რამაზ კვარაცხელია ''საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28–ე მუხლის კომენტარი''
2011-06-28, 5:00 PM

მუხლი 28. აუცილებელი მოგერიება

 

1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ  ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

2. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

3. ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ  შეიძლებოდა.

4. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

1. აუცილებელი მოგერიების უფლების მინიჭება მოქალაქისთვის ნიშნავს მისი უფლების დაცვის ერთ-ერთ საშუალებას და ხელს უწყობს მართლწესრგის განმტკიცებას.

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როცა ქმედება ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არ არის მართლსაწინააღმდეგო. ასეთ ქმედებებს კანონი დანაშაულად არ ცნობს. უკეთ რომ ვთქვათ, გარეგნულად დანაშაულის მსგავსი ქმედებები შეიძლება არ წარმოადგენდეს დანაშაულს. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი განსაზღვრავს აუცილებელი მოგერიების ცნებას, რომელიც არის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება.

ჩვენი აზრით, ყაჩაღობის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად ჩაითვლება თავდამსხმელის ნებისმიერი ხასიათის ხელყოფა თუ:

_თავდასხმა ან თავდასხმის საფრთხე იყო რეალური და არა მოჩვენებითი, თუმცა მოჩვენებითმა მოგერიებამაც შეიძლება ზოგჯერ გამორიცხოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ არსებული ვითარება მომგერიებელს აძლევდა საკმარის საფუძველს იმისას, რომ ევარაუდა რეალური თავდასხმის არსებობა და მას შეგნებული არ ჰქონდა ამ ვარაუდის უსაფუძვლობა და მცდარობა.

თავდასხმის რეალურობასთან დაკავშირებით პროფ. მ. ტურავას მოჰყავს საინტერესო მაგალითი. იგი წერს "ა.-მ მოკლა ც., რომელსაც უნდოდა ა.-ს მხოლოდ შეშინება, თუმცა მომგერიებლის წარმოდგენით იგი რეალურ თავდასხმას ახორციელებდა (ე. წ. მოჩვენებითი მოგერიება). ასეთი შემთხვევა არ წარმოადგენს აუცილებელ მოგერიებას, ვინაიდან, თავდასხმა არ იყო რეალური, ობიექტური, არამედ მხოლოდ მომგერიებლის წარმოდგენაში არსებობდა. მოჩვენებითი თავდასხმის მომგერიებელი არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა იყო მისატევებელი. თუ შეცდომა მისატევებელია, მაშინ იგი დაისჯება მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, ხოლო თუ შეცდომა არ დაუშვა და იცოდა, რომ ც. ხუმრობით ან შეშინების მიზნით დაესხა თავს, ა.-ს ქმედებაში იქნება განზრახი მკვლელობის ნიშნები.”

ამ საკითხზე პროფ. ზ. წულაია აღნიშნავს, რომ "მკვლელობა მოჩვენებითი მოგერიებისას განიხილება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებისათვის პასუხისმგებლობის საერთო წესის მიხედვით.”  ამ აზრს არ ეთანხმება პროფ. ო. გამყრელიძე და სავსებით სამართლიანად აღნიშნავს, რომ "რაც შეეხება მოჩვენებით მოგერიებას, ასეთი შემთხვევა შეცდომის პრინციპის მიხედვით უნდა გადაწყდეს. თუ მოჩვენებითი მოგერიების მდგომარეობაში მყოფს შეცდომა არ ეპატიება, მან პასუხი უნდა აგოს გაუფრთხილებლობისათვის.” 

_თავდასხმის ან თავდასხმის საფრთხე უნდა იყოს საშიში მომგერიებლის ან სხვისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სხვა სიკეთისათვის.

_თავდასხმის მოგერიებისას ზიანი უნდა მიადგეს მხოლოდ თავდამსხმელს (ხელმყოფს). უნდა აღინიშნოს ის, რომ კანონით დაზიანების მიყენება შეუზღუდავია ვინაიდან, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლში დაზიანების არანაირ შეზღუდვაზე საუბარი არ არის. ამ საკითხზე პროფ. ო. გამყრელიძე აღნიშნავს რომ "სიტყვები "ხელმყოფის დაზიანება” ფართო ცნებაა და მასში ყოველგვარი დაზიანება, მათ შორის სიცოცხლის მოსპობაც უნდა ვიგულისხმოთ.”

ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა ამ საკითხზე პროფ. ალ. კვაშილავა იგი წერს: "შეიძლება განსხვავებული აზრი წარმოიშვას ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნულ კანონში მითითებული დაზიანება მოიცავს სიცოცხლის მოსპობასაც. . .”

 2. კოდექსის ეს ნორმა პირს არ ავალდებულებს თავი დაიცვას თავდასხმისაგან, ის მხოლოდ უფლებას ანიჭებს მას თავი დაიცვას მიუხედავად იმისა შეუძლია თუ არა მას თავი დაიცვას ან საშველად მოუხმოს სხვას. მას უფლება აქვს გაიქცეს და თავი აარიდოს შესაძლებლობის ფარგლებში შესაძლო თავდასხმას, თუმცა მას კანონი არ ავალდებულებს ასე მოიქცეს. მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო რამ, მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ პირს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი თავისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად და მას შეუძლია არ დააზიანოს და გაიქცეს, მაგრამ ამ ნაწილში საუბარია ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვაზეც. ამ შემთხვევაში მას ამ მუხლის მიხედვით არა აქვს ვალდებულება სხვისი სიკეთის დაცვის მიზნით დააზიანოს ხელმყოფი, მას მხოლოდ უფლება აქვს და მან შესაძლოა არ გამოიყენოს ეს უფლება. მაგრამ მაშინ დადგება პირის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლებით. ამიტომ ეს ორი ნორმა ურთიერთსაწინააღმდეგოა ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამოღებულ უნდა იქნეს სიტყვათა წყობა ”ან სხვისი” და დანარჩენი დარჩეს უცვლელად.

3. დაზარალებულს უფლება აქვს ასევე ნივთის დაბრუნების მიზნით დააზიანოს ხელმყოფი.

ამ საკითხზე სწორად მსჯელობს პროფ. ო. გამყრელიძე იგი წერს: "ყაჩაღობა დამთავრებულია ნივთის დაუფლების მომენტიდან, მაგრამ ყაჩაღის მხრიდან ნივთის დაუფლება დაზარალებულს მოგერიების უფლებას არ უსპობს. ხელმყოფის დაზიანება მართლზომიერი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს წართმეული ნივთის დაბრუნებას ემსახურება.”

პრაქიკაში ხშირია შემთხვევები, როცა ქურდი, მძარცველი ან ყაჩაღი ნივთის შენარჩუნების მიზნით აზიანებს დაზარალებულს. სასამართლო პრაქტიკაში ასეთ ქმედებებს დამატებითი კვალიფიკაცია არ ეძლევა. მაგალითად, განაჩენით გ. ჩიგოგიძეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წ. 26 ივლისს გ. ჩიგოგიძემ ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე, დროებითი სარგებლობის მიზნით, მობილური ტელეფონი გამოართვა ნაცნობ ვ. დავითაძეს. შემდეგ სთხოვა სამი დღით ეთხოვებინა და როცა პატრონისგან უარი მიიღო, ტელეფონი გაიტაცა და გამოძიებით დაუდგენელ თანმხლებ პირთან ერთად გაიქცა. მას დაედევნენ ვ. დავითაძე და მისი მეგობარი კ. ტყაბლაძე. ეს უკანასკნელი წამოეწია და შეეცადა მის დაკავებას, მაგრამ გ. ჩიგოგიძემ ჯიბიდან ამოიღო საკეცი დანა, იქნევდა მას და კ. ტყაბლაძეს აფრთხილებდა, არ მისულიყო მასთან ახლოს. ამ დროს დანა კ. ტყაბლაძეს მოხვდა მკერდის არეში, რითაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება.

ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ტ. ნიკურაძე საკასაციო საჩივრით ითხოვდა გ. ჩიგოგიძის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადააკვალიფიცირა გ. ჩიგოგიძის ქმედება ყაჩაღობიდან ძარცვაზე, რადგან მან სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განახორციელა თავდასხმა, რომელიც დაკავშირებული იყო დაზარალებულის ჯანმრთელობის საშიშ ხელყოფასთან.

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ გ. ჩიგოგიძის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ყაჩაღობას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ჩიგოგიძეს ვ. დავითაძისთვის მობილური ტელეფონი ყაჩაღობის გზით არ წაურთმევია, მან კ. ტყაბლაძეს დაზიანება მიაყენა მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად დაეუფლა ტელეფონს და ჩაიდო ჯიბეში, მის მიერ დანის გამოყენება მიზნად ისახავდა დადევნებული პირებისგან თავის დახსნას. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გ. ჩიგოგიძემ ვ. დავითაძის კუთვნილი ტელეფონი გაიტაცა თანმხლებ პირთან ერთად.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და მისი ქმედება სწორად დააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.

ჩვენი აზრით, პირს აქვს უფლება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანოს ხელმყოფი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გ. ჩიგოგიძის მიმართ განხორციელებული ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო, რადგან ის გატაცებული ნივთის უკან დაბრუნებას ემსახურებოდა, ამიტომ ვ. დავითაძის ქმედება იყო მართლზომიერი.

ყაჩაღური თავდასხმისას პრაქტიკულად გამორიცხულია თავდამსხმელის მიერ განხორციელებული თავდასხმის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი თუნდაც ერთი გარემოების არსებობისა.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში ჩადენილ თავდასხმად შეიძლება ჩაითვალოს დაზარალებულის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომელიც გატაცებული ნივთის დაბრუნებას ემსახურება.

იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ფორმალური შემადგენლობის დანაშაულებში სხვაგვარად უნდა მოხდეს აუცილებელი მოგერიების საკითხის განხილვა. მაგალითად, თ. დონჯაშვილი აღნიშნავს, რომ "სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, ყაჩაღობა დამთავრებულ დანაშაულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან, მაგრამ აუცილებელი მოგერიების ვითარება არ შეიძლება (წარმოიქმნას) თავდასხმის მომენტში.”  მართალია, ყაჩაღობა იურიდიულად დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, გაგრძელდეს პირის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, რომლისგანაც დაცვის გარანტიებს იძლევა სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი. აქედან გამომდინარე, დაზარალებულს უფლება აქვს აუცილებელი მოგერიებისა, თუკი მის მიმართ არსებობს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის საფრთხე. მაგალითად, თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მძღოლისა და იქ მყოფი პირებისაგან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოითხოვა ფული და სხვა ძვირფასეულობა. ამ შემთხვევაში ყაჩაღობა დამთავრებულად ითვლება, მაგრამ არსებობს ამ ხალხის მიმართ ძალადობის მუქარის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა ამიტომ სანამ თავიდან არ იქნება აუცილებული საფრთხე, მანამდე დაზარალებულს აქვს იურიდიული უფლება თავის დაცვისა და ხელმყოფის მოგერიების.

4. თავდაცვა არ უნდა აღემატებოდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. კანონი, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად "აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდასხმის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.” მაგრამ იმისათვის, რომ სწორად გადაწყდეს თავდასხმის მოგერიების შესაბამისობის საკითხი, უნდა გავითვალისწინოთ საქმის კონკრეტული გარემოებები, საშიშროების ხარისხი და ხასიათი, თავდასხმისა და თავდაცვის ინტენსივობის თანაფარდობა. ბუნებრივია, რომ მომგერიებელი თავდასხმის შედეგად ხშირად სულიერი აღელვების მდგომარეობაშია და შესაძლოა ვერ განსაზღვროს თავდასხმის საშიშროების ხასიათი და შეარჩიოს თავდაცვის სრულიად შეუსაბამო საშუალება. რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგი, მიუხედავად ამისა მომგერიებელმა შეიძლება პასუხი მაინც არ აგოს.

ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს ზოგიერთ ქართველ მეცნიერს მაგ:, პროფ. ზ. წულაია აღნიშნავს, თითქოს ”აფექტის დროს ადგილი აქვს ძლიერ სულიერ აღელვებას, ხოლო აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობისას მომგერიებელი იმყოფება ჩვეულებრივი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.”  ეს მოსაზრება საკმაოდ დასაბუთებულად უარყო პროფ. ო. გამყრელიძემ. მან აღნიშნა, რომ "ეს აზრი სრულიად მიუღებელია. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში მომგერიებელი იყოს "ჩვეულებრივი სულიერი აღელვების მდგომარეობაში,” როცა მას თავდამსხმელთან სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა აქვს გამართული და მისი სიცოცხლეც ბეწვზე ჰკიდია.”  ის, რომ მომგერიებელი არ შეიძლება იმყოფებოდეს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ამას ამტკიცებს პროფ. მ. ტურავაც.  

ჩვენი აზრით, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მომგერიებელი არ იმყოფება მშვიდად, რადგან მას არა აქვს პირდაპირი განზრახვა სხეულის დაზიანების ან მკვლელობის მიმართ. თუ პირმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაამეტა პირდაპირი განზრახვით, ანუ მან იცოდა რომ ხელმყოფის დაზიანება ან მოკვლა აუცილებელი არ იყო, მაგრამ სურდა მისი დაზიანება ან მოკვლა და დააზიანა ან მოკლა კიდეც ამ შემთხვევაში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. (ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 108-ე, 109-ე, 111-ე მუხლები და ა. შ.)

სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლის მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების შემთხვევაში, ესე იგი მაშინ, როცა დადგინდება, რომ მომგერიებელმა თავის დაცვა აწარმოვა ისეთი მეთოდებითა და საშუალებებით რომელთა გამოყენება არ იყო აუცილებელი მის მიმართ გამოყენებული თავდასხმის აღსაკვეთად.

აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი მკვლელობები არც თუ უცხოა სასამართლო პრაქტიკისათვის, საიდანაც მოგიყვანთ ერთ შემთხვევას, რომელიც განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ. საქმის ვითარება განაჩენით დადგენილია და არის შემდეგი:

ამბროლაძე,  რაზმაძის კუთვნილ ავტომანქანაში ჩაჯდა გოგუას შეთავაზებით. იგი მოთავსთა გოგუას უკან, სალონის მარჯვენა მხარეს, ხოლო მშვილდაძემ საჭე დაუთმო გაბრიჩიძეს და თვითონაც ავტომანქანის უკანა სავარძელში გადავიდა. გოგუას მითითებით ისინი გაემართნენ ქუთაისის ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში არსებულ სასაფლაოსაკენ. მანქანის მსვლელობის დროს გოგუამ და მშვილდაძემ ამბროლაძეს მიაყენეს, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხოფა და დაემუქრენ მოკვლით. Gგოგუამ მანქანის გაჩერების შემდეგ თავისი სავარძლიდან ამოიღო ,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, შებრუნდა ამბროლაძისაკენ და მოკვლით დაემუქრა, ამბროლაძემ სცადა გოგუასთვის პისტოლეტის წართმევა, რა დროსაც გოგუამ მოახდინა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ტყვიები მოხვდა როგორც ამბროლაძეს, რომელმაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის  დაზიანება, ასევე ამბროლაძის გვერდით მჯდომ მშვილდაძეს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. დაჭრილმა ამბროლაძემ იასარგებლა გოგუას სიმთვრალით, გამწარებულმა მარჯვენა ხელით წაართვა პისტოლეტი და რამდენჯერმე ესროლა, რადგან ფიქრობდა, რომ გოგუას ჰქონდა მეორე იარაღი, რომელსაც მის წინააღმდეგ გამოიყენებდა. მიყენებული ჭრილობების შედეგად გოგუა ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლო კოლეგიამ ამბროლაძის ქმედება დააკვალიფიცირა როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს ჩადენილი მკვლელობა და განაჩენში მიუთითა, რომ ამბროლაძის მოქმედება, მის მიერ გოგუასადმი იარაღის წართმევამდე, იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, შემდეგ კი მან გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, რამდენადაც იარაღის წართმევის შემდეგ გოგუას მხრიდან ამბროლაძეზე ხელყოფა აღარ იყო რეალური და იმწუთიერი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სავსებით საფუძვლიანად არასწორად მიიჩნია კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამბროლაძის მოქმედება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის აღმოცენების შემდეგ, როცა მან იარაღი წაართვა გოგუას და მისი მიმართულებით გაისროლა აშკარად შეუსაბამო იყო მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. აღნიშნულის საფუძვლად მიაჩნია, რომ ამბროლაძის ვარაუდი გოგუას მიერ მეორე იარაღის ამოსაღებად წინ გადახრასთან და მის საწინააღმდეგოდ გამოყენებასთან დაკავშირებით, არარეალური იყო, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ გოგუას მეორე იარაღი არ ჰქონია.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დიდი პალატა თვლის, რომ ამბროლაძის მხრიდან იარაღის წართმევით აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის შეწყვეტის პირობები ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამბროლაძეზე თავდასხმა იყო მარლთსაწინააღმდეგო ხასიათის, რეალური და იმწუთიერი, ამასთან მის მიერ გოგუასათვის იარაღის წართმევის შემდეგაც მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე განვლილი არ იყო და იგი რეალურად იმყოფებოდა აუცილებელი მოერიების ფარგლებში, ვინაიდან გოგუას მხრიდან ამბროლაძეზე მართლაწინააღმდეგო თავდასხმის განხორციელება შესაძლებელია იარაღის გარეშეც გაგრძელებულიყო, რის გამოც ამბროლაძე იძულებული იყო წართმეული იარაღი გამოეყენებინა გოგუას მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ იარაღის წართმევა თავდამსხმელისათვის არ უნდა შეფასდეს საფრთხის გაუვნებელყოფად, თუ კი არსებობდა იმისი რეალური ვარაუდი, რომ თავდსხმა გაგრძელდებოდა, ხოლო ამ დროს ჩადენილი მკვლელობა არ უნდა დაკვალიფიცირდეს აიცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილ მკვლელობად, არამედ ის უნდა შეფასდეს  სისხლის სამარლის კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობად.

გასათვალისწინებელა ის გარემოება, რომ ამბროლაძის ვარაუდი, რომ გოგუა იყო კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი და ეს უკანასკნელი პოლიციის მიერ იძებნებოდა, რეალურია. მისთვის ცნობილი იყო ისიც, რომ გოგუა შეიარაღებული დადიოდა. გარდა ამისა, მანქანაში იმყოფებოდა მესამე პირი გაბრიჩიძე, რომლიც ახლდა გოგუას და ამბროლაძემ არ იცოდა ის შეიარაღებული იყო თუ არა. 

ამდენად, როგორც ვხედავთ ამბროლაძის მოქმედება ექცევა მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და ის არ წარმოადგენს მარლთსაწინააღმდეგო ქმედებას, ამიტომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება, რომლითაც უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ამბროლაძე, სავსებით კანონიერია.

აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადამეტებით მკვლელობას მაშინ ექნება ადგილი, როცა მკვლელი თავდამსხმელის (ხელმყოფის) მოსაგერიებლად გამოიყენებს ისეთ საშუალებებს, რომელიც მოსაგერიებლად აუცილებელი არ იყო.

აუცილებელი მოგერიებით ჩადენილი მკვლელობის მაგალითს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განხილული საქმე. საქმის გარემოება არის შემდეგი:

თბილისში მცხოვრებ დ. ჭანტურიასთან დილით სტუმრად მივიდა მეგობარი დ. მითიაშვილი. ბინაში შესვლისთანავე დ. მითიაშვილმა, რომელიც უსაფუძვლოდ იყო განაწყენებული დ. ჭანტურიაზე, ჯერ ჯოხით სცემა მას, ხოლო შემდეგ ამოიღო დანა და დაარტყა ჭანტურიას თავის არეში, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დ. ჭანტურიას ყვირილზე მეორე ოთახიდან  გამოვიდა მისი დედინაცვალი მ. ჭანტურია, რომელმაც შეძლო დ. მითიაშვილის შეჩერება, დაამშვიდა იგი და გააცილა სახლიდან. ბინიდან გასვლისას დ. მითიაშვილი დ. ჭანტურიას მოკვლით დაემუქრა. იმავე დღეს დაახლოებით 12.00 საათზე დ. მითიაშვილი და დ. ჭანტურია მეგობრებთან_ა. მახარაძესთან და ზ. გელეიშვილთან ერთად კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრისას დ. ჭანტურიამ მეგობრებთან ერთად სთხოვა დ. მითიაშვილს, აეხსნა განაწყენებისა და სხეულის დაზიანების მიზეზები, მაგრამ ამის მაგიერ დ. მითიაშვილმა კვლავ შეაგინა დ. ჭანტურიას დედა, ამოიღო უბიდან რკინის მოგრძო საგანი, დაახლოებით 20 სმ და მოუქნია დ. ჭანტურიას, რომელმაც უკან დაიხია. დ. ჭანტურია აღმოჩნდა რეალური საფრთხის წინაშე. იმაში დარწმუნებულმა, რომ მითიაშვილი კვლავ მიაყენებდა სხეულის დაზიანებას, გახსნა დანა და გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, ვინაიდან მისი მოქმედება არ შეესაბამებოდა მასზე განხორციელებულ თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას. იგი მოქმედებდა რა არაპირდაპირი განზრახვით, შეგნებულად უშვებდა მოსალოდნელ მძიმე შედეგს_სიკვდილის დადგომას, მაგრამ არ სურდა ასეთი, დანა ერთხელ დაარტყა მისკენ მიმავალ მითიაშვილს მუცლის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დ. ჭანტურია მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო მითიაშვილი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა.  ამ საქმეზე პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი კანონიერია და არ არსებობს მასში ცვლილების შეტანის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ სწორადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.



სამართლის დოქტორი: რამაზ კვარაცხელია

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 3039 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]