შარლ ბოდლერი (თარგმანი ზვიად გამსახურდიასი) ბებერი ჯამბაზი
2011-11-12, 9:50 PM


სასერინოდ გამოსული ბრბო ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილოყო მოედანზე და მხიარულობდა. ეს იყო ნამდვილი საახალწლო დღესასწაული, რომლის დადგომაზეც წინასწარ ოცნებობენ ყოველი ჯურის კომედიანტები, ჯამბაზები, მცეხთა მგეშავნი და მეწვრილმანენი, იმ იმედით, რომ აინაზღაურებენ მთელი წლის დანაკლისს.

ასეთ დღეებში, როგორც ჩანს, ხალხს ავიწყდება ყველაფერი - სარარდებელიც და საზრუნავიც; ყველანი ბალღებს ემსგავსებიან. ბალღთათვის ეს დღე ხომ შვების დღეა, სკოლის დავიდარაბისგან განთავისუფლებაა მთელი დღე-ღამით. მოზრდილთათვის კი ეს ზავია ცხოვრების მტრულ ძალებთან დადებული, თავის დაღწევაა გამუდმებული დაძაბულობისა და ბრძოლისაგან.

თვით საზოგადოებაში გამოსული კაციც კი, ინტელექტუალური შრომით მცხოვრები, ჩაებმება ზოგჯერ ამ გადამდებ მხიარულების ფერხულში, ძალაუნებურად მასაც ჩაითრევს ხოლმე საყოველთაო უზრუნველობის ატმოსფერო. მეც, როგორც ჭეშმარიტ პარიზელს, არასოდეს გამიშვია შემთხვევა ქუჩის ამ სანახაობათა ჭვრეტისა, განსაკუთრებით უქმე დღეებში.

ირგვლივ მართლაცდა საშინელი კონკურენციის ატმოსფერო სუფევს: ისმის ღრიალი, ყმუილი, კივილ-წივილი; ეს ხმები სპილენძის გუგუნსა და აფეთქების ხმებს ერწყმიან, ჭრელაჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი მასხარები ათასგვარად მანჭავენ შავგრემან, ქარცემულ სახეებს, წვიმისა და მზისგან გაკაჟებულნი, დიდი მსახიობის აპლომბით ისვრიან ენამახვილ კალამბურებს, მოლიერის იუმორივით მძიმესა და სოლიდურს. ჩაფსკვნილი ძალოსნები ამაყობენ თავიანთი დაბერილი კუნთებით, ორანგუტანგისებური ჩაჭყლეტილი თავ-კისრით, გოროზად დააბიჯებენ წინადღით საგანგებოდ გარეცხილ შემოჭერილ რეიტუზებში, მოცეკვავე გოგონები ფერიების დარად დაცქრიალებენ ფარნების შუქზე, მათ ბრჭყვიალა კვედაკაბებზე რომ ირეკლება.

ყველგან სინათლე, სიხარული, ყაყანი, ციებ-ცხელება. ერთნი ფულს იხდიან, მეორენი იხვეჭენ, თანაბარის ხალისით. ირგვლივ დიდი გამოცოცხლებაა. ბალღები დედის კალთებს ჩასჭიდებიან, თხოვენ შაქარყინულს, ხანაც მამებს ასხდებიან მხრებზე, რათა უკეთ დაინახონ ილუზიონისტი, მათ თვალში - ბრწყინვალე ღვთაება. აქ ყველა სხვა არომატს ახშობს ტაფაზე აშიშხინებული ერბოს სუნი, თითქოსდა საკმეველიაო ამ დღესასწაულისა.

გერდულების რიგის ბოლოში დავინახე საბრალო, ბებერი ჯამბაზი, მოკაკული, ძალმიხდილი, თითქოს სირცხვილით გამოქცევიაო ამ დიდებულ ზეიმს - ეს იყო რაღაც ნანგრევი ადამიანისა. იგი თავისი გახუნებული კარვის ერთ-ერთ სვეტს მიყრდნობოდა, ასეთი დაძენძილი კარავი არც ერთ დაჩლუნგებულ და გაუბედურებულ ველურს არ ექნებოდა. აქ ძლივსღა ბჭუტავდა ორი, თითქმის ბოლომდე დამწვარი სანთელი.

ყველგან სიამე, სიხარული, ღრიანცელი, სარფა, ხვალინდელი დღის იმედი; ცხოველმყოფელი ხალისი; აქ კი უიმედობა, სიდუხჭირე - თანაც სიდუხჭირე ჯამბაზის ჩვრებში მორთული, თვით გაჭირვება ჰქმნიდა მყვირალა კონტრასტს, ყოველგვარი ხელოვნების გარეშე. ეს უბედური როდი იცინოდა! იგი არც ტიროდა, არც ცეკვავდა, არც მღეროდა, ჟესტითაც არ ითხოვდა შველას. იგი უძრავად და უტყვად იდგა, დამორჩილებული ბედს, დაეყარა ფარ-ხმალი. მისი ბედი გადაწყვეტილი იყო.

მაგრამ რა ღრმა, რა დაუვიწყარი მზერით ათვალიერებდა იგი ამ ბრბოს, ამ შუქურებს, რომელთა მორევი შეგუბებულიყო მისი დუხჭირი სადგომის მახლობლად! ბოღმა მომაწვა ყელში, თვალები ცრემლით ამევსო, იმ ჯიუტი ცრემლით, რომელიც თითქოს არ ლამობსო თვალთაგან გადმოღვრას.

რა მექნა? ხომ არ მეკითხა ამ უბედურისთვის რა იშვიათობის, რა უცნაურობის ჩვენებას აპირებდა იგი, იმ აყროლებულ ფარდულებთან, პატარა სცენაზე? მართალი გითხრათ, ვიდექი და ვყოყმანობდი, მეშინოდა, გული არ ვატკინო-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, ცოტაოდენი ფული ჩამედო მისთვის, იმ იმედით, რომ იგი სწორად გამიდებდა, მაგრამ ამ დროს რაღაც ალიაქოთი ატყდა, ბრბო დამეტაკა და წამიღო სხვა მხარეს და იგი დავკარგე თვალთაგან.

უკან ვიხედებოდი, თითქოსდა დევნილი ამ ზმანებით, თან გულისტკივილით ვამბობდი: რა ვნახე ახლა? განა ეს მოხუცებული მწერლის ხატება არ იყო, თაობა რომ შემოეცლება, რომლისთვისაც იგი ბრწყინვალე გართობის წყაროს წარმოადგენდა; განა ეს მოხუცი პოეტი არ იყო, რომელსაც არც მეგობრები ჰყავს, აღარც ოჯახი, აღარც შვილები, რომელიც გაჭირვებამ და უმადურმა საზოგადოებამ სრულ დაცემამდე მიიყვანეს და რომლის ფარდულშიც ამ გულმავიწყ და ცვალებად ხალხს აღარ უნდა შესვლა?

ღარიბის სათამაშო

მსურს მოგაწოდოთ იდეა ერთი უწყინარი გართობისა, ვინაიდან ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ აქ იქცევიან ბოლოს.

თუ მოგეცემათ შემთხვევა გარეთ გასვლისა და დიდ შარაგზაზე ხეტიალისა, აივსეთ ჯიბეები სხვადასხვაგვარი, თითო სუდ ღირებული სათამაშოებით, როგორიცაა, მაგალითად, - ბრტყელი პოლიშინელი, ერთადერთი ძაფი რომ ამოძრავებს, მჭედლები, გრდემლზე რომ სცემენ უროებს, მხედარი და ცხენი, რომლის ძუაც სასტვენია ამავე დროს; ხოლო როდესაც სადმე, დუქანთან და ხეივნებში შემოგვხდებიან ღატაკთა ბავშვები, დაურიგეთ მათ ეს სათამაშოები.

თქვენ დაინახავთ, რარიგ გაუფართოვდებათ მათ თვალები. თავდაპირველად ისინი ვერ გაბედავენ აღებას; არ დაიჯერებენ ასეთ ბედნიერებას. შემდეგ მათი ხელები სწრაფი მოძრაობით ჩააფრინდებიან საჩუქარს და ისინი მოკურცხლავენ კატებივით, მათთვის დაგდებულ ლუკმას შორს რომ მიათრევენ, ვინაიდან ნასწავლი აქვთ რიდი ადამიანებისა.

გზისპირად, დიდი ბაღის მესერთან, რომლის სიღრმეშიც თეთრი, მშვენიერი სასახლე ელავდა მზის შუქზე, იდგა პირმშვენიერი ბავშვი, ჭრელ, საზაფხულო სამოსში მორთული.

ფუფუნება, უზრუნველობა და სიმდიდრე ამალაზებენ თითქოს ამ ბავშვებს, თითქოს ისინი სხვა ცომისაგან არიანო მოზელილი, ვიდრე საშუალო წოდების ან ღატაკთა შვილები.

მის გვერდით, ბალახზე ეგდო სათამაშო, მისივე პატრონივით ლამაზი, გალაქული, მოოქროვილი, ჭრელსამოსიანი, ბრჭყვიალა ფერებით დამშვენებული. მაგრამ ბავშვი ყურადღებას არ აქცევდა თავის საყვარელ სათამაშოს და სულ სხვა რამეს შესცქეროდა.

მესრის მეორე მხარეს, ჭინჭარში და ძეძვიანში იდგა მეორე ბალღი, ჭუჭყიანი, გამხდარი, გამურული, ერთი იმ პაწია მდაბიორთაგანი, რომელშიც მიუკერძოებელი კაცის მზერა თავისებურ მშვენიერებასაც კი ჰპოვებს, იმ შემთხვევაში თუ ხელოვნების მცნობივით, გონების თვალით გადააცლის დიდებულ სურათს უხეშ ზედნადებს ლაქისას, უნიჭო ხელოსნის მიერ დადებულს და ჩამოაცლის მას სიღატაკის საზიზღარ დაღს.

ამ მესრიდან, სიმბოლურად რომ ჰყოფდა ამ ორ სამყაროს - დიდ შარაგზასა და სასახლეს, პაწია ღატაკი უჩვენებდა პაწია მდიდარს თავის საკუთარ სათამაშოს, რომელსაც მდიდარი ხარბად ათვალიერებდა, როგორც არნახულ, საუცხოო ნივთს. ეს სათამაშო, რომელსაც ჩამოგლეჯილი ბიჭუნა ატრიალებდა ხელში, ხანაც ზევით ისროდა და აქეთ-იქით აქანებდა პატარა გალიით, იყო ცოცხალი ვირთხა, არც მეტი და არც ნაკლები. როგორც ჩანს, მისი მშობლები, ეკონომიის მიზნით, თავად ცხოვრებას დაესესხნენ ამ სათამაშოს.

ორივე ბავშვი შესციცინებდა ერთმანეთს, ძმური ერთობით იცინოდნენ და აჩენდნენ თანასწორად თეთრ კბილებს.
კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1175 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]