როგორია ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემა
2011-02-25, 11:44 PM

თანამედროვე მსოფლიოში, მოქმედი ნაციონალური სამართლებრივი სისტემები, შეიძლება დაიყოს სამართლებრივი ოჯახების მიხედვით. ერთმენეთისაგან განასხვავებენ კონტინენტური ევროპისა და ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახებს. ეს უკანასკნელი

ისტორიაში შევიდა საერთო სამართლის (Common Law-ს) სახელწოდებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი ნიშან-თვისებები: აღნიშნული სამართალი არის მოსამართლეების მიერ შექმნილი სისტემა, რომლის მოქმედების ძირითად ფორმას წარმოადგენს საქმეთა განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები_სასამართლო პრეცედენტები. შესაბამისად, იგი მოქმედებს კონკრეტული შემთხვევის, კაზუსის ფაქტობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით. საერთო სამართლის ნორმები კონკრეტული ხასიათის ნორმებია, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან რომანულ-გერმანული სამართლის ნორმებისაგან.

ზოგადი წესის თანახმად, საერთო სამართლის სისტემის ქვეყნების მოსამართლე საქმეთა განხილვისას ვალდებულია გაარკვიოს, იყო თუ არა ანალოგიური საქმე განხილული სასამართლოს მიერ და დადებითი პასუხის შემთხვევაში,
იხელმძღვანელოს უკვე არსებული მაგალითით. მოსამართლე მნიშვნელოვანი ფიგურაა. იგი პრაქტიკოსი იურისტია, რომლისთვისაც დამახასიათებელია აზროვნების სამოსამართლო სტილი. ანგლო-საქსონური იურისტის აზროვნება ინდუქციურია ანუ იგი მიმართულია კონკრეტულიდან ზოგადისაკენ და კონკრეტული შემთხვევიდან აყალიბებს ზოგად პრინციპს.
საერთო სამართლის უპირატესობად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ იგი მუდმივ განახლებადია, რადგან მოსამართლეები უზრუნველყოფენ ქვეყნის შეცვლილ საზოგადოებრივ გარემოებებთან სამართლის სინქრონიზაციას, მაშინ როცა კონტინენტური ევროპის მართლმსაჯელება, იმდენად დაქუცმაცებულია, რომ მოსამართლე საკუთარ თავზე ვერ იღებს სამართლის ჩამოყალიბებისა და განვითარების ფუნქციას.
ანგლო-ამერიკული სამართალი აერთიანებს ორ მნიშვნელოვან სამართლებრივ ოჯახს. ესენია: ანგლოსაქსონური და აშშ-ის სამართალი. პირველი მათგანი გახლდათ ის სამართალი, რომელმაც დიდი ბრიტანეთის კუნძულზე საკუთარი ისტორია შექმნა. მოცემული სამართლებრივი ოჯახის ყველაზე კლასიკური წარმომადგენელია დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყანაში, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასთან ერთად, გამოიყენება პოზიტიური კანონმდებლობა, თუმცა, აღნიშნულ ნორმებს გააჩნიათ კაზუისტური ხასიათი ანუ ისინი გამომდინარეობენ კონკრეტული საქმის შინაარსიდან. სამართალშემოქმედ და სამართალშემფარდებელ ორგანოებს წარმოადგენენ ლონდონის ცენტრალური და ადგილობრივი სასამართლოები. Aამ სისტემის თანამედროვეობას განაპირობებს საკანონმდებლო რეფორმები, რომელთაც 1965 წლიდან აქტიურად განიხილავს Law Commission.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გვხვდება ანალოგიური სამართლებრივი სისტემა, თუმცა გარკვეული სახეცვლილებებით. ამ თავისებურებას განაპირობებს ქვეყნის ფედერალური ორგანიზაციულ-ტერიტორიული მოწყობა. ადგილობრივ სასამართლოს წარმოადგენს შტატის სასამართლო, რომელშიც ფუნქციონირებს საკანონმდებლო კრება და სამსაფეხუროვანი სასამართლო სისტემა. შტატებს მინიჭებული აქვთ ფართო კანონშემოქმედებითი უფლებამოსილება. იგი სასამართლო პრეცედენტის გათვალისწინებით დამოუკიდებლად წყვეტს მის ტერიტორიულ და ნივთობრივ განსჯადობას დაქვემდებარებულ საკითხებს. მოსამართლეთა თვითნებობის აღკვეთას და სამართლიანობის პრინციპების დაცვას უზრუნველყოფს ფედერალური სასამართლო სისტემა, კონსტიტუცია და კონგრესის კანონი.
შტატებში ადგილობრივ დანეზე სასამართლოების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ შტატები ერთმანეთისგან გათიშულნი არიან. უფრო მეტიც, ამერიკული სამართლის ერთანობაზე ზრუნავს ნაციონალური ორგანიზაციები, ადვოკატთა ასოსიაციები, რომელთა ხელშეწყობით მიმდინარეობს მუშაობა ერთიან პროექტებსა და ამერიკული სამართლის საერთო პრობლემებზე.
ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემას აქვს მოქნილი ხასიათი. მაგალითად, ინგლისის სამართალი ვითარდებოდა სასამართლო პრაქტიკის სრულყოფის გზით, რომლის მსვლელობაში, ცალკეულ საკითხზე, ხდებოდა საკანონმდებლო რეფორმის გატარება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ანგლო-ამერიკულ სამართლის სისტემას ახასიათებს უხარვეზობა, მაშინ როცა კონტინენტურში ნორმის არარსებობისას დგება შემთხვევის ღიად დატოვების პრობლემა ანუ ხდება მართლწესრიგის გაკოტრება. გაბატონებული მოსაზრება და სახელმძღვანელო პრინციპი "`The constitution is what the judge say it is” ამავე დროს გამორიცხავს თვითნებობას მოსამართლის მხრიდან. ამის ორი მიზეზი გახლავთ. პირველი – ის, რომ სასამართო გადაწყვეტილება რამოდენიმე ფილტრს გაივლის, ვიდრე საბოლოოდ გამოცხადდებოდეს. აღნიშნული გამორიცხავს ერთი მოსამართლის მიერ საქმის თვითნებურ გადაწყვეტას, რადგან არ შეიძლება ერთდროულად საოლქო და სამაგისტრატო სასამართლოები, დიდი სასამართლოს სააპელაციო, სისხლის, სამოქალაქო განყოფილებები და ლორდთა პალატა იყოს მიკერძოებული და სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებისას. Mმეორე მიზეზი თავად სასამართლო გადაწყვეტილების ტრადიციულ სტრუქტურაში იმალება. ჩვეულებრივ, გადაწყვეტილება ოთხი ნაწილისაგან შედგება. ესენია: მტკიცებულებათა ანალიზი, მოსამართლის შეხედულება სადავო ფაქტზე, მოტივები და დასაბუთება, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების გამოტანისას და სამართლებრივი დასკვნა. ოთხივე საფეხური მოითხოვს მოტივირებულ დასაბუთებას, რაც არ აძლევს მოსამართლეს უფლებას დაივიწყოს ობიექტურობა. აქვე უნდა აღინიშნოს კონტროლის მექანიზმის არსებობა. ჯერ კიდევ ფეოდალურ ხანაში, შეიქმნაLaw of equity –სამართლიანობის სამართალი, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი, შესაბამისი უნდა იყოს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სამართლიანობის პრინციპებთან. საზოგადოებაც თავის მხრივ, ჩართულია სამართლებრივ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებები ქვეყნდება პრესაში და ხდება მათი საჯარო კომენტირება.
ანგლო-ამერიკულ სამართლის სისტემაში შემავალ ოჯახებს ხშირად ადანაშაულებენ დაუწერელი ნორმების არებობასა და პრეცედენტთა სიმრავლეში, რაც უთუოდ მცდარია.
აღნიშნულ სისტემაში შემავალ ქვეყნებს აქვს სტატუტური სამართალი_კანონები და კონონქვემდებარე აქტები. Statute Law მე-19 საუკუნიდან არქაული ნორმებისგან წმენდდა სამართალს და ახდენდა ნორმატიული აქტების კონსოლიდაციას. უფრო მეტიც, ამერიკაში, 25 შტატში, მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და ყველა შტატს აქვს საკუთარი სისხლის სამართლის კოდექსი. რაც შეეხება პრეცედენტებს, მართალია, მათი რაოდენობა ბევრია, მაგრამ Distinguishing ანუ პრეცედენტების დიფერენცირების მეთოდი იძლევა მათი შემცირების შესაძლებლობას. Aასევე ამერიკაში მოქმედებს კომპიუტერული საძიებო პროგრამები და მრავალტომიანი გამოცემა "Restatement of the Law.” ეს უკანასკნელი მომზადებულია ამერიკის სამართლის ინსტიტუტის მიერ და მასში შესულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები. ცალკეულ პროექტებზე მუშაობენ ერთიანი ნაციონალური კომისია და ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია.
კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემის ღირსებად მიიჩნევენ იმას, რომ მას ახასიათებს სამართლის დარგობრივი კლასიფიკაცია, თუმცა ანგლო-ამერიკულ სამართალსაც ახასიათებს ამგვარი დაყოფა. 1989 წლის ნაშრომში, "Introduction to English law”საჯარო და კერძო სამართალი ერთმანეთისაგან იყო გამიჯნული. აქ არის კონსტიტუციური, სისხლის, სოციალური უზრუნველყოფის, სახელშეკრულებო, საოჯახო, საბანკროტო სამართალი. დიდი სასამართლოს სააპელაციო განყოფილება კი, როგორც ავღნიშნეთ, ორად იყოფა: სამოქალაქო და სისხლის.
შნიცერი მიუთითებდა, რომ კანონი არის მცდელობა, რადგან მოსაწესრიგებელი ურთიერთობები მუდმივად იცვლება. პრაქტიკულად წარმოიშობა მოთხოვნილება, რომ კანონი მიესადაგოს შეცვლილ გარემოებებს.
ანგლო-ამერიკული სამართალი კი მოქნილი, მუდმივ განახლებადი და კონკრეტულია. სამართლის დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს არის. იგი ცოცხალი ორგანიზმი უნდა იყოს და არა მოძველებული სამუზეუმო ექსპონატი.


კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 6974 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/7
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]