მთავარი » ფაილები » მწერლობა

ნიკოლო მაკიაველი - მთავარი
2011-10-17, 10:40 PM
მე მსურდა მისი ნამდვილი სამკაული ყოფილიყო ან შინაარსის სიმართლე და თხრობის
სიმკაცრე, ან – არაფერი.


მთავრის ბუნებას უბრალო მოქალაქე შეიცნობს უფრო უკეთ.

ის მთავარიც კი, რომელიც მაინცდამაინც დიდი ჭკუითა და გამჭრიახობით არ გამოირჩევა,
ყოველთვის შეინარჩუნებს ძალაუფლებას,თუკი რაღაც უჩვეულო და საგანგებო ძალადობის
შედეგად არ დაკარგა იგი; მაგრამ კიდევაც რომ დაკარგოს,კვლავ დაიბრუნებს მას, როგორც
კი მოძალადეს რაიმე უბედურება დაატყდება თავზე.

ერთი ცვლილება ყოველთვის გზას უხსნის მეორეს.

ხალხს ჰგონია, რომ ახალი მთავარი უკეთესი იქნება ძველზე და ამიტომ, დროს იხელთებს
თუ არა, უჯანყდება ამ უკანასკნელს რაც აგრეთვე ბუნებრივია და ჩვეულებრივი, ვინაიდან
დამპყრობელი გამუდმებით ავიწროებს ახალ ქვეშევრდომთ.

რაგინდ ძლიერიც უნდა იყოს მთავრის ლაშქარი, მაინც ვერ შესძლებს ამა თუ იმ ქვეყანაში შეღწევას ადგილობრივი მცხოვრებლების დაუხმარებლად.

მბრძანებელი, რომელსაც ამბოხება გაკვეთილად გამოადგება, უფრო გადამჭრელ ზომებს მიმართავს თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად: არ მოერიდება არც ურჩთა დასჯას, არც ეჭვმიტანილთა მხილებას და წინდახედულად გაამაგრებს ყველა სუსტ ადგილს.

ქვეყანა ვერ ითმენს გაპარტახებას მთავრის მოხელეთაგან.

ადამიანები ან ალერსით უნდა მოინადირო, ანდა სულაც თავიდან მოიშორო ისინი; რადგან თუ ხალხი შურს იძიებს მცირეოდენი წყენის გამო, სამაგიეროდ, მძიმე შეურაცხყოფისათვის სამაგიეროს გადახდის თავი არა აქვს; მაშასადამე, კაცისთვის მიყენებული შეურაცხყოფა იმნაირი უნდა იყოს, რომ შურისგების არ გეშინოდეს.

თუ შეიძლება გართულებების წინასწარ განჭვრეტა, არც მათთან ბრძოლა იქნება შეუძლებელი; მაგრამ თუ მათ მოახლოებას დაუწყებ ლოდინს, ყოველგვარი ღონისძიება ნაგვიანევი აღმოჩნდება, რადგანაც უკურნებელი გახდება სენი.

დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ და თანაბრად გვახვევს თავზე როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას, როგორც ბოროტებას, ისე სიკეთეს.

ომის თავიდან აცილების მიზნით, არამც და არამც არ უნდა მისცე ამა თუ იმ ბოროტებას ზრდის ნება, ვინაიდან ამ გზით ომს კი ვერ იცილებენ თავიდან, არამედ თავისდა საზიანოდ, მხოლოდ დროებით გადასდებენ მას.

თავისუფლებას ნაჩვევი ქალაქის შენარჩუნება უფრო ადვილია მისი მოქალაქეების მეშვეობით, ვინემ სხვა რამ საშუალებით, თუკი მისი დაქცევა არა სურთ.

მას, ვინც დაეუფლება, მაგრამ ბოლოს კი არ მოუღებს თავისუფლებას ნაჩვევ ქალაქს, თვითონ მოეღება ბოლო მისი ხელით, ვინაიდან ეს ქალაქი ყოველთვის ეცდება ამბოხების გზით დაიბრუნოს თავისუფლება და თავისი ძველი წესრიგი, რომელთაც მას ვერ დაავიწყებს ვერც დროის დინება და ვერც დამპყრობლის ქველმოქმედება.

კაცნი თითქმის ყოველთვის სხვების მიერ გაკვალული გზებით დადიან და მოქმედებითაც თავიანთ წინამორბედთ ბაძავენ, თუმცაღა არ ძალუძთ განუხრელად მისდიონ სხვის გზას, ანდა სიქველით გაუტოლდნენ მათ ვისაც ბაძავენ.

დიახ, მთავარი უნდა ბაძავდეს ჭკვიან მოისართ, რომელნიც – თუკი მიზანი ძალზე დაშორებული ეჩვენებათ, ვინაიდან მშვენივრად იცნობენ თავიანთი მშვილდის ძალას, – მაინც მონიშნულ ადგილზე უფრო მაღლა სატყორცნელად მომართავენ ხოლმე სამიზნეს, არა იმიტომ, რომ საკუთარი ძალით ანდა ისრით მიაღწიონ ამ სიმაღლეს, არამედ რათა ესოდენ მაღალი სამიზნის წყალობით უწიონ მიზანს.

სულიერი შემართების გარეშე ფუჭი იქნებოდა გარემოებათა ყოველგვარი დამთხვევა.

უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს უფრო ძნელი, წარმატების თვალსაზრისით უფრო საეჭვო და უფრო სახიფათო საქმე, ვიდრე ახალი წესრიგის დაფუძნება,რადგანაც სიახლის დამნერგავს მტრად ექცევა ყველა, ვისთვისაც ხელსაყრელი იყო ძველი წესრიგი, ხოლო ისინი, ვისთვისაც, პირიქით, ახალი უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ძალზე დუნედ და გაუბედავად იცავენ მას.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხის ბუნება ცვალებადია და ამიტომ დარწმუნებით კი შეგიძლია ადვილად დაარწმუნო იგი, მაგრამ მასაც ასევე ადვილად შეუძლია უღალატოს შენს რწმენას. ამიტომ ყოველთვის მზად უნდა იყო საიმისოდ, რომ თუ ხალხი რწმენას შეიცვლის, ძალით აიძულო, კვლავინდებურად ირწმუნოს ის რაც სწამდა.

სახელდახელოდ შექმნილ სახელმწიფოებს, ისევე როგორც ყველაფერს, რაც სწრაფად იზრდება ბუნებაში, არ შეიძლება ღრმად ჰქონდეთ ფესვი გადგმული, რათა ქარიშხლის პირველსავე შემოტევას გაუძლონ.

კაცთა ყოველგვარ მტრობას შიში ან სიძულვილი უდევს საფუძვლად.


ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელში ჩაგდებისას დამპყრობელმა ერთბაშად, ერთის დაკვრით უნდა გამოიჩინოს მთელი სისასტიკე, რათა შემდეგ ყოველდღიურად აღარ დასჭირდეს მისი გამოყენება, და, ამრიგად, შესძლოს ხალხის დაშოშმინება და, ქველმოქმედების წყალობით, მისი გულის მოგება.

სისასტიკე ერთბაში და ერთჯერადი უნდა იყოს, რათა ხალხს გონს მოსვლის საშუალება არ მიეცეს და, ამრიგად, ნაკლებ მტკივნეულად განიცადოს იგი, ქველმოქმედება კი ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით უნდა გამოავლინო, რათა ხალხმა უკეთ შესძლოს მისი შეტკბობა.

გაჭირვების ჟამს არც ბოროტის ქმნა დაგაყრის ხეირს და არც სიკეთე წაგადგება რამეში, ვინაიდან, რაკიღა იძულებითი იქნება, ვერავის მოიმადლიერებ იმით.

ბრძენ მთავარს დიახაც მართებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა მისი ძალაუფლება ყოველთვის და ყოველგვარ ვითარებაში აუცილებელი იყოს მოქალაქეებისათვის, და მაშინ ისინი ყოველთვის უერთგულებენ მას.

კაცნი ყოველთვის ცდილობენ თავი აარიდონ იმნაირ საქმეს, რომლის წარმატებაშიაც წინასწარვე ეჭვი ეპარებათ, ხოლო თავდასხმა მთავარზე, რომელიც საიმედოდ დაცულ ციხე-სიმაგრეში ზის, და რომელიც არა სძულს ხალხს, შეუძლებელია იოლ საქმედ იქნეს მიჩნეული.

ხალხის ბუნება კი ასეთია, რომ სხვებისათვის გაწეული სამსახური მოვალეობის ისეთსავე გრძნობას აღუძრავს, როგორც სამსახური, რომელსაც სხვები უწევენ მას.

ყოველი სახელმწიფოს – როგორც ახლის, ისე ძველის თუ შერეულის უმტკიცესი საფუძველი კი კარგად გაწვრთნილი ლაშქარი და კარგი კანონები გახლავთ, მაგრამ რაკი კარგი კანონები წარმოუდგენელია კარგად გაწვრთნილი ლაშქრის გარეშე, ხოლო კარგად გაწვრთნილი ლაშქარი თავისთავად განაპირობებს კარგ კანონებს.

სხვისი საჭურველი ან ცუდად გადგას ტანზე, ან გამძიმებს, ან კიდევ მარწუხებივით გიჭერს და გსრესს.

ჭკუათხელი კაცი რომ საქმეს წამოიწყებს, წინასწარ ტკბება წარმატების იმედით და ამ სიტკბოებაში გარეულ შხამს კი ვერ ამჩნევს.

მთავარს, რომელიც მაშინღა ამჩნევს ბოროტებას, როცა მან უკვე ღრმად გაიდგა ფესვი, არასდიდებით არ ეთქმის ბრძენი, რაც მცირერიცხოვან რჩეულთა ხვედრია მხოლოდ.

ბრძენკაცნი ყოველთვის შეგვაგონებდნენ, რომ „არფერია უფრო სუსტი და უმწეო, ვიდრე მოჩვენებითი ძლიერება, რომლის საფუძველიც მხოლოდ მითქმა-მოთქმაა და არა ნამდვილი
ძალმოსილება".
იქ, სადაც ერთი მხარე ზიზღითაა აღვსილი, ხოლო მეორე – იჭვით, შეუძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობა.

ბევრს შეუქმნია, თავისი წარმოსახვით, რესპუბლიკები თუ სამთავროები, რომლებიც არავის უხილავს და არც ის სმენია, რომ ისინი მართლაც არსებობენ სინამდვილეში.

არაფერს არ შეუძლია თავისი თავი გალიოს ისე, როგორც სიუხვეს

მთავარი იშვიათად უნდა უფრთხოდეს რაიმეს უფრო მეტად, ვიდრე სიძულვილსა და ზიზღს, გულუხვობა კი ერთსაც დაგატეხს თავზე და მეორესაც. ამიტომ უფრო გონივრულია, შეურიგდე ძუნწის სახელს, რომელიც იწვევს სირცხვილს სიძულვილის გარეშე, ვიდრე მიელტვოდე გულუხვის სახელს და, ძალაუნებურად, მტაცებლად იქცე, რაც თავს დაგატეხს სირცხვილსაც და სიძულვილსაც.

მეგობრობა, რომელსაც წყალობის ფასად იხვეჭ და არა სულიერი სიდიდისა და კეთილშობილების შედეგად, მართალია, დანახარჯს კი გინაზღაურებს, მაგრამ გასაჭირში იარაღად არ გამოგადგება.

სიყვარული მხოლოდ მოვალეობის გრძნობაზეა დაფუძნებული, რომელიც, კაცთა სულმოკლეობის გამო, დაუყოვნებლივ ქარწყლდება, როგორც კი მას ანგარება დაუპირისპირდება, მაშინ როდესაც შიშს განაპირობებს ისევ შიში, სასჯელის შიში, რომელიც გამუდმებით ემუქრება ხალხს.

ადამიანები უფრო ადვილად ურიგდებიან მამის სიკვდილს, ვიდრე სამკვიდროს მოშლას.

ბრძენი მთავარი უნდა ეყრდნობოდეს იმას, რაც მასზეა დამოკიდებული, და არა იმას, რაც სხვის ნებაზე ჰკიდია;

არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე – ძალის მეშვეობით. პირველი ნიშნეულია ადამიანებისათვის, მეორე კი – მხეცებისათვის.მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს.

მთავარი, და მით უმეტეს, ახალი მთავარი, ვერ უერთგულებს იმას, რის გამოც ადამიანს კაი კაცად თვლიან, ვინაიდან, სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, ხშირად იძულებულია იმოქმედოს ერთგულების, მოყვასისადმი სიყვარულის, ადამიანობის,
სარწმუნოების საპირისპიროდ.

ბრბოს მხოლოდ საქმის გარეგნული მხარე და საბოლოო შედეგი ხიბლავს;ამ ქვეყნად კი ბრბო ყველაფერია, მაშინ როდესაც ცალკეულ პიროვნებებს მხოლოდ მაშინ ენიჭებათ ერთგვარი მნიშვნელობა, როცა უმრავლესობამ აღარ იცის, ვისზე შეაჩეროს არჩევანი.

თუ ხალხს, საერთოდ, არც საკუთრებას წარსტაცებ და არც პატივს აჰყრი, ის კმაყოფილია.

სიძულვილს კეთილი საქმეც ისევე იწვევს ხოლმე, როგორც – ბოროტი.

ყველაზე უკეთესი სიმაგრე ისაა, რომ არ სძულდე ხალხს, ვინაიდან ციხე-სიმაგრეები რომც გქონდეს, მაგრამ საძულველი იყო ხალხისთვის, ისინი არას გარგია: რადგან ხალხი იარაღს ნუ მოჰკიდებს ხელს, თორემ ყოველთვის აღმოჩნდებიან მისი დახმარების მოსურნე უცხოელები.

გამარჯვებაც არასოდეს არ არის ისეთი სრული, რომ გამარჯვებულს აღარავინ აღარ სჭირდებოდეს და აღარაფერს უწევდეს ანგარიშს, მით უმეტეს, სამართლიანობას.

თვით სინამდვილეა ისეთი, რომ ვერასოდეს ვერ შესძლებ თავიდან აიცილო ერთი
უბედურება ისე, რომ მეორე უბედურება არ დაგატყდეს თავს; კეთილგონიერება კი სწორედ ისაა, რომ შეიცნო ამ უბედობათა თავისებურება და ბედნიერად მიითვალო უმცირესი უბედურება.

ადამიანები ყოველთვის ბოროტნი არიან, თუკი აუცილებლობა არ აიძულებთ სიკეთის გზა აირჩიონ.

ადამიანებს აწმყო უფრო უყვართ, ვიდრე წარსული, და თუ დღევანდელი დღით კმაყოფილნი არიან, სხვას აღარ დაგიდევენ.

მყუდრო ამინდში ვის ახსოვს ქარიშხალი? – ეს ნაკლი ხომ საერთოა ყველა კაცისთვის!

ბედისწერა განაპირობებს ჩვენი მოქმედებების ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს, მთლიანად თუ არა, ოდნავ ნაკლებს მაინც, ჩვენვე გვანდობს.

ბედისწერას მე ვამსგავსებ ბობოქარ მდინარეს, გამძვინვარებული რომ გადმოლახავს ნაპირებს, წალეკავს ხეობებს, ძირფესვიანად თხრის ხეებს, ანგრევს შენობებს, ერთი ადგილიდან გლეჯს და მეორეზე გადააქვს მიწა; ყველა გაურბის, ყველა უკუიქცევა მისი სიშმაგის წინაშე, არავის ძალუძს წინ აღუდგეს მის მძვინვარებას.

მე ისიც მგონია, რომ ბედნიერია ის, ვისი მოქმედებაც დროის თავისებურებას ეთანხმება და ესადაგება, და ზუსტად ასევე, უბედურია ის, ვისი მოქმედებაც დროს არ შეესაბამება.

არ არსებობს იმდენად კეთილგონიერი კაცი, რომ მიესადაგოს დროის მოთხოვნებს.

ბედისწერა – ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და წიხლებს: ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და მოკრძალებული კაცი, ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი და უფრო თავდაჯერებულად მბრძანებლობს მასზე.

მხოლოდ ის იარაღია წმინდა, რომელიც ერთადერთ სასოებად დაუსახავს ხალხს.

ღმერთს არა ნებავს, რომ ყველაფერი თვითონ მოიმოქმედოს, რათა არ მიგვხადოს თავისუფალი ნება და ჩვენი კუთვნილი დიდება.
კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 311 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]