საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის (ძარცვა) კომენტარი
2011-06-28, 4:52 PM

მუხლი 178. ძარცვა

 

1. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,_

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით,_

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) ბინაში უკანონო შეღწევით;

დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით,_

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის,_

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება არის პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი (ნივთი) ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევა და მოპოვება.

ძარცვისას ნივთის აშკარად დაუფლება ნიშნავს ნივთის დაუფლებას მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის თანდასწრებით, ამასთან აუცილებელია მძარცველს შეგნებული ჰქონდეს  მისი ქმედების აშკარა ხასიათი. "თუ დანაშაულის თვითმხილველს არა აქვს შეგნებული ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა ან თუ იგი წარმოადგენს დამნაშავის თანაამსრულებელს (თანამონაწილეს), ან თანამოაზრეს, ან ახლობელს, სახეზე გვაქვს არა ძარცვა, არამედ ქურდობა.”

თუ კი ძარცვისას ნივთის მფლობელმა ან მესაკუთრემ ხელი შეუშალა დაუფლებას და მძარცველმა მის მიმართ გამოიყენა ძალადობა, რომელიც არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ქმედება დაკვალიფიცირდება ყაჩაღობად.

ობიექტური მხრივ ძარცვა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში. ძარცვა ისევე როგორც ქურდობა დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა პირი რეალურად დაუფლებულია სხვის მოძრავ ნივთს და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ნივთით ან განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ.

სუბიექტური მხრივ ძარცვა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების (სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების) მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის (მფლობელისათვის ან მესაკუთრისათვის ზიანის მიყენების) შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვლობას.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები ძარცვის ყაჩაღობად და ყაჩაღობის ძარცვად დაკვალიფიცირებისა. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათი გამიჯვნა ერთმანეთისაგან. ყაჩაღობასა და ძარცვას შორის ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ძალადობის ინტენსივობის ხარისხი. თუ ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების  ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარის ფაქტის დადგენა. ძარცვისას ასეთი სახის ძალადობის გამოყენების დადგენის აუცილებელობა არ არის, რადგან ძარცვის დისპოზიცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ან ასეთი ძალადობის მუქარას არ ითვალისწინებს.

ყაჩაღობისას აუცილებელია თავდასხმის არსებობა, ხოლო ძარცვისას არა. ამასთან ძარცვა მატერიალური დანაშაულია და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დამთავრებულად ითვლება სხვისი ნივთის აშკარა დაუფლების შემდეგ, ხოლო ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, რადგან ეს უკანასკნელი ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია.

ძარცვისა და ყაჩაღობის საერთო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ორივე დანაშაულის გვარეობითი ობიექტია საკუთრება, უშუალო ობიექტი კი მესაკუთრის ან მფლობელის მიერ ნივთის მიმართ მისი უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა, ხოლო საგანი სხვისი მოძრავი ნივთი.

ძარცვა ყაჩაღობას ემსგავსება მაშინ, როცა მისი ჩადენა ხდება ძალადობით, ან ძალადობის გამოყენების მუქარით, მაგრამ მათი განსხვავება შესაძლებელია ძალადობის ინტენსივობისა და საშიშროების ხარისხის მიხედვით. ისე ხშირ შემთხვევაში ძარცვის კლასიკური მაგალითია, როცა მძარცველი ხელიდან გამოსტაცებს ჩანთას დაზარალებულს ან ჩამოგლეჯს ყელსაბამს, საყურეს და სხვა ნივთებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ძარცვის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს, როგორც უკვე ვთქვით წარმოადგენს მისი ჩადენა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

ძარცვის ძალადობით ჩადენილად აღიარებას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მძარცველის ქმედებას ნივთის დაუფლებისას თან ახლავს ძალადობა, რომელიც მიმართულია არა მარტო საკუთრების წინააღმდეგ, არამედ თვითონ დაზარალებულის წინააღმდეგაც, მაგრამ ძალადობა ძარცვისას არ აღწევს იმ ინტენსივობას, რომელიც დამახასიათებელია ყაჩაღობისათვის.

ამ მხრივ საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ივნისის განჩინება. საქმის გარემოება იყო შემდეგი: "თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 თებერვლის განაჩენით გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით და შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. განაჩენით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 20.00 სთ-ზე, ქარელის რაიონის სოფ. ... გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზასთან გ. კ.-მ ისეთი ძალადობის გამოყენებით, რაც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ს. ლ. ოღლის წაართვა 210 ლარად ღირებულ ქურთუკი, რომელშიც 1000 აშშ დოლარი იდო. საბრალდებო დასკვნით, გ. კ.-ს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ხაშურის რაიონული პროკურორის თანაშემწე რ. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძარცვა და არა ყაჩაღობა. პროკურორის მითითებით, დაზარალებულ ს. ლ. ოღლის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს ცემით წაართვა ქურთუკი. პროკურორის მითითებით, დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, ვინაიდან შეეშინდა, რომ მსჯავრდებულს არ მოეკლა. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა პ. მ.-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თავის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ.ს მოქმედებით განხორციელდა ძარცვისა და არა ყაჩაღობის შემადგენლობა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თავის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაზარალებულ ს. ლ. ოღლის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებიდან გამომდინარე, სადაც იგი ადასტურებს ფაქტს, რომ მსჯავრდებულს ხელში იარაღი ან რაიმე ნივთი არ ჰქონია, ის მხოლოდ ხელს ურტყამდა მას, რომ მსჯავრდებულს რაიმე ისეთი მოქმედება, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, არ განუხორციელებია, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში სხვა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულის მიმართ გამოიყენა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ან რეალურად ემუქრებოდა ასეთი ძალადობის გამოყენებით არ არსებობს, სწორი დასკვნა გააკეთა იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ გ. კ.-ს მოქმედებით განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. თვით დაზარალებულ ს. ლ. ოღლის ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია მსჯავრდებულ გ. კ.-ს საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მიცემული ჩვენებით, სადაც მან დაადასტურა ფაქტი, რომ ქურთუკი წაართვა დაზარალებულს, მაგრამ მას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა არ გამოუყენებია და არც ჰქონდა ასეთი ძალადობის გამოყენების განზრახვა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს მიღებული აქვს სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, აღენიშნება მარჯვენა თვალ-ბუდის სისხლნაჟღენთები, ექსკორაციები ორივე მუხლისა და ბარძაყის არეში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად დასდო მსჯავრი გ. კ.-ს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებილი დანაშაულის ჩადენაში.”

ობიექტური მხრივ ძალადობრივი ძარცვა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად დაუფლებაში ძალადობის გამოყენებით, რომელიც არ არის საშიში მესაკუთრის ან მფლობელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

ძარცვისას ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური და ფსიქიკური. ფიზიკური ძალადობის ქვეშ იგულისხმება ადამიანისათვის ზიანის მიყენება ან საფრთხის შექმნა, უშუალოდ მის გარეგან ან შინაგან ორგანოებზე ან ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების გზით.

ძარცვისას გამოყენებულმა ძალადობამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე დაზიანება. ფიზიკური ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში, რომელიც დაზარალებულს ტკივილს განაცდევინებს. მაგალითად, ხელის გადაგრეხა და სხვა ილეთების გამოყენება, ფეხის გამოდებით პირის წაქცევა, ქალისათვის საყურის მოგლეჯა და სხვა.  

არასწორად მიგვაჩნია გ. მამულაშვილისა და მ. ლეკვეიშვილის მსჯელობა სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ "ძარცვისას საუბარია ისეთ ძალადობაზე, რომელიც არ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსით  გათვალისწინებულ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქ დაზიანების დანაშაულის შემადგენლობას, ვინაიდან ამ დროს არ ხდება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთოდ შრომის უნარის უმნიშვნელო არამყარი დაკარგვაც კი.”   

ამ საკითხზე სწორად მსჯელობს პროფ. მ. ტურავა, იგი წერს: "ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა გულისხმობს მსუბუქ დაზიანებას ან ფიზიკურ, ან ფსიქიკურ ძალადობას ასეთი დაზიანების გარეშე. მთავარია არა რეალური შედეგი, არამედ დამნაშავის განზრახვა და დაზარალებულის მიერ ძალადობის ან ძალადობის მუქარის შინაარსის რეალური აღქმა.”

ჩვენი აზრით, სხეულის მსუბუქი დაზიანება, რომელიც მიყენებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების გარეშე და რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის შერყევა და არ მოჰყოლია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვაც კი, მაშინ მათი მიყენება ან მუქარა მსგავსი ქმედებისა ნივთის დაუფლების მიზნით ქმნის ძალადობრივი ძარცვის ნიშნებს.

მედიცინაში ცნობილია, რომ სხეულის მსუბუქი დაზიანება არის ორი სახის: ჯანმრთელობის მოშლით და ჯანმრთელობის მოუშლელად. თუ კი ცემისას პირმა მიიღო განაკაწრი, ნაჭდევი, მცირე ზომის სისხლნაჟღენთი ის ის განეკუთვნება სხეულის მსუბუქ დაზიანებას და ჩაითვლება ძალადობრივი ძარცვის ნიშნად.

ამდენად მსუბუქი დაზიანება შეიძლება ჩაითვალოს ძალადობრივი ძარცვის ნიშნად, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ძალადობის გამოყენება ყოველთვის არ გულისხმობს რაიმე შედეგის განხორციელებას.

ძალან საინტერესოა ერთი გარემოება, რომელიც იკვეთება ყაჩაღობისა და ძარცვის დისპოზიციების შესწავლის შედეგად. ყაჩაღობის დროს აუცილებელია თავდასხმა, ხოლო ძარცვის დროს არა, რადგან იქ ჩაწერილია ნივთის აშკარა დაუფლებაზე და ამას ასე განმარტავს მთელი საბჭოთა პერიოდისა  და დღეს მოქმედი იურისტები. მაგრამ ამასთან თუ თავდასხმისას ძალადობა არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ის დაკვალიფიცირდება, როგორც ძარცვა ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. არადა დასაწყისში ყაჩაღობა და ძარცვა ასეთ შემთხვევაში ერთნაირი ხერხით ხდება.

კვლევამ გვიჩვენა, რომ არსებობს ძარცვის სამი შემთხვევა:

1). როცა პირი იტაცებს ნივთებს მესაკუთრის ან მფლობელის თანდასწრებით, მაგრამ არანაირი ფიზიკური ან სხვა სახის შეხება მასთან არა აქვს.

2). როცა პირი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სტაცებს ხელთ არსებულ საგნებს მფლობელს.

3). როცა პირი უშუალოდ ესხმის თავს დაზარალებულს და ითხოვს ნივთს. მაგრამ იყენებს ძალადობას ან ძალადობის მუქარას, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

ძარცვის ამ სამი ფორმიდან მხოლოდ მესამეს აქვს მსგავსება ყაჩაღურ თავდასხმასთან, რადგან ზუსტად ამ ფორმით ხდება ყაჩაღობის ჩადენაც. განსხვავება არის მხოლოდ ძალადობის ხარისხში. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ძარცვის დროსაც აქვს ადგილი თავდასხმას, რადგან კვალიფიკაციის დროს ყურადღება ექცევა მხოლოდ იმას, იყო თუ არა ძალადობა საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში. სხვა ავტორები ამ დასკვნამდე არ მისულან, რადგან მათთვის თავდასხმა თითქმის გაიგივებულია ძალადობასთან, მაგრამ ეს საკითხი ნაშრომში მარტივი დასანახია თავდასხმის ცნების წაკითხვისას, რომელიც ზემოთ განმარტებულია, როგორც მოთხოვნის წაყენება ნივთის დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ და რომელსაც თან ახლავს ძალადობა, ხოლო ძალადობის ხარისხი განარჩევს ერთმანეთისაგან ყაჩაღურ თავდასხმასა და ძარცვის დროს ჩადენილ თავდასხმას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდნარე შეიძლება ითქვას, რომ სულაც არ არის აუცილებელი ყაჩაღობისა და ძარცვის მუხლები ცალცალკე იყოს ჩამოყალიბებული, მაგრამ სანამ ამ საკითხზე ვიმსჯელებდე მანამ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ორი დისპოზიციის გაერთიანების შედეგად.

ცნობილია, რომ ყაჩაღობა ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და ის დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან ე. ი. მოთხოვნის წაყენებიდან ნივთის დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ, ხოლო ძარცვა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და ის დამთავრებულად ითვლება, როცა პირი რეალურად დაუფლებულია სხვის მოძრავ ნივთს და აქვს შესაძლებ-ლობა ისარგებლოს ამ ნივთით ან განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ. ამდენად, ფორმალური და მატერიალური დანაშაულის ერთ დისპოზიციაში გაერთიანება ძნელია, ამიტომ ისინი სხვადასხვა მუხლში უნდა მოთავსდეს.

მაგალითად, მუხლი 178. მარტივი ძარცვა

1. მარტივი ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,_

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ------------ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით -------------- წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით,_

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვა-დით -------- წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) ბინაში უკანონო შეღწევით;

დ) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის დაუფლებით,-

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვა-დით ---------- წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასა-მართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისა-კუთრებისათვის ან გამოძალვისათვის,_

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვა-დით ---------- წლამდე.

მუხლი 1781. რთული ძარცვა

1. რთული ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა წართმევა   მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,_

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვა-დით ---------- წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით,_

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვა-დით ---------- წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) ბინაში უკანონო შეღწევით;

დ) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის დაუფლებით,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით წლამდე.

3. იგივე ქმედება ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასა-მართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისა-კუთრებისათვის ან გამოძალვისათვის,_

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით წლამდე.

მუხლი 1782. საშიში ძარცვა

1. საშიში ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა წართმევა   მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით,_

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით,_

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) ბინაში უკანონო შეღწევით;

დ) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის დაუფლებით,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით  წლამდე.

4. იგივე ქმედება ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის,_

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით  წლამდე.

178-ე მუხლის დისპოზიციაში მოთავსებულ მარტივ ძარცვაში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა პირი იტაცებს ნივთებს მესაკუთრის მფლობელის ან სხვა პირთა თანდასწრებით, მაგრამ არანაირი ფიზიკური ან სხვა სახის შეხება მათთან არა აქვს.

1781-ე მუხლის დისპოზიცია გულისხმობს, როცა პირი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სტაცებს ხელთ არსებულ საგნებს მფლობელს.

1782-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა პირი უშუალოდ ესხმის თავს დაზარალებულს და ითხოვს ნივთს. ამასთან იყენებს ძალადობას ან ძალადო-ბის მუქარას, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

 

სამართლის დოქტორი რამაზ კვარაცხელია

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 10781 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.6/9
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]