რამაზ კვარაცხელია ,,დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა’’
2011-03-12, 8:13 PM





დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობას შემდეგ,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შორის ერთ-ერთი უმძიმესია ახალშობილის განზრახ მკვლელობა. მკვლელობა თავისთავად უარყოფითი მოლენაა და მის ჩამდენს პირთა მიმართ სასჯელს იყენებს კანონი.
ახალშობილის მკვლელობა გაცილებით შემზარავია და იწვევს საზოგადოების აღშფოთებას. ის ვინც ბავშვს კლავს ავლენს განსაკუთრებულ სისასტიკეს, მაგრამ ეს სისასტიკე არის მხოლოდ ადამიანის ხასიათში და არა მის მოქმედებაში, თუმცა შესაძლებელია ახალშობილის მკვლელობა ჩადენილ იქნას განსაკუთრებული სისასტიკით და მას შესაბამისი მუხლით კვალიფიკაცია ესაჭიროება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილის მკვლელობა აღმაშფოთებელი ფაქტია, ის მაინც ითვლება ისეთ მკვლელობად, რომელიც ჩადენილია შეამამსუბუქებელ გარემოებებში, მაგრამ ახალშობილის მკვლელობა მხოლოდ დედის მიერ მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ ჩადენილი ითვლება ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად და არა სხვა პირის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დედის მიერ ახალშობილის განრახ მკვლელობისათვის, რომელიც ჩადენილია მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.
როგორც ვნახეთ, კანონი განსაზღვრავს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიაობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.
ვინაიდან მკვლელობა გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას დადგენილ უნდა იქნას ის მდგომარეობა თუ როდის და რა მომენტში ითვლება ადამიანის სიცოცხლე სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტად?
სისხლის სამართალში ადამიანის სიცოცხლის დასაწყისად ითვლება ადამიანის დაბადების პროცესის დაწყების მომენტი.
ჩვენი აზრით, დაბადების პროცესი იწყება დედის ორგანიზმიდან ნაყოფის გამოსვლით. თუმცა სამედიცინო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ადამიანის ნაყოფი საშვილოსნოს გარეშე ცხოვრების უნარს იძენს ნორმალური მშობიარობის დაწყებამდე ბევრად ადრე. მაგ., სასამართლო-სამედიცინო პრაქტიკაში მომწიფებულად ითვლება ჩვილი, რომელიც არანაკლები რვა მთვარეული თვის განმავლობაში იმყოფება საშვილოსნოში, ხოლო თუ იგი საავადმყოფოს ან სამშობიარო სახლის სტაციონალურ პირობებში ცხოვრობს საშვილოსნოს გარეშე, პრაქტიკულად იგი სიცოცხლისუნარიანი ხდება შვიდი მთვარეული თვის ასაკის მიღწევისას.
უნდა აღინიშნოს ის, რომ ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს მნიშნელობა არ უნდა მიენიჭოს. მაგ. ნაადრევი მშობიარობის გამო ახალშობილი მოთასებულ იქნა ხელოვნურ სინჯარაში. მიუხედავად იმისა, რომ ის (ბავშვი) არ იყო მომწიფებული, რადგან ის დედის საშვილოსნოში იმყოფებოდა მხოლოდ შვიდი ან რვა მთვარეული თვის განმავლობაში, მისი სიცოცხლის მოსპობა უნდა განვიხილოთ, როგორც ახალშობილის მკვლელობა. (თუმცა ასეთ პირობებში მყოფი ბავშვის მკვლელობა რამდენად იქნება უმალვე ჩადენილი და თანაც დედის მიერ ეს სხვა საკითხია). მაგ., მეუღლესთან და მშობლებთან კონფლიქტის გამო, ორსულობის მერვე თვეს, ქალმა მიიღო მედიკამენტები ჩანასახის მოსპობის მიზნით, ბავშვი ვადაზე ადრე ცოცხალი დაიბადა. ექიმების დასკვნით, მისი სიკვდილი რამდენიმე დღეში გარდაუვალი იყო. დედამ ბავშვი მშობიარობის შემდეგ უმალვე მოკლა. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას უმალვე მშობიარობის შემდეგ.
ყოველივე ზემოთ თქულიდან გამომდინარე განსახილველი მუხლის მიხედვით მკვლელობის ობიექტს წარმოადგენს იმ ჩვილის სიცოცხლე, რომელიც არის ახალშობილი და დედისგან დამოუკიდებლად არსებობის უნარი გააჩნია.
იურიდიულ ლიტერატურაში ავტორთა მიერ ამ საკითხზე გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევაში მხედველობის გარეშე რჩებოდა ადამიანის შეგნება, რადგან მათი აზრით ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვზე ზემოქმედება ორსულობის შეწყვეტის მიზნით, არ იწვევს პიროვნების ცნობიერებაში სიცოცხლისადმი ხელყოფის ასოციაციას და მაშასადამე არ შეიძლება გავაიგივოთ მკლელობასთან.
ბ. ფურცხვანიძე აღნიშნას, რომ ,,მშობიარობის დაწყების მომენტიდან ე.ი. იმ მომენტიდან, როდესაც ნაყოფი იმდენად მომწიფებულია, რომ იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას დედის სხეულის გარეშე, მისი მოსპობა მკვლელობად ჩაითვლება (ორსული ქალის ნაყოფის მოსპობა მშობიარობის დაწყებამდე განიხილება არა მკვლელობად არამედ აბორტად).” იმისათვის რომ გაიმიჯნოს ზოგიერთი სადაო ცნება დამატებით ვიტყვით იმას, რომ ,,სიცოცხლის საწყისი” არის სულ სხვა ცნება და როგორც ზემოთ ითქვა ის მოიცავს ნაყოფის სიცოცხლის უნარიანობის შეძენას უკვე დედის საშვილოსნოში, ხოლო ,,ადამიანის სიცოცხლის საწყისი” არის დაბადების პროცესის დაწყება სწორედ ამ მომენტიდან არის ნაყოფი სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი. (მუხლი 112.)
იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული იყო აზრი, რომ ადამიანის სიცოცხლის საწყისად უნდა ჩაითვალოს სუნთქის დაწყება და დედის საშოსაგან მთლიანი გამოყოფა (ჭიპლარის გადაჭრა) გარდა ამისა, ლიტერატურაში გაბატონებულია აზრი, რომ ადამიანის სიცოცხლის პირობით საწყისად ჩაითვალოს ფიზიოლოგიური მშობიარობის დაწყება.
იურიდიულ ლიტერატურაში დავაა იმ საკითხზე თუ დაბადებიდან რამდენი ხნის განმავლობაში ითვლება ბავშვი ახალშობილად. მაგ., პროფ. ზ. წულაია აღნიშნავს, რომ "სამედიცინო პრაქტიკაში ახალშობილად ითვლება ბავშვი ერთ თვემდე. უფრო მეტი ასაკის ბავშვის მკვლელობა არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენს მიერ განსახილველი მუხლით.” სამედიცინო ლიტერატურაში ახალშობილად ითვლება ბავშვი პირველი 24 საათის განმავლობაში.
იურიდიულ ლიტერატურაში მიმდინარე მსჯელობა იმის თაობაზე თუ რამდენი ხნის განმავლობაში ითვლება ბავშვი ახალშობილად, ჩვენი აზრით, არის უსაგნო, რადგან ამას არავითარი პრაქტიკული და არც თეორიული მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის დისპოზიციაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ მკვლელობა უნდა მოხდეს მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ. სიტყვა "უმალვე” ნიშნავს რაღაცის გაკეთებას ჩქარა, სწრაფად, რაიმე მოქმედებასთან ერთად, მაშინვე. თვალის დახამხამებაში. ამდენად, დისპოზიციაში საუბარია ახალშობილის მკვლელობაზე, დროის არა ნებისმიერ მონაკვეთში, (მაგ., ერთი თვის ან 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ მონაკვეთში) არამედ მხოლოდ უმალვე მშობიარობის შემდეგ, რომელიც მოიცავს დაბადებიდან რამდენიმე წამს ან წუთს.
ამ საკითხს სწორად წყვეტს პროფ. მ. ლეკვეიშვილი, იგი წერს: "არ შეიძლება ცნება _ "უმალვე მშობიარობის შემდეგ” მეტად განვრცობით გამოვიყენოთ, როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი აკეთებს. ტერმინი "უმალვე” მის ზუსტ არსს უნდა ასახავდეს, ამიტომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა განხორციელდეს მშობიარობის დასრულებისთანავე.”
აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.
ობიექტური მხრივ დანაშაულის ჩადენა გამოიხატება, როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში.
იურიდიულ ლიტერატურაში ზოგიერთი მეცნიერი ეწინააღმდეგებოდა ახალშობილის მკვლელობის პრივილეგირებულ შემადგენლობად გამოყოფას. მაგ., თ. ჯუსოევი აღნიშნავს, რომ "არამართლზომიერად მიგვაჩნია ახალშობილის ყველანაირი მკვლელობის მიკუთვნება შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულობებთან.”
თ. ჯუსოევი მხარს უჭერს ნ. ზაგოროდნიკოვის მოსაზრებას ჩვილი ბავშვის მკვლელობის შემთხვევების ორ ჯგუფად პირობით დაყოფის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვილის მკვლელობა დაყოფილია: მკვლელობად, რომლის მოტივები უშუალოდაა განპირობებული მშობიარობის ფაქტით და ახალშობილის მკვლელობა, რომელიც წარმოადგენს ზოგადი ანტისაზოგადოებრივი მოტივების ისეთ გამოვლენას, როგორიცაა ანგარება, ეგოიზმი და ა. შ.
ყოველივე ამის შემდეგ თ. ჯუსოევი აკეთებს დასკვნას, რომ "კონკრეტული გარემოებების არსებობისას დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა, ჩვენის აზრით, შეფასებული უნდა იყოს ან როგორც მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ან როგორც მკვლელობა შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე და არ უნდა ითვალისწინებდეს სასჯელის შემსუბუქების აუცლიებლობას "
ჩვენი აზრით, ეს მოსაზრება არ არის სწორი, რადგან როგორც ამას პროფ. მ. ლეკვეიშვილი ამბობს "ორსულობა და განსაკუთრებით კი არასასურველი ფიზიოლოგიური მშობიარობა ქალის ფსიქიკას თავის დაღს ასვამს. მშობიარობის დროს ქალი განიცდის ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ზემოქმედებას და თუ ამას მისი მიტოვება, სახლიდან გაგდება, გაკიცხვა, მატერიალური სიდუხჭირე, უბინაობა და სხვა მისთ. მატება, ხდება უარყოფითი ემოციების აკუმულაცია, რასაც ქალის აფექტურ ქცევამდე და ახალშობილის მკვლელობამდე მივყავართ.”
ამ საკითხს ეხება პროფ. ო. გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ "სსკ-ის 112-ე მუხლით აღწერილი ქმედების შემადგენლობა სპეციალური შემადგენლობაა. ამ დროს დედა იმყოფება განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგომარეობაში. დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა მშობიარობისას შეიძლება იყოს აფექტში ჩადენილი, მაგრამ აფექტი აქ 111-ე მუხლისგან განსხვავებით, არ არის ვიქტიმური, ესე იგი გამოწვეული დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით. მიუხედავად ამისა, დედა ამ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი განზრახვით უნდა მოქმედებდეს, რადგან მას ამოძრავებს ახალშობილის მკვლელობის მიზანი და სხვა არაფერი.”
ჩვენი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლში სიტყვა "ახალშობილი”-ს გამოყენება ერთ შემთხვევაში პირობითია. სხვა შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნული მუხლის დისპოზიცია არალოგიკურად და არაზუსტად არის შედგენილი, რადგან იქ საუბარია ახალშობილის მკვლელობაზე მშობიარობისას. როცა საუბარია ახალშობილზე ეს იმას ნიშნავს, რომ მშობიარობა დამთავრებულია და ჩვილი დაბადებული, ამდენად უკვე დაბადებული ბავშვის მკვლელობა დაბადებამდე ან დაბადების პროცესში პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მშობიარობის პროცესში, როცა მშობიარობა დაწყებულია და ჯერ არ დამთავრებულა ახალშობილზე საუბარი ზედმეტია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ენციკლოპედიებსა და სამედიცინო ლიტერატურაში არსებული განმარტებები.
ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ "ახალშობილია ბავშვი დაბადებიდან 3-4 კვირის განმავლობაში. ჭიპლარის გადაკვეთის შემდეგ” როგორც ვნახეთ, ახალშობილი დაბადებულად ითვლება ჭიპლარის გადაკვეთის შემდეგ. ამდენად დაბადების პროცესში მყოფ ნაყოფს არ შეიძლება ეწოდოს ახალშობილი. მიუხედავად ზემოთ თქმულისა უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლი მოიცავს იმ ნაყოფის სიცოცხლის მოსპობასაც, რომელიც იბადება ანუ რომელმაც დაიწყო გამოსვლა დედის საშვილოსნოდან.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს თანამონაწილეობითაც. მაგ., დედა შეიძლება იყოს წამქეზებელი საკუთარი შვილის მკვლელობაში. ამ შემთხვევაში ამსრულებლის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ხოლო დედის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლისა და 109-ე მუხლის შესაბამისი პუნქტებით, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

რამაზ კვარაცხელია
სამართლის დოქტორი, პროფესორი

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1941 | რამოტვირთვები: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]