გურამ დოჩანაშვილი ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა’’
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (229.2 Kb) ]2011-03-15, 10:39 PM


გურამ დოჩანაშვილი

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

1

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა და თქვა:

- თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვა და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომელსაც ამჟამად გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე აქამდე, პატარა ადგილს როდი იჭერს ყოფა-ცხოვრება, წარმოების გარეთა სფერო ადამიანის საქციელსა და მოქმედებაში. ასანთი ხომ არა გაქვს?

მე ჩემი ბედი... - არა მქონდა.

- ერთის მხრივ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, - განაგრძო მერე ხელმძღვანელმა, - და ამასთანავე თანამედროვე ეტაპზე ყოფა-ცხოვრებითი მოვლენების სრულყოფა...

- გავალ, გიშოვნით...

- არა, არა, მაინც განებებას ვაპირებ და... ადამიანის ცხოვრებისეულ მოქმედებაში წარმოების გარეთ, მისი საქციელი ყოველდღიურ საქმიანობაში თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება მის ყოფა-ცხოვრებაში. და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს მის თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება ჯერ ერთი, იმით, რომ წარმოადგენს ადამიანის ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს შედის რა კომპონენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეორე - რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება ადამიანზე სასარგებლოდ ზემოქმედების მნიშვნელოვანი მექანიზმების გამოვლენაში მთლიანად; დაა, მესამე - რომ ეს სფერო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე ეკონომიური და სოციალური განვითარების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტები.

პატარა ხანს შეჩერდა და მე ვთქვი:

- დიახ.

- თავისუფალი დროის გამოყენების შესწავლა ამ კუთხით, - განაგრძო მერე ხელმძღვანელმა, - ძალიანაც აქტუალურია, და მისი გადამუშავება წარმოადგენს არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ინტერესსაც ერთსა და იმავე დროს. რასაკვირველია, ერთი წლიური თემისათვის ეს თემა საკმარისზე მეტად ფართოა. ამიტომ საკითხი ასე უნდა დავაყენოთ: თქვენ უნდა შეისწავლოთ ყოველდღიური წარმოების გარეთა საქციელი და მისი დამოკიდებულება ცხოვრებისეული პირობებისაგან და უნდა შემოვიფარგლოთ გარკვეული პროფესიის ადამიანების კონკრეტიზირებით, ხოლო პროფესიის არჩევა თქვენთვის მომინდია. იმედია, გამიგეთ.

- როგორ არა.

- ხოლო რაც შეეხება იმ კითხვებს, რომლებიც თქვენ უნდა დაუსვათ თქვენს მიერ არჩეული პროფესიის ადამიანებს, ესე იგი, რესპოდენტებს, აი ამ ხუთ გვერდზეა მოცემული. მათი პასუხები უნდა იყოს მკაფიო, მოკლე და ამოწურული.

- ერთდროულად?

- რასაკვირველია. ხოლო თუ წააწყდებით რაიმე გაუგებრობას, გართულებას, ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ... სამსახურის საათებში. გუშინ დაცვაზე იყავი?

- კი.

- როგორ ჩაიარა?

 - ისე, ჩვეულებრივად.

- ბევრი ხალხი იყო?

- არა უშავს, კი.

- შენიშვნები ბლომად ჰქონდათ?

- არა, არც ისე... შიგადაშიგ.

- ჰო, კინაღამ დამავიწყდა, - გაახსენდა ხელმძღვანელს - აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს მატერიალურ-ეკონომიურ ფაქტორს რესპოდენტთა კეთილდღეობისა თუ საქმიანობის გამოვლენაში მთლიანად.

 

2

იმავ საღამოს ანკეტა გადავათვალიერე, ყოველი შეკითხვა გასაგები, მარტივი და ამასთანავე საინტერესო იყო - მე მიყვარს ჩემი დარგი. უფრო სწორად, მომწონს - შეკითხვების დასმა უცნობი ადამიანებისათვის, ახალი გუნება-განწყობანი, ხანდახან ფარული ჰუმორი, მაგრამ, რაც მთავარია, ენერგია, ენერგია, მიზანდასახულობა, ყველაფერია ერთად. ვის რას მოსწონს, ანდა პირიქით, ესე იგი - რა არ მოსწონს, ერთი ერთს ამბობს, სხვა - მეორეს, მესამე - მეოთხეს და შენ კი იწერ, იწერ, მიდის საქმე. მაგრამ მეორე დღეს, დილით, რესპოდენტთა პროფესიის შერჩევა გამიჭირდა. ქარხნები - ხმაურიანია და თანაც დაღლილი ადამიანები ამომწურავად არ გპასუხობენ, გამყიდველებს სადა სცალიათ - ათასგვარ სურსათ-სანოვაგეს სწონიან, სახლებში კი ვერ ჩამოუვლი, რასაკვირველია; მძღოლები შენთვის ვერ დაკარგავენ ძვირფას დროს, ექთან-ექიმთა რესპოდენტობა გამორიცხულია, რადგან ისინი ხანდახან დილიდან საღამომდე მორიგეობენ, მე კი მაინტერესებს ისეთი პროფესიის ხალხი, რომლებიც მუდამ ერთსა და იმავე დროს იწყებენ და ამთავრებენ სამუშაოს. კარგა ხანს ვიწვალე, და გონებას ისევ მზერამ აჯობა - ერთ წყნარ ქუჩაზე ფოტოვიტრინას მოვკარი თვალი. ოო, სწორედ ეს გამომადგებოდა - ფოტოგრაფები უმთავრესად ხალისიანი, მოლაპარაკე ხალხია, და თმადავარცხნილი მუშტრის მოლოდინში დროც საკმარისი აქვთ, ანკეტა რომ საფუძვლიანად შეივსოს. ამასთანავე ისინი რეალურად უყურებენ ცხოვრებას, ყოველივეს ზუსტად მაფიქსირებელი ფოტოობიექტივის საშუალებით, მე მხნედ შევაღე კარი, შევაბიჯე, ვთქვი: „გამარჯობათ", მომესმა სასურველი „გაგიმარჯოს", ვკითხე: „გცალიათ?" - იმან კი მითხრა: „მა რისთვისა ვარ", მაგრამ ჩემი მისვლის მიზეზი რომ ავუხსენი, ცოტათი შეცბა. თავით-ფეხამდე შემათვალიერა, მე კი ვცდილობდი ვყოფილიყავ მის თვალში გულღია, სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი, ჰალსტუხი გავისწორე და გაუღიმე წრფელი ადამიანის ღიმილით, იმას კი გვერდზე გადაეხარა თავი და შემომცქეროდა მე, სრულიად უცხოს, ვისაც მაინტერესებდა მისი თავისუფალი დრო. და სანამ მდგომარეობას გაამწვავებდა ერთის მხრივ ბუნებრივი შეკითხვით „რა თქვენი საქმეა", სწრაფად ავუხსენი, რომ ვარ ისეთი კომპეტენტური დაწესებულებიდან, როგორიცაა ჩვენი, და რომ უნდა ჩამოვუარო მისი პროფესიის ადამიანებს, რათა გავიგო, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, უყვართ თუ არა კინო, სპორტი, ან ტელევიზია, როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა, კომუნალური პირობები, და სხვა, და სხვა, და მხოლოდ ორჯერ რაღაც შეუტოკდა სახეზე, როცა ვახსენე გამოთქმა „სხვადასხვა ორგანოები" და სიტყვა „ინსტანცია", მაგრამ მაშინვე შევცვალე ლექსიკა, რაც ესოდენ საჭიროა ამგვარ შემთხვევაში და უბრალო რიგითი სიტყვებით ავუხსენი, რომ ანკეტები დაგვეხმარება ჩვენ, მკვლევარებს, გავიგოთ მისი მისწრაფებანი თუ შენიშვნები, და ყოველივე ეს ხელს შეგივწყობს მათი შემდგომი ცხოვრების შეძლებისდაგვარად უკეთესად მოწყობისათვის, აღმავლობისათვის და იგი მაშინვე შეიცვალა, რადგან ამოისუნთქა და თქვა: „აგაშენა ღმერთმა".

ჩვენ ვსაუბრობდით კარგად, გულწრფელად, კმაყოფილი ლამაზმანების სურათების გარემოცვაში, რესპონდენტი მპასუხობდა მკაფიოდ, სხარტად, მე დროდადრო ვხუმრობდი და ის რომ იცინოდა, ჰალსტუხს ვისწორებდი, რატომღაც მიყვარს ჰალსტუხის წვალება, ალბათ იმიტომ, რომ ისიც მაწვალებს, მაგრამ ჩვენს საქმეში ჰალსტუხი - აუცილებელია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მწამს, რესპონდენტის კი სწამდა, რომ მსუბუქი მუსიკა სჯობს კლასიკურს, ხოლო სპორტული გადაცემა - ინტერვიუს სოფლის მეურნეობის მუშაკთან, რომ გრძელ რიგში დგომა არაა მაინცდამაინც სასურველი და გაჭედილ ტრამვაიში ფეხისწვერებზე დგომას გაცილებით ურჩევნია ნახევრადცარიელ ტრანსპორტში ფანჯარასთან მიყუჟვა და კერძო ავტომანქანების ნომრების თვალიერება - რომელია უფრო ბედნიერი, სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში ანკეტა შევსებული იყო წესითა და რიგით, გზადაგზა ერთმანეთს ვუამბეთ ორიოდ მხიარული ანეკდოტი, ოღონდ ჩემები - სჯობდა, და კიდევ უფრო გამიადვილდა მეორე ანკეტის შევსება სამიოდ კვარტლით მაღლა, ბაღთან, რადგან იმ ფოტოგრაფთან ჩემით მოხიბლულმა  პირველმა რესპოდენტმა მოკლე ბარათი გამატანა - „მიშა, ამ ბარათის მომტანი ჩვენი კაცია". სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო მესამე ანკეტაც, რომელიც უზომოდ მოწყენილი ფოტოგრაფის მოკლე პასუხების მიხედვით შევავსე. მერე ავედი სამსახურში, ხელმძღვანელთან, „როგორაა საქმეები, ა", მკითხა იმას, „მშვენივრად, - ვუპასუხე მე, - უკვე შევუდექი". „კაი, კაცო", გაუკვირდა და მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი. ძალიან კარგია, როცა ხელმძღვანელი არის ასეთი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, ათლეტი, როგორც იტყვიან, და ამასთანავე ზომიერადაა აყოლილი მოდას - ოდნავ, ძალიან ოდნავ ჩამოგრძელებული ბაკენბარდებით, ასევე წელში ოდნავ გამოყვანილი პიჯაკითა და ოთხკუთხაცხვირიანი ფეხსაცმელებით, გულის გარეთა ჯიბეში კი - ჰალსტუხის ფერის იდენტური ცხვირსახოცი. ანკეტებს ათვალიერებდა, „კარგად გიმუშავია, კარგად, - თქვა ხელმძღვანელმა, - ოღონდ კომუნალური პირობები ორ ჯგუფად კი არ უნდა დაგეყო, როგორც ეს შენა გაქვს აღნიშნული - კარგ და ცუდ ქვეჯგუფებად, არამედ სამად - პირველი: უზრუნველყოფილნი ყველა კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა - წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, გაზი, აბაზანა ან შხაპი და ცხელი წყალი; მეორე: უზრუნველყოფილნი ძირითადი კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალუტი გათბობა და მესამე - უკანალიზაციოები, ისე კი, კარგად გიმუშავია, ასე თუ განაგრძობ, ძალიან კარგი იქნება, აბა, შენ იცი, როგორ არიან თქვენები?.." ასე გულთბილად მესაუბრებოდა, გადასწვდა სხვადასხვა ამბებს, მშვენიერ გუნებაზე იყო, მაგრამ მერე, არ ვიცი, რა გაახსენდა, პატარა ხანს ჩაფიქრდა, მზის საწინააღმდეგო სათვალე გაიკეთა, მკერდზე დაიბჯინა ნიკაპი და მკაცრად თქვა:

- და როგორც უკვე გითხარით, თავისუფალი დროის გატარება ორი რიგის მაჩვენებლებით ხასიათდება: ა - საქმიანობის ჩამოთვლით, საქციელის სახეობებით დაა, ბე - მონაცემებით ხანგრძლივობის, ინტენსიობისა და ასე შემდეგ ამ საქმიანობათა რაოდენობრივი პერიმეტრების.

 

3

ასე იყო თუ ისე, მშვენივრად აეწყო საქმე, მაგრამ მომდევნო დღეს, ხუთშაბათს, დილაადრიან, სწორედ იმას გადავაწყდი, ვინც გამამწარა და რაღა გადავაწყდი - ჩემივე ფეხით შევაბიჯე იმ დასაწვავ ფოტოკაბინეტში. არც გაუგია ჩემი შესვლა, სადღაც შორს, გადაკარგულში იციქრებოდა. თვალები უელავდა, მინის მაგიდას დაყრდნობოდა და, წინგადახრილი, ისე დაჟინებით იყურებოდა ჩემი სხეულის გავლით სადღაც, ძალიან, ძალიან შორს, თითქოს მეც მინისა ვიყავ და მაშინვე ტანმა მიგრძნო, რაღაც ხიფათს რომ შემამთხვევდა, მაგრამ მაინც ჩავახველე და რომ გამოერკვა, დაბნეულმა გამიღიმა და მითხრა: - მობრძანდით, მობრძანდით, პასპორტისთვის თუ...

მაშინ მე გეგმაზომიერად დავუწყე ახსნა, რისთვისაც მივედი, ყურადღებით მისმენდა და ეტყობოდა, მყისვე რომ ხვდებოდა ყველაფერს, მაგრამ მაინც გამაწყვეტინა:

- ბოდიში, თქვენ თავად გადასწყვიტეთ თუ... - და დააყოლა: - ღმერთო, როგორ მაგონებთ ვიღაცას...

- არა, ხელმძღვანელმა გამომგაზავნა.

- მაპატიეთ, მაგრამ... უნდა ვიცოდე, ვინაა ის ხელმძღვანელი, რა კაცია... ნეტავ ვის ჰგავხართ...

- რა, ხელმძღვანელი აქ მოვიყვანო? - ჰუმორით ვკითხე, თუმცა უკვე ოდნავ გაღიზიანებულიც ვიყავ.

- არა, არა, მოყვანა რა რაჭიროა, ორიოდ სიტყვით დაახასიათეთ, წარმოდგენა რომ მქონდეს, ფაქტიურად ვისთან მაქვს საქმე...

- აბა, როგორ გითხრათ... ახალგაზრდა კაცია, ახოვანი, ენერგიული, თანამედროვე... ახალგაზრდობის მიუხედავად, რამდენიმე თანამშრომელი მიგვაბარეს და ჩვენთან მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო.

- ძალიან კარგად დაიწყო? - გამაწყვეტინა.

- დიახ! - და გაბრაზებულმა გავუმეორე, - ძა-ალიან კარგად დაიწყო.

- ეჰ, - თქვა კაცმა და მოიწყინა, - მარშალმა ედმონდო ბეტანკურმაც ძა-ალიან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე როგორც დაამთავრა, მშვენივრად ვიცით...

- ვინ მარშალი, რას ამბობთ... - შევკრთი მე.

- ვინ და ბეტანკური, აბა აურელიანო-სქელს ხომ არ... - და შუბლზე შემოირტყა ხელი, - უჰ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი - თქვენ ძალიანა ჰგავხართ აურელიანო-სქელს, სანამ გასუქდებოდა, - და გაიოცა: - ბიჭო, ბიჭო, როგორა ჰგავს?!

- ვინ სქელს, რა სქელს... - ავღელდი მე.

- ვის და მარშალის ბიძაშვილს, აი, დიეგომ რომ გამოიჭირა... ვერ გაიხსენეთ?.. ეულალიას ქმარი! ჰმ!.. ზუსტად ისეთივედ წარმომედგინა ყმაწვილკაცობაში, როგორიც ახლა თქვენა ხართ, სანამ ძალიან გასუქდებოდა... რა უცნაური დამთხვევაა... მეც არა ვთქვი, სად შემხვედრია-მეთქი?

და, წარმოგიდგენიათ? - მკითხა:

- თქვენ ახსნით ამას?

თვალები აუციმციმდა, „გიჟია თუ რა?" - ერთი კი გავიფიქრე, მაგრამ გიჟები ხომ არ მსახურობენ, რასაკვირველია, და მკაცრად დავეკითხე:

- როგორ ბედავთ სამსახურში... ნასვამ მდგომარეობაში, ჰა!

- მე? მე და ნასვამი?! - გაიოცა და უცებ საყვედურით შემომაცქერდა, - ააა, მივხვდი, თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, არა, ხომ?

- არა, - მივუგე, - ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ, პასუხი რომ გამცეთ კითხვებზე?

- სიამოვნებით, სიამოვნებით... ბოდიში, და არც ანსელმოიანი რომანი? ლჲოსასი, მარიო ვარგასის...

- ა... არა.

- და... კორტასარი?

- ეეე... არა.

მეგონა, გამკიცხავდა, მაგრამ შურით ამათვალიერა:

- ბედნიერი კაცი ყოფილხართ!

- რატომ?

- რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ...

- რა ბედნიერება?

- პირველად წაკითხვის. ესე იგი, თქვენ სამხრეთ...

- ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, - ვეღარ მოვითმინე, - თუ არა ვცდები, რესპონდენტი თქვენა ბრძანდებით და არა მე.

- რესპონდენტი რა არის? - მსუბუქად დაინტერესდა.

- ვისაც ეკითხებიან.

- აა, და თქვენ კი გემატებათ „კო"? ოღონდ თავში - კორესპონდენტი...

- არა, არა, მე - ინტერვიუერი ვარ.

- კი ბატონო, მკითხეთ.

მაგრამ აქ კაბინეტში ვიღაც მორცხვი კლიენტი შემოიძურწა. რესპოდენტმა ბოდიში მომიხადა, კლიენტს - პალტო გაახდევინა, დასვა, თავი აუწია, გაახედა, გამოახედა, ჰალსტუხი შემიხსნა, იმას მოარგო კისერზე, ოთახი ძალიან გაანათა, უზარმაზარ აპარატში შეჰყო თავი, კლიენტს ნიკაპი ააწევინა, ობიექტივს რაღაცა მოარგო, მერე მოხსნა, თქვა: ჰოპ!" - და ჰალსტუხი ისე უხერხულად შეხსნა, ყულფი დაშალა. უღრმესი მადლობით დამიბრუნა, მაგრამ ვეღარ გავიკეთე, რადგან ჰალსტუხის განასკვა არ ვიცი, დილაობით ძმასა ვთხოვ ხოლმე. რესპოდენტმა კი მწუხარედა თქვა: „მეც რომ არ ვიცი?" პალტოს ცალ სახელოში მლავგაყრილ, გვერდზე გადახრილ კლიენტს უთხრა: „ხვალ არა, ზეგ", ქვითარი გამოწერა, მიაჩეჩა, გადაახდევინა „ბ" - ოთხმოცი კაპიკი, გაუღიმა - „კარგად იყავი, გენაცვა", და მომიბრუნდა, თავით ფეხამდე მზადმყოფი:

- ბოდიში, მაგრამ სამსახურის საათებია და... აბა, შევუდგეთ.

ანკეტიდან ხელის ზურგით განზე გადავაჩოჩე ჰალსტუხი და შევუდექი:

- გვარი!

- კეჟერაძე.

- სახელი!

- ვასიკო.

- ვასილი?

- დიახ, დიახ, - შეცბა, - მაპატიეთ, „კო" - ეს ხომ თქვენია - კორესპონ...

- კორესპონდენტი არა ვარ-მეთქი! - მკაფიოდ გავუმეორე, - არამედ ინტერვიუერი, გასაგებია? დაბადების წელი!

- ოცდაცხრა.

- ათას ცხრაას... არა? - ჰუმორით ვკითხე.

- რასაკვირველია.

- სქესი!

- ვასილი მქვია, - იმანაც ჰუმორით მომიგო.

ჩავწერე, „მამრ..."

- პროფესია...

- მხატვრული ფოტოგრაფი.

და პირდაპირ საქმეზე გადავედით, ასე დავეკითხე:

- გიყვართ თუ არა თქვენი საქმე?

აქ კი უგულოდ მიპასუხა:

- ისე, რა...

- რატომ?

იმან კი დაკვირვებით, ოდნავ ნაღვლიანად შემათვალიერა, მიყურა, მიყურა და თქვა:

- მე ძალიან მიყვარს ლიტერატურა.

პატარა ხანს ჩუმად ვიყავით. მერე ვკითხე:

- სპეციალური?

გაეღიმა და თქვა:

- არა, მხატვრული ლიტერატურა.

უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გავიტეხე:

- კი ბატონო, მაგაზედაც მივალთ, მაგ ტიპიტ შეკითხვაც შედის ანკეტაში...

- აარა, არა, - ისევ გაეღიმა, - მაგაზე კი არ „მივალთ", არამედ მაგითი იწყება და მაგითი თავდება.

- რა?

- რა და თქვენი შეკითხვები - ჩემისთანა რესპონდენტისათვის.

- რა იცით, ჯერ ეს ერთი, თქვენ?! - სერიოზულად გავცხარდი, - აგერ, მე ახლა უნდა გკითხოთ, თუ როგორია თქვენი ბინის კომუნალური მომსახურების პირობები - ძალიან კარგი, ცუდი თუ საშუალო, და რა შუაში იქნება აქ ლიტერატურა, და ისიც ვიწრო გაგებით - მხოლოდ მხატვრული?

- ჰეე, - ჩაეცინა და ანკეტაში მოურიდებლად ჩაიჭყიტა, - მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამაჩნია ცენტრალური გათბობა, მე მაინცა მაქვს ძალიან კარგი პირობები, თუ გნებავთ კომუნალური უწოდეთ და რაც გინდათ, სხვა.

- ეს როგორ?

- როგორ და მაქვს წიგნების ორი უზარმაზარი კარადა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი - მხარს ზემოთ, ნათურა...

- და ეგ ხომ კომუნალური პირობები არაა?

- გააჩნია ვისთვის... - და უცებ აგდებულად შემომაცქერდა, - ესე იგი, მხატვრული - ეს ვიწრო გაგებითაა, არა?

- დიახ. იმიტომ, რომ არსებობს ლიტერატურა დოკუმენტური, მეცნიერული, პოპულარული, სახელმძღვანელო...

- ბროშურა გამოგრჩა, კარგო...

- თუნდაც, თუნდაც, - არ დავიხიე, შეუპოვრობა - მთავარია - განვაგრძე, - კინოფილმები თუ გიყვართ?

- არა.

- რატომ?! - გავვოცდი.

- დაფინანსებული კონკურენტია.

- ვისი?..

- არ მომწონს-მეთქი - გონებაზე მეტად თვალს ახარებს და იმიტომ.

ჩავწერე „არა", და მომდევნო შეკითხვა წინა პასუხისა გამო შეუფერებელი აღმოჩნდა, - როგორი ფილმები მოწონთ განსაკუთრებით?

იმან კი მითხრა:

- ტიტრებიანი. გასაგებია?

ჩემზე ნაკლებად არც იმას სცოდნია გაბრაზება. გული მომივიდა, მაგრამ აქ კვლავ შემოვიდა მუშტარი, კაცი კი, რომელმაც თქვა, რომ ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, გარისხებული ჩანდა და უნებურად მუშტარზე იყარა მცირეოდენი ჯავრი - დაჯექ, დაჯეო, ასე უთხრა, და ისეთი ძლიერი სინათლე ჩართო, ნათურები გაბმით აზმუვლდნენ, მერე ნიკაპი მკაცრად აუწია და უცებ მოლბა, თავზე გადაუსვა ხელი, „თქვენ რა შუაში ხართ, ბოდიში, თმა აგწეწიათ ცოტა..." იმანაც, ერთხანს შემკრთალმა, გულიანად გაუღიმა, შეხმატკბილდნენ, ერთი - გაქვავებული იჯდა, მეორე - აპარატს უტრიალებდა, „ჰოპ", თქვა რესპოდენტმა, პალტოს ჩაცმაში დაეხმარა, მაგრამ მუშტარი იძახდა: „არა, არა, ჩემით..." ღიმილითვე გაუწოდა ქვითარი და მუშტარმა ფრთხილად რომ მიიხურა კარი, შევცბი - სულ სხვა კაცი შემომცქეროდა, გამომწვევი, უნდო...

- თუ გნებავთ, ხვალ განვაგრძოთ, ხვალაც ამ კვირისაა, - ჰუმორი მოვიშველიე მე.

- არა, არა, მკითხეთ.

და აქ შევურჩიე კითხვა, რომელსაც არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონოდა მის გატაცებასთან - ასე დავეკითხე:

- მოდაზე რა აზრის ბრძანდებით? როგორი ტანსაცმელი მოგწონთ...

მაგრამ იმან თქვა:

- ფართოჯიბიანი. ისე კი სულ ერთია...

- როგორ თუ ფართოჯიბიანი? რისთვის...

- ნებისმიერი წიგნი რომ ჩაეტიოს.

არა, ეს სულელი იყო, ვიღაცა, და წამოვდექი.

- ბოდიში, მაგრამ... ხელმძღვანელი მიცდის.

- ახოვანი და ენერგიული? რა გაეწყობა, კარგად ბრძანდებოდეთ...

ამრეზილი მათვალიერებდა, სანამ კალმისტარს გულის ჯიბეში ჩავიდებდი, ანკეტას - პორტფელში, და სწრაფად გავეშურე კარისაკენ, მაგრამ დამადევნა:

- აი, ეს დაგრჩათ.

ჰალსტუხი იყო.

- მშვიდობით, მშვიდობით... - და ფრთხილად  ჩავიდე პალტოს ჯიბეში, რომ არ დამჭმუჭნოდა.

- იცით რა? - მითხრა, - თქვენ ისევ მოხვალთ...

- არასოდეს! - გავბრაზდი, მთელი საათი დამაკარგინა.

- ვნახოთ, თუ არა...

- რა იცით!

- არ შეიძლება, ასე უსახელოდ რომ დავშორდეთ ერთმანეთს, - ჯერჯერობით ჩვენი საუბარი იუმორისტულ ჟურნალში დაბეჭდილ მასალას ჰგავდა.

- ჩვენ უკეთესი საუბარი არც გამოგვივა! - პირში მივახალე.

- რატომ, რატომ, ჯერ სადა ხართ... აი ნახავთ, უკეთესად თუ არ ავლაპარაკდე.

- მე კი ფეხის დამდგმელი აქ აღარა ვარ და...

- ვნახოთ, - გაეღიმა.

გამწარებული გამოვედი, შუბლზე ხვითქი გადამდიოდა. ოფლის შესამშრალებლად ცხვირსახოცისათვის ჩავიყავი ჯიბეში ხელი, ამოვიღე, მოვისვი კიდეც, მაგრამ სხვა რამ ნივთი ჩანდა...

ჰალსტუხი იყო.


კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1383 | რამოტვირთვები: 82 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 4.3/6
სულ კომენტარები: 3
  • sopho 2011-04-01

    bralood maintereseebs tkveni tvaliit danaxulii kejerazis personaji

  • sopho 2011-04-01

    sainteresoo iyoo : )))

  • george 2011-03-17

    sainteresoa....

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]