რიუნოსკე აკუტაგავა ,,უსიერ ტყეში’’
2011-03-15, 10:02 PM

რა უთხრა სასამართლოს მოხელეს დაკითხვაზე ტყისმჭრელმა
აგრე იყო. გვამი მე ვიპოვე. ამ დილით, ტყეში ხეების მოსაჭრელად რომ გახლდით, სწორედ მთის ძირას წავაწყდი მკვდარს. სახელდობრ სადა? იამასინასაკენ მიმავალი გზიდან დაახლოებით ოთხი-ხუთი ტიოს (109 მეტრი) მანძილზე. ამ უკაცრიელ ადგილას ხარობს ბამბუკი, შიგადაშიგ ნორჩ კრიპტომერიებსაც შეხვდებით. მოკლულს ეცვა ღია ცისფერი სუიკანი1, ეხურა გაცვეთილი ქუდი — ებოსი2. ასეთ ქუდიანს დედაქალაქში თუ შეხვდებით. იწვა გულაღმა. მართალია, მარტო ერთგან იყო დაჭრილი, მაგრამ — სწორედ გულში. გარშემო ხმელი ბამბუკის ფოთლები ისე ჩანდა, თითქო კინოვარით გაჟღენთილაო. არა, სისხლი უკვე აღარ სდიოდა. ეტყობოდა, ჭრილობაში სისხლი შედედებულიყო. ჰო, აი, კიდევ რა: ჭრილობაზე შეწებებულივით დაჰკვროდა კრაზანა. სულაც არ შეშფოთებულა ჩემი მიახლოებისას. იყო თუ არა ხმალი ან რამე ამისი მსგავსი? არა, იქ არაფერი მინახავს, მხოლოდ კრიპტომერიის ძირას, გვამთან ახლოს, თოკი ეგდო და კიდევ... დიახ, დიახ, თოკის გარდა იქვე სავარცხელსაც მოვკარი თვალი. ეს იყო და ეს, რაც კი გვამის ახლოს შევნიშნე — მარტო ეს ორად ორი ნივთი. გარშემო ბალახი და ფოთლები ძალუმად გახლდათ მოჯეგილი. ჩანს, მოკლულს იოლად არ დაუთმია სიცოცხლე. რაო, იყო თუ არა ცხენი? განა რა ცხენი შეძლებს იქ შეღწევას? ცხენისათვის გზა ცოტა მოშორებითაა, იმ უსიერი ტყის იქით.


რა უთხრა სასამართლოს მოხელეს დაკითხვაზე მოხეტიალე ბერმა
მოკლულს შევხვდი გუშინ, გუშინ... მე მგონი, შუადღისას. სადა? სეკიამადან იამასინასაკენ მიმავალ გზაზე. ის ქალთან ერთად მიეშურებოდა სეკიამას. ქალი ცხენზე იჯდა, ეხურა ფართოფარფლიანი ქუდი, რიდე ეფარა. ასე რომ, მისი სახე არ დამინახავს. ჩანდა მარტო აბრეშუმის კაბა, ჰაგის ფერების არშიით. წაბლისფერ ცხენს ფაფარი შეკრეჭილი ჰქონდა. მაღალი იყო თუ არა? რაღაც ოთხიოდე სუნით3 თუ იქნებოდა ჩვეულებრივზე მაღალი... მე ბერი ვარ და ასეთ რამეებში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. მამაკაცს... ჰო, ხმალი ერტყა, ზურგზე კი მოგდებული ჰქონდა მშვილდ-ისარი. ახლაც თვალწინ მიდგას შავად გალაქული ბუდიდან თავამოყოფილი ოცამდე ისარი. მე არც კი დამესიზმრებოდა, თუ ის ასე დაამთავრებდა სიცოცხლეს. ჭეშმარიტად, რა თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს ან ელვა. ოო, წარმოუდგენელია, ადამიანის ენამ მოახერხოს იმის გამოთქმა, თუ რა სავალალოა ყველაფერი ეს.

რა უთხრა სასამართლოს მოხელეს
დაკითხვაზე ჩაფარმა
მე რომ კაცი შევიპყარი? ის ხომ სახელგანთქმული ავაზაკი ტაძემარუა. ხელი მაშინ ვტაცე, ცხენიდან გადმოვარდნილი, ავდაგუტთან ქვის ხიდზე რომ ეგდო და ჰგოდებდა. როდის? გუშინღამ, პირველი ყარაულობის ჟამს. ამას წინათ კინაღამ შევიპყარი, მაშინ იგივე ლურჯი სუიკანი ეცვა და ზურგს უკან ხმალი გაერჭო. ახლა კი, როგორც ხედავთ, მშვილდ-ისარიც აქვს. წარმოგიდგენიათ? ეს ხომ იმ მოკლულის მშვილდ-ისარია! თქმა არ უნდა, მკვლელობა ტაძემარუს ჩადენილია. ტყავგადაკრული მშვილდი, შავად გალაქული კაპარჭი, ქორისფრთიანი ჩვიდმეტი ისრით. მაშასადამე, ყველაფერი ეს მოკლულის საკუთრება იყო. ჰო, ცხენი, როგორც თქვენ ბრძანეთ, იყო წითური, ფაფარშეჭრილი. ეტყობა, ასეთი ყოფილა ტაძემარუს ბედი — ცხენს გადმოუგდია. ცხენი იქვე ახლოს წიწკნიდა ბალახს, უკან გრძელი სადავე მისთრევდა.
ეს ტაძემარუ, სხვა იმ ავაზაკთაგან განსხვავებით, რომლებიც დედაქალაქში დაეხეტებიან, ქალების ნამდვილი მუსუსია. გახსოვთ, შარშან მთაზე, ბინძურუსთვის შეწირული აკიტორიბეს ტაძრის უკან, მლოცველი ქალი რომ მოკლეს გოგონასთან ერთად? ამბობდნენ, ეს ტაძემარუს ჩადენილიაო. და ის ქალიც, წაბლისფერი ცხენით რომ მიდიოდა — ვთქვათ, მამაკაცი ტაძემარუმ მოკლა, ქალი რა იქნა? არავინ იცის. ბოდიში, რომ საქმეში ასე ვერევი, მაგრამ საჭიროა თუ არა გამოძიება?

რა უთხრა სასამართლოს მოხელეს
დაკითხვაზე მოხუცმა ქალმა
ეს სწორედ იმ კაცის გვამია, ვისზედაც გათხოვილი იყო ჩემი ქალიშვილი. მაგრამ ის დედაქალაქიდან არ გახლავთ. ვაკასაში რომ კოკუფუა, იქაური სამურაია. მისი სახელია კანაძავა ტაკეჰირო, ოცდაექვსი წლისაა. არა, მას არ შეეძლო ვინმეს წყენინება, მეტად თვინიერი იყო. ჩემს ქალიშვილს კი მასაგო ჰქვია, ცხრამეტი წლისაა, თამამია, მამაკაცს არ ჩამოუვარდება. ტაკეჰიროსთან შეხვედრამდე არავინ ჰყვარებია. შავგვრემანია, მარცხენა თვალის კუთხეში ხალი აჩნია. პატარა, მოგრძო სახე აქვს.
გუშინ ტაკეჰირო ჩემი ქალიშვილითურთ გაემგზავრა ვაკასას. ნეტავი რა შევცოდეთ ღმერთს, რომ ასეთი უბედურება დაგვატეხა თავს?! რა დაემართა ჩემს ქალიშვილს? სიძის ხვედრს, მართალია, შევურიგდი, მაგრამ ქალიშვილზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევს. მე, მოხუცი, გევედრებით, ღვთის გულისათვის, გადაჩხრიკეთ ტყეები და ველები, იქნებ როგორმე მიაკვლიოთ ჩემს ქალიშვილს. რა ღვთისაგან წყეულია ეგ ავაზაკი, ტაძემარუ თუ რას ეძახიან?! განა მარტო სიძე, ჩემი ქალიშვილიც ხომ (ტირის, ძალა აღარ ჰყოფნის თუნდაც ერთი სიტყვის სათქმელად)...


ტაძემარუ აღიარებს
ეს კაცი მე მოვკალი. ქალი კი არ მომიკლავს, არც ის ვიცი, სად უნდა გადაკარგულიყო. მაცალეთ! რამდენიც უნდა მაწამოთ, რაც არ ვიცი, როგორ გითხრათ. ესეც არ იყოს, რაკი ასე მოხდა, უკვე ვეღარც შიში ამიტანს და აღარც არაფრის დაფარვა მსურს.
ამ კაცსა და მის ცოლს სამხრობისას შევხვდი. ის იყო, ქარმა აბრეშუმის საბურველი ააფრიალა და ერთი წამით გამოჩნდა იმ ქალის სახე. ერთი წამით გაიელვა და ისევ დაიმალა და იქნებ სწორედ ამის გამოც მისი სახე ბოდისატვას4 ხატებად მეჩვენა. მაშინვე გადავწყვიტე, დამემორჩილებინა ქალი, თუნდაც ამისათვის მისი ქმრის მოკვლა დამჭირვებოდა. თქვენ ეს საშინელებად მიგაჩნიათ, არა? პირიქით, სასაცილოა. მამაკაცის მოკვლა ჩვეულებრივი ამბავია. როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. ოღონდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ; თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის საშუალებით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი ჩანს, მაგრამ ის თქვენი მოკლულია და ვინ იცის, კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაული უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩემი (ირონიული ღიმილი).
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე უკმაყოფილო ვიქნებოდი, თუკი შევძლებდი ქალის ისე დამორჩილებას, რომ მამაკაცი არ შემომკვდომოდა. ამჯერად გადავწყვიტე, ქალს ისე დავუფლებოდი, მკვლელობა არ ჩამედინა. მაგრამ გზაზე, სადაც ხალხი მიდი-მოდის, ამას როგორ მოახერხებ! ამიტომაც მოვიფიქრე, როგორ შემეტყუებინა ისინი ტყის სიღრმეში. ეს იოლად მოვახერხე, თანამგზავრივით ავედევნე მათ და ვუამბე, მოპირდაპირე მხარეს, მთაში ჩემი გათხრილი ყორღანია, ყორღანში უამრავი სარკე და ხმალი ვიპოვე, ყველაფერი ტყეში ჩავფალი, რომ არავის ენახა და თუკი მსურველს ვიპოვი, იაფად მივყიდი-მეთქი.
ვატყობდი, მამაკაცი დავაინტერესე. აბა, რა გეგონათ! საშინელი რამაა სიხარბე. ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ცხენი მოაბრუნეს და ჩემთან ერთად დაადგნენ მთის ბილიკს. ტყეს რომ მივადექით, ვუთხარი, რომ ის ნივთები უსიერი ტყის სიღრმეში მქონდა ჩაფლული და შევთავაზე, სანახავად წამომყოლოდნენ. მამაკაცს მოსვენებას არ აძლევდა სიხარბე და, რასაკვირველია, უარი არ უთქვამს. ქალმა კი არ მოისურვა არც ცხენიდან ჩამოსვლა, არც წამოყოლა. თქვა — მე აქ მოგიცდითო. მისი ასეთი გადაწყვეტილება უთუოდ წინდახედულებით იყო ნაკარნახევი. ხედავდა, რომ ტყე ძალზე დაბურული იყო. მაინც ყველაფერი ისე მოეწყო, უკეთესად რომ არ შეიძლებოდა. და მე შევუძეხი მამაკაცს ტყის სიღრმეში. ქალი კი დავტოვეთ მარტო. ეკალბარდის განაპირას მხოლოდ ბამბუკი ხარობდა და როცა დაახლოებით ნახევარი ტიო გავიარეთ, გზადაგზა უკვე გვხვდებოდა კრიპტომერიებიც. იმ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, რაც მე მქონდა ჩაფიქრებული, უკეთეს ადგილს ვერ იპოვიდით. გზადაგზა ტოტებს აქეთ-იქით ვწევდი, რომ გამევლო და თან ვარწმუნებდი, თითქოს განძი ჩაფლული მქონდა იმ კრიპტომერიების ძირას, საითკენაც ვეშურებოდით. მამაკაცი თან მისმენდა, თან მიიჩქაროდა იქით, სადაც იმ ხეთა წერწეტი ღეროები ჩანდა. ბამბუკი ახლა იშვიათად, აქა-იქ თუღა გვხვდებოდა. ჩვენ გარშემო კრიპტომერიები შემოჯარულიყო. და აი, აქ მოულოდნელად დავესხი თავს ჩემს მსხვერპლს და მიწას დავანარცხე. თვალის დახამხამებაში ხეზე აღმოჩნდა მიკრული. თოკი? სად გინახავთ ყაჩაღი უთოკოდ? თოკი წელზე, ზურგზე მეკიდა. ყოველ წუთს შეიძლებოდაა დამჭირვებოდა მესერზე გადასასვლელად. ცხადია, კაცს დაყვირება არ შეეძლო — უმალ პირიც ბამბუკის ჩამოცვენილი ფოთლებით გამოვუტენე. ამით მოვრჩი მასზე ზრუნვას. მერე დავბრუნდი ქალთან და ვუთხარი, რომ მისი თანამგზავრი თავს შეუძლოდ გრძნობდა, უნდა ენახა, შეეტყო, რა დაემართა. ამჯერად ჩემსას მივაღწიე: ქალმა მოიხსნა თავისი ფართოფარფლიანი ქუდი, ჩამჭიდა ხელი და შემყვა ტყის სიღრმეში. მივედით იქ, სადაც მისი ქმარი ხეზე თოკით იყო მიკრული, ამ სანახაობის ხილვის უმალ ჩაიყო უბეში ხელი და იძრო პატარა ხანჯალი. არასოდეს არ შემხვედრია ასეთი თავზეხელაღებული, მამაცი ქალი. რომ არ მემარჯვა, მუცელში დაჭრა არ ამცდებოდა. პირველი შემოტევა ავიცილე, მაგრამ ქალი გააფთრებით იქნევდა და იქნევდა ხანჯალს. სულერთი იყო მისთვის, სად მიმარჯვებდა, ოღონდ როგორმე დავეჭერი, მაგრამ ტყუილად ვარ ტაძემარუ? ბოლოს და ბოლოს, როგორც იყო, შევძელი ჩემი ხმლის გაუშიშვლებლად გამეგდებინებინა მისთვის ხანჯალი. უიარაღოდ დარჩენილ ყველაზე ვაჟკაცურ ქალსაც კი არაფერი შეუძლია. და ბოლოს, როგორც მეწადა, დავიმორჩილე ქალი, ქმრის თვალწინ. დიახ, ქმარი სიცოცხლეს არ გამომისალმებია, მე ამის შემდეგაც არ ვაპირებდი მის მოკვლას. მაგრამ წასვლა რომ დავაპირე, აქამდე მიწას გართხმული, გულამოსკვნით მტირალი ქალი უცებ გიჟივით ზეწამოიჭრა, სახელოში ჩამაფრინდა და, სულს ძლივს რომ ითქვამდა, იყვირა: „ან შენ უნდა მოკვდე, ან ჩემი ქმარი! თქვენ შორის ერთ-ერთი უნდა მოკვდეს... ორი მამაკაცის წინაშე ასე შერცხვენა ჩემთვის სიკვდილზე უარესია. ერთ-ერთი თქვენგანი უნდა მოკვდეს. მე კი მას გავყვები, ვინც ცოცხალი დარჩება!" და აი, სწორედ მაშინ აღმეძრა სურვილი იმ მამაკაცის მოკვლისა (პირქუში და აღგზნებული ლაპარაკობს).
ამას რომ ვამბობ, თქვენ, უეჭველია, დაუნდობელ ადამიანად მიგაჩნივართ. შეიძლება ასე მოგეჩვენოთ, რადგან არ გინახავთ იმ ქალის გამომეტყველება. თქვენ არ გინახავთ მისი ანთებული მზერა. როდესაც თვალი შევავლე, ერთბაშად ამიტანა სურვილმა, ის ჩემი ცოლი გამხდარიყო, თუნდაც ამისათვის ცის რისხვა დამტყდომოდა და იქვე სული გამეცხო. ცოლად შემერთო ქალი — მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში. არა, ეს არ იყო ავხორცობით ნაკარნახევი, როგორც შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ. მარტო ავხორცული ჟინით რომ ყოფილიყო ეს აღძრული, გეფიცებით, კინწისკვრით მოვიშორებდი იმ ქალს და წავიდოდი. მაშინ არც იმ მამაკაცს მოუწევდა თავისი სისხლით ჩემი ხმლის შეღებვა. მაგრამ იმწამს, როცა ტყის ბინდბუნდში ქალის სახეს კარგად დავაკვირდი, უმალ გადავწყვიტე, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლიდი, სანამ კაცს არ მოვკლავდი.
თუმცა მისი მოკვლა გადავწყვიტე, მაგრამ არ მინდოდა, ეს ლაჩრულად ჩამედინა. თოკი შევხსენი და ვუთხარი — ერთმანეთს ხმალდახმალ შევებრძოლოთ-მეთქი. ხის ფესვებთან რომ თოკი იპოვეს, სწორედ ის იყო, მაშინ იქ რომ დავაგდე. სახეშეშლილმა მამაკაცმა უმალ იძრო თავისი მძიმე ხმალი და მეცა. რა საჭიროა იმის მოყოლა, თუ რით გათავდა ის ბრძოლა. ოცდამესამე მოქნევაზე — გთხოვთ, ამას ნუ დაივიწყებთ, აქამდე მიკვირს: მთელ ქვეყნიერებაზე მხოლოდ მან ერთადერთმა შეძლო თავისი ხმალი ოცდასამჯერ გადაეჯვარედებინა ჩემს ხმალთან (მხიარული ღიმილი).
როგორც კი დაეცა, ხმალგასისხლიანებული მივბრუნდი ქალისაკენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ის აღარსად იყო. დავიწყე ძებნა ტყეში. ძირს დაცვენილ ბამბუკის ფოთლებს კვალის ნასახიც არ აჩნდა. დროდადრო დაყურადებულს მესმოდა მომაკვდავი მამაკაცის ხროტინი. ალბათ, როცა ჩვენ ხმალდახმალ შევებით ერთმანეთს, ქალმა დრო იხელთა და ტყიდან გაიქცა, იქნებ უნდოდა, საშველად ვინმესთვის ეხმო. როგორც კი ამ აზრმა გამიელვა, მივხვდი, საფრთხეში ვიყავი. ავართვი მოკლულს ხმალი, მშვილდი, ისრები და გავედი ბილიკზე. იქ წინანდებურად წიწკნიდა ბალახს იმ ქალის ცხენი. იმაზე ლაპარაკი, თუ რა მოხდა შემდეგ, ლაყბობა იქნება და მეტი არაფერი. მხოლოდ, აი, რა — დედაქალაქში შესვლის წინ ის ხმალი უკვე თან აღარ მქონდა. ეს არის და ეს მთელი ჩემი აღსარება. გთხოვთ, ისე სასტიკად დამსაჯოთ, მეტი რომ აღარ შეიძლებოდეს. განა არ ვიცოდი, როდისმე ჩემს გოგრას რომ მოუწევდა მაღალი ბოძის წვეტზე შემოსკუპება (გამომწვევი მზერა).


რა თქვა ქალმა აღსარებაზე
კიემიძუს ტაძარში
მე რომ დამიმორჩილა, ის ლურჯსამოსიანი მამაკაცი მიბრუნდა გაბაწრული ჩემი ქმრისაკენ და ერთი დამცინავად გადაიხარხარა. რა ძნელი ასატანი იყო ალბათ ეს ჩემი ქმრისათვის. მაგრამ რაც უფრო იგრიხებოდა და წვალობდა გასათავისუფლებლად, მით უფრო ღრმად ეჭდობოდა ხორცში ისედაც მჭიდროდ შემოჭერილი თოკი. მე უნებლიეთ გავიწიე მისკენ... არა, დავაპირე. მაგრამ იმ კაცმა პანღურით უმალ მიწას დამანარცხა და სწორედ მაშინ მოხდა ეს. სწორედ ამ დროს ქმრის თვალებში მე რაღაც უცნაური, აუწერელი ელვარება შევნიშნე... ახლაც კი, როცა ის გამოხედვა გამახსენდება, ისევ ისე მაჟრჟოლებს და ძალა არ მყოფნის ენის მოსაბრუნებლად. ქმრის იმ ერთ გამოხედვაში მთელი მისი სული და გული გადმოშლილიყო. მის თვალებში შეგეძლოთ ამოგეკითხათ არა გულისწყრომა ან ტანჯვა; ისინი ელავდნენ ჩემ მიმართ უსაზღვრო სიძულვილით. აი, რას გამოხატავდნენ მისი თვალები. არა იმ მამაკაცის პანღურით, არამედ ამ საშინელი გამოხედვით შეძრწუნებულმა თავგანწირულივით შევკივლე და ცნობაც დავკარგე. გონს რომ მოვედი, ის ლურჯსამოსიანი მამაკაცი იქ აღარ იყო.
ჩემი ქმარი ისევ ისე ხეზე იყო თოკით მიკრული. ძლივს ავითრიე წელი მიწაზე დაფენილი ბამბუკის ფოთლებიდან, გაშტერებით შევაცქერდი სახეში. მისი გამოხედვა ოდნავადაც არ შეცვლილა. თვალები წინანდებურად ღაღადებდნენ იდუმალ ზიზღსა და სიძულვილს. არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, რა ვიგრძენი მაშინ... სირცხვილიც, სევდაც, გულისწყრომაც... ძლივს წამოვდექი და ქმართან მივედი. „მომისმინეთ! იმის შემდეგ, რაც მოხდა, არ შემიძლია თქვენთან დარჩენა. გადავწყვიტე, თავი მოვიკლა, მაგრამ... უნდა მოკვდეთ თქვენც. თქვენ იხილეთ ჩემი შერცხვენა და თავის მოჭრა. ამის შემდეგ არ შემიძლია ცოცხალი დაგტოვოთ".
აი, რა ვუთხარი ქმარს დიდი გაჭირვებით. ის მაინც ზიზღით მიცქერდა. გული გასკდომაზე მქონდა და ამაოდ ვლამობდი მღელვარების დაოკებას. მის ხმალს დავუწყე ძებნა, მაგრამ იმ ყაჩაღს ყველაფერი გაეტაცა. არათუ ხმალი, მშვილდი და ისრებიც აღარსად იყო. ჩემდა საბედნიეროდ, მხოლოდ ხანჯალი ეგდო ჩემს ფეხთით. მაღლა შევმართე ის ხანჯალი და ქმარი გავაფრთხილე: „ახლა მე მოგტაცებთ სიცოცხლეს და მეც უმალ თან გამოგყვებით".
ქმარმა ჩემი ნათქვამი რომ გაიგონა, თავს ძალა დაატანა და მხოლოდ ტუჩები შეარხია. რა თქმა უნდა, ხმის ამოღება არ შეეძლო: პირი ბამბუკის ფოთლებით ჰქონდა გამოტენილი. მაგრამ როდესაც მისი ტუჩების მოძრაობას დავაკვირდი, მივხვდი, რაცა თქვა ზიზღით — „მომკალი".
გონდაკარგულმა ღრმად ვაძგერე ხანჯალი ღია ცისფერი სამოსით დაფარულ მკერდში. ალბათ იმწუთას ისევ დავკარგე გრძნობა. გონს რომ მოვედი, მივიხედ-მოვიხედე. ქმარი ისევ იმ მდგომარეობაში იყო უძრავად. უკვე აღარ სუნთქავდა. მის გაფითრებულ სახეს დაჰფენოდა ჩამავალი მზის შუქი, რომელსაც გამოეღწია ბამბუკის ღეროებთან გადახლართული კრიპტომერიის ტოტებისა და ფოთლების სიხშირეში. ტირილით გულამომჯდარი ვცდილობდი, მოვრეოდი ჩემს თავს. შევხსენი გვამს თოკი და... შემდეგ რა დამემართა? ძალა არ მეყოფა, ვთქვა. რა არ მოვიმოქმედე, მაგრამ თავის მოკვლა ვერ შევძელი. ჯერ ხანჯალი მივიბჯინე ყელთან, მერე მთის ძირას, ტბაში თავის დახრჩობა ვცადე, მაგრამ არ მოვკვდი. ცოცხალი ვარ და ამით სულაც ვამაყობ (სევდიანი ღიმილი). მოწყალე, გულშემატკივარი ქალღმერთი კნონიც, ეტყობა, არარაობად მთვლის და აკი ზურგიც შემაქცია. რა ვქნა ახლა მე, ჩემი ქმრის მკვლელმა, ყაჩაღისაგან ნამუსახდილმა, რა ვიღონო, რა? მე... მე... (მოულოდნელი, სასოწარკვეთილი ქვითინი).

რა თქვა წინასწარმეტყველი ქალის პირით მოკლულის სულმა
ჩემი ცოლი რომ დაიმორჩილა, შემდეგ ყაჩაღი დაჯდა მიწაზე მის გვერდით და ნუგეშისცემა დაუწყო. მე, რა თქმა უნდა, ხმაჩაწყვეტილი ვიჯექი, პირი ბამბუკის ფოთლებით მქონდა გამოტენილი და ხეზე მაგრად ვიყავი თოკით მიკრული. წამდაუწუმ ვანიშნებდი თვალით ცოლს: „არ დაუჯერო, რასაც გეუბნება, სულ ტყუილია-მეთქი". აი, რა მინდოდა მიმეხვედრებინა, მაგრამ ცოლი იჯდა დამწუხრებული და თავს მაღლა არ სწევდა, ერთთავად საკუთარ მუხლებს დასცქეროდა. ღმერთმანი, კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ის ყურადღებით უსმენდა იმ ავაზაკს. იმის გაფიქრებაც კი, რომ ცოლი მღალატობდა, მტანჯავდა და უმწეოდ ვიკლაკნებოდი. ყაჩაღი კი მაცდური სიტყვებით ლამობდა ცოლის დაყოლიებას. ნამუსახდილი, სულერთია, ქმარს ვეღარ შეეგუები. ქმართან ასეთ მდგომარეობაში ყოფნას არა სჯობია, ყაჩაღს ცოლად გამომყვეო?
ასე უღირსად იმიტომ იქცეოდა, რომ ჩემი ცოლი შეუყვარდა. მის თავხედობას თანხმობა მოჰყვა. ცოლმა ასწია ფიქრით დამძიმებული თავი. არასოდეს არ მახსოვს ის ასე ლამაზი! მაგრამ იცით, რა უთხრა იმ ავაზაკს ჩემმა ტურფა ცოლმა, როცა მის გვერდით გახლდით შებოჭილი? მე ახლა, მართალია, წყვდიადში დავბორიალებ, მაგრამ ყველთვის, როცა კი მისი პასუხი გამახსენდება, აღშფოთება მეუფლება. აი, რა უთხრა ცოლმა ავაზაკს — „მაშ, წამიყვანეთ სადაც გენებოთ" (ხანგრძლივი დუმილი).
მაგრამ ცოლის დანაშაული განა მხოლოდ ეს არის. მარტო ამის გულისათვის მე წყვდიადში მოხეტიალე, ალბათ, აგრერიგად არ გავიტანჯებოდი. აი, რა მოხდა: ცოლი ისევ გაჰყვა ავაზაკს ხელჩაკიდებული, თითქო სიზმარშიაო; და ის იყო, ტყიდან უნდა გასულიყო, რომ ერთბაშად მკვდრისფერმა გადაუარა სახეზე. ყაჩაღს მიუბრუნდა და ჩემზე უთხრა: „მოკალი. არ შემიძლია შენთან ყოფნა, სანამ ის ცოცხალია". მერე შეშლილივით რამდენჯერმე საზარლად ამოიკივლა — „მოკალი". ეს სიტყვები ახლაც ქარიშხალივით მიმაქროლებს წყვდიადის ჯურღმულებისაკენ. განა როდისმე ადამიანის ბაგეს დასცდენია უფრო მეტი საშინელება? განა როდისმე ადამიანის ყურს სმენია ასეთი ბილწი სიტყვები? განა როდისმე, ერთხელ მაინც (უეცარი, გესლიანი ხარხარი)?.. მისი სიტყვების გაგონებაზე ავაზაკიც კი გაფითრდა. „მოკალი!" — გაჰკიოდა ცოლი და თან სახელოზე ებღაუჭებოდა. ავაზაკმა თვალი გაუშტერა ქალს, მაგრამ არც ჰო უთქვამს, არც არა და უცებ წიხლის კვრით მიაგდო ჩამოცვენილ ფოთლებზე (კვლავ გესლიანი ხარხარი). გულზე ხელდაკრეფილი ავაზაკი ახლა ჩემკენ მობრუნდა: „რა ვუყოთ ამ ქალს? მოვკლათ თუ ვაპატიოთ? პასუხად მარტო თავი დამიქნიეთ. მოვკლათ?" მარტო ამ სიტყვებისათვის მზად ვარ იმ ავაზაკს ყველაფერი ვაპატიო (კვლავ ხანგრძლივი დუმილი).
სანამ მე ვყოყმანობდი, უეცრად ცოლმა ერთი შეჰკივლა და ტყის სიღრმეში მიიმალა. ავაზაკი უმალ დაედევნა, მაგრამ ეტყობა, ვერ მოასწრო სახელოში მაინც ეტაცა მისთვის ხელი.
ყველაფერი ეს იმ წუთში სიცხიანის ბოდვა მეგონა.
როცა ცოლი გაიქცა, ყაჩაღმა აიღო ჩემი ხმალი, მშვილდი, ისრები, მერე ერთგან გადაჭრა თოკი, რითაც მიბმული ვიყავი ხეზე. მახსოვს, სანამ ტყეში გაუჩინარდებოდა, როგორ ჩაილაპარაკა თავისთვის: ახლა კი დროა, ჩემს თავზედაც ვიფიქროო.
როცა ის წავიდა, ირგვლივ სიჩუმე გამეფდა. არა, ყველგან არა, სადღაც ახლოს კვლავ ისმოდა ვიღაცის ქვითინი. თოკს რომ ვიხსნიდი, დავაყურადე და მივხვდი, ეს მე ვქვითინებდი თურმე (მესამეჯერ ხანგრძლივი დუმილი).
ბოლოს ძლივს მოვაცილე ხეს ჩემი გატანჯული სხეული. უცებ თვალი მომჭრა ხანჯლის ელვარებამ, რომელიც ცოლს დაკარგვოდა და ახლა ჩემ წინ ეგდო. ავიღე ხანჯალი და ერთი მოქნევით დავიკარ გულში. ვიგრძენი, როგორ მომაწვა ყელში სისხლი გორგალივით, მაგრამ არავითარი ტანჯვის მსგავსი ამით არ განმიცდია. როცა ჩემი გული გაცივდა, ირგვლივ კიდევ უფრო მეტი მყუდროება ჩამოწვა. ო, რა სიჩუმე იყო ეს სიჩუმე! აქ, ამ ტყეში, ახლა ერთი ჩიტიც კი არ გალობდა. მხოლოდ კრიპტომერიისა და ბამბუკის ღეროებს ავარაყებდა ჩამავალი მზის სევდისმომგვრელი შუქი. ჩამავალი მზისა... მაგრამ ისიც სულ უფრო და უფრო მიილია. მალე ყველაფერი გაუჩინარდა: ხეებიც, ბამბუკიც, — და მეც მიწაზე განრთხმული გავეხვიე ამ სამარისებრი მყუდროების სუდარაში. სწორედ ამ დროს ვიღაც ფეხაკრეფით მოიპარა ჩემთან. მინდოდა შემეხედა, ვინ იყო, მაგრამ წყვდიადს ირგვლივ ყველაფერი შთაენთქა. და ვიღაც... ამ ვიღაცამ უხილავი ხელით ფრთხილად ამომაძრო გულში ჩარჭობილი ხანჯალი. იმავე წუთს პირი კვლავ ამივსო თქრიალით წამოსულმა სისხლმა. ამის შემდეგ საუკუნოდ მშთანთქა არყოფნის წყვდიადმა.

1 კიმონოსნაირი სამოსი.
2 მაღალი ქუდი, წარჩინებული გვარის კაცები იხურავენ.
3 3,3 სანტიმეტრი.
4 ბუდას პანთეონის ღვთაებათა კატეგორიაა.

 


/-.docx გადმოწერე სრულად
კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1064 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]