მთავარი » ფაილები » იურიდიული ლიტერატურა

საზოგადოება, კულტურა და სამართალი
2011-04-09, 2:37 PM
საზოგადოება ცალკეული ინდივიდებისაგან შედგება. მიუხედავად თითოეული პიროვნების ინდივიდუალური თვისებებისა შესაძლებელი გახდა მათი დაჯგუფება და გაერთიანება სახელმწიფოს ცნების ქვეშ. უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწაზე არ არსებობს აბსოლუტურად მყარი და ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალულ პირთა წრე...თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი შედარებითია, ყველაზე მყარ და შეკრულ დაჯგუფებად სახელმწიფო უნდა მივიჩნიოთ.
მიზეზი, რის გამოც გამოვყავი სახელმწიფო,მდგომარეობს მის ნიშან-თვისებებში.ამ ცნებას აერთიანებს რამდენიმე პირობა, რომელთა გარეშეც მისი არსებობა შეუძლებელია. ესენია : 1. თავად საზოგადოება- გარკვეულ პირთა წრე,რომლებიც ცხოვრობენ ამა თუ იმ სახელმწიფოში და ითვალისწინებენ მის წეს-ჩვეულებებს, 2. კულტურა (ტრადიციები) და 3. სამართალი.
თავდაპირველად განვიხილოთ კულტურის ცნება. ხშირად გვსმენია ტერმინები როგორიცაა: სამართლის, ცხოვრების,სიმღერის,ცეკვის და ა.შ. კულტურა... ალბათ შენიშნავდით,რომ ჩამონათვალში სრულიად განსხვავებულ ცნებებთან ერთად მოიხსენიება კულტურა. მისი დეფინიცია მოკლედ ასე შემიძლია გადმოგცეთ: ”კულტურა არის ამა თუ იმ სფეროში მომხდარი მოვლენების ერთობლიობა, რომელზეც დიდ გავლენას ახდენს სოციალური ცვლილებები.” მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ადამიანის ცხოვრების კულტურა, წესი. მისი ისტორია ქვის ხანიდან იწყება და დღემდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მომხდარმა საზოგადოებრივმა ცვლილებებმა სრულიად შეუცვალა სახე პირის ჩვეულებრივ ყოფას: თუ ადრე საცხოვრებელ ადგილად მიჩნეული იყო გამოქვაბული და გათბობის საშუალებად კი - ცეცხლი, ახლა არსებობს უამრავი შენობა-ნაგებობა და გათბობის უახლესი საშუალებები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ფორმის ცვლილება და არა მოთხოვნილების (სითბო,საკვები...). თუმცა ახალმა ეპოქამ მოგვიტანა ისეთი ცვლილებებიც, რომელთა გამოჩენამ ადამიანის ცნობიერება უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა და წარმოიშვა მოთხოვნილებათა ახალი სფეროებიც. ასეთ სიახლეთა რიცხვს განეკუთვნება: პერსონალური კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და ა.შ. კულტურის შემადგენელი ნაწილია ტრადიციები, რომელიც წარმოადგენს პირთა ცნობიერებაში გამჯდარ გარკვეულ ქცევის წესთა ერთობლიობას. ტრადიციების მიმართ მრავალი შეხედულება არსებობს: ზოგისთვის იგი დოგმაა, რომელსაც პირწმინდად ასრულებს, ზოგიც მას უგულებელყოფს, გამოიყოფა ასევე შუალედური რგოლიც, რომელიც სიტუაციის მიხედვით ემხრობა ამა თუ იმ მოსაზრებას...როგორი დავაც არ უნდა მიდიოდეს ამ თემაზე, ეჭვს ვერავინ შეიტანს იმაში, რომ სახელმწიფო და კულტურა ერთი ჯაჭვის შემადგენელ რგოლებს წარმოადგენენ. ისინი ერთმანეთის გარეშე არსებობას ვერ მოახერხებენ და ვერც საუკუნეთა ქარცეცხლს ვერ გაუძლებენ.
ამ ორ კომპონენტთან ერთად ჯაჭვის შემადგენელ ნაწილად მოიაზრება სამართალიც, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი კატეგორიაა ნებისმიერი ქვეყნისათვის. ამ ცნების სხვადასხვა განმარტება არსებობს, მათი განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ ჩემ მოსაზრებას გაგიზიარებთ. ამ კატეგორიასთან დაკავშირებით ყველაზე მისაღებ შეხედულებად მიმაჩნია ბუნებითი სამართლის ტენდენცია, რომლის მიხედვით სამართალი პოზიტიური ნორმების გარდა ( ანუ მატერიალური კანონმდებლობა), მოიცავს ასევე მორალის განსაზღვრულ პრინციპებს. სამართალი არის მორალისა და ქცევის წესების ერთიანობა.
სახელმწიფოცა და კულტურაც სამართალთან ერთად ვითარდება. სამართალი არეგულირებს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. მიუხედავად ამისა, თუ ქვეყანა მაღალი კულტურის მქონე არაა, კანონი რაც არ უნდა სრულყოფილად იყოს შედგენილი ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას. მაგალითისთვის გამოდგება ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთ სახელმწიფოში მიღებულ იქნა საგადასახადო კოდექსი, რომელშიც ყველა შესაბამისი ინსტიტუტი ადექვატურად და სრულყოფილად იქნა მოწესრიგებული. მიუხედავად ამისა, კოდექსმა ვერ შეასრულა ის ძირითადი ფუნქცია, რაც დაკისრებული ჰქონდა. ამის მიზეზად კი საზოგადოებაში გადასახადების გადახდის კულტურის არქონა იქნა დასახელებული.
ამ თემის ძირითადი არსი შესაძლებელია ასე გადმოვცე: ”საზოგადოება მოქცეულია ჯაჭვური წრის შუაში. ამ წრის რგოლებს კი შეადგენს 3 ძირითადი კომპონენტი: სახელმწიფო, კულტურა და სამართალი. ამასთანავე თვითოეული მათგანი საზოგადოების ცნობიერებაზეა აგებული და დამყარებული. ”
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 280 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]