რამაზ კვარაცხელია ,, იაპონიის სამართლებრივი სისტემის და სისხლის სამართალის ზოგადი მიმოხილვა’’
2011-06-28, 5:03 PM

იაპონიაში ქმედება რომ ჩაითვალოს დასჯადად, აუცილებელია სამი შემადგენელი ელემენტის არსებობა. ქმედება ითვლება დანაშაულებრივად, როცა ის სისხლის სამართლის კანონის განსაკუთრებული ნაწილის დისპოზიციაში (tatbestand) გათვალისწინებულია მართლსაწინააღმდეგოდ (rechtswidgrig)  და დასჯადად ( schuldig , blameworthy )

გერმანიის სისხლის სამართლებრივი თეორიის კვალდაკვალ იაპონური მეცნიერული დოქტრინა ამ სამ ელემენტის არსებობას აუცილებელ მოთხოვნად მიიჩნევს. ქმედება დანაშაულებრივია, როცა ის ემთხვევა გარკვეული დანაშაულებრივი ქმედების განსაზღვრებას ანუ დისპიზიციას. მაგალითად, მკვლელობა ან ქურდობა. იაპონურ სამართალში მოქმედებს პრინციპი nulla crimen sine lege (არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე). დღეისათვის იაპონიაში მოქმედებს 1907 წლის 24 აპრილის კანონით მიღებული სისხლის სამართლის კოდექსი (1995 წლის 12 მაისის #91 კანონის რედაქცია). სიტყვეთშეთანხმება ,,სისხლის სამართლის კოდექსი" ტრადიციულად ითარგმნება, როგორც იაპონელი, ისე რუსი იეროგლიფების მკვლევარების მიერ--,,keiho". თუმცა ეს თარგმანიც არაზუსტია, რამდენადაც არ შეიცავს სიტყვას ,,კოდექსი"-,”hoten” და ნიშნავს ,,სისხლის სამრთლის კანონს". იეროგლიფები-,,keiho"–ს სხვადასხვა განმარტება არსებობს, რამდენადაც ის შეიძლება ითარგმნოს, როგორც ,,სისხლის სამართლის კანონმდებლობა" ან ,,სისხლის სამართალი". იაპონიის სისხლის სამართლის კოდექსის ახალ რედაქცია (1947 წლის კარდინალური ცვლილებებით  სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი შესწორებები. ბოლოს მეტად თანამედროვე და არსებითი ცვლილებები შეტანილ იქნა 1986 და 1996 წელს-აღნიშნული შეეხო კომპიუტერულ დანაშაულებს, ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსის საერთო ნაწილში რიგი მუხლების გაუქმებას) მოქმედებს 1996 წლის 01 ივნისიდან.   

იაპონიაში სისხლის სამართლის კოდექსთან ერთად მოქმედებს სპეციალური კანონები (30-ზე მეტი), რომლებიც ავსებენ სისხლის სამართლის კოდექსს, მაგრამ სამართლის სხვადასხვა დარგები (კონსტიტუციური, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სასჯელაღსრულებითი სამართალი და სხვა), რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლებრივ ნორმებს, თავის მხრივ სერიოზულ წინააღმდეგობებს უქმნის სამართალდამცავ ორგანოებს სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენების დროს, ანუ გარკვეუწილად აბრკოლებს მოქალაქეების მხრიდან სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის სწორად აღქმას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი იაპონიაში სისხლის სამართლის კოდექსის მთლიანად შეცვლის შესახებ დაიწყო ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში. მომზადდა პროგრამა სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმისათვის, იუსტიციის სამინისტროში მომზადდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი, რომელიც 1974 წელს მოიწონა იაპონიის მთავრობამ, მაგრამ მთავრობის მცდელობას შეეცვალათ სისხლის სამართლის კოდექსი სამართალმცოდნეების და პრაქტიკოსი იურისტების მხრიდან მოჰყვა წინააღმდეგობა. ძირითადად კრიტიკა შეეხო სისხლის სამართლის კოდექსის ძირითად მიმართულებას. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ახალი პროექტი მომზადდა ძველი 20-იანი 30-იანი წლების კონსტიტუციის საფუძველზე და არ იქნა გათვალისწინებული ის დემოკრატიული ცვლილებები, რომელიც მოჰყვა მეორე მსოფლიო ომს. ამიტომ პროექტი უფრო საზოგადოების ინტერესების დაცვაზე იყო ორიენტირებული ვიდრე პიროვნების უფლებების დაცვაზე. ასევე უარყოფითად იქნა შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსის ეთიკური მხარე, რომელიც მაღალი ეთიკური ღირებულებებისა და კეთილდღეობის ხელშემწყობად მიიჩნეოდა. ოპონენტები თვლიდნენ, რომ სისხლის სამართალი მოწოდებულია დაიცვას მოქალაქეების უფლებები და ინტერესები კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. პროექტის მოწინააღმდეგეები თვლიდნენ, რომ სისხლის სამართალი არ უნდა იყოს კავშირში ეთიკასთან, რამეთუ პლურალიზმის ეპოქაში ნაკლებ შესაძლებელია მოინახოს საერთო თვალსაზრისი მორალური ქცევების შესახებ.

იაპონიაში გატარებული სისხლის სამართლებრივ-პროცესუალური (სასამართლო) პოლიტიკისათვის დამახასიათებელია: დამნაშავის პიროვნებისადმი და მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი ინდივიდუალური მიდგომა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროდან მცირე მნიშვნელობის მქონე და  კონკრეტული გარემოებების გამორიცხვა (როგორიცაა ვითარების, ჩადენილი ქმედების და ა.შ. გათვალისწინება).  ყოველივე ეს ხელს უწყობს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას (Ross Mouer, W.Clifford). როგორც ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავს მათ შორის (xattori takaaki) პროკურატურის დასკვნებისა და პოლიციაში არსებული დაუდასტურებელი ვარაუდების პროცენტული მაჩვენებელი 5%-მდეც არ აღწევს. დაცულია მართლზომიერი პასუხისმგებლობის პრინციპი, რომელიც რეალიზდება ,,ზომები მცირემნიშვნელობის მქონე დანაშაულებისათვის" (სსსკ-ის 146-ე მუხლი) ფორმით (რაც ძირითადად პოლიციის კომპეტენციაა) ან ,,სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის გადადებით" (სსსკ-ის 248) (პროკურატურის კომპეტენციაა).

კრიმინოლოგიური პოლიტიკის არსი, რომელიც ხორციელდება თანამედროვე იაპონიაში, მდგომარეობს დანაშაულთა პროფილაქტიკაში _ როგორც პირველადი, ისე მეორადისათვის, რაც შეესაბამება ხელისუფლების მიერ გატარებულ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას. დანაშაულის რეციდივის თავიდან ასცილებაში. იაპონიაში ცდილობენ გარკვეული ,,იარლიყი" დაადონ პირს, რომელმაც დაარღვია კანონი, რათა მას არ ჩამოუყალიბდეს ,,დამნაშავე პიროვნების", ,,საზოგადოებისაგან გარიყულობის" კომპლექსი. ყოველივე ეს მიიღწევა (სასამართლო გამოძიების სტადიაზე) იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებით, ვინც ჩაიდინა არც თუ ისე საშიში დანაშაული, ხოლო სისხლის სამართლის აღსრულების პოლიტიკის დარგში (პენიტენციალური, შრომა-გასწორებითი) _განსასჯელთა უმრავლესობის დამნაშავედ ცნობილი პირების მიმართ გამოიყენება სასჯელები, რომლებიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, ან თავისუფლების აღკვეთა მცირე  ვადით, მსჯავრდებულების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა. კონტროლის და აღმზრდელობითი ღონისძიებების ფართო პროგრამის გატარება თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან ვადამდე ადრე განთავისუფლებული პირების მიმართ.



სამართლის დოქტორი რამაზ კვარაცხელია

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1704 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]