სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის (ქურდობა) კომენტარი
2011-06-28, 4:54 PM

მუხლი 177. ქურდობა

 

1.       ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება:

) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

) არაერთგზის;

) ბინაში უკანონო შეღწევით,

) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.  

4. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

) დიდი ოდენობით;

) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის;

) მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

შენიშვნა: 1. კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

2. ამ კოდექსის 177--186- მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-, 231-, 237-, და 264- მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

3. კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

როგორც ამ მუხლიდან ირკვევა, ქურდობად ითვლება სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

დაუფლება არის პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი (ნივთი) ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევა და მოპოვება.   

სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად ნიშნავს იმას, რომ დაუფლება ჩადენილია მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ქურდობის ადგილზე არ ყოფნის დროს. ფარულად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ქმედება, როცა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ყოფნის ადგილზე, მაგრამ მათთვის შეუმჩნევლად.

ქურდობის დროს სავსებით შესაძლებელია მესაკუთრე, მფლობელი ან სხვა პირი ხედავდეს ნივთის დაუფლებას, მაგრამ კვალიფიკაციისათვის მთავარია ის, რომ ქურდს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების ფარულობა. ანუ ქურდი უნდა ფიქრობდეს, რომ ის მოქმედებს შეუმჩნევლად, ფარულად.

თუ კი ნივთის მესაკუთრემ, მფლობელმა ან სხვა პირმა შეამჩნია ნივთის დაუფლების ფაქტი და ქურდმაც იცის, რომ მას ხედავენ და მიუხედავად ამისა, ის მაინც აგრძელებს თავის მოქმედებას ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაშინ მოქმედება დაკვალიფიცირდება, როგორც ძარცვა. ხოლო თუ ქურდმა ნივთის დაუფლების მიზნით გამოიყენა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება, როგორც ყაჩაღობა.

2007 წლის 5 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის შესწავლის, განზოგადებისა და საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადებების განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის მიერ შემუშავებულ იქნა სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, ამ სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ბევრ პრობლემატურ საკითხებზე სისხლის სამართლის კოდექსის ნორმათა ერთგვაროვანი გამოყენების რეკომენდაციები, რომელიც 2007 წლის 25 ივლისს გამოქვეყნდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.

ზემოთხსენებული რეკომენდაციის თანახმად, პირის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის რამდენიმე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, უნდა დაკვალიფიცირდეს და სასჯელი განისაზღვროს სსკ-ის 177-ე მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილით.

მაგალითად, თუ ჩადენილია დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის "ბ” ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით), ამავე მუხლის III ნაწილის "დ” ქვეპუნქტით (ქურდობა, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) და ამავე მუხლის IV ნაწილის "ბ” ქვეპუნქტით (ქურდობა დიდი ოდენობით), განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, ქმედების კვალიფიკაცია და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს სსკ-ის 177-ე მუხლის IV ნაწილის "ბ” ქვეპუნქტებით.  

ობიექტური მხრივ ქურდობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში.

ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა პირი რეალურად დაუფლებულია სხვის მოძრავ ნივთს და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს  ამ ნივთით ან განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ.

სუბიექტური მხრივ ქურდობა შეიძლება ჩადენილ იქნეს, მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

რაც შეეხება, ქურდობის ობიექტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გვარეობითი ობიექტი არის საკუთრება, ხოლო უშუალო ობიექტი არის მესაკუთრის ან მფლობელის მიერ ნივთის მიმართ მისი უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა. ანუ საუბარია ნივთის პრაქტიკულად ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკულ შესაძლებლობაზე, რომელიც ისპობა ან დროებით პარალიზდება ქურდობის ჩადენისას.

როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლიდან ირკვევა, მას გააჩნია შემდეგი მაკვალიფიცირებელი ნიშნები: ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ქურდობა ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ. ამ მაკვალიფიცირებელ ნიშნებს ჩვენ შემდგომ განვიხილავთ, მაგრამ აქ ყურადღებას გავამახვილებთ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილით "დ” პუნქტით გათვალისწინებულ ერთ მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, რომელიც გულისხმობს ქურდობის ჩადენას მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ. აქ იგულისხმება მილსადენიდა სხვადასხვა ხერხით (მაგალითად მისი გახვრეტა და სხვა მილის შეერთება და ა. შ.) ნავთობის ან გაზის მოპარვა. თუმცა კანონმდებელმა ეს შინაარსი მთლიანად დახვეწილად ვერ გადმოსცა, რადგან იქ საუბარია ქურდობის ჩადენაზე მილსადენში არსებული ნავთობის მიმართ და არა მილსადენში არსებული ნავთობის ქურდობაზე, რაც მისი ანბანური შინაარსიდან გამომდინარე ნიშნავს იმას, რომ ქურდობა ჩადენილია ნავთობის ან გაზის მიმართ. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ნავთობი და გაზი ყოფილა არა ქურდობის (ფარული დაუფლების) საგანი, არამედ "დაზარალებული.” ეს კი აბსურდია და არ შეიძლება სწორი იყოს, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილით "დ” პუნქტის კოსტრუქცია ჩამოყალიბებულიყო შემდეგი რედაქციით: "მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის ქურდობა.” ან "მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მართლსაწინააღმდეგო მოხმარება ან გამოყენება ფარულად.”

იმისათვის, რომ ქურდობას მიეცეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის "ა” პუნქტის კვალიფიკაცია უნდა დადგინდეს ქურდობისას ადგილი ჰქონდა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია თანაამსრულებლების მიერ ჩადენილი ქურდობა განვასხვავოთ თანამონაწილეობით ჩადენილი ქურდობისაგან. თუ ქურდობის დროს ორგანიზატორი, დამხმარე და წამქეზებელი უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ნივთის ფარულად დაუფლებაში, მაშინ მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლზე მითითების გარეშე.

თუ პირს განზრახული ჰქონდა პირადი ნივთის ქურდობა, მაგრამ ფაქტობრივად დაეუფლა სახელმწიფო ან საზოგადოების საკუთრებაში არსებულ ნივთს. ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. ამდენად, ქმედების ქურდობად დაკვალიფიცირებისას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას ქურდი კერძო საკუთრებაში არსებულ ნივთს იპარავს თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულს.

სისხლის სამართლის კოდექსის 12-ე, 18-ე, და 177-ე მუხლების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისჯება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებული ქურდობის მომზადება. ქურდობის მომზადებად კი ითვლება სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებისათვის პირობების განზრახ შექმნა.

თუ რა შეიძლება ჩაითვალოს პირობების განზრახ შექმნაში ეს დამოკიდებულია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტურ მხარეზე, იმ ხერხსა და საშუალებაზე, რომლითაც ჩაიდინება ის დანაშაული.

პროფ. ო. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ "ქურდობის ჩასადენად კაცმა შეიძლება გააკეთოს კიბე ან მოიტანოს კიბე ბინასთან მისი გაქურდვის მიზნით, დაამზადოს იმ-ავე მიზნით გასაღები ან სხვა საგანი კარის გასაღებად, დაამზადოს ხელსაწყო ყალბი ფულის მოსაჭრელად და სხვა. ერთი სიტყვით, ყველა დანაშაულის ჩასადენად სპეციფიკური იარაღი თუ საშუალებაა საჭირო.”

უნდა აღინიშნის ისიც, რომ იურიდიულ ლიტერატურაში დანაშაულის მომზადებად ითვლება აგრეთვე თანამონაწილეთა გამონახვა (მოძებნა). "მომზადებად ჩაითვლება ის შემთხვევა, - წერს პროფ. ო. გამყრელიძე - როცა მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე კაცს შორის, როგორ ჩაიდინონ დანაშაული, ვთქვათ, ბინის გაქურდვა, ვინ შევიდეს ბინაში, ვინ დადგეს მეთვალყურედ. ასევე დაკვალიფიცირდება ქმედება მაშინაც, როცა კაცი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს დანაშაულის ჩადენა, ეძებს დამხმარეს, ვთქვათ, დამფარავს და სხვა.”

ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ არსებობს ისეთი მაკვალიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა ქურდობის ჩადენა დიდი ოდენობით და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თუ პირმა ჩაიდინა დიდი ოდენობის ღირებულების ნივთის ან ნივთების ქურდობა, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილით "ბ” პუნქტით. ყოვლად დაუშვებელია ამ შემთხვევაში ქმედების დამატებით 177-ე მუხლის II ნაწილის "ა” პუნქტით დაკვალიფიცირება, რადგან დიდი ოდენობა მოიცავს მნიშვნელოვან ზიანსაც.

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის "ბ” პუნქტი ითვალისწინებს ქურდობის ჩადენას სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის "გ” პუნქტი ითვალის-წინებს ქურდობის ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სასჯელი უფრო მეტია, ამდენად კანონმდებელმა ცვლილების შეტანით სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევა დააცილა ბინაში უკანონოდ შეღწევას და ცალკე პუნქტად ჩამოაყალიბა. ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში შეღწევისას დანაშაულის სტადიაზეც არის ყურადღება გამახვილებული  ზემოთხსენებულ სახელმძღვანელოში, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ბინაში, სადგომში ან საცავში შეღწევისას მოხდა ნივთის ფაქტობრივი დაუფლება, მაგრამ პირი არ გასცდენია ბინის, სადგომის ან საცავის ფარგლებს, არის ქურდობის მცდელობა, ხოლო თუ პირი გასცდა ბინის, სადგომის ან საცავის ფარგლებს - არის დამთავრებული დანაშაული. ქურდობის სხვა შემთხვევაში, მცდელობისა და დამთავრებული დანაშაულის განსაზღვრა ხდება ნივთის დაუფლებით, მისი ადგილსამყოფლის ფაქტობრივი მოცილების მიხედვით.

ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში. უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს. ქართული განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულში (გვ. 499) იგი ასეა ახსნილი: შეღწევა სახელი, შეაღწიეს - ზმნა, მოქმედება, შეღწეული ვინც, რამაც შეაღწია” აქედან ნათელია, რომ პირმა ბინაში, ოთახსა თუ საცავში შიგნით უნდა შეაღწიოს, ან შეიძლება არ შევიდეს, მაგრამ რაიმე საშუალებით (მაგ. ჯოხით) ფანჯრიდან შეაღწიოს და ნივთი ან ნივთები გარეთ გამოიტანოს.

ფანჯრიდან შეღწევას, ჯოხით და სხვა საშუალებით, ადგილი უმრავლეს შემთხვევაში აქვს ქურდობის დროს, ხოლო ყაჩაღობის შემთხვევაში პირი ან პირთა ჯგუფი პირადად უნდა შევიდეს შიგნით და განახორციელოს თავდასხმა.

თუ ქურდობა ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, არ არის აუცილებელი, რომ ყველა თანაამსრულებელი შევიდეს ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში. საკმარისია, რომ მათგან თუნდაც ერთი შევიდეს შიგნით და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ამსრულებლის ექსცესი.

„ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონოდ შეღწევის ნიშნით ქურდობის კვალიფიკაციისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეღწევა” გულისხმობს დაბრკოლებათა გადალახვით ან მის გარეშე ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში  დამნაშავის ფარულ შესვლას.

თუ ქურდობისას ნივთის დაუფლების მიზანი პირს ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში ყოფნისას წარმოეშვა, ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ გამოიყენება.

„სადგომად" უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი სახის ნაგებობა, რომელშიც ინახება მატერიალური ფასეულობა ან შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის სამყოფელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებაში იგი ასეა ახსნილი:” შენობა ან ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა სამყოფელს ან განკუთვნილია მატერიალურ ფასეულობათა შესანახად”.

"სხვა საცავი” - არის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც დაცულია ტექნიკური ან სხვა საშუალებით და განკუთვნილია მატერიალურ ფასეულობათა შესანახად (სეიფი, ავტოფარეხი და სხვა).

"საცავი - წერს პროფ. ალ. კვაშილავა - ნებისმიერი ადგილია, რომელიც ქონების შესანახად არის გამოყენებული. მასში შედის მანქანის ნებისმიერი (კაპიტალური, არაკაპიტალური) ფარეხი, სამშენებლო მასალის შესანახი დროებითი ნაგებობა ან თუნდაც რუბეროიდით  შემოფარგლული ადგილი ცემენტის შესანახად, მშენებარე ობიექტის შემოღობილი ეზო და სხვა მისთ.”

"ბინა” - ამ ცნების განსაზღვრისა და ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის სასამართლოები  ხელმძღვანელობდნენ "პირადი ქონების ქურდობის საქმეებზე” უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1993წლის 22 დაკემბრის №10 დადგენილებით, რომლის მიხედვით ბინა იყო მოქალაქეთა მუდმივი ან დროებითი (სასტუმროს ოთახი,სააგარაკო სახლი და სხვა) საცხოვრებელი, ასევე სხვა დანიშნულებისათვის განკუთვნილი ბინის განუყოფელი ნაწილი. ამჯამად არსებული სახელმძღვანელოს მიხედვით ბინა არის, ის სადაც ადამიანი ცხოვრობს (დაბინავებულია) მუდმივად ან დროებით.

მაგალითად, თუ ადამიანი ცხოვრობს (დაბინავებულია) ავტოფარეხში, სადაც შექმნილი აქვს მისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო პირობა, იგულისხმება ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით. ამასთან, თუ პირი საცხოვრებელ ფართს ან მის ნაწილს (მაგალითად ბინას ან  მის რომელიმე ოთახს), რომელიც ჩვეულებრივ მოიაზრება როგორც საცხოვრებელი ფართი, იყენებს საწყობად - იგულისხმება ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევითთ.

ბინად არ ჩაითვლება მოქალაქეთა გადაადგილების საშუალებები (ავტომანქანა, მატარებელი, გემი, თვითვმფრინავი და სხვა), გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი გამოყენებულია საცხოვრებლად.

სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში 2007 წლის 4 ივლისს შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხ-ედვით "არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას...” ქურდობის ჩადენა არაერთგზისად, ნიშნავს ნასამართლევი პირის მიერ მის ჩადენას მინიმუმ ერთჯერ მაინც, გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულია ერთგვაროვანი დანაშაულების ჩადენისას არაერთგზისობის საკითხის გადაწყვეტის სხვა გზაც. შენიშვნაში განმარტებულია, რომ "ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზისად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.” აქედან ირკვევა, რომ თუკი ჩადენილია იდენტური ქმედებები, მაშინ აუცილებელია ნასამართლობის ნიშანი. მაგალითად, პირმა თუ ჩაიდინა ქურდობა, მაშინ მისი ქმედების არაერთგზისად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ მას წინათ ჩადენილი ჰქონდეს ქურდობა და იყოს ამ უკანასკნელზე ნასამართლევი. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულია ერთგვაროვანი და ამავე დროს ზოგიერთ შემთხვევაში იდენტური დანაშაულების ჩადენისას არაერთგზისობის საკითხის გადაწყვეტის სხვა გზაც. შენიშვნის მიხედვით თუ პირს ჩადენილი აქვს ქურდობა, მაშინ მისი ქმედება არაერთგზისად დაკვალიფიცირდება თუ მას წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 177-186-ე, 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ამ მუხლების ჩადენისათვის პირი იყოს ნასამართლევი.

ამ ცვლილების თანახმად, თუ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირი ჩაიდენს ქურდობას მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილის „გ” პუნქტით და ამ პუნქტს არ დაემატება კიდევ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის III ნაწილის „ბ” პუნქტი (ქურდობა ჩადენილი არაერთგზის), ვინაიდან, კანონის კონსტრუქციიდან გამომდინარე დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილის „გ” პუნქტით გაცილებით მეტი დატვირთვის მატარებელი სპეციალური ნორმაა, ამიტომ ეს არ იძლევა ქმედების დამატებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის III ნაწილის „ბ” პუნქტითაც დაკვალიფიცირების საფუძველს.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლში აღნიშნულია, რომ „ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ  ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.”

სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის II ნაწილის თანახმად "დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.”

ამდენად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად, რომ ჩაითვალოს, პირი, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამგვარი დანაშაული, უნდა იყოს ნასამართლევი და ნასამართლობა არ უნდა ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით "მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.”

ქურდობის შემადგენლობაში ნასამართლობა გათვალისწინებულია მაკვალიფიცირებელ ნიშნად. ამიტომ მნიშვნელოვანია გაირკვეს, ნასამართლობა მოხსნილი აქვს თუ არა პიროვნებას. ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული პირის ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილის „გ" პუნქტით.

პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს და ნასამართლევია ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისათვის - იწოდება ნასამართლევად სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და გამოძალვისათვის. ამის შემდეგ თუ ის ჩაიდენს ქურდობას მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილის „გ” პუნქტით.

ნასამართლობა შეიძლება მოეხსნას პირს ამნისტიის გამოცხადებისა და შეწყალების განხორციელებით. ნასამართლობის გაქარწყლების წესსა და ვადებს დაწვრილებით იხილავს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები და მე-100 მუხლი.

ზემოთხსენებული მაკვალიფიცირებელი ნიშანი სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

სამართლის დოქტორი, პროფესორი

რამაზ კვარაცხელია

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 18096 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.3/6
სულ კომენტარები: 1
  • mogeli 2014-12-14

    gadaooob :D

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]