერება ხდება. ეს გაცნობიერება კი კონკრეტულ ადამიანს კი არ უნდა მივანდოთ, ამისთვის საზოგადოება მომზადებული უნდა იყოს. მომზადება კი ელექტრონულმა და ბეჭდურმა მედიამ უნდა მოახდინოს. განსაკუთრებით კი აქცენტი ელექტრონულ მედიაზე გადადის, რაგდან ის შედარებით ყველასათვის ხელმისაწვდომია.

- იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ, როგორ უნდა მოამზადოს მედიამ საზოგადოება?

ნ.ჩ: აღნიშნულთან დაკავშირებით სწორედ მედიის საშუალებით უნდა ხდებოდეს ახსნა-განმარტებები თუ გარკვეული ალტერნატივების მიწოდება დასაქმების, სამუშაო ადგილების, ინიციატივების, საკუათრი შესაძლებლობების რეალიზაციის გზებისა თუ ფორმების შესახებ. მიწოდებას კი მიუწვდენელი სახე არ უნდა ჰქონდეს. შეთავაზებული პროდუქტი განხორცილებადი უნდა იყოს. გარდა ამისა, საჭიროა ფსიქოლოგიური, მატერიალური და საკანონმდებლო მხარდაჭერა.

- არის კატეგორია, რომელიც არსებობისთვის შემოსავლის გარკვეულ წყაროებს პოულობს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც არაფერი გამოსდით ან არ შეუძლიათ. ამ კატეგორიამ როგორ უნდა გაუძლოს არსებულ რეალობას?
ნ.ჩ: ასეთ ადამიანებში დეპრესია მატულობს. თუ მეტყვით, რომ არც ნავი გაქვთ, არც გემი, არც ხელების მოქნევა შეგიძლიათ და მდინარე გაქვთ გადასაცური, როგორ ფიქრობთ, არ იქნება დეპრესიული ფონი? ასეთი ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ვისაც ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობა აქვს შეზღუდული, მან რაღაც უნდა მოახერხოს, თუმცა, ამისთვის შესაფერისი საკანონმდებლო სივრცე უნდა არსებობდეს. თუ ეს არ არის, აქაც არაფერი ეშველება. ის ადამიანები, ვინც უკვე ასაკში არიან, ან ფიზიოლოგიურად ვერ პასუხობენ იმ მოთხოვნებს, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა ქვია, უკვე განწირულია.

- თუ შეგიძლიათ იმ ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოთ,რომლებმაც ანალოგიური პრობლემები უკვე გადალახეს. საზოგადოება არსებულ ვითარებას შეეჩვია, დეპრესიამ ან თვითმლვლელობებმა ხომ არ იმატა თუ სხვა გამოვლინებებს ჰქონდა ადგილი?

ნ.ჩ. ხალხი ასეთ ვითარებას თანდათანობით ეჩვევა. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც რაღაც სირთულე არ დაუძლევია. მაგრამ, საინტერესოა, რის ხარჯზე. მაგალითად, ამერიკა, ჯეკ ლონდონის ეპოქა გავიხსენოთ, რომელსაც უდიდესი სირთულეები ჰქონდა. მას აღმოაჩნდა ღვთაებრივი ნიჭი მწერლობისა და თავი გაიტანა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ მისი ცხოვრება, თუკი მას ეს ნიჭი არ ექნებოდა, რა დაემართებოდა? დავსვათ ეს შეკითხვები. იგივე, ო’ჰენრის ეპოქა, რომელსაც ასევე უდიდესი სირთულეები ჰქონდა. რამდენი ცნობილი ადამიანია, რომელიც მოულოდნელად აღმოჩენილმა ნიჭმა გადაარჩინა.

საქართველოში მცხოვრები ადამიანები მთელი ცხოვრება მუშაობდნენ და გადასახადებსაც იხდიდნენ. აკეთებდნენ იმას, რაც მათ სახელმწიფომ დაავალა. საბჭოთა სისტემაში ცხოვრება მათი არჩევანი არ ყოფილა. დღეს, როცა ისინი ასაკში არიან და თავიანთი შრომის შედეგს პენსიისა და შეღავათების სახით ითხოვენ, ამისი უფლება ნამდვილად აქვთ და ეს სამართლიანია. მძიმე სოციალური ვითარება და არაადამიანური ცხოვრების პირობები გამოიხატება აგრესიით, კრიმინოგენული სიტუაციის გართულებით, დეპრესიულობით, ინდიფერენტულობითა და რაც მთავარია, ყველაფრის მიმართ გულგრილობით, რაც საკმაოდ მძიმეა.

- სოციალური ფონის დამძიმების შემდეგ თვითმკვლელობის შემთხვევები ხომ არ მატულობს?

ნ.ჩ: სამწუხაროდ, ასეა. სუიციდის პრობლემა საქართველიოში ყოველთვის იყო და არის, თუმცა, იმ ხარისხით, რაც სხვა ქვეყნებშია – არა. ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფრანგეთშია. ფრანგები თვითმკვლელობებით ცნობილები არიან. იქ, სადაც ცივილიზაცია და ტექნიკური პრობლემები ძალიან მაღალია, სუიციდის შემთხვევები კატასტროფულად მაღალია. მართალია, ჩვენთან სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არსებობს თანგრძნობა, ურთიერთდახმარება.

- როგორ გადავიტანთ დღევანდელ რეალობას და მომავალში განსაკუთრებით რა გამოვლინებები იჩენს თავს?

ნ.ჩ. გადავიტანთ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენთან ურთიერთობების კულტურა არსებობს. ამ მიმართულებით ეკლესია ძალიან ბევრს აკეთებს. იქნება გაღიზიანება, დათრგუნულობა, უნდობლობა. ამის საწინააღმდეგოდ კი ხელისუფლებამ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება აუცილებლად უნდა უზრუნველყოს. ადამიანებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, საკუთარი თავი და აგდილი იპოვონ. კანონი უნდა იყოს საყოველთაო და ლიბერალური. განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულთათვის, მარტოხელებისა და პენსიონერებისთვის.
კატეგორია: ფსიქოლოგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1326 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]