2011-03-15, 10:16 PM | |
საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი. ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს. ხელოვნებაა თვით უკვდავება. ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით
იხილავენ
სამშობლოს თვისას იავარყოფას. ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ. ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში. როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს,
სვეტიცხოველი
შეიმატებს დიდებას კიდევაც. არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი. ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ. ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს. ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს
ხალხს და
არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას. ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები. | |
ნანახია: 981 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |