ამადისი - ∞
2011-10-17, 10:55 PM
თავი I - ეს ამადისია

ფეხშიშველი ამადისი დენის ჩამრთველს მიუახლოვდა და შუქი ჩააქრო. შემდეგ ფოხანოს რეზინი გაატყლაშუნა, ბრეტელიანი მაისურის ხახუნით შეწუხებული მხარი მოიფხანა, მაგიდასთან დაჯდა და სანთელი აანთო.

სანთლის ალმა გააღიზიანა, პატრუქის წვერი მოსრისა და გამურული, დამწვარი თითები ტრუსზე შეიწმინდა.

ნელ - ნელა დაიწყო, კისერი მოექანცა, წვერამოღინღლული ნიკაპი ხელისგულს დააყრდნო და ჯანსაღი თვალით შანდალს მიაშტერდა.

- დაღვენთილ სანთლებზე მეტი კაცი ჰყავთ შანდლებს იმქვეყნად გასტუმრებული, ნეტა როგორი შეგრძნებაა? არა ჯერ ფხიზლად ვარ, სისულელეა, არ გავაკეთებ.

გვიან მიხვდა, შანდალი შუბლთან ჰქონდა მიტანილი და თანაბრად მზარდი სიძლიერით ირტყამდა.

- ჩემი ოთახი წიგნების სუნად ყარს.

ფეხზე წამოდგა, თაროდან სქელი წიგნი წვალებით ჩამოიღო, შუა ფურცლებიდან დასაპრესად ჩატენილი ფარვანა ამოაძვრინა და მაგიდამდე ოდნავ შელახული მიიტანა.

აბაზანიდან გამოსულ ამადისს ეთანოლის 98% - იანი სპირტის ქილა და ”პერეკისის” ხსნარი ”ჰყავდა” შეპყრობილი.

თეფშზე ჯერ სპირტი დაასხა, შემდეგ ”პერეკისი”, მახინჯი ფარვანა საჩვენებელი თითით ჩაახრჩო და მორგიდან მოტაცებული მწერი ააქაფა.

ზღვის ქაფი ყოველთვის მოსწონდა, ცურვა არ იცოდა, ნაპირთან ახლოს უწევდა ყოფნა და შარდს ყოველთვის ტალღებს ატანდა.

ახლაც ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ზღვის ნაპირზე იყოს, წყალი ფეხებზე პწკენდეს და სხეულის თმის ფოსოებს უგზნებდეს.

საოცრად დათბა, ის სიმხურვალე იგრძნო, ტრუსიდან გადმოყრილი ქვიშის შეხებისას რომ გრძნობდა.

ამადისმა ჩაიფსა.

აგერ უკვე მესამე დღეა აკვირდება და გამთენიისას მერცხლები ისეთი თამამები და თავხედები არიან, თითქოს ამქვეყნად მათ გარდა არავინ იყოს.

- დროა დაგადუმოთ არამზადებო !

ამადისმა შანდალს ხელი მოკიდა და მერცხლების ბუდის მოსაშლელად წავიდა.

შუშის მსხვრევის, კატის წკავწკავისა და სპილენძის ჟღარუნის ხმა ერთად გაისმა. მერცხლები განაგრძობდნენ
თავხედობას, თუმცა ამადისი დამშვიდდა.

მაგიდისაკენ გზა იატაკზე დაწუწული შარდის წვეთებით გაიგნო.


უნდა დაიძინოს, ხვალ ადრე უნდა ადგეს, წვერი გაიპარსოს, ჟოლოსფერი ჰალსტუხი გაიკეთოს და ჩამოფასებული ტექნიკა შესთავაზოს კლიენტებს.

ჰო, რაც მთვარია, ჰალუცინატორი აღარ უნდა დალიოს.

თავი II - ამადისი შეყვარებულია

ამადისს სიყვარულში არასდროს უმართლებდა, ის მხოლოდ ორჯერ უყვარდათ.

პირველი, ვინც ამადისი შეიყვარა, სკოლის მერხზე მის გვერდით იჯდა. კულულები და ჭორფლები ბუნებრივად ჰქონდა, ბრეკეტები და დიდლინზებიანი სათვალე კი ეკეთა.

მეორე ის მეძავი იყო, თვეობით ნაგროვები ფული და უბიწოება ერთად რომ ჩაუკუჭა ხელსა და სხეულის სხვა ფოსოებში.

ამადისი შეგუებული იყო მარტოობას და ყოველი წლის 21 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე, სპეციალურად ამ თარიღისთვის გადანახული ფულით მეძავს ყიდულობდა.

ასე მარტივად და უფერულად გრძელდებოდა ამადისის ცხოვრება 21-დან 21-მდე, უფრო სწორად ბ 12 ავტობუსის შემთხვევამდე.

მერცხლებზე ნადირობის შემდეგ, ამადისმა გადაწყვიტა ჰალუცინატორები აღარ დაელია. დილით ადრე გაიღვიძა, ”ფილიბსის” ფირმის ელექტროსაპარსით წვერი ”გაილეწა”, ჟოლოსფერ ყულფში პერანგის ფრთები გაყო და კარი ორ საკეტზე გადარაზა.

ავტობუსის გაჩერება ისეთივე უჟმური დახვდა, როგორიც წინა დღეს დატოვა.

ქალაქის ბოლოში ცხოვრობდა და ავტოსადგურიც მახლობლად იყო. დილის პირველ წრეზე, ყოველთვის მძღოლთაგან უხუცესი მიდიოდა.

ამადისისასთვის ავტობუსი და ეს მოხუცი მძღოლი ისე ერწყმოდნენ ერთმანეთს, როგორც მიქელანჯელო და მისი ჩექმები. ხანდახან ზიზღსაც კი გვრიდა, არ ესმოდა, როგორ შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება ერთ ადგილას გაეტარებინა, შემდეგ ისიც ახსენდებოდა, რომ აგერ უკვე მეშვიდე წელი სრულდებოდა, რაც ბიძია მორის ჩამოფასებული ელექტროტექნიკის მაღაზიაში მუშაობდა კონსულტანტად.

დასამშვიდებლად ბავშვობაში ყურმოკრულ ფრაზას იხსენებდა - ”როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს ერთ ადგილას, თავად ხდება ის” და როგორც ყოველთვის ამ დროს უკვე ავტობუსის ბილეთს ყიდულობდა.
ამადისი ჩვეულ ადგილას დაჯდა და ინსტინქტურად დროის ათვლა დაიწყო :

- ექვსი ოცწამიანი გაჩერება, ამას დავუმატოთ სამი ორმოციანი ქალაქის ცენტრისკენ, ორ წუთიანი წრე ”დილდოს” ქანდაკებასთან და ხუთი წუთის ფეხით სავალი.

ამოცანის პასუხი ყოველთვის წინა დღისას ემთხვეოდა, ამის გამო ამადისი იმ ბავშვს ემსგავსებოდა, ”გადაწერისას” რომ წაადგნენ თავზე.

სამსახური იმდენად უინტერესო ჰქონდა, მეც კი მეზარება რაიმე ისტორიის მოფიქრება, პრინციპში, გასახსენებელი არც არაფერია.

სახლში დაბრუნებისას არც დროს აქცევდა ყურადღებას, არც მგზავრებს და მითუმეტეს არც მძღოლს, პირიქით, ხანდახან ისე ეჩვეოდა სკამს, სურდა მგზავრობა უსასრულოდ გაგრძელებული და მხოლოდ მაშინ დასრულებულიყო, როცა მობეზრდებოდა, ან სხვა სურვილი გაუჩნდებოდა.

ეს დღეც ერთი რიგითი 1/365 იქნებოდა, რომ არა, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, ასე გვიან რომ გამოჩნდა ამადისის ცხოვრებაში.

არ იფიქროთ თითქოს ლულუს - მეთერთმეტე ერქვა და ჟამის მუშაკი იყო გვარად, არც ის ვიცი მართლა ლულუ ერქვა თუ არა, ამადისმა ასე მითხრა, თუმცა მე თუ მკითხავთ, დარწმუნებული ვარ, სახელი თვითონ მოუფიქრა.

ლულუ ამადისის წინ იჯდა და თითქმის არ ინძრეოდა : თოლიის ფრთისქვეშეთზე თეთრი კისერი და მონღოლი მეომრის ჩაჩქანზე მიმაგრებულ ძუაზე მასიური კოსა ედო თავზე. მარცხენა ხელზე თაბაშირისფერი თითები ჰქონდა, ესეც მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როდესაც ავტობუსის წინა სკამზე ჰქონდა ხელი ჩამოდებული.

ზუსტად არ ვიცი, რამდენ დღეს ან თვეს აკვირდებოდა ამადისი ამ ყველაფერს ყოველღიურად, თუმცა, როცა მაღალი სიცხეების გამო, ექიმმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნა, ღამღამობით ბოდვისას, კისერს, თმას, გამოთლილ თითებს ახსენებდა და ათასჯერ ცვლიდა ტექსტს, რომლითაც ლულუს სიყვარულში უტყდებოდა.

სახლში დიდხანს ვერ გაძლო, ისევ დაიწყო სამსახურში სიარულიც და დაკვირვებაც, თუმცა ქმედებით, მხოლოდ ერთხელ გარისკა - იმდენად გათავხედდა, (სავარაუდოდ სიცხის გამო) რომ ლულუს უკან უკან გაყვა, მაგრამ ბედნიერების დანგრევის შეეშინდა და უკან მალევე გამოიქცა.

სულ მალე ამადისმა ცალი კიდური დაკარგა - ყველაფერს მარცხენა ხელით აკეთებდა; მოგვიანებით გამიმხილა, ლულუს თმის ღერი ჰქონდა მუჭში ჩაბღუჯული.

თავიდან ის მართლაც ლულუსი იყო, ხოლო მას შემდეგ რაც ქარმა გასტაცა და საფლავებივით ჩალაგებულ სახლებს შორის არბენინა, ღერი იმ მოხუცის ბუსუსად იქცა, სიბერეს რომ არ ეპუება - სიმელოტეს წაბლისფერი საღებავის ხშირი წათხაპნითა და კვერცხის გულით, სპეტაკ ნაჭერში მოგროვილ თმის ბღუჯებს კი
- ფანჯრიდან დაფერთხვით რომ ებრძვის.

ამადისმა სიყვარულისათვის მეორედ გაიბრძოლა და ლულუს გვერდით, ავტობუსის ტყავგადაკრულ საკზე მწვანე ვაშლი დადო.

ლულუს ჩასვლის შემდეგ, ვაშლი გალეულმა სკოლის მოსწავლებ აიღო.

პუტკუნამ წაართვა და ყველა მხრიდან ჩაკბიჩა, გამხდარს რომ არ ეთხოვა. შთანთქა.

ამ ამბების მერე ამადისისგან დიდხანს არაფერი ისმოდა.

შობის წინა დღეს, იასამნისფერბაფთიანი შოკოლადის კოლოფი დაუდია ლულუს გვერდით. ის შემოტრიალებულა, ამადისისთვის მადლობა გადაუხდია და უთქვამს, რომ ამ საჩუქარს ვერ მიიღებდა, ფიზიკურად არ შეეძლო და იმიტომ. ამადისი იმ დღეს ავტობუსში გარდაიცვალა.

ჰალუცინატორების მიღება განაახლა, არც ვამტყუნებ.

წარმოიდგინეთ, რას იზამდით, როდესაც ქალს, რომელიც არაამქვეყნიურად გიყვართ, სახე არ აქვს, ჰო მართლა არ აქვს, სამაგიეროდ, კი კისერსაც და სახესაც კეფა უფარავს, კეფა?!

მგონი უკვე გითხარით, ამადისს სიყვარულში არასდროს უმართლებდა.

თავი III - ამადისი საავადმყოფოშია

ულვაშებშეყვითლებული მძღოლი სასწრაფო დახმარების მანქანას ”აბაზანიდან გამოსულ” ასფალტზე მიაჯანჯღარებდა.

გულის ორი შეტევის, უფრო სწორად კი მას შემდეგ, რაც საკუთარი მანქანით, მისივე შემცვლელმა ორჯერ გააქანა საავადმყოფოში, მოწევას თავი დაანება.

დაცვარულ სასას ფანჯრიდან ხშირი გადაპურჭყებით იხრიოკებდა, ჯავრს კი საჭესა და ნაწილობრივ ამადისზე იყრიდა.

ჰალუცინატორების მორიგი დოზის შემდეგ ამადისს პირიდან დუჟი წამოუვიდა და მდოგვის სოუსსა და სპაგეტიში ამოსვრილი, საკუთარი სამზარეულოს იატაკზე დამხვდა გართხმული.

მანქანის ჯანჯღარს ვერ გრძნობდა, თუმცა თავს აგარაკზე, იმ ჰამაკში მწოლიარეს ხედავდა, რომელიც ბავშვობაში არასდროს ღირსებია.

”მწვავე ინტოქსიკაცია” - ექიმების დასკვნა ისეთი მტკიცე და ერთგვაროვანი იყო, თითქოს ამადისს მოწამვლის გარდა, სხვა არაფერი აწუხებდა.

გონს მხოლოდ მესამე დღეს მოვიდა.

ლაპარაკი და მკვეთრი მოძრაობები გულმოდგინედ აუკრძალეს, არადა, ენის ტარტალითა და სისხარტით არც ამ შემთხვევამდე გამოირჩეოდა.

თავს უჩვეულოდ გრძნობს, ცეცხლიდან გადმოღებულ ტაფაზე სასრიალოდ შეცურებულ წყლის პირველ წვეთებს გავს, მთელი არსებით შიშინებს, თუმცა გაუნძრევლად წევს, მხოლოდ ცალ თვალს ახელს, იმასაც დროგამოშვებით.

ამადისის პალატაში მის გარდა სკოლის ზეიმზე მოწამლული ორი მოზარდი წევს.

მსუქანს, მთელი საგვარეულო თუ არა, ნათესავების კარგა მოზრდილი წრე დატრიალებს თავს და საჩუქრებით ანებივრებს.

გამხდარი უხმოდ წევს და გულწრფელი, ბავშვური შურით აკვირდება ყუთებში ჩამარხულ მსუქანს.

- ტობიას! ტობიას, გძინავს? ხედავ რამდენი სათამაშო მომიტანეს? შენები რატომ არ გაკითხავენ, არ უყვარხარ? მამაჩემი დამპირდა, აქედან რომ გამოხვალ, შენხელა რობოტს გიყიდიო, გესმის ტობიას? მამაშენს შეუძლია ასეთები? თუმცა რას გელაპარაკები, შენ ხომ ნაბიჭვარი ხარ, ჰაჰა, ნაბიჭვარო.

- კლიმ, რას ნიშნავს ნაბიჭვარი?

- რას და იმას, რომ მამაშენი მამაშენი არ არის

- მოკეტე გასიებულო, მამაჩემი გემის კაპიტანია და ხშირად ვერ მნახულობს, ასე მითხრა დედამ.

- ჰაჰა, კაპიტანი, კაპიტანი კი არა დედაშენის ქმარი ლოთია, მამაჩემმა მითხრა საგიჟეთში ყავთ და იქ ისეთ ტანსაცმელს აცმევენ, როგორიც აქ მედდებს აცვიათ.

ტობიასმა დაძენძილი ძაღლის გარღვეული ფერდიდან ამოწვერილი ბამბა ცერა თითით საგულდაგულოდ ჩაპრესა, სათამაშო უფრო მაგრად ჩაიხუტა და გადაბრუნდა.

ტობიასს სათამაშო მანქანის ცარიელი ყუთი მოხვდა თავში.

პალატაში ფეხის ფრატუნის ხრიალა და მძიმე ხმა გაისმა.

საპირფარეშოში შუქი აინთო. შემდეგ ისევ ჩაქრა.

პალატაში ისევ ახმაურდნენ დამძიმებული ფეხები, თუმცა არათნაბრად და უსწორ-მასწოროდ.

ამადისს გამთენიისას გაეღვიძა, თავს სუსტად გრძნობდა და თეთრ კედელზე აბრდღვიალებულ წითელ ღილაკს ხელი ძლივს მიაჭირა.

მთელ დღეს ეძინა.

ღამით ფეხები ისევ აფრატუნდნენ, თუმცა ”ტივები” მალევე მიატოვეს და გაიყურსნენ.

საუზმობისას ტობიასი გაფითრდა და პალატის იატაკი ”ლავით” მოკირწყლა.

ამადისი კლიმის ხარხარმა გააღვიძა.

ფეხზე წამოდგა, ტობიასს პირი მოწმინდა, თვალებზე ჩამოყრილ წაბლისფერ თმაზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა.

ამადისი ანალიზების ასაღებად პალატიდან გაიყვანეს.

წითელ ღილაკს ექიმმა კლიმი გაჭირვებით ”ააგლიჯა”.

- რა ჭამა ბავშვმა?

- ექიმო არაფერს ჭამს, ხომ ხედავთ როგორ დასუსტდა, ორი დღეა პირველივე ლუკმაზე გულს ურევს.

ამადისი ტობიასს დაუმეგობრდა. ხშირად ეჯდა გვერდით, უყვებოდა ყველაფერს და თან არაფერს.
ბიჭი გულიანად იცინოდა, რამდენჯერმე ამეორებინებდა უკვე მოსმენილ ამბებს და ამადისის პასუხების
რაოდენობაზე მეტ შეკითხვას უსვამდა.

დაძენძილი ძაღლი ამადისმა შეცვალა.

ტობიასი საჭმელს ვერ ჭამდა, ღებინება ეწყებოდა და დღითი - დღე სუსტდებოდა.

ღამ-ღამობით, პალატაში კიდურების ”სუნთქვა” კვლავ ისმოდა.

კლიმი რამდენიმე დღეში გაწერეს. მამამისმა პირობა შეასრულა და კლიმის სიმაღლის რობოტი პირდაპირ საავადმყოფოში მოუყვანა.

- სად არის ჩემი ტრიუფელი? სად არის ღორებო, სად?

კლიმი ღრიალით გაიყვანეს პალატიდან.

ამადისის მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ფიზიკურადაც უკეთ გრძნობდა თავს და აღარც ისეთივე უსარგებლოდ თვლიდა თავს, როგორც აქამდე.

ახლა ის ტობიასს სჭირდებოდა, ტობიასი განივთდა ყველასა და ყველაფერში, უფრო სწორად ამადისის ოცნებებში, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ ამადისს უკვე შეეძლო ახალი ცხოვრების დაწყება; რატომაც არა - ბიძია მორი, ტობიასი, მე, ჩვენ გამო კი მოვალეც იყო და სურვილიც ჰქონდა იმისა, რომ ეცხოვრა და მისი ყოფა აღარ ყოფილიყო უბრალო სიცოცხლე.

შემდეგი ორი დღის განმავლობაში ტობიასის მდგომარეობა იმაზე მეტად დამძიმდა, ვიდრე საავადმყოფოში მოყვანის პირველ დღეებში. გულისრევა გაუხშირდა, საჭმელს წინანდებურად ვერ ჭამდა და წონაშიც დაიკლო.

ტობიასი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ამადისი ბარგს ალაგებდა, როცა პალატაში დამლაგებელი შემოვიდა.

- აქ იწვა არა? ვეღარ გაუძლო საწყალმა ბავშვმა.

ამადისი მოწყდა, ამადისი მეორედ გარდაიცვალა.

ტობიასის ბალიშის ქვეშ დამლაგებელმა ტრიუფელის ბრჭყვიალა ქაღალდების მთელი დასტა იპოვა.

ღამღამობით პალატაში ამადისის ფეხის ხმა ისმოდა.

თავი IV - ამადისი სასაფლაოზე

- გამარჯობა დედა, შეიძლება ვეღარც მცნობ, დიდი ხანია არ შევხვედრივათ, უფრო სწორად სტუმრად არ გწვევივარ, თუმცა, რისთვის უნდა მოვსულიყავი?

- ვიცი გიჭირს ჩემში იმ მოზარდის ამოცნობა, ოცდაექვსი წლის წინ რომ დატოვე.

- საკუთარი ფირმა მაქვს, ელექტროტექნიკას ვყიდი, ლამაზი ცოლი მყავს -ლულუ ჰქვია, ლულუ ორსულადაა და მალე ბებია გახდები, ბავშვს ტობიასს ვარქმევთ, ბედნიერი ვარ.

- ვიცი არ გაინტერესებს, შენ ხომ სიცოცხლეშიც არ მისმენდი, მაგრამ დღეს მინდა მომისმინო, ვალდებულიც ხარ, ბოლო-ბოლო ეს დაბადების დღის საჩუქრად ჩათვალე, დღეს ხომ ორმოცდაორის შევსრულდი?!

-არ იფიქრო თითქოს შენი იუბილეები დამავიწყდა, ამ თარიღს შენ თვითონ ვერ იტანდი და არ მინდოდა მისი შეხსენებით გამეღიზიანებინე.

- შენ ყოველთვის მეუბნებოდი, მამაშენი კარგი კაციაო.

- იცი დედა, მე შენი დღიური ვიპოვე.

- შენ ყოველთვის მეუბნებოდი მამაშენი კარგი კაციაო, თუმცა ის არასდროს გითქვამს, რომ ჩემი ჩასახვის სანაცვლოდ ფული გადაუხადე.

- გამოდის რომ მე ბოზის და ფოსტის რიგითი თანამშრომლის შვილი ვარ?

- შენ ყოველთვის მეუბნებოდი მამაშენი კარგი კაციაო, მე არასდროს მითქვამს რამდენჯერ დამჭირვებია ის გმირი, ასე რომ აქებდი.

- ჰო, მჭირდებოდა მაშინ, როცა ლანჩისთვის დოლარიანს მატანდი, იმ დოლარიანით კი ბობი ქრიუსა და მისი ბანდისაგან ხელშეუხებლობის ინდულგენციას ვყიდულობდი; ეს ცხრა წელი გრძელდებოდა, გესმის შენ, ცხრა წელი!

- ამ დროის მანძილზე მისი იმედი ერთხელ მაინც რომ მქონოდა, ხომ შევძლებდი წიგნებით გამოტენილი ჩანთით თავი გამეტეხა ბობისათვის, გესმის? ერთხელ მაინც!

- შენ ჯიუტად მიმეორებდი, რომ ის კარგი კაცი იყო.

- ჰო, მჭირდებოდა მაშინაც, როცა სახლში სვიტერის ამარა მოვედი.

- გითხარი რომ წითელი ქურთუკი სკოლაში დამრჩა, ხოლო შემდეგ ვითომ ვეღარ ვიპოვე. შენ მას ყოველდღე ჩვენი მეზობელი ჩარლის სხეულზე ხედავდი, თუმცა არ იმჩნევდი და მე ახალი ქურთუკი აღარ მღირსებია.

- 11 აპრილი, 1964 წელი.
დღეს ჩემს დირექტორს - ბენჟამენ შვარც უმცროსს ვხვდები. ის დაოჯახებულია, მე კი ახალი ვარ ფოსტაში; რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ არ არის წინააღმდეგი, მე კი გულის გადაყოლება არ მაწყენდა, ბოლოს და ბოლოს მე ხომ ქალი ვარ!

- ეს გახსოვს?

- მთელი კვირა ვუყურებდი როგორ დაქროდნენ ველოსიპეტებით შონი, ჰეიზერი და მაკლარუსი. შენ ხომ არ იცი როგორ ვოცნებობდი მეც დამეყენებინა მტვრის ღრუბლები ქუჩაში?

- ამიტომა იყო ფეხსაცმლის ძირები რომ გამიცვდა და შენ მცემე.

- ნუთუ არც ის ზუზუნი გაგიგონია, ძილის წინ წარმოსახვითი ველოსიპეტის გაქროლებისას რომ გამოვცემდი? მაშინ არც ის გეცოდინება, რომ ბიჭებს მაისურით ვუწმენდდი დასვრილ ფეხსაცმელებს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი წრე დამერტყა საკუთარი ოცნებისათვის!

- ჩემი ოცნებებისათვის შენ არც დრო გქონდა და არც ფული.

- სამაგიეროდ შენ ახალი კაბით წახვედი პაემანზე საკუთარ უფროსთან, რომელიც ბარიდან პირდაპირ ჩვენთან მოდიოდა და შენს პორტრეტს ”ხატავდა”.

- იცი დედა როგორ ველოდებოდი იმ ახალ წელს, როცა გავიღვიძებდი და ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრების დიდი და ფერად-ფერადი ყუთები დამხვდებოდა? საჩუქრები როგორ მეღირსებოდა, მე ხომ ნაძვის ხეც არასდროს მქონია.

- ამ ყველაფრის მაგივრობას მაცივარზე მიკრული შენი წერილი წევდა - ”სენდვიჩი მზადაა, გვიან მოვალ”.

- მე არასდროს მყოლია ბევრი მეგობარი, უფრო სწორად საერთოდ არ მყავდა მეგობრები, შენ კი ეზოდან ამოყვანილი მაწანწალა ლეკვი ჩემ იმედებთან ერთად ნაგვის მანქანას გააყოლე.

- ნუთუ არც ის გახსოვს, ჩემს აკვარიუმში კონსერვის ქილიდან ”ამომხტარი” თევზები რომ დაცურავდნენ?!

- მახსოვს, ათი წლისას მითხარი, ცხოვრებაში ერთადერთი დიდი შეცდომა მაქვს დაშვებულიო.

- მაშინ ვიფიქრე, რომ ახალ ტოსტერს გულისხმობდი, აი იმას, შენი ხელფასის მესამედი რომ დაგიჯდა და მალევე გაფუჭდა.

- გეცინება არა?

- ახლა ვხვდები, მე მგულისხმობდი.

- იცი დედა, დღემდე არ მესმის რატომ მომკალი ჩანასახშივე? რა აზრი ჰქონდა ჩემს გაჩენეს, ნუთუ ამით მხოლოდ ცნობისმოყვარეობაშერეული ეგოიზმი მოიკალი?

- ვისთვის გამაჩინე, შენთვის? შენ ხომ სულ არ გახსოვდა ჩემი არსებობა, მაშინც კი, როცა ხვეწნისა და ვედრების შემდეგ, ათასში ერთხელ ზღაპარს მიკითხავდი?

- მამაჩემისთვის ხომ არა? იმ კაცისთვის, რომელმაც ჩემი ჩასახვისთვის საჭირო სპერმაც კი ”წონით” გაყიდა?

- ან იქნებ სამშობლოსთვის? იმ სამშობლოსთვის, რომელსაც დაუბადებელი უფრო გამოვადგებოდი!

- ნუთუ ჩემთვის? არა, შენ ასეთი ადამიანური აზრი არასდროს მოგივიდოდა თავში.

- იცი დედა, მე რომ ნორმალური ოჯახი მყოლოდა, შეიძლება, შეიძლება; თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.

- როგორ შეძელი დაბადებისთანავე, მანქურთივით, უჩინმაჩინის ქუდის სამსხვერპლოზე მიგეტანა ჩემი პატარა თავი?!

- მე არ ვიცი ვინ ვარ, არც ის ვიცი რისთვის ან ვისთვის ვცხოვრობ, ვცხოვრობ კი საერთოდ? იქნებ მეც მოვკვდი ა?

- დომინოს ”მოუხატავ” ქვას დანიშნულება მაინც აქვს, რუხი საღებავით გადაღებილ ჩემ ცხოვრებას კი არანაერი, შენ წარმოიდგინე, კიდეებზე ბათქაში, თავზე კი თმა მცვივა.

- წლებია ერთმანეთი არ გვინახავს, გესაუბრები, შენ კი ახლაც არ მისმენ, ახლა, როცა ჩემი დაბადების მსგავსად ჩემი გარდაცვალებაც შენს ხელშია, თუმცა მე ვერასდროს გარდავიცვლები, ჩემნაერები უბრალოდ კვდებიან.

- არ ვიცი შევძლებ თუ არა ოდესმე შენს პატიებას, ალბათ ვერა და მართალიც ვიქნები.

- მამა რომ მყოლოდა, ალბათ შენსავით მეტყოდა - დედაშენი კარგი ქალიაო, მე ვუპასუხებდი, იცი მამა, რამდენჯერ დამჭირვებიხართ შენ და დედა ორივე ერთად?

- იცი დედა, აქ სამშენებლო სამუშაოებია დაწყებული, ქარხანას აშენებენ და სხვა საფლავების მსგავსად ალბათ შენც ამოგთხრიან, თუმცა მე შენს გადასვენებაზე უარი ვთქვი და არავინ იცის რა ბედი გელის.

- იცი დედა, შემდეგ ჯერზე ვეღარ მეტყვი - ამადის, შვილო, იცი როგორ მჭირდებოდი?!

- იცი დედა, შემდეგი აღარ იქნება.

თავი V - ამადისი - ∞

ამადისმა ჩრჩილშესეული ფრაკი კარადიდან გამოიღო და საკუთარ დანაზოგთან ერთად გაანიავა.

ამადისმა სახლი გაყიდა და ფული ბურკინა ფასოს შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდში გადარიცხა.

ამადისი ბორდელს ეწვია და რამდენიმე ”სიყვარული” ერთად შეიძინა.

ამადისი წირვას დაესწრო და ყუთში ფულიც ჩააგდო, თუმცა შემდეგ ინანა.

ამადისს ავტობუსში ჯიბის ქურდმა ”განწმინდა”.

ამადისმა პალტო გაიხადა და გეტოს კუთხეში მიწოლილ მაწანწალას გადააფარა.

ამადისს მალე შესცივდა და ესეც ინანა.

ამადისი პაბში შევიდა.

ამადისი ჯერ სითხის იმ რკალს აკვირდებოდა, ლუდის კათხამ რომ გააჩინა ლამინირებულ მაგიდაზე,
შემდეგ სვამდა.

სვამდა და აკვირდებოდა, მაგრამ მხოლოდ რკალს აღარ - კათხასაც, გვერდით მაგიდაზე მჯდომ ჭაღარებით დახუნძლულ მოხუცსაც, გაზეთის გამუქებულ სათაურებსაც, საფირფარეშოს აბრასაც და ბარმენის წითელ წინსაფარსაც.

ამადისი გვარიანად შეთვრა, ფული არ გადაიხადა და გაიქცა. ზანგისაგან მარიჰუანა იყიდა და შეაკეთა.

შეაკეთა და მოწია.

ამადისმა ტაქსი გააჩერა.

სახლთან მივიდა, ფანჯრებს ქვემოდან ახედა და ტაქსის მძღოლს ანიშნა გზა განაგრძეო.

ამადისი ხიდზე ჩამოვიდა.

ხიდის ბოლოსაკენ, ან დასაწყისისკენ ფეხით გავიდა და საწყის პუნქტს დაუბრუნდა.

ამადისი გზაზე ბანცალით გადავიდა და მანქანამ დაარტყა.

ამადისი საცობით დახუფული გზა მშვიდად გაიარა.

ამადისი ჯებირს მიეყუდა, შემდეგ უკან დაიხია და კიდევ ერთხელ მიუახლოვდა.

ამადისმა თვითმფრინავის ბილეთი შეიძინა. თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა.

ამადისი ”დარუ” ბარის კუთხეში მძარცველმა აფატრა.

ამადისი ხიდიდან გადახტა.

რა მნიშვნელობა აქვს გადაარჩინა თუ არა სიკვდილისაგან ამადისი ”დარუს” კუთხეში მამაცმა კონსტებლმა? ან აქვს კი რაიმე აზრი იმას, იჯდა თუ არა ამადისი ზემოთხსენებულ ბოინგში? იქნებ არც ის არის მნიშვნელოვანი, იყო თუ არა ბრუკლინის ხიდზე საცობი?

ნუთუ იმას ელოდები, რომ წყალში თავით გადაშვებული ამადისის კადრის ფონზე, წყალქვეშა მცენარეთა კვლევითი ლაბორატორიის კუთვნილი კატერი ტივტივებს ხიდის კუთხეში? ანდა რომელიმე ტურისტული ბორანის ფარანი ანათებს ყინვაშერეულ მდინარეს, მისი კაპიტანი კი ჩასაძირად განწირული ”ტანკერის” ფართხალს შეამჩნევს?

იქნებ ჯერ სულაც არ დაღამებულა?

რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, ეს ხომ ამადისია!

კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1585 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]