გრიგოლ რობაქიძე ,,გველის პერანგი’’
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (61.2 Kb) ]2011-03-15, 10:20 PM


ირყევა ტფილისი -
ქალაქი წყეული და უტკბილესი.
„ტფილისის ხერხემალი"

მცხეთაში მეფემ ქორი ააფრინა. ქორი ხოხობს გაედევნა. მეფე უცდის: აღარც ქორია და აღარც ხოხობი. მიდის საძებრად. მიადგება ხევს. ხევში ღვარია გოგირდის ფერის. ღვარში ხოხობი დამხრჩვალა. ქორიც თან გადაჰყოლია. მეფე ფუძეს დებს ქალაქისას.

ასეთია ქალაქის მითოლოგია.

ტფილისი გოგირდის აბანოთი იწყება და გოგირდის აბანოთი თავდება - (მეტაფიზიკოსი ამ ამბავში „მეტაფიზიკას" ამოიკითხავს).

პატარა სახლები და ვიწრო ქუჩები. ერთ ყელში შესაძლოა ერთი აივნიდან მეორე აივანში გადახტომა. აქაიქ: ყავახანა. ინით შეღებილი წვერები. დაქნილი ფრჩხილები - (ესეც ინით შეღებილი). ხელში კრიალოსანი: ქარვის თუ გიშერის. მუსაიფი: ნელი და ჩუმი. თვალები არავის ეძებენ - (თავის თავს თუ ეძებენ შორეთში).

აბანოს შესავალში მექისე დგას. სხეული - გამოხარშული: თითქო ქათმის შაშხი სხვენზე ჩამოკიდებული - (თანაც შემჭვარტლული). სხეულის კანი: საქალამნე ჯღანი თხელი. სახე: მაჭიკი. თვალები: გადაქსუებული ნირვანა. ირანის ზმანებაში თუა.

სამი საუკუნის წინათ შაჰაბაზის ლაშქარმა ტფილისი აიღო. სისხლით გაილეშა მძლეველი და დამძიმდა. მძლევარმა გოგირდის აბანო მიიღო. მექისემ ტანი დაუზილა გალეშილი. ეს ხომ არ ახსოვს მაშადის - მითოლოგიური მექისის ნაშიერს?!

ეგებ სხვა ამბავსაც იგონებს მაშადი:

გოგირდის აბანო ალექსანდრ პუშკინმაც იგემა. აფრიკის სიცხემ გახელება იცის. აფრიკის სისხლი.. სლავურმა არემ ვერ დააცხრო. პუშკინმა ტფილისშ იგზნო შენელება. მის შავ ტანზე მექისემ საპონი ფეერიულ ბუშტებად გაშალა. ქისა გადაუსვა - სული შეუბერა: პოეტის სხეულმა ლამაზის ცოლის ალერსი იგრძნო რომელიც ბედისწერად გადაიქცა მისთვის.

შეიძლება ამას იგონებს მაშადი.

მაშადი არაფერს იგონებს. იგი გათქვეფილია ცხელ გოგირდიან ღვარში. მხოლოდ ხანდახან ზარატუსტრას პოზას იღებს - (ზოროასტრ ხომ მისი სამშობლოდანაა) - და იტყვის: „ქარგი აბანო ქარგი ლჲულაქაბაბ ქარგია".

 

* * *

მართლაც კარგია გოგირდის აბანო.

იქ ქეიფია ყოველთვის. აი ახლაც.

ფეხები - მოკლე. შარვალი განიერი: თითქო გაბერილი გუდა. დიდი ვერცხლის ღვედი წელზე. ზედ: ბაღდათის თავსაფარი ჩამოშვებული. თავი: საორშიმე კვახი თუ ქვასანაყი. კეფაზე ქუდი: თითქო შავი სოკო. მთელი ფიგურა: მამალი პილპილა. პათოსი - გუდაფშუტის. სახელი: ფიჩხულ.

განზე: დოლი და ზურნა. ლოყები მეზურნეების იბუშტებიან - (ბაყბაყ დევი თუ ილუკმება). ფიჩხულ დავლურს უვლის და გადადის ბუქნას - (ამ დროს შარვალი პათოსია).

მწვანე მოლზე თავსაფარია გაფენილი. თავსაფარზე: მწვანილი და „მოთალი". კინტოები ქეიფობენ: ჭიქა ჭიქას ეთამაშება.

ფიჩხულ ბუქნას ათავებს.

ერთის ხელი ჭიქას ამართავს. აპუწკული ტუჩები გაიძახიან: „ეს ღმერთმაც ადღეგრძელოს ის ანგელოზი რომელი ანგელოზიც"... გაპრეხილი ხმა უსაშველო პერიოდს ეპოტინება. ეხლა სიტყვა „რომელი და რომელიც" თვითონ იწყებს ბუქნას.

მაგრამ სიტყვის ბუქნას მეორე გადასჭრის. იგი ნაყვავილევია. ამომშრალი თვალები - (კაცი ნახევრად ბრმაა) - ბჟუტავენ როგორც ნაკვერჩხლები ჩაქრობას რომ აპირებენ. ნაყვავილევს ყურთან დაირა მიუყუდებია: „ყბაყურა" თუ აქვს. უსაშველო თავი გაჰკივის უსაშველოდ: შაკიკი თუ აუვარდა თავში. „შე წყეულო მარტის თვეო". „აღსდეგ თამარ დედოფალო შენთვის სტირის საქართველო".

მერე: ისევ განიერი შარვლის ბუქნა.

მერე ისევ: „რომლის" აკვიატება.

„რომელი - რომელიც": ეგებ ვიღაცას ეძებენ. თავის თავი თუ დაჰკარგეს. სიტყვა ქართული. ბაიათი სპარსული. ხმა „ყარაჩოღელის"...

რასსის დომხალი?! აქ თუა წვალება.

 

* * *

ტფილისში სახლში არავინ ბრუნდება. აქ ყველგან „შენი" სახლია.

ტფილისში ხეტიალს რა სჯობს?!

სამიკიტნოები გაკიდულან როგორც არღნები კარუსელზე. სამიკიტნო სავსეა ყოველთვის - (რომელიც გინდა). დახლთან მიკიტანი დგას და „ნისიებს" ითვლის საკუთარი ბუხჰალტერიით. ლაქიები გარბიან იქითაქეთ. ვინ გინდა აქ რომ არ იყოს?! მაგრამ ყველაზე უფრო ფეროვანი მაგიდა ჩოხოსნებისაა. ზოგი ასხეპილი. ზოგი აცქვეტილი. ზოგი აწკეპილი. ზოგი წამახული.

ერთი მათგანი შუახნისაა. „ჩაბაკვერა": როგორც დაბალი სიმინდი ულვაშ აყრილი და ტაროებით დოინჯაჭდილი. სიდარბაისლე ფარაოსი. ნეკზე წაზდილი ფჩხილი მამლის დეზივით. ჭიქას ამართავს მარჯვენა ხელით. გრძელი დაქნილი ფჩხილი ქარვას აელვარებს წაბზეკილი. გაპრეხილი ხმა იწყებს:

- ინგლისელი მეცნიერი სიეისი ამბობს:

- კაი თუ ღმერთი გწამს...

- თავი მოგვაძულე მაგ სიეისით ღმერთმანი..

- ნათლი მამაა მაგის: ღმერთი მაგას უშველის...

უკანასკნელი ჩუმად იცინის.

„ჩაბაკვერა" ყურს იტყუებს:

- შენგან არ მიკვირს: მანაველ ჩემო...

- რას ამბობს სიეისი სამოველ?!

- ახლა სხვა ეკითხება ირონიით.

- სიესი ამბობს: რომ საქართველო...

- კაი კაი...

- ვიცით: რასაც ამბობს..

ერთი იცინის. მეორე ანჩხლობს.

- თუ არ მაცლით..

- სხვა დროისთვის გედინახე..

„მრააავაალ ჟამიერ" და მაღალი ტონი კვინიხში ადის. მაგრამ „მრავალჟამიერ" უსიამოვნების ჩასაქრობად მისწრებაა. „ჩაბაკვერა" სიეისის ციტატას „ჯიბეში იდებს" და ჯდება ფარაოს სინელით დამძიმებული ფიქრით: „წახდა ბატონო ქვეყანა"..

 - ეს ღმერთმა ადღეგრძელოს...

- მოიცა კაცო.. თამადას აცალე...

- არ შემიძლია ბატონო ამდენი ცდა..

- თუ არ შეგიძლია...

- მერე რაო?!

- იქაც გიკრავს თავი: ხომ იცი..

- ხა ხა ხა ხი ხი ხი..

- გეიმეორე კიდევ..

- გევიმეორო თუ არა.. შენმა..

- გამიშვით მა წუპაკთან...

- წუპაკიც ხარ და...

- დაანებე თავი თუ კაცი ხარ..

- სილიბისტრო არა გცხვენია?!

- რა დაგემართა ბოშო?!

- „მრავალჟამიერ": ერთი შენი ჭირიმე.. „ცედური"..

„მრააავაალ ჟამიერ"..

კვინიხი ეხლა გახეთქას აპირებს. მაგრამ კვინიხში აკივებულ ხმას ვიღაცას ბოხი ჰფარავს თითქო დარეგვილი.

ჩოჩქოლი წყნარდება. ხოლო გუნება სუფრაზე აღერნილია მაინც. უგუნებობა ქართულ სუფრაზე „წაწყმედის" ნიშანია. ამას ყველაზე უფრო თამადა გრძნობს.

- ეს შესვი ჯერ და მერე იჩხუბე რამდენიც გენებოს..

- ვიცი სადღეგრძელოა?!

- კვატატის..

- კვატატი.. იცოცხლე..

- გამოცლამდეა..

ვიღაც კარში იტუზება..

- სილოვან!. სილოვან!.

- გვეწვიე სილოვან!.

- ერთი ჭიქა..

სილოვან მოდის. ქართულ სუფრაზე ახალი სტუმარიც „მისწრაფებაა". თამადას აღარ ეშინია „წაწყმედის".

- აბა შემოსასწრები!.

- ეს ღმერთმა გაუმარჯოს..

„მრააავაალ ჟამიერ"..

გუნება დაბრუნდა - (მადლობა ღმერთს).

კარებში ეხლა სხვა დგას.

ქვეიდან პატარა ბიჭი შესცქერის ყურებაცქვეტილი.

კარებში გაჩერებული მაგიდებს ათვალიერებს.

დახლიდარი ბიჭს უძახის:

- შემოუშვი ბიჭო..

ბიჭიც მზადაა:

- მობძანდი ბატონო!. სტოლს გიშოვით..

კარებში აყუდებული ისევ მაგიდებს ათვალიერებს. ეხლა მაგიდებიც ათვალიერებენ მას. კარებში აყუდებული უხერხულობას მალავს (ბიჭს მიმართავს):

- ცოცორია ხომ არ ყოფილა აქ?!

- არ ყოფილა ბატონო...

- ბუიღლიშვილი?!

- რომელი?! ბესარიონი?!

- არა.. კიმოთე..

- არ ყოფილა ბატონო..

- წვიმიტაძე?!

- არც ის ყოფილა ბატონო..

- სიკინჭილაძე?!

- რომელი?! კოწიი?!

- ჰო: კოწიე...

- არც ის ყოფილა ბატონო..

„მრააავალ ჟააა"...

მაგრამ ამ დროს უცხო სახელი ისმის:

- ლოიდ ჯორჯი?!

(ლაქიას თუ შერცხვა ამდენი „არასი"):

- ქე იყო ეგერ წეხან...

- შენს პატრონს..

მაგიდებზე ხითხითებენ:

- ბიჭო! ლოიდ ჯორჯს რა უნდა სიკოიას დუქანში!.

გაწითლებული ბიჭი სიტყვას ასწორებს:

- ასე მოუხდება.. რომ არ მოგეშვება კაცს: ეს იყო? ის იყო?. ჯანდაბას იყოს მაგის თავი.. რა ვიცი: ვინ იყო..

„მრაავაალ": ბიჭის სხაპასხუპი ინთქება.

ყველაფერს შეგიძლია გაექცე. მტერს. მხეცს. შავჭირს. ყოველ უბედურებას. ვერ გაექცევი მხოლოდ „მრავალ ჟამიერს". ქართველი აღაპშიაც გასძახებს ხოლმე „მრავალ ჟამიერს". ქეიფში - ვინ დააკავებს?! მღერის ქართველი „მრავალ ჟამიერს" რაღაც წვალებით. კვინიხი მომღერალს უსკდება და ყურებში მსმენელს. აწვალებს რამე?! „ფროიდი" თუა მისი. ეშინია მოკლე ჟამის და მისთვის უყივის მრავალ ჟამს თუ მრავალი ჟამი გაუვლია და ეძახის გარდასულ ჟამს?! შესაძლოა პირველი იყოს მართალი. შესაძლოა მეორე. შესაძლოა ორივე. უდავო ის არის მხოლოდ: რომ „მრავალ ჟამიერს" ვერ გაექცევი. უკან დაგეწევა და კალთებს ჩამოგახევს. ისევ გაპარვა სჯობია. იქითაქეთ მოიხედავს. ვერ გნახავს სათვალავში. აფუსფუსდება. მერე ისევ „მრაავალ" და დაგივიწყებს.

 

* * *

რა კარგია ტფილისი სამიკიტნოს კარებთან - (როცა სამიკიტნოდან გამოდიხარ). ჰაერი - ხალასი და სუნთქვა - მაგარი. მაგრამ ესენი ვინღა არიან?!

ჩულებით ებრძვიან ერთმანეთს: ქურთები.

დაკოჟრილი სხეული: დამწვარი: ტყემლის ტყლაპისფერი. დაკუნძული კუნთები. ოფლის სუნი ისეთი: თითქო ჰებრაელთა „მიკვას" გვერდით მიდიოდე. ნუ თუ ყველაფერს ჯიში ეკარგება ტფილისში?! ესენი არიან ნატეხები იმ ქურთებისა ვეფხებად რომ ითვლებიან ქურთისტანისა?! მაგრამ ამ საწყლებსაც აქვთ ხალისი.

ეს მათი ბიჭებია და მათი გოგონები.

ზოგი ასანთს ყიდს. ზოგი თუთუნს. ზოგი ირისს. ზოგი მათხოვრობს. ყველას კარგი გული აქვს. მეგობრობა იციან. ათას კაცში გამოგიცნობენ. მოვარდებიან და ფეხებზე მოგეხვევიან. რაა ერთი შაური შენ მიერ გადაგდებული ამ ხელებისთვის?!

ქურთის პატარა გოგონები მარჩიელობასაც ეწევიან. შავი თვალებით - რომელიც ქურთისტანის შავი გველის წიწილებია უფრო - მომავალს გიკითხავენ ხელის გულზე. სტყუიან?! პოეტები რაღას შვებიან?! ამ გოგონების თვალების ალერსს კიდევ სად იხილავ?!

ზოგი ლეში თორმეტი წლის გოგონას შეიტყუებს სადღაც და აორსულებს. მაშინ იწყება ტრაგედია და ხშირად სიგიჟეც. ტფილისის ქუჩებში დაძონძილი ქალი გაივლის ხოლმე მუცელ გამობერილი. რა საშინელია მისი ხითხითიანი სიტყვა?! ტფილისის ქუჩებში დედა გაივლის ხოლმე ძუძუსთან ატატებული პატარა ბავშვით. რა შხამიანია მაშინ მისი უეცარი კივილი კისკასიანი!?

 

* * *

გაშორება სჯობს. აგესლილ მზერას ქაშვეთი მოგირჩენს. ყოველი ქვა ტაძარის ქალწულია თვითონ: ნელი - რბილი - ნაზი - თვინიერი. ტაძარი თვითონაც ქალწულია: წარმართი ქალწული სასხვერპლოდ დასაკლავი. არა: აქ თვალები სევდას ნახულობენ.

აუარ ქაშვეთს. უეცრად თვალები გამოანათებენ: ათასში - ერთხელ. ათას ქალებში ათას თვალებში გამოიცნობ ამ თვალებს. ივერიის ქალწულის თვალები. რასსა შეურეველი და ხალასი. სიამაყე და დარცხვენა - ერთად. ჩაივლის ქალწული. მიიმალება გროვაში. რომელი თვალი დაივიწყებს?!

ქაშვეთის თვალები თუ იყო თვითონ..

 

* * *

მოჩვენება თუ სინამდვილე?! სულ ერთი არაა: თუ კი კარგია?! თეატრის კარებთან დგას მოხუცი. ეს არის ის: ვინც ორმოცი წლის განმავლობაში აფიშებს აკრავდა როგორც მეფის ასულის მანდილებს. ეხლა ბრმაა. ვეღარ ხედავს. ძველად კი ფეერიულ სანახავებს ჰფენდა. ვინ არ ახსოვს მას?! არტისტი: ქალი თუ ვაჟი?! რა არ იცის კულისების მესაიუდუმლემ?! რომელი კაპრიზი არ ახსოვს და რომელი ტემპერამენტი?! რამდენ არტისტულ გამარჯვების მონაწილე ყოფილა?! რამდენი ცეცხლი და რამდენი წვა და რამდენი ლხინი. ეხლა მარტო ფერფლია და უდაბნო.

არა: მოხუცი „საწყალი" არაა. არც „მხდალი".

- მიირთვი..

ვიღაც ფულს გაუწოდებს.

მოხუცი დაბეჟილი ხმით ეკითხება:

- არტისტი ხარ?!

- არა..

- რეჟისორი ხარ?!

- არა..

- სცენარიუსი თუ ხარ?!

- არა..

- ან თეატრის მოსამსახურე?!

- არა..

- მე სხვისგან ფულს არ ვღებულობ.

გამვლელი დარცხვენილი მიდის.

მოხუცი თვალებს აშტერებს: ეს რა ხმაურია?!

 

* * *

ტრამვაჲ მიხრიალებს.

რუსთაველის პროსპეკტი მზეშია გაშხვართული.

პროსპეკტზე კაცი მიდის - (შუაგულ ქუჩაში: ქვაფენილს გაურბის). აცვია რუსული „სერთუკი" მოხელის ფოლაქებით: უკვე გაცვეთილი. ფეხებზე - გეტრები: ესეც გაცვეთილი. საყელოზე - ფართო ყელსახვევი ძირს გაშლილი. კაცი მაღალი ტანისაა. თავზე - „კაკარდიანი" ქუდი. მაგრამ მიდის როგორც ოსკარ უაილდ. ადამიანთა მაღლა იხედება. შემოგხედავს - (არა: თვალს მოგკრავს) - და უეცრად აილეწება: ტანი იგრიხება და მაღლდება. კაცი ოდნავ გაიღიმებს. შემდეგ ისევ შორს იწყებს ცქერას. თვალსა ცალი ხელით ისწორებს: თითქო ჩაჟენილია - (თუ მონოკლს არის ხელი ჩვეული?!). მზე ხელდება. ტრამვაჲ მიხრიალებს. კაცს მზე აწვალებს თითქო. გავარდება მზიან ქუჩაში. სხეული თითქო დაკუტებული აქვს - ეხლა კი მზით მორჩენილი თუ ალეწილი. სხეული მირბის: ხელი - ფეხი - ყელი - თავი: თითქო მანქანაა აძრული. სხეული კუთხურ იტეხება და კუთხურ გარბის. მოჰქრის ტრამვაჲ. სხეული ჩერდება. დაიკრუნჩხება: თითქო „ქარები" აქვს ათასი. შემდეგ შესდგება ცალფეხზე. აილეწება და შეტრიალდება. ტანი საჟენის სიმაღლეს აღწევს. ვატმანი ტრამვაჲს აჩერებს. უცხო კაცი განზე გახტება. ჰგონია: მისდევენ. შიშობს. ფეხებს მართავს. ტანს მართავს. თითქო მანქანის დაშლის ეშინია. ბრბოში ინთქება.

აპოკალიპსური ჩვენება თუ იყო.

ტრამვაჲ ახრიალდება.

 

* * *

იზმაილოვის - (ვინ არის იზმაილოვი?!) - მეეზოვე დგას: აისორი. სპლინი მორევია და ვარსკვლავებს ითვლის. თან ღიღინობს. სიმღერაში სლოკინია უფრო. ხმაში - სევდა: არა სიყვარულის. სევდა დაკარგულის?! შესაძლოა. იზმაილოვის აღმართზე მეეზოვე აისორი მღერის გაბუტული: შაულ ზაია კურდაი - თემიდან „ბირვერ". სპლინმორეული მეეზოვე ვარსკვლავებს ითვლის.

- რომელი საათია?!

ეკითხება გამვლელს.

- თორმეტი სრულდება..

გამვლელი ფიქრობს: რად უნდა „რომელი საათია" დროდაკარგულს.

აისორი მეეზოვე ისევ ღიღინს იწყებს და ცას გასცქერის - (შეკითხვა „რომელი საათია" მეეზოვის მოვალეობის ასრულებად მიაჩნია). ვარსკვლავებს ითვლის. „ირმის ნახტომს" თუ ეძებს. ხომ უწველია მის შორეულ წინაპარს ფური ირემი?! ან: შესაძლოა ვარსკვლავთმრიცხველია?! ასსირიელებს ჰქონდათ ვარსკვლავთა ცოდნა. მეეზოვეც ხომ ასსირიელია.

რა უნდა აქ: ტფილისში?!

ერთი ბიჭი ჰყავს: ფეხსაცმელის მწმენდელია. ეგებ მისი წინაპარი აშურბანიპალი იყო ან სალმანასარი. ვინ იცის.

მეეზოვეს კუთხე აქვს სახლის კიბის ქვეშ. იქ ცხოვრობს მისი ოჯახი - (ცოლი და ქალიშვილები). კუპრივით შავ თმებს ამძიმებენ ვეცხლის ფულები და სადაფის ფოლაქები. დამორგვილ ფეხებზე - სქელი წინდები ჭრელი. ქალები ტანსაცმელში ჩაგოდრილან: თითქო ერთბაშად ჩაუცვამთ ყველა საცმელი - (საცმელი ნაჭრებია უფრო). შეგეფეთებიან - ოფლის ცხარე სუნი გეცემათ პირველად. ესენი არიან აშტაროტის შთამომავალნი?! ეს მონგრეული ბარძაყნი ნუ თუ აშტაროტის ავხორცი აშავერის მოდგმაა?! ასე გადაგვარდა ეს წარმართი ქალღმერთი!? დაეკარგა ტანი და ჯიში?! მაგრამ თვალები: ორი დიდი ნაკვერჩხალი - საცა შავი გველები ბანაობენ. არა: აშტაროტ ცოცხალია კიდევ. იგი ტფილისის ქუჩებში დადის.

მეეზოვე აისორი სლოკინობს - (მღერის) - და ვარსკვლავებს ითვლის. ეგებ იქ ხედავს ასურეთის გადასულ ბედს. სამთავრო მძლავრი ეფრატისა და ტიგროსის შორის. ბაბილონი: ქალაქი ავხორცი კოშმარამდე. მეფენი: ასსარგადონ - სალმანასარ - აშურბანიპალ. სახელები: როგორც ცხელი დაღები და ცნელი შურდულები. ნინევის ერთ ერთ ბარელიეფზე გამოხატულია ნემროდ მეფე: დევკაცი მაგრა ჩასკვნილია. კორძიანი ხელებით იგი ლომს ახრჩობს. ასსურეთი ახრჩობს ირანის ლომს.

მისი ნაშიერი მეეზოვეა ტფილისში.

მისი მოდგმა ფეხსაცმელი მწმენდელია.

ეგებ ამას ნაღვლობს მეეზოვის სლოკინი.

ტფილისი ყურს უგდებს გასუდრული. თავის ხვედრს თუ ხედავს ქალაქი?! იგიც ხომ ბაბილონია?! ათასი ხალხი. ათასი თემი. ათასი მოდგმა. არევა. მრუშობა. განცხრომა.

ტფილისი ყურს უგდებს აისორის ასლოკინებულ სიმღერას.

 

* * *

ქალაქი ქანაობს. ტფილისი მთვრალია.

ერთი მაღლობიდან პოეტები შაირობენ: სახლს უკივიან. წარმოთქმულ ლექსის ნატეხს ვიღაც სახლიდან იმეორებს. ექოა თუ ორეული?! იმ სახლში ადამიანი ძვირად უნახავს ვინმეს. უთუოდ ორეულია. ტფილისიც ხომ ორეულია?!

პოეტი ლექსით მისდევს ორეულს. პოეტს ეშინია არ მობრუნდეს უკან ორეული და არ დაჰკლას დანით. მეორე პოეტი მთვარეს უყეფს როგორც ლაფორგი. ამოყავს ფშანიდან გომბეშო და მას აყაყანებს - (ტფილისში ძნელია სიცოცხლე). მთვარე მალარიის სიმჟავედ ენთხევა ტფილისს. მწვანეყვითურად - როგორც ბაყაყი. შაირობს კიდევ პოეტი. ის სხვაა. ტფილისს შეაგდებს რემბოს „მთვრალ ხომალდზე" - (ტფილისიც ხომალდია: ტფილისიც მთვრალია). ვიღაც განზე დგას. მის სახეზე რისხვა და ნათელი ერთი და იგივეა. ისვრის დიონისოთი გატენილ შაირს აურვებული ხმით. შაირი თითქო ხმალია სააკაძის: მოხვდება ტფილისს ხერხემალში და ქალაქი იკლაკნება როგორც წელკავიანი ცხენი. სდის სისხლი ხერხემალს. პოეტი თვალებზე ხელს იფარებს და გადაქანდება როგორც წაქცეული ბავშვი - (რისხვა არ ეყო თუ გულის სიჩვილემ სძლია?!) ტორტმანობს ქალაქი. რემბოს მომღერალს ეშინია მისი დაღუპვის და დედას უხმობს შორიდან: სთხოვს ძუძუებს და რძეს.

შემდეგ: მეხუთე - მეექვსე - მეშვიდე.

სახლი ღამურასავით არის მიმალული. ლექსებს იჭერს პოეტებისას. სახლიდან ვიღაც ლექსებს იმეორებს. ორეულია?! თუ ტფილისია თვითონ?! ტფილისიც ხომ ორეულია.

პოეტები უსმენენ ექოთი მომსკდარ სიტყვას: ფითრდებიან.

გამვლელი ჩერდება ქუჩაში და იბღვირება:

- აღარ არის მოსვენება ბატონო ამათგან..

- გიჟებია.

უპასუხებს მეორე გამვლელი.

მაგრამ პოეტები მაინც განაგრძობენ - (შიშით თუ დათვრენ).

ვიღაც მეზობელ სახლში ფანჯარას აღებს. გამოდის აივანზე - (ფანჯარა კარია): ნიფხავპერანგის ამარა. გაგულისებული: ალბად ხვნეშა დაუფრთხეს „წყვილის".

- ძილი აღარაა ღმერთმანი ამ გიჟებისგან..

- ბაზელში წადი: იქ დაიძინებ..

- რა ბაზელი?! რის ბაზელი?!

- ამბობენ იქ ჩიყვიანი კრეტინებიაო.. Tête - carré.

- კარებს გიჩვენებთ მე თქვენ..

- ჰა. ჰა. ჭიშმარიტოვი იცი?!

- ვინ ჭიშმარიტოვი?!

- ბაზელში გაიგებ..

- დაიღუპეთ აქედან.. თქვენი..

მილიციონერები მოდიან. მშვიდი მცხოვრები მათ დანახვაზე სიამეს გრძნობს - (რა იქნებოდა ქვეყანა მილიციონერი რომ არ ყოფილიყო).

- წამოდით უბანში.. ოქმის შესაყენებლად..

პოეტები ეხლა ერკვევიან: ოქმი ყველაზე უფრო საფხიზლებელი წამალია. მიდიან.

ქალაქი მაინც ქანაობს.

 

* * *

დასავლის ქარმა მიაგდო იგი აღმოსავლისაკენ თუ აღმოსავლის ქარმა დასავლისაკენ - ტფილისმა არ იცის. იცის მხოლოდ: შეყენებულა იგი ერთ ალაგას. წინ გაიწევს - რაღაც უკან აეკიდება და აჩერებს. ბრუნდება უკან - რაღაც წინ მიათრევს და აყენებს. არ აქვს საძრავი შორი. ვინ გადააგდო ღუზა?! ათასი ქარი ეხეთქება: თითქო ქვეყნის გზა ჯვარედინია. აღმოსავლეთს მოსცილდა და დასავლეთს ვერ მიაღწია: შუაზე გარჩა.

ტორტმანობს ქალაქი ხომალდი.

დედოფალია სასურვი?! საქმარო მრავალი ჰყოლია. ბიზანტიელნი. რომაელნი. თურქები. სპარსები. ხორეზმელნი. სარაცინები. არაბები. ყივჩაღნი. მონგოლნი. რუსნი. არავის დანებებია. დარჩა გაუთხოვარი?! არა: აუყვანიათ საქორწილოდ - მაგრამ ქალის მკერდი არ განუცდიათ. იყო მხოლოდ ძალაობა - მაგრამ ქალს ვინ მისწვდება თუ მისი მკერდი არ იხსნება?!. დარჩა ქალობა - გაუშლელი: პერგამენტის ფერი მოუკვლელ ჟინს ჰფარავს. არ ჰქონია განცხრომა და არ იცის დაცხრომა.

ნეტავ ვის ელოდება?!

ცრუ საქმარო ბევრი ახსოვს.

უძლეველი ხორეზმელი ჯელალ-ედდინ ძლეულ იქმნა მონღოლეთის გაბრაზებულ მარტორქის მიერ. სახელი მარტორქის „ჩინგის-ყაენ": სამუმის ძაბრი. ლტოლვილი ხორეზმელი ტფილისს მოადგა. ციხის საიდუმლო გასცეს ტფილელ სპარსებმა. ჯელალ-ედდინ შემოიჭრა მახვილით ტფილისში. აიღო იგი და სიონის გუმბათზე საბძანებელი ტახტი დაიდგა. სიონის კაჟისფერ ტანს ეხლაც ახსოვს ლორწიანი ხვევნა მტარვალს. სიონის ხსოვნას უფრო სწვავს ტირილი ვაზის - მის კედლებში ჯვარად დასვენებულს.

ცრუ საქმარო სხვაც ბევრი ახსოვს ტფილისს.

ჩაღატარ: ძე ჩინგის-ყაენის. იოსერ და ბიჩუი: მეომარნი იმავე ყაენის. მანგუ ყაენ და ულლუჰ-ყაენ. თიმურლენგ: რომელმაც იცოდა ქართული ტემპერამენტის საიდუმლო - („უწყოდა ქართველთა ომის სიფიცხე და ადრე სიმაშვრალე"). შვიდგზის მოცეცხლა დიდმა მეომარმა ტფილისი და სრულიად ამერი. მძვინვარე შაჰაბაზ: რომლის გახელება იყო ირანის დაკოდილი ლომის. შაჰ-ისმაილ. შაჰ-თამაზ. საჭურისი აღამამედხან: რომელმაც თმებით ათრია ურჩი სარძლო. გაიხსენა მაშინ უკანასკნელად თავისი სიმღერა დიდმა აშუღმა ბერად შემდგარმა საჲათნოვამ - მაგრამ წარკვეთილ თავმა შაირი - სიმღერა სისხლად გადმოანთხია.

რომელი საქმარო კიდევ?! ყველა ყალბი?! ყველა ცრუ?! ეგებ თვითონ არის ყალბი?! ეგებ თვითონ არის ცრუ?! ვის უცდის ამდენ ხანს?! თავის ვაჟებში ვერ ნახა საქმარო?!

 

* * *

ქანაობს ქალაქი ხომალდი. ტფილისი ბოდავს.

ხომალდზე ლანდები ჩნდებიან. თავისმკვლელები თუ არიან. ხომალდიდან გადაცვენილებმა და წყალში გაგუდულებმა ხშირად იციან დაბრუნება. თვითონ ხომალდსაც თუ უქადიან თავისმკვლელობას.

ლანდები მუნჯების ენით საუბრობენ:

პირველი: არსის ხვედრი არსშია თვითონ.

მეორე: არა არს სიმართლე უმაღლეს ამისა.

მესამე: თვითონ გაუწირავს თავი.

(ვის?! ხომალდს?! ტფილისს?!)

პირველი: რამდენი იყო შური?!

მეორე: რამდენი იყო გება შურის?!

მესამე: რამდენი იყო დათრობა შურით?!

(ვის?! ვის არ განუცდია შური?!)

პირველი: მოსთვალე უნდა ერთიმეორის.

მესამე: იანგარიშე ღალატი ერთიმეორის.

(ბევრი იყო „მაგრამ" - „მაინც")

პირველი: მე თვითონ დავგმე საშო.

მეორე: მე თვითონ დავგესლე თესლი.

მესამე: მე თვითონ დავდაგე ნათესლი.

(ეს თქვენ ჩაიდინეთ.. „ის" რა შუაშია?!)

პირველი: ჩვენ სხეული ვართ მისი.

მეორე: ჩვენ ზრახვა ვართ მისი.

(სხვები?! სხვები?! სხვები?!)

პირველი: არ არის „სხვა".

მეორე: ერთია ყველა.

მესამე: იგივეა.

(მაგრამ: მე-შენ-„ის"?!)

პირველი: ზედაპირია.

მეორე: მოჩვენებაა.

მესამე: სხივოსანი მაჲა..

(თქვენც მოჩვენებანი ხართ)

პირველი: არსის ხვედრი არსშია თვითონ.

მეორე: არ არს სიმართლე უმაღლეს ამისა.

მესამე: თვითონ გაუწირავს თავი.

(ვის?! ხომალდს?! ტფილისს?!)

ხომალდი ქანაობს - (უცხო ქარია?!).

ლანდები გადაცვივდებიან.

ბაქანის მოაჯირს სხვა ლანდები მოადგებიან.

ისინიც მუნჯურ ჩურჩულობენ:

პირველი: არ წახვიდე ამ მხრით.

მეორე: გვერდით მარაბდაა.

მესამე: მარაბდა ნაძრახი ადგილია.

(როგორ?! ვისგან?!)

პირველი: იქ დახვდა ქართველთა ჯარი მონგოლებს.

მეორე: ოთხმოცი ათასი თორმეტ ათასს.

მესამე: ოთხმოცი ათასი უკუიქცა.

(შეუძლებელია!)

პირველი: ქართველს არ გაუმარჯვია იქ.

მეორე: გამოცდილები აფრთხილებდენ.

მესამე: სააკაძეს სულ მაგას უთითებდენ.

(დამარცხდა სააკაძეც?!)

ლანდები გადაცვივდებიან.

ეხლა სხვები ადგებიან მოაჯირს.

(დამარცხდა სააკაძე?!)

პირველი: ვინ იცის?!

მეორე: გინახავს მისი სახე?!

მესამე: ორბი მზერა-გაუხრელი?!

(?! ?! ?!)

პირველი: შევარდენი დაინახავს ჩიტების გროვას. ააფრენს ჩიტებს. აფრენილთა ქვეშ მოექცევა. გაშლის კამარას.

მეორე: შევარდენი ავიწროებს კამარას. გროვა კამარის თავზე გუნდდება. ჩიტები ერთიმეორეს ეკვრიან. გუნდი ბურთად იქცევა.

მესამე: შევარდენი ავარდება ისარივით მაღლა. ბურთს ქვეშ მოიქცევს. მოეშვება ზევიდან. მხარს გაჰკრავს. გუნდს აპობს.

(?! ?! ?!)

პირველი: აი სააკაძის კამარა.

მეორე: აი მისი დარტყმევა.

მესამე: აი მისი დაღი.

(სააკაძეც დამარცხდა?!)

ლანდები გადაცვივდებიან.

ხომალდს სხვა ლანდები ეხეთქებიან.

(დამარცხდა სააკაძე?!)

პირველი: მან გაჰყიდა საქართველო.

მეორე: არ გაუყიდია.

პირველი: ხომ მიატოვა იგი?!

მეორე: საქართველო იოვანნე ბერმაც მიატოვა.

პირველი: მერე?!

მეორე: მიატოვა და ესპანიაში გაიქცა.

პირველი: რისთ

კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1280 | რამოტვირთვები: 407 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]