წყურვილი სიცოცხლისა
2011-10-18, 0:30 AM
მე ჩემი ცხოვრების წიგნი ვიპოვე - ირვინგ სტოუნის წყურვილი სიცოცხლისა.

რომანი წარმოადგენს ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფის, რომელიც დამყარებულია რეალურ ფაქტებზე და რომელიც მწერალმა თავად მოიძია წერილებისა და იმ ადამინების დახმარებით, ვინც ცხოვრებაში შეხვედრია მხატვარს.

კითხვისას გამიჩნდა სურვილი არასდროს დამთავრებულიყო ეს წიგნი. ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების სულში ჩამწვდომმა ისტორიამ ბევრ კითხვაზე მომცა პასუხი.

ირვინგ სტოუნის წყალობით მე ვიყავი ლონდონში – შევიყვარე ცალმხრივად, თავდავიწყებით, ბორინაჟში – იქაურ შავპირიან მაღაროელებივით, დილიდან დაღამებამდე მიწისქვეშ ვმუშაობდი ქანცგაწყვეტით, გამოვიარე უდიდესი გაჭირვება, შიმშილი, ავადმყოფობა, ციება, ჩავხედე სიკვდილს თვლებში, ვიგემე დამცირება, დროებითი აღმასვლა და ისევ დამარცხება.

ვიყავი ეტენში, ჰააგაში, ნიენენში, პარიზში. გოგენთან და ვან გოგთან ერთად ვწრუპავდი აბსენტს, შემდეგ კი შუაღამისას ვიპარებოდი სიორას მანსარდაზე, რათა მენახა თუ როგორ ხატავს იგი თავისი თეორიებითა და წერტილებით.

ვიყავი არლში, სადაც ”მთელი სიძლიერით გაისმა მისი ხმა და ერთ წელიწადში ამოხეთქა ათი წლის განმავლობაში ნაგროვებმა შრომამ და ჯაფამ.”

შემდეგ კი სენ რემი, სულიერი ავადმყოფების თავშესაფარი, ეპილეფსია და მარცხი. ”თავგამეტებული ცდა, შეინარჩუნოს შემოქმედებითი ცეცხლი და ნელი დაცემა ძირს…”

ბოლოს ოვერი, უიმედობა და დასასრული.

და რა იქნებოდა ეს ყველაფერი თეო ვან გოგის გარეშე, ყველგან სადაც კი ვიყავით მე და ვინსენტი, ის ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო, უდიდესი ადამიანი, რომელმაც არაფერი დაიშურა ძმისთვის და მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა.

და ბოლოს ვინსენტ ვან გოგის ავტოპორტრეტი, რომელშიც მე ვხედავ მთელ მის გამოვლილ გზას, ცხოვრებას და შემოქმედებას.

 

კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1597 | რამოტვირთვები: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]