რამაზ კვარაცხელია ,, განაჩენის დაუსწრებლად გამოტანის საფუძვლიანობა და მისი სამართლებრივი შედეგები”
2011-06-28, 5:01 PM

ნაშრომი დაწერილია საქართველოს ძველი სისსხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედების დროს, მაგრამ საკითხი დღესაც აქტუალურია და საინტერესო იქნება ბრალეულობის დადგენის საკითხით დაინტერესებული პირებისათვის და ხელს შეუწყობს სამართლებრივი აზროვნების განვითარებას.

 

საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, მით უფრო ბოლო წლებში, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში განხორციელებულმა ცვლილებებმა უფრო შესამჩნევი გახადა სისხლის სამართლის პროცესის პრინციპების დაცვის აუცილებლობა. მაგალითად, განსასჯელის დაუსწრებლად განაჩენის გამოტანის საკითხის მოყვანაც კი საკმარისია სხვას რომ თავი დავანებოთ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 443-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: "განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ როცა:

ა)         განსასჯელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას;

ბ)         განსასჯელი (მსჯავრდებული), რომელსაც შეიძლება დაენიშნოს (დანიშნული აქვს) თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 3 წლისა, შუამდგომლობს, საქმე განიხილონ მის დაუსწრებლად, ან განსასჯელი (მსჯვრდებული) თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელის დაუსწრებლად განხილვა ხელს არ შეუშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევას;

გ)         განსასჯელი თანამდებობის პირი, რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრია და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.”

როგორც ვხედავთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით სხდომის ჩატარება დასაშვებია, მიუხედავად იმისა, მსჯავრდებული ესწრება თუ არა საქმის განხილვას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 444-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: "განსასჯელის გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვა გადაიდება, გარდა 443-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.” ესე იგი, როცა პირი დაკავებულია და ვერ ხერხდება მისი წარმოდგენა სასამართლო სხდომაზე ამ შემთხვევაში კანონი მოითხოვს სხდომის გადადებას, გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა. გამოუცხადებლობაში კი იგულისხმება ის გარემოება, როცა განსასჯელი სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ბადრაგირების განუხორციელებლობის გამო. ამით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ერთის მხრივ მიიჩნევს რომ სხდომა უნდა გადაიდოს რადგან არ ესწრება განსასჯელი, მეორე მხრივ თვლის, რომ საქმის განხილვა შესაძლებელია განსასჯელის დაუსწრებლადაც. საინტერესოა თუ რატომ არ ვრცელდება ერთნაირი მოთხოვნა ერთსა და იმავე შემთხვევაზე, მაშინ როცა ერთნაირი შედეგი შეიძლება დადგეს ორივე შემთხვევაში.

განსასჯელის დაუსწრებლად სხდომის ჩატარების შესაძლებლობა უკვე თავისთავად უშვებს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასაც, რასაც ადასტურებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა. კერძოდ, იქ ნათქვამია, რომ "მსჯავრდებულ თანამდებობის პირს, რეკეტირს ან ქურდული სამყაროს წევრს, რომლის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში უფლება აქვთ გაასაჩივროს განაჩენი დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 14 დღის ვადაში, თუ განაჩენი ამ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გასაჩივრებული მისი დამცველის ან წარმომადგენლის მიერ.”

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: "საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევა განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმეების დაკითხვის, ექსპერტთა დასკვნების შესწავლისა და ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერების გზით, საჭიროების შემთხვევაში – საჯაროდ წაიკითხოს სამაგოძიებო მოქმედების ოქმი და დოკუმენტები.” აქედან ჩანს, რომ სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევა განსასჯელის დაკითხვის გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია განსასჯელის მონაწილეობაც სასამართლო განხილვისას. 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 473-ე მუხლის თანახმად: "1. თუ განსასჯელმა სასამართლოს (მოსამართლის) წინაშე თავი დამნაშავედ ცნო და ეს აღიარება ნებაყოფლობითია, არ იწვევს მხარეთა დავასა და სასამართლოს ეჭვს, სასამართლო გამოძიება სასამრთლო განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება არ ჩატარდეს ან შეიკვეცოს, განსასჯელის დაკითხვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.

2. სასამართლო (მოსამართლე), რომელიც განიხილავს განსასჯელის მიერ ბრალის აღიარებას, ვალდებულია მხარეთა მონაწილეობით დარწმუნდეს, რომ:

ა) განსასჯელს გაცნობიერებული აქვს ბრალის არსი და შედეგები;

ბ) განსასჯელს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება, მიეღო შესაბამისი სამართლებრივი დახმარება თავისი დამცველისაგან, თუ მას დამცველი ჰყავს;

გ) აღიარება ნებაყოფლობითია და ბრალდებულის (განსასჯელის) მიმართ არ ყოფილა მუქარა, დაშინება, იძულება ან სხვაგვარი ზეწოლა ან/და მოტყუება;

დ) აღიარება დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი.” როგორც ვხედავთ, კოდექსის ეს მუხლი იმპერატიულად მოითხოვს მოსამართლისაგან იმაში დარწმუნებას, რომ დაკავებული და ბრალის აღიარებით სასამართლოს წინაშე მდგომ პირს გაცნობიერებული აქვს თუ არ ბრალის არსი და ასევე აღიარება დადასტურებულია თუ არა სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი მასალებით, რომელთაც ეთანხმება განსასჯელი. მაშინ როცა, სხვა მუხლის ნორმა მოითხოვს ყოველგვარი მსგავსი პირობის გარეშე გამოიტანოს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი იმ პირის მიმართ, რომელიც მიმალვაშია და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ი” პუნქტის თანახმად: "განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ: საქმე განიხილეს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულო იყო.” როგორც ჩანს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგიერთი ნორმა მიიჩნევს, რომ  განსასჯელის დასწრება სავალდებულოა და ეგ წესი უნდა გავრცელდეს ყველა შემთხვევაზე, იმ პირობით რა პირობითაც კანონი მიიჩნევს მას ზოგიერთ შემთხვევაში სავალდებულოდ.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი ნორმები ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსგავსი შემთხვევების მიმართ არ არის თანმიმდევრული და საკითხის მიმართ გააჩნია ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებები. გარდა ამისა, განსასჯელის დაუსწრებლად განაჩენის გამოტანა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის იმ ფუნდამენტურ დებულებას, რომ დანაშაული ბრალის გარეშე არ არსებობს, ხოლო ბრალის დადგენა პირის სასამართლო სხდომაზე უშუალო მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ” პუნქტის თანახმად: "განაჩენის დადგენისას სასამართლო თანმიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება;”

მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პირის შერაცხადობის საკითხის დადგენა თვითონ განსასჯელის სასამართლოში წარდგენის და მისი დაკითხვის გარეშე შეუძლებელია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეურაცხაობაში მხოლოდ ფსიქიკურ მდგომარეობას გულისხმობს. მაგალითად, 499-ე მუხლი – განსასჯელის შეურაცხაობის საკითხის განხილვა. ამ მუხლში ყურადღებაა გამახვილებული მხოლოდ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. რაც არ არის სწორი, რადგან შეურაცხაობა მარტო ფსიქიკურ დაავადებას როდი გულისხმობს. სავსებით შესაძლებელია შესაბამის ასაკს მიღწეულმა, ფსიქიკურად ჯანმრთელმა პირმა ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ მას ქმედება არ შეერაცხოს ბრალად გარკვეული გარემოებების გამო, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს ქმედების არაბრალეულობის პირობებს.



სამართლის დოქტორი,პროფესორი

რამაზ კვარაცხელია

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1416 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]