მთავარი » ფაილები » მწერლობა

საღამო ღმერთთან
2011-10-27, 8:30 PM

თარგმანი: ნათია გულიაშვილი

სცენა ჩაბნელებულია. პროჟექტორი წყვდიადის შუაგულში თავისთვის მოქანავე პაპიემაშეს გლობუსს თანდათან ანათებს. სცენაზე შუქი ძლიერდება და ჩვენ მისაღები ოთახის დეკორაციას ვხედავთ: რბილი სავარძელი, იქვე მაგიდა (მაგიდაზე ლუდის გახსნილი ბოთლი დევს) და ტელევიზორი დასადგამი კარადითურთ. მაგიდის ქვეშ ლუდით სავსე საპიკნიკე მაცივარია. ირგვლივ ცარიელი ბოთლებია მიმოფანტული. ჩანს, ღმერთი თავს მშვენივრად გრძნობს. სცენიდან მარცხნივ კარებია.

ღმერთი – მოზრდილი ტიპი თეთრი წვერით – სავარძელში ზის, მონაცვლეობით ხან წიგნს კითხულობს („როცა კარგ ხალხს ცუდი ამბები მოსდით"), ხან ტელევიზორს უყურებს.  კისრის წაგრძელება უწევს, ეკრანს რომ შეხედოს, რადგან გლობუსი (თოკზეა ჩამოკიდებული) ჰაერში პირდაპირ მისი მზერის გასწვრივ დაცურავს. ტელევიზორში სიტუაციურ კომედიას უჩვენებენ. ღმერთი კადრსგარე სიცილის სინქრონულად ხითხითებს.

კარზე აკაკუნებენ.

ღმერთი (ძლიერი, მჭექარე ხმით)

შემოდი, ჭეშმარიტად გეუბნები, ის შენთვის ღიაა!

კარები იღება. შემოდის წმინდა პეტრე, ბრწყინვალე თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი. ხელში პორტფელი უჭირავს.

ღმერთი

პეტრე, მეგონა შვებულებაში იყავი!

წმ. პეტრე

ნახევარ საათში მივდივარ, მაგრამ ვიფიქრე, წასვლამდე რაღაც საბუთები მომეტანა, ხელმოსაწერად. თავს როგორ გრძნობ, ღმერთო?

ღმერთი

ახლა უკეთ. უნდა მეფიქრა, სანამ იმ ცხარე წიწაკას შევჭამდი, ყველაფერი ჩამწვა. ეს რა არის, ჯოჯოხეთში გადასაგზავნი წერილებია?

წმ. პეტრე

ჰო, როგორც იქნა. მადლობა ღმერთს! ბოდიში კალამბურისთვის.

პორტფელიდან რამდენიმე ფურცელს იღებს. ღმერთი ქაღალდებს თვალს გადაავლებს და მოუთმენლად უწვდის ხელს, მაგრამ წმინდა პეტრე უკვე მოძრავ გლობუსს უყურებს. უკან მობრუნებული, დაინახავს, რომ ღმერთი მას ელოდება და კალამს გამოწვდილ ხელში ჩაუდებს. ღმერთი დაუდევრად მიაჯღაბნის ხელმოწერას, წმინდა პეტრე კი ისევ გლობუსს მიაშტერდება.

წმინდა პეტრე

ჰმ, ესე იგი, დედამიწა ისევ იქაა?  მთელი ამ წლების შემდეგ.

ღმერთი ქაღალდებს უკან უბრუნებს და გლობუსს ახედავს. მის მზერაში გაღიზიანება იკითხება.

ღმერთი

ჰო, ეს მსახური სამყაროში ყველაზე გულმავიწყი ძუკნაა.

ტელევიზორიდან სიცილის ნიაღვარი წამოსკდება. ღმერთი შებრუნდება, რომ დაინახოს რა მოხდა. ვეღარ მიუსწრო.

ღმერთი

ჯანდაბა, ეს ალან ელდა იყო?

წმინდა პეტრე

მემგონი, სერ. ნამდვილად არ დამინახავს.

ღმერთი

არც მე.

გაემართება და მოქანავე გლობუსს ისე დაამსხვრევს, მტვრად აქცევს.

ღმერთი (კმაყოფილი სახით)

ესეც ამას! დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა, ახლა მაინც შემიძლია ვუყურო ტელევიზორს.

წმინდა პეტრე მწუხარედ შეჰყურებს დედამიწის დამსხვრეულ ნარჩენებს.

წმინდა პეტრე

მმ...მე მგონი, იქ ალან ელდას სამყარო იყო, ღმერთო

ღმერთი

და რა? (ტელევიზორს შეხედავს და ჩაიხითხითებს) რობინ უილიამსი! მიყვარს რობინ უილიამსი!

წმინდა პეტრე

მე მგონი ელდაც და უილიამსიც იქ იყვნენ, როცა თქვენ...ეეემ.. განაჩენი აღასრულეთ, სერ.

ღმერთი

უჰ, ყველა ვიდეოჩანაწერი მაქვს, რა პრობლემაა. გინდა ლუდი?

წმინდა პეტრე ლუდის ბოთლს იღებს, სცენის განათება თანდათან  სუსტდება, პროჟექტორის სინათლის ნაკადი გლობუსის ნარჩენებსღა ანათებს. 

წმინდა პეტრე 

სიმართლე გითხრა, რაღაცნაირად მომწონდა ეს. დედამიწას ვგულისხმობ, ღმერთო.

ღმერთი

ცუდი არ იყო, მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არაა. მოდი, ახლა შენი შვებულებისა დავლიოთ!

სუსტ განათებაში მხოლოდ ჩრდილებიღა ჩანს. თუმცა ღმერთის გარჩევა უკეთ შეიძლება, რადგან მისი თავის ირგვლივ მკრთალ შარავანდედს ვხედავთ. ერთმანეთს ბოთლებს უჭახუნებენ. ტელევიზორში ისევ სიცილი აუტყდათ.

ღმერთი

შეხედე, რიჩარდ პრაიორია. მკლავს ეს ბიჭი! მემგონი ის..

წმინდა პეტრე

დიახ, სერ..

ღმერთი

ჯანდაბა. (პაუზა) მგონი, აჯობებს სმას შევეშვა. (პაუზა) თუმცა...ის ხომ ჩემს მზერას ეღობებოდა.

ყველაფერს სიბნელე შთანთქავს, მხოლოდ პროჟექტორი ისევ ანთებს მოქანავე გლობუსის ნარჩენებს.

წმინდა პეტრე

დიახ, სერ..

ღმერთი (ბუზღუნით)

ჩემი შვილი დაბრუნდა, არა?

წმინდა პეტრე

დიახ, არც ისე დიდი ხანია.

ღმერთი

კარგია. ანუ, ყველაფერი რიგზეა.

პროჟექტორი ქრება.

(ავტორის შენიშნვნა: ღმერთის ხმა რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს)
კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 229 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 1
  • LavigneSpam 2011-12-14

    God, I feel like I sholud be takin notes! Great work

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]