რამაზ კვარაცხელია ,, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება’’
2011-06-28, 5:05 PM
განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლების სისხლის სამართლებრივი დახასისთება და მისი კვალიფიკაციის პრობლემები

1. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

როგორც ვხედავთ სისხლის სამართლის 183-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთი საგნების დაუფლებას, როგორიცაა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთი ან დოკუმენტი.
ამ დანაშაულის უშუალო ობიექტია მესაკუთრის ან მფლობელის მიერ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მიმართ მისი უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მუხლში არაფერია ნათქვამი ნივთის დაუფლების ხერხზე. ამიტომ ის შეიძლება მოხდეს ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გამოძალვის, თაღლითობის და ა. შ. ფორმით.
სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი.
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად უნდა დადგინდეს შემდეგი გარემოებები:
ნივთი ან დოკუმენტი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ან უნდა დაეუფლონ უნდა იყოს:
მოძრავი და ამავე დროს განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების. აქედან ერთ-ერთის არსებობა საკმარისია ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის. მაგალითად, ნივთი შეიძლება იყოს განსაკუთრებული ისტორიული, მაგრამ არ იყოს მეცნიერული ღირებულების.
როგორც ვხედავთ, სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლი ითვალისწინებს განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მოძრავი ნივთი ან დოკუმენტი, რადგან უძრავი ნივთის დაუფლება შეუძლებელია.
უნდა აღინიშნოს ის, რომ კულტურის მოძრავი ძეგლის გადაადგილება ან დაუფლება არ უკარგავს და არ უცვლის მას იმ თვისებას, რომლის გამოც მას მიენიჭა მოძრავი ძეგლის სტატუსი.
სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგნის ჩამონათვალს იძლევა "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანე, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია", ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით ხდება მოძრავი ძეგლების კლასიფიკაცია მისი სახეობის, ტიპოლოგიური, ფუნქციური, ქრონოლოგიური, ესთეტიკური და სულიერი მნიშვნელობის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.
აქედან გამომდინარე სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს მოძრავი ძეგლები, რომლებიც "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტშია ჩამოთვლილი. ეს ძეგლებია:
ა) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული სახვითი ხელობნების ნიმუში;
ბ) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში;
გ) ისტორიულ მოვლენებთან ან ისტორიულ პირთა მოღვაწეობასთან დაკავშირებული ნივთები;
დ) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან კულტურულ ფენებში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები ან/და მათი ფრაგმენტები;
ე) ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული საკულტო დანიშნულების ნივთი;
ვ) ხელნაწერები, ინკუნაბულები, სიგელები, გუჯრები და ბეჭდვითი გამოცემები, რომელთაც აქვთ ისტორიული, მხატვრული და სამეცნიერო ღირებულება;
ზ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, მათ შორის, ფოტო- ფონო-, კინო-, ვიდეომასალები;
თ) ეთნოგრაფიული ნივთები;
ი) უნიკალური ავეჯი და მუსიკალური ინსტრუმენტები;
კ) მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლები;
ლ) სხვა გადაადგილებადი ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა ღირებულება, მათ შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ნახაზები, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ასლები.
იმისათვის, რომ დაუფლებული ნივთი ჩავთვალოთ სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგნად აუცილებელია დაინიშნოს ექსპერტიზა, რათა დადგინდეს დაუფლებული ნივთი განეკუთნება თუ არა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მოძრავი ნივთს ან დოკუმენტს. ასეთ საგნებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ განეკუთვნება ისეთი ნივთები, როგორიცაა ანტიკვარული ნივთი, იშვიათი სახის ხელნაწერი, საარქივო, ფოტო, კინო მასალა, საფოსტო მარკები ან ძველი მონეტები ან მეფეების ტანსაცმელი, საბრძოლო მასალა ან სხვა ნივთი, რომლებიც დაცულია მუზეუმებში და სხვადასხვა ფონდებში.
სუბიექტური მხარე დანაშაულისა გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში. პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ეუფლება განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მოძრავ ნივთს ან დოკუმენტს და უნდა სურდეს კიდეც აღნიშნული.
თუ სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მოხდება ქურდობით, მაშინ დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება ამ ნივთების დაუფლების მომენტიდან. ანალოგიურად გადაწყდება საკითხი ნივთების ძარცვის გზით დაუფლების შემთხვევაში.
სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლში არ არის მითითებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მოძრავი ნივთის ან დოკუმენტის დაუფლების ფორმები. მაგალითად, დანაშაული ფარულად მოხდა თუ აშკარად. მაგრამ მან დანაშაულის კვალიფიკაციის დროს არ უნდა შექმნას პრობლემა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 180-ე, მუხლებში მოცემულია სხვისი ნივთის დაუფლების სხვადასხვა ხერხი, ამასთან მათში მითითებულია არა კონკრეტული რომელიმე ნივთი არამედ ნებისმიერი საგანი, რომლის დაუფლებაც შესაძლებელია ზემოთხსენებული მუხლებით გათვალისწინებული ხერხით. ამიტომ თუ ექნება ადგილი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და ეს ნივთი იქნება განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მქონე ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით.
პრობლემატურია საკითხი განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მოძრავი ნივთის ან დოკუმენტის ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლების შემთხვევაში. როგორც მოგეხსენებათ ყაჩაღობა დამთავრებულია ნივთის მისაკუთრების მიზნით თავდასხმის მომენტიდან, ამიტომ პრაქტიკაში ძნელი გასარკვევია ამ ქმედების კვალიფიკაციის საკითხი. იურიდიულ ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ყაჩაღური თავდასხმის გზით განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მოძრავი ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს ზემოთხსენებული ნივთების ან დოკუმენტის დაუფლების მომენტიდან. თუ თავდასხმის შედეგად ვერ მოხერხდა ნივთების დაუფლება, მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობით.
ამ საკითხზე ანალოგიური მოსაზრება აქვთ გამოთქმული მ. ლეკვეიშვილსა და გ. მამულაშვილს. ისინი წერენ "განსაკუთრებული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლება მისაკუთრების მიზნით დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ სუბიექტი ფაქტობრივად დაეუფლა და თავის ან სხვა პირთა სარგებლობაში მოაქცია ეს ნივთები, ხოლო თუ ყაჩაღური თავდასხმა არ დამთავრდა ნივთის დაუფლებით, იგი უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა და არა დამთავრებული დანაშაული." ანალოგიური მოსაზრება აქვს გამოთქმული პროფ. ზ. წულაიასაც .
ამ საკითხზე პროფ. ზ. წულაია აღნიშნავს, რომ „სხვისი ქონების დანაშაულებრივი დაუფლების (დატაცების) მუხლთა სანქციების შედარებითი შეპირისპირება ცხადად გვიჩვენებს, რომ სსკ-ის 183-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით ყაჩაღობის არა მარტო ტოლფასოვანი, არამედ ცოტათი მეტიცაა. სწორედ ამიტომაა, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების ფორმულირების დროს კანონმდებელი საგანგებოდ არ მიუთითებს დატაცების ხერხებს, რითაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმ საგნების დატაცება, რომლებიც განსაკუთრებული ფასეულობის მქონეა, უნდა დაკვალიფიცირდეს ერთნაირად დამოუკიდებელად დატაცების ხერხისა. ყაჩაღობასთან მიმართებაში გამოკვეთილად უნდა ითქვას, რომ 183-ე მუხლის შემადგენლობით შთაინთქმება ყაჩაღობა და დამატებითი კვალიფიკაცია დატაცების ხერხის გათვალისწინებით საჭირო არ არის."
ავტორთა მიერ ზემოთ მოყვანილი მსჯელობა, ჩვენი აზრით, არის სადაო, რადგან ყაჩაღობა თუ ითვლება დამთავრებულად ნებისმიერი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმის მომენტიდან, მაშინ სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგნის დაუფლების მცდელობისას ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ორი მუხლის ერთობლიობით სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, როგორც დამთავრებული ყაჩაღობა და სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლის მცდელობით. ასეთი დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ ყაჩაღობამ გარდა საკუთრებისა შეიძლება ხელყოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამიტომ პირზე თავდასხმას, რომელსაც თან ახლდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა უნდა მიეცეს ყაჩაღობის კვალიფიკაცია სხვა შემთხვევაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა რჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე. ამასთან მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში მითითებული სიტყვათა წყობა "სხვისი მოძრავი ნივთი" მოიცავს განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლებასაც, მაგრამ ეს ნივთები გათვალისწინებულია სპეციალური მუხლით და ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში გათვალისწინებული დანაშაულის საგნად მათი გამოყენების შესაძლებლობა მცირდება. გარდა ამისა პროფ. ზ. წულაიას მსჯელობა თითქოს 183-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით ყაჩაღობის არა მარტო ტოლფასოვანი არამედ ცოტათი მეტიცაა დიდი ვერაფერი საბუთია ზემოთ მოყვანილი მისი არგუმენტის განსამტკიცებლად. ასეთ დასკვნამდე პროფ. ზ. წულაია ამ ორი დანაშაულის სანქციების შედარების საფუძველზე მივიდა. უნდა ითქვას, რომ მარტო სანქციის მიხედვით არ უნდა განისაზღვროს დანაშაულის საშიშროება. მართალია კანონმდებელი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინების საფუძველზე ურჩევს დანაშაულს შესაბამისი სიმძიმის სანქციას, მაგრამ ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ კანონმდებლის შეხედულება და ობიექტური გარემოებები ყოველთვის ემთხვეოდეს ერთმანეთს. ამიტომ პროფ. ზ. წულაიას მსჯელობა თითქოს სსკ-ის 183-ე მუხლის შემადგენლობით შთაინთქმება ყაჩაღობა არის არადამაჯერებელი და მეცნიერული თვალსაზრისით მიუღებელი.
ჩვენი აზრით, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მოძრავი ნივთის ან დოკუმენტის ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლების შემთხვევაში ამ ნივთებზე უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევებში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლით და 183-ე მუხლის მცდელობით. თუ ნივთი იქნა გატაცებული, მაშინ კვალიფიკაცია უნდა მოხდეს სსკ-ის 179-ე და 183-ე მუხლების ერთობლიობით.
ამ საკითხზე სასამართლო პრაქტიკის კომენტარის ავტორები აღნიშნავენ, რომ "ეს ის საკითხია, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის ამოცანებს. ძნელია, სამართლებრივი დასაბუთება მოუძებნო იმას, რომ თავდასხმა ჩვეულებრივი ნივთის დაუფლების მიზნით, დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, ხოლო, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლების მიზნით თავდასხმა, ვიდრე მისი საბოლოო დაუფლება არ მოხდება, თავდასხმის მომენტში წარმოადგენს მხოლოდ დანაშაულის მცდელობას. ეს საკითხიც საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს."
ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა არის საკანონმდებლო დამატების განხორციელება. ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის III ნაწილს, ჩვენი აზრით, უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ" პუნქტი. ყაჩაღობა ჩადენილი: „განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მოძრავი ნივთის ან დოკუმენტის დაუფლების მიზნით." ვფიქრობთ მუხლის ასეთი ფორმულირება გამოასწორებს ამ ხარვეზს და წერტილს დაუსვამს ამ საკითხზე გამართულ მეცნიერულ დავას.

რამაზ კვარაცხელია
სამართლის დოქტორი, პროფესორი
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1691 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]