სამართალი და პოლიტიკა
2011-02-25, 11:35 PM

"კანონები მოვლენ და მეტყვიან, - რისთვის უარგვყავ, და მე რა ვუთხრა მათ"- ამ სიტყვებზე მან საწამლავით სავსე თასი გამოსცალა, - გაექცა კანონებს. ნუთუ ასე მწარეა სამართალი?!..
სოკრატემ იცოდა, რომ სამშობლოს სანდლის ძირებით ვერ წაიღებ და სხვებსაც გააგებინა, რომ სამშობლომ შეიძლება სანდლის ძირებიანად წაგიღოს; თუმცა მას შემდეგ მრავალ სანდალს ძირი გაეცვითა, სანდლის პატრონს კი – ძვირი სიცოცხლე, მაგრამ კანონები არსებობენ და არსს ამბობენ.
რა უნდა ვირწმუნოთ, ანუ ვის უნდა დავუჯეროთ, - არ გაგვიჩნდეს სურვილი, სამყარო ჩავყლაპოთ! ისინი, ვინც კვირაობით ადრე დგებიან და სახე უთეთრდებათ, - ღმერთს უჯერებენ და ეშმაკისა ესმით, მაგრამ მათ, ვისაც ღმერთის ყოფნა სწამთ და ძალა – არა, ვინც საკუთარ ძალას ქვეყნისად აფასებს, ანუ ვინც ყველას საქმეს გამრავლების ტაბულასავით წყვეტს და ქვეყნის ბედ-იღბალს ჭადრაკის ფიგურებივით ათამაშებს, - ვისი სწამს და ვისი სჯერა, ძნელი დასადგენია და გასაგებიც.
მას შემდეგ, რაც განათლებამ ღმერთი დაღუპა, ღვთის რწმენამ, ანუ სიმშვიდისა და თავისუფლების ნოსტალგიამ, ქვეყნის ნაშობი ანგელოზი – კანონი, ღმერთის ადგილას დასვა და თავი შარავანდედითაც შეუმოსა. მაგრამ ძნელი სამყოფი აღმოჩნდა კანონის ძალა ღვთის ძალასთან შედარებით, თუმცა არც ერთს დაგიდევდათ ვინმე და არც – მეორეს: ყველას თავისი ღმერთი ჰყავდა და უფრო – თავისი უფლისწული.
ეს მცირე ისტორია იმას აღწერს, თუ როგორ შემოიჭყიტა კანონმა სახელმწიფო საძინებლის სარკმელში და ბოლოს გათამამებულმა – ხელმწიფის გვირგვინიც დაიდგა. ახლა ხელმწიფე აღარ, მაგრამ ხელმწიფობა და ქვეყნის საქმე არსებობს; ინტერესიც არსებობს იმისა, კანონი ხელმწიფობს, თუ ქვეყნის საქმე – კანონზე.
იმას, რასაც პოლიტიკას ვეძახით, ხალხის გარდა ყველაფერს ვგულისხმობთ, ხოლო რასაც ვგულისხმობთ, ყველაფერს პოლიტიკას ვაბრალებთ.
მაინც რა ხერხია პოლიტიკა? – რაც არ უნდა იყოს, კარგი ალესილი კბილები აქვს და დიდ ხესთან ერთად მცირე ნერგსაც ერთნაირად სჭრის, მოფრთხილება უნდა თუარა... სამართალი უფრთხილდება პოლიტიკას; თავისუფლება უფრთხილდება სამართალს; ხალხი უფრთხილდება თავისუფლებას.
პოლიტიკა სამართალში ძალიან საყვარელი და ჩვილი რამ ხდება, მაგრამ სამართალი პოლიტიკაში გველნაკბენივით იგრიხება და განიცდის. ის, ვინც არც სახლის მისამართი იცის და არც სახლისკენ მიმავალი გზა, ყველა ქუჩაში დახეტიალობს და ყველა შესახვევში უხვევს. ამგვარად სჭირს პოლიტიკასაც, რომელიც სამართლის გუთნით მინდვრების ხვნას არ არის მიჩვეული. იმას ვამბობ, რომ მას შემდეგ, რაც გარდამავალი პერიოდი გამოვაცხადეთ, ანუ გადავწყვიტეთ, - ან სიცოცხლე, ან სიკვდილი და ათ წელზე მეტიც გავიდა, კანონის ძალა და სიმძიმე არავის უგრძვნია, პოლიტიკის სიმწარე კი ყველამ გამოსცადა: "რას გვიშვრება ეს მთავრობა?!"
როგორც შაიო იტყოდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გამოცდილების მადა აკლიათ და უგემურობის გამო სამართალი მეტად ძნელი გასარჩევია, პოლიტიკა კი – ძნელად გადასამუშავებელი; ის კი არავინ იცის, რომ ეს ყველაფერი ჩვენს კუჭზე მოქმედებს და როგორ გავუძლებთ მჟავიანობას.
კრიზისის დროს, ანუ პოლიტიკური "გაჭედილობისას", კანონის მოქნილობა ყველაზე ადვილი გამოსავალია, რათა სამართალმა ნება დართოს ხელისუფლებას "თავისუფლად" მოქმედებისთვის, მაგრამ რამდენადაც ხელისუფლებას ნების ხასიათი შეეცვლება, იმდენად სამართალს შინაარსი შეეცვალოს, უხერხულია, მიუღებელი რომ არ იყოს. მით უმეტეს, რომ სამართლიანობა არ იცვლება და დემოკრატიულ სამართლიანობად კიდევ, თავისუფლებას აღიარებენ. აქ კი იქმნება მთავარი პრობლება, - თავისუფლების განაწილების უბედურება ხალხსა და ხელისუფლებას, სამართალსა და პოლიტიკას, ანდა მარტივად რომ ვთქვათ, ორ ერთმანეთზე დამოკიდებულ ან ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობით დაკავშირებულ მატერიებს შორის.
გერმანიის კანონმდებლობა მიღების დღიდან, მიუხედავად ხარვეზებისა, არ შეცვლილა კანონის სტაბილურობის დაცვის მიზნით. გერმანიას საკმაოდ გაწონასწორებული პოლიტიკა აქვს შესაძლებლობათა ფარგლებში, რაც მიზეზია ეკონომიკური განვითარებისა და მართლაც, ამ ხრივ იგი პოლარული ვარსკვლავივით ბრწყინავს.
სამართალი, ერთის მხრივ, ბოჭავს პოლიტიკას საშუალებებში, წინააღმდეგ - "მიზანი ამართლებს საშუალებას", მაგრამ მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, სტაბილურ თავისუფლებას, ეკონომიკური განვითარების მყარ საფუძველს და ამით სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამართლებს. მმართველობის პრობლემები ხელისუფლების ორგანოს ფოიეში უნდა გადაწყდეს, ყველაზე ღირებული და საჭირო მიზანიც კი ვერ ამართლებს სახელმწიფოს უკანონო საშუალებით მიღწევაში.
როდის არის პოლიტიკა სამართლიანი, ანუ როდის ემორჩილება ხელისუფლება კანონს. იქ, სადაც კანონი უცვლელი რჩება, ხელისუფლება კი სამართლის შესაბამისად იცვლება, პოლიტიკაც კანონიერია და ქვეყანა ევოლუციის გზით ვითარდება, ამართლებს კანტის ნათქვამს: "პროგრესი მიიღწევა ევოლუციით და არა რევოლუციით". ასეთ სახელმწიფოში სოკრატესნაირი ადამიანები ცხოვრობენ და კანონის პატივისცემის ტრადიცია არსებობს, მაგრამ ჩვენთან, სადაც არც სოკრატეები მრავლობენ და არც კანონთა დღესასწაულები, ხოლო დამნაშავის სამართალში მიცემა და ქმედების სწორი კვალიფიკაცია ციდან მოვლენილ სასწაულად აღიქმება, - კანონიერებაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, ადრეა.
რევოლუციამ რეფორმები გამოიწვია, რეფორმებმა – არასტაბილურობა, ამ უკანასკნელმა კი – ზოგადი პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც მომავალშიც მოსალოდნელია და არც არის გასაკვირი რაიმე მძიმე ფაქტები კიდურებამპუტირებული სახელმწიფოს ცხოვრებაში. ჩვენ კი რა დაგვრჩენია: თვალი ვადევნოთ კანონს და ქმედებას, ოღონდ არამცდაარამც ნორმა არ დავიმახსოვროთ, თორემ რამდენიმე დღეში რომ შეიცვალოს, ხომ აგვერევა მერე და არცერთი ნორმალურად არ გვეცოდინება, თუმცა რა აზრი აქვს მაკულატურას, რომელიც სიცოცხლეშიც უსიცოცხლოა და თავიდანვე თაროზე შემოსადებად არის განწირული.
მაინც სადამდის უნდა გაგრძელდეს ეს გარდამავალი ეტაპი! ბოლო-ბოლო, იმდენი ხანი ვიდექით ზღურბლზე, რომ ქართული ანდაზაც გავამართლეთ: "ზღურბლზე არ დადგე, მევალე მოგადგებაო". მევალეები კი მოგვადგნენ, მაგრამ ძნელი გასახსენებელია, ვინმესი თუ რამე გვემართა.
კითხვები ბევრია და ბევრი. კითხვები, რომლებიც გვეძებენ ჩვენ და პასუხები, რომლებიც უნდა ვეძებოთ...
და მაინც, ჯოჯოხეთის კარიბჭეს მივენარცხებით, თუ – სამოთხის კედელს, ყველაზე კარგი კანონი და სამართლიანი პოლიტიკა საძებნია, მაგრამ არა გერმანიისა თუ შვეიცარიის კანონმდებლობაში, არამედ ჩვენივე ხასიათსა და გამოცდილებაში, საჭიროებასა და აუცილებლობაში, რათა ვიგრძნოთ სამართლებრივი სულიერება, რომ ჩვენი სახელმწიფო არსებობს, რადგან, როგორც სენეკამ თქვა, - "თუ სახელმწიფოში მოქმედი კანონები ეწინააღმდეგებიან სამართლიანობას, ისინი არ წარმოადგენენ კანონებს".
რას წარმოვადგენთ, ანუ ვინ ვართ
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1172 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]