"X" კლანი, ამერიკული მედია და გამოძიება
2011-04-07, 7:10 PM

"X" კლანი, ამერიკული მედია და გამოძიება

 დისკუსია ფრონტლაინში

ნარკოტიკებით მოვაჭრეები ოჰაიოს შტატში ვერ ივაჭრებდნენ თუ განგსტერულ დაჯგუფებას „X"  კლანს გადასახადს არ გადაუხდიდნენ. ურჩ გადამხდელებს „X"  კლანი კლავდა. დაჯგუფების წევრები სხვა ორგანიზებულ დანაშაულებებშიც მონაწილეობდნენ, მათ 15 მდე მკვლელობა და ბინის ქურდობა განახორციელეს.

ამ დანაშაულებების მოწმეები, ანგარიშსწორების შიშით, სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობდნენ, რის გამოც ეჭვმიტანილებს ვერ აპატიმრებდნენ და ეს დაჯგუფება 10 წლის მანძილზე აკონტროლებდა ოჰაიოს შტატის კრიმინალურ სამყაროს.

ანონიმური ჩვენების მისაცემაში მოწმეების დასარწმუნებლად, სამართალდამცავებმა მასმედიას მიმართეს. ამის შემდეგ, „X" კლანის წევრები და მათი „აღმსრულებლები" ერთი მეორეს მიყოლებით დააპატიმრეს და სასამართლოს წარუდგინეს.

როგორ თანამშრომლობს ამერიკაში მედია და გამოძიება, რა არის საჭირო იმისათვის, რომ არ შეიზღუდოს და ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს გამოხატვის თავისუფლებამ და სამართლიანი სასამართლოს უფლებამ და რა პრინციპების დაცვით მუშაობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამერიკაში? - ამის შესახებ უკვე „X" კლანის უკვე დასრულებული საქმის მაგალითზე კლუბ "ფრონტლაინ ჯორჯიაში" შეკრებილ საზოგადოებას გამოცდილებას უზიარებდნენ ამ საქმის წარმოებაში მონაწილე მოსამართლე, დენიელ ჰოგანი, პროკურორი, დევიდ დევილერსი, ტელე-ჟურნალისტი, გეილ ჰოგანი და გაზეთ"კალამბუს დისპეჩის" ჟურნალისტი, კევინ მეიჰუდი.

"როცა რაიმეს ვიძიებ, ორგანიზებულ დანაშაულს ან მკვლელობას, არ მინდა, რომ ამის შესახებ, ვინმემ იცოდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვიზეც ინფორმაციას ვაგროვებ. თუმცა, ისიც მესმის, რომ მედიას თავისი საქმის გაკეთება, საზოგადოების ინფორმირება სურს, ამან კი, შესაძლოა, მოწმეების სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე," - განმარტა საკუთარი პოზიცია პროკურორმა, დევიდ დევილერსმა. რადგან მას და მოსამართლეს არ შეეძლოთ მედიისთვის რაიმე აეკრძალათ და არც მედია გაითვალისწინებდა ამ აკრძალვას, გამოსავალი თანამშრომლობა იყო.

ჟურნალისტი დევიდ დევილერსი „X" კლანის საქმეზე ჟურნალისტურ გამოძიებას ოფიციალური გამოძიების პარალელურად ატარებდა და ხშირად სხვადასხვა ფაქტის თუ მოწმეთა შესახებ ინფორმაცია მას პოლიციაზე ადრე ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დევიდ დევილერსმა მას სთხოვა, რომ გამოძიების ინტერესებიდან და მოწმეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეეკავებინა მასალის სრული გამოქვეყნებისგან, მან ეს თხოვნა გაითვალისწინა.

"ასეთი თანამშრომლობის შედეგად უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ ხოლმე, რადგან პროკურორები და მოსამართლეები უკვე გამოძიების დასრულების შემდეგ მეტ ინფორმაციას გვაწვდიან და სტატია უფრო სრულყოფილი გამოდის, მათი სახით გვიჩნდება საიმედო  წყაროები" აღნიშნა დევიდ მეიჰუდმა.

გამოძიების დასრულების შემდეგ, სასამართლო მეორე გამოწვევის წინაშე დგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს გახმაურებულ საქმეს ეხება. 12 ნაფიცი მსაჯულს განსასჯელის მიმართ არ უნდა ჰქონდეს წინასწარი განწყობა. "ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი მხოლოდ სასამართლოში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გამოიტანონ. "X კლანის" ხელმძღვანელს რონალდ დოსენს რეალურად ერთი მკვლელობისთვის ვასამართლებდით, თუმცა 15 მდე ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და ამის შესახებ მედია ყოველ დღე საუბრობდა. ეს რომ ნაფიც მსაჯულებს სცოდნოდათ, რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებდა" განმარტა მოსამართლე ჰოგანმა. დამალავს თუ არა საქმის შესახებ ინფორმირებულობას ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი, ეს მის სინდისზეა დამოკიდებული. მსაჯულებს არც სასამართლო პროცესის დროს შეუძლიათ მედიისთვის თვალყურის დევნება ან ახლობლებთან, ერთმანეთთან ამ საქმის თაობაზე მოსაზრებების გაზიარება.

დარბაზში დაინტერესდნენ, თუ როგორ გააკონტროლებს მოსამართლე რამდენად ასრულებენ ნაფიცი მსაჯულები ამ წესს და როგორ გაიგებს, თუ რომელიმე მათგანი ამ წესს დაარღვევს. "ვუხსნი, რომ ამ წესის დაუცველობის გამო, მთელი პროცესი შეიძლება ჩაიშალოს და ამას სერიოზულად ეკიდებიან. ასევე ვაფრთხილებ, რომ თუ წესის დარღვევის შესახებ გავიგებ, მათ სამაგალითოდ ვაქცევ და ციხეში ჩავსვამ. დღემდე ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, ალბათ ჩემი ეშინიათ,"- გაიღიმა მოსამართლემ.

ნაფიცი მსაჯულების წინასწარი განწყობის შექმნის არიდების მიზნით, მედიას თხოვნით ჰოგანმაც მიმართა. "გავიგეთ, რომ სასამართლოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დევიდ მეიჰუდის გაზეთი სრული გამოძიების გამოქვყენებას აპირებდა, რაც ნაფიცი მსაჯულების არჩევაში პრობლემას შეგვიქმნიდა. დავურეკე გაზეთის რედაქტორს და ვთხოვე მასალის გამოქვეყნება ერთი კვირით გადაედოთ, რედაქტორი დამთანხმდა" იხსენებდა დენიელ ჰოგანი.

ამის შემდეგ, კითხვა დარბაზიდან ამ სტატიის ავტორის, დევიდ მეიჰუდის მისამართით დაისვა - "როცა ჟურნალისტს აქვს ექსკლუზიური ინფორმაცია, რამდენად ფიქრობს ის, ხელს უშლის თუ არა გამოძიებას და თავი უნდა შეიკავოს თუ არა მისი გამოქვეყნებისგან?"

"ყველა შემთხვევას ინდივიდულაურად უნდა მიუდგეთ და განსაჯოთ სარგებელი როდის უფრო მეტი იქნება. თუ რაიმე ინფორმაცია იმ კონკრეტულ მომენტში გამოქვეყნებას საჭიროებს და შემდეგ აქტუალურობას კარგავს, რა თქმა უნდა, უნდა გამოაქვეყნოთ, მაგრმ "X" კლანის ამბავზე სამი თვე ვმუშაობდით და ერთი კვირით ადრე გამოვაქვეყნებდით, თუ გვიან ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა" უპასუხა კევინ მეიჰუდმა.

ტელეჟურნალისტმა გეილ ჰოგანმა კი აღნიშნა, რომ ამერიკული მედიისთვის დაუწერელი კანონია, რომ სასამართლოს მსვლელობის დროს მომსამართლისგან და ნაფიცი მსაჯულებისგან ინტერვიუს აღებას არც კი უნდა შეეცადოს, ამან, შესაძლოა, სამართლიან სასამართლოზე გავლენა მაოხდინოს. "გამომძიებელი ჟურნალისტი ასევე ფრთხილად უნდა იყოს წყაროებთან ურთიერთობისას, რომ ვიღაცის მიზნების განხორციელების იარაღად არ იქცეს. მაგალითად, როცა ვიღაც გეუბნებათ, რომ მოგაწვდით ინფორმაციას, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რა მიზნით გაწვდით ის ამ ინფორმაციას" მიმართავდა გეილ ჰოგანი დარბაზში მყოფ აუდიტორიას, სადაც მოქმედი და მომავალი  ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს დარბაზში მყოფები დაინტერესდნენ, მედიის გამო თუ ჩაშლილა გამოძიება ან საფრთხე შექმნიათ თუ არა მოწმეებს. მოსამართლე ჰოგანმა უპასუხა, რომ მისი 30 წლიანი პრაქტიკის მანძილზე მედიის მაღალი სტანდარტების გამო, ასეთი რამ მხოლოდ რამდენჯერმე, უმნიშვნელო დონეზე მოხდა.

წყარო:http://www.liberali.ge

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1086 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]