ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულება დასავლური პოლიტიკური სისტემების მოდელისადმი
2011-02-25, 6:17 PM

ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) დამოკიდებულების შესწავლა დასავლური პოლიტიკური სისტემების მოდელისადმი, იმდენად არის აქტუალური, რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოს სწრაფვა ევროპულ სივრცეში. ეს სწრაფვა კი უახლეს ისტორიაში ქართველების მხრიდან გაცხოველდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის კოლონიას წარმოადგენდა და ქართველი საზოგადოება იმპერიიდან ხსნის გზებს ეძებდა. ამ საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძე იყო. ის საქართველოში „მეორე თერგდალეულად" (ილია ჭავჭავაძის შემდგომ) იწოდებოდა. ის ილია ჭავჭავაძეზე ოთხი წლით უმცროსი იყო და შესაბამისად პეტერბურგში განათლების მისაღებად მაშინ წავიდა, როცა ილია საქართველოში დაბრუნდა. თუმცა მოგვიანებით ისინი ერთ გუნდად ეწეოდნენ დასავლური პოლიტიკური სისტემის მოდელების პროპაგანდას, მაგრამ, ცხადია კოლონიური რეჟიმის ქვეშ დასავლური ღირებულებები ვერ დამკვიდრდებოდა. მათ მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია. 1918-1921 წლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ჰპოვა შედეგები.

ნიკო ნიკოლაძის უამრავი პუბლიცისტური ნაშრომები, რომლებიც თავისი მრავლაფეროვნებით მკითხველს აოცებს, შეუძლებელია ერთ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების ნაღვაწად იქნეს შეფასებული. ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს მისი დამოკიდებულება დასავლური ღირებულებებისადმი. როგორი იყო ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულება დასავლური პოლიტიკური სისტემის მოდელებისადმი? ჩვენ შევეცდები პასუხი გავცეთ დასმულ შეკითხვას. ამ საკითხის ისტორიოგრაფიასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში სეუსწავლელია, თუმცა ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკური შეხედულებები კუთხით მას ზოგადად შეეხო სიმონ ხუნდაძე, დავით გამეზარდაშვილი, ქეთევან ჯიჯეიშვილი და სხვები.

 ნიკო ნიკოლაძის ინტერესი დასავლური პოლიტიკური სისტემების მოდელებისადმი გამოხატულია მის მრავალ პუბლიცისტურ ნაშრომში. ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ისტორიოგრაფიული ნააზრევი კარგად ჩანს 1875 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში - „სოციალურ და პოლიტიკურ გარდაქმნათა შესახებ": „კაცობრიობის ისტორიაში ჯერ კიდევ არ ყოფილა მაგალითი, რომ თუნდაც ერთი რომელიმე ოდნავ სერიოზული ცვლილება ხალხის ბედში (მე ვლაპარაკობ, რასაკვირველია არა ომების შესახებ, არამედ მხოლოდ საზოგადოებრივი ვითარების შეცვლათა შესახებ) მომხდარიყო ახალი მოძრვრების, ანდა პროპაგანდის მხოლოდ პრაქტიკული, უარმყოფელი, მხარეების ძალით. ისეთმა გონიერმა ადამიანებმა, როგორიც იყვნენ პლატონი და სოკრატე, ისე გააკრიტიკეს ძველი სამყარო, რომ მისი საზოგადოებრივი წყობილებისა და სულიერი ცხოვრებისაგან ქვა ქვაზე არ დატოვეს, მაგრამ არა მათ შეარყიეს ეს სამყარო, არა მათ შეცვალეს კაცობრიობის ბედ იღბალი. საჭირო იყო ქრისტეს მოძღვრების მთელი „დადებითი", „შემოქმედებითი" მხარე იმისათვის, რომ ხალხებს შეეცვალათ თავიანთი შინაგანი და საზოგადოებრივი ცხოვრების წყობილება. მაგალითისთვის ჩვეულებრივად მიღებულია საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასახელება (ვინაიდან სხვა შესაფერისი მაგალითი არაა)."[1] ასევე საკითხის ნიკო ნიკოლაძის ისტორიულ ნააზრევთან მიმართებაში უნდა აღნინიშნოს, მისი ერთ-ერთი პირველი  სტატიაში: „რამდენიმე სიტყვა ერთი მეტად ძველი საკითხის გამო", რომელიც ფრანგი ისტორიკოსის ზიბელის წიგნის „საფრანგეთის რევოლუციის ისტორიის" რეცენზიას წარმოადგენდა და 1864 წელს დაიბეჭდა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დასავლური პოლიტიკური სისტემის ისტორიაზე. აქ ნიკო ნიკოლაძე შეეხო მონარქიიდან რესპუბლიკაზე გარდამავალ მოვლენას - საფრანგეთის რევოლუციას. ნიკო ნიკოლაძე ზიბელს აკრიტიკებდა: „ზიბელი თითქმის არავითარ ყურადღებას არ აქცევს იმ მოვლენებს, რომელთაც საფრანგეთის დიდი რევოლუცია შეამზადეს და თითქმის მისი წინამორბედები იყვნენ".[2] ევროპაში XVIII საუკუნის ბოლოდან მოყოლებული რევოლუციის ტალღის, რომელიც დღემდე გრძელდება, საფუძველს ნიკო ნიკოლაძე რეფორმაციაში ხედავდა. ამ სტატიაში ნიკო ნიკოლაძემ კათოლიკური სამყაროს პოლიტიკური სისტემა აღწერა და ის კათოლიკური სამყაროს ხელისუფალნი მკაცრად გააკრიტიკა: „კათოლიკურ სამღვდელოებას, რომელიც თავის წარმოშობიდანვე ცდილობდა ქვეყნად განემტკიცებინა ქრისტიანობის შერყვნილი პრინციპების ბატონობა, როგორც ჩანს თავისი საქმეები ისე კარგად მიჰყავდა, რომ მოასწრო დაერწმუნებინა თითქმის მთელი ქვეყანა მოციქულთა მოადგილეების, ე. ი. პაპების უცვლელობის ბრმა მორჩილებაში. რაკი ხელში ეპყრა მთელი დასავლეთ ევროპის ახალგაზრდობის ზნეობრივი განვითარება, იგი სისტემატურად აჩლუნგებდა თავის აღსაზრდელთა ყველა ძალას, მათ ჯანსაღ აზრსა და აზროვნების შესაძლებლობას, განსჯას. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ყველა ეს კუთვნილება სარწმუნოებრივ საგნებში შეცვლილი იქნა აღმზრდელთა განმარტებების ბრმა მორჩილებით. სამღვდელოებამ, რომელიც თავისთვის ასეთ ბრწყინვალე და სასარგებლო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ცხადია შესაძლო თავის აღსაზრდელებში და სულიერ შვილებში შთაენერგა გრძნობა „არა იაზროვნეთ, არამედ ისმინეთ". ამის მიღწევა საკმაოდ ძნელი იყო: მოაზროვნე, ე. ი. უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი ხანდახან ვერ შეურიგდება იმ აზრს, რომელიც მას არამართებულად მიაჩნია...

არცერთ ადამიანს, როგორი იდიოტიც არ უნდა ყოფილიყო იგი, არ შეეძლო არ ეგრძნო მაშინდელი საზოგადოებრივი უწესოება, მაგრამ მეორე მხრით, ვერცერთი ადამიანი, რაც არ უნდა ჭკვიანი ყოფილიყო იგი, ვერ გაბედავდა საჯაროდ გამოეთქვა უკმაყოფილება მაშინ გაბატონებულ უწესობაზე. ეს ცოტაა: ათასიდან ცხრაასოთხმოცდაცხრამეტ მცხოვრებს არა მხოლოდ ეშინოდა უკმაყოფილების გამოთქმისა, არამედ ცეცხლზე უარესად ეშინოდათ ეგრძნოთ უკმაყოფილება, განეცადათ იგი და ეღიარებინათ საკუთარი სინდისის წინაშე. ქვესკნელის მილიონი წამება ემუქრებოდა თავისი საშინელებებით მას მაშინდელი საზოგადოებრივი წყობის უცოდველობის წამიერ დაეჭვებისათვის.

...როგორც მაგალითად მათრახით, წამებით, გადასახლებით, კოცონით. თავის სულიერ სამწყსოს უტენიდნენ თავებში, დასავლეთში, რომ ყველაფერი, რაც კი უსამართლოდ გეჩვენება, სამართლიანია, რომ ყველაფერი შავი თეთრია, ხოლო თეთრი შავია, და რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ეს ასეა და დადგენილია უმაღლესისაგან, ხოლო მიწიერ ურთიერთობათა ამ უმაღლეს დადგინებაში დაეჭვება მიდის იმ პატარა კარამდე, რომელზეც მსხვილად აწერია: „წარიკვეთე იმედი სამუდამოდ"...

... მაგრამ, ასე არ ფიქრობდნენ ისინი, ვინც ნათელი, მხიარული სახით წამებაზე მიდიოდა: ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ, მართალია, ჩვენი რელიგიური რწმენისათვის უნდა ვეწამოთ, სამაგიეროდ ჩვენს შემდეგ გამოჩნდებიან სხვები, რომელნიც ჩვენს საქმეს განაგრძობენ, რომ ამ სხვებს მტერთა ინტრიგები, ვერაგობა და წამებანი ვერას დააკლებენ. უცნაური საქმეა - მართლაც ასე მოხდა: XV საუკუნის დასაწყისში გაჩნდა იოანე ჰუსი, ხოლო XVI ს-ის დასაწყისში ლუთერი." [3]

ნიკო ნიკოლაძე რეფორმაციის ეპოქას სამი პრინციპით ახასიათებს:

1. უმეტესობას... კათოლიკობისაგან ნაქადაგევი დებულებების ჭეშმარიტებაში დაეჭვების ეშინოდა.

2. მათ მიერ ნაქადაგევი ძმობის პრინციპი არ შეიძლებოდა პირადპირ გამომდინარე ყოფილიყო მაშინ გაბატონებული პაპის უფლებისა და ყველაფერში.

3. ცალკეული პიროვნების ბატონობის პრინციპი - ძმობისაკენ გარდამავალი საფეხური.

„მკითხველმა შეიძლება იკითხოს: რა კავშირი არსებობს ჰუსსა თუ ლუთერსა და საფრანგეთის რევოლუციას შორისო? პირველთა მიერ მოხდენილი რეფორმაცია წმინდა რელიგიური იყო, მაშინ როცა საფრანგეთის რევოლუცია მიმართული იყო განსაკუთრებით წოდებათა უთანაბრობისა და ეკონომიური უთანასწორობის შერყევის და ნგრევისაკენ". [4]

ნიკო ნიკოლაძე რეფორმაციისა და რევოლუციის წინამძღვრების შედარებისას ასკვნიდა: „პირველ შემთხვევაში რეფორმაციას, თუ მას სურდა გაემარჯვნა, უნდა დაენგრია მთავარი ძალა: მისი ბრმა მორჩილება მთელი კათოლიკური სამყაროში, ხოლო ამ ძალის დანგრევა შეიძლებოდა მიღწეული ყოფილიყო მხოლოდ საღვთისმეტყველო კამათის გზით. მეორე შემთხვევაში - რევოლუციას, რომელსაც სურდა მთელი ხალხის სოციალური უფლებები გაეთანაბრებინა, მოწინააღმდეგენი ჰყავდა აზნაურების, სამღვდელოების სახით, ე. ი. ყველა პრივილეგირებული კლასის სახით; ცხადია, აქ არ შეიძლებოდა მოქმედება საღვთისმეტყველო კამათით, აქ საჭირო იყო სქოლასტიკურ მსჯელობებზე შედარებით უფრო მოქმედი და დამარწმუნებელი არგუმენტები."[5]

ნიკო ნიკოლაძე სტრუქტურულ მსგავსებას ხედავდა და პარალელებს ავლებდა რეფორმაციასა და რევოლუციას შორის: „კათოლიკური სამყაროს მეთაურმა, პაპმა, შეწყვიტა ქრისტეს მოადგილეობა უკვე იმიტომ, რომ იგი მეფურად ცხოვრობდა, მაშინ როცა ქრისტეს საბრძანებელი „ამქვეყნიური" არაა; გარდა ამისა, პაპებისა და კათოლიკე მღვდელების უპირატესობის ბოროტმოქმედებანი იმ დროს წარმოსდგებოდნენ ნაწილობრივ უქორწინო ცხოვრებისაგან, რასაც არ შეეძლო მოციქულებრივი მისიის განგრძობისათვის ხელი შეეწყო არა გარეგანი ჭ ე შ მ ა რ ი ტ ი   ქ რ ი ს ტ ი ო ნ ო ბ ი ს გავრცელებისათვის, არამედ უბრალოდ, ქრისტიანული ძმური სიყვარულისა და რწმენის პრინციპისათვის, რომელიც პირველ მოციქულთაგან იყო ნაქადაგევი. პაპის ხელისუფლებამ, ე. ი. სამღვდელოებამ მიიღო მთელი უწინდელი იერარქია, თვით იერარქიულ საფეხურთა დასახელებათა შენარჩუნებითაც კი, ერის კაცთ წაართვა ყოველგვარი შესაძლებლობა თუნდაც საკუთარ საქმეებზე მსჯელობისა, ჩაერია უაღრესად პირადულ, ოჯახურ საიდუმლოებაში, მართავდა სინდისსა და საქციელს ერისკაცთა, რომელნიც ვერ ბედავდნენ, თუნდაც ფიქრში, განესაჯათ თავისი სულიერი მწყემსები.

ყველა ამასთან ერთად უნდა გავიხსენოთ სასულიერო პირთა საერთო მატერიალური სიმდიდრე, ერისკაცთა დიდი უმეტესობის წარმოუდგენელი სიღარიბე...

რაც შეეხება იმას, რომ ეკლესია, თავისი ზნეობრივი გავლენით ამართლებდა ყველა ამგვარ ძალდატანებას და არ ექომაგებოდა დაჩაგრულთ და მის მსგავსთ, მაშინ ეს გახსენებანი შეავსებენ საერთო სურათს, ისევე, როგორც გახსენებანი ინკვიზიტორებზე, ჯალათებზე, კოცონებზე და რომის მეუფეთა უცოდველობის მათ მსგავს არგუმენტებზე. ყველაზე მთავარი, რაც თვალში გვეცემა, არის მაშინდელი სოციალური დაწყობილობის მკვეთრი არათანაბრობა: ფეოდალური სისტემა, რომელსაც გილიოტინით თავი მოჰკვეთეს 89-92 წლებში, ალბათ იმისათვის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აღმდგარიყო ბურჟუაზიის ახალი სახელით, ჰუსისა და ლუთერის საუკუნეში თავისი განდიდების სიმაღლეზე იდგა. საითაც არ გაიხედავდი, ყველგან ჩანდა ძალის ბატონობა სუსტებზე, გაიძვერობის წარმატება და მაშინდელი მოსახლეობის მთელი მასის მკაცრი წამება.

რას წარმოადგენდა რევოლუციამდელი ევროპის სურათი? იმასვე, რასაც რეფორმამდელი, იმავე სახით: კათოლიკური სამღვდელოების ისეთივე აღვირახსნილობა, ძალის უპირატესობა, ყველას მოსყიდულობა, რადგან იგი ემსახურებოდა არა მშრომელთა სარგებლიანობას, არამედ თითქმის მხოლოდ და მხოლოდ მის მფლობელს; წამება, ტანჯვა, გადასახლება, სიკვდილით დასჯა - აი რა მოელოდა მაშინ იმას, ვისაც დაუსაბუთებლად დაასმენდნენ, რომ იგი არსებული წყობილების გამო უმნიშვნელო სიტყვიერ უკმაყოფილებას გამოთქვამს."[6]

რევოლუციის არსის უკეთ შესაცნობად ნიკო ნიკოლაძე ეპიტაფიას მიმართავდა: „ჩვენ არ გვექნება წარმოდგენა შენობაზე, თუ არ ვიცით, რა მასალისაგან არის იგი აგებული; სწორედ ასევე, რევოლუციის საქმე არამკაფიოდ იქნება გამოსახული, თუ არ დავინახეთ, თუ როგორი იყო რევოლუციამდელი პერიოდის, ჰუსის გამოჩენიდან 1792 წლის რევოლუციამდე, მოღვაწეთა წინასწარი სამუშაო."[7]

„იოანე ჰუსი და მისი პარტია დამარცხდნენ იმიტომ, როგორც ვთქვით, რომ ჯერ არ იყო დრო დამდგარი ძმობის ქადაგებისათვის, რომ ეკლესიის უფლების ავტორიტეტისაგან უნდა წარმოშობილიყო არა ძმობის, არამედ პიროვნების ბატონობის, ი ნ დ ი ვ ი დ უ ა ლ ი ზ მ ი ს პრინციპი.

რეფორმაცია შეეხო საზოგადოების მხოლოდ იმ ფენებს, რომელთათვისაც ინდივიდუალიზმის პრინციპს არსებითი სარგებლობა მოჰქონდა; აი რატომ ჩასჭიდა ხელი ლუთერის მოძღვრებას მთელმა საშუალო კლასმა, მთელმა ბურჟუაზიამ. სოფლის მოსახლეობა უღრმეს უვიცობაში ჩაფლული, არსობითი პურის ლუკმისათვის მზრუნველი, განყენებულ თეოლოგიურ კამათში იოტის ოდენა სარგებლობასაც ვერ ხედავდა, იგი ზრუნავდა მხოლოდ იმაზე, რომ მარჩენალი მიწა არ წართმეოდა. ამაში მდგომარეობს არსებითი განსხვავება საფრანგეთის რევოლუციისა რეფორმაციისაგან. დაბალი კლასის მთელი მასა, ანდა როგორც ზებელი ეძახის, შავი ხალხი, მისი მდგომარეობის მაშინდელ პირობებში ხარბად მოეკიდა რევოლუციას; იგი ხედავდა, რომ მასთან იყო დაკავშირებული ყველა თავისი ინტერესით, რომ იგი ანიჭებს მას არსებით სარგებლობას, მაშინ, როცა საფრანგეთის საშუალო კლასი გულგრილად ეკიდებოდა რევოლუციას, ლაფაიეტსა და მირაბოსთან ერთად წესიერების აღდგენისათვის, კ ა ნ ო ნ ი ე რ ი  თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს   ს ა მ ე ფ ო ს ა თ ვ ი ს, მშვიდობისათვის ზრუნავდა. თავისთავად ცხადია, რომ ფრანგი ხალხის დაბალი ფენა, ე. ი. სოფლის მკვიდრნი და ქალაქის მუშები რევოლუციის საქმეს ისე გულცივად და პასიურად ვერ მოეკიდებოდნენ, როგორც რეფორმაციის საქმეს ეკიდებოდა უმაღლესი კლასი და პირიქით, ფრანგმა საშუალო კლასმა იგრძნო, რომ რევოლუცია მისთვის არ ხდება და მას უნდა მოჰკიდებოდა არა ისე მხურვალედ და აქტიურად, როგორც საშუალო კლასი ექცეოდა რეფორმაციას."[8]

ნიკო ნიკოლაძე უშუალოდ საფრანგეთის რევოლუციის გამომწვევ მიზეზებად ასახელებდა: რეფორმაცია - უპატენტო მეცნიერები - მიწა - ხელოსნები - რევოლუცია

ნიკო ნიკოლაძე ლუდოვიკო XVI-ის სახელმწიფო სისტემის აღწერისას, ეყრდნობა რა ფრანგ განმანათლებლებს, ჩამოთვის იმ ნაწილებს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს რევოლუციის მიღწევაში. ის ორ მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფზე ამახვილებდა ყურადღებას: სოფლის მიწაზე მომუშავე გლეხებსა და ქალაქის ხელოსნებზე. „მთელი მიწა მაშინ მხოლოდ და მხოლოდ არისტოკრატიას ეკუთვნოდა, ესე იგი აზნაურობას, სამღვდელოებას და მონასტრებს, იგი განაწილებული იყო არისტოკრატიის მდიდარ წევრებს შორის, ისე, რომ არსებობდა მხოლოდ დიდი, საადგილმამულო საკუთრება, ხოლო წვრილ მესაკუთრეებზე ლაპარაკი სულაც არ იყო.

არისტოკრატია ერთ მამულად გაერთიენებულ თავის მიწებს იჯარით აძლევდა ერთს ხელში, შემდეგ მამულის ერთი მოიჯარადრე იჯარით აღებულ მიწებს ანაწილებდა პატარა ნაჭრებად და მათ აძლევდა იჯარით, დიდი გადასახადით. ამრიგად, მიწა მრავლის ხელში გადიოდა, ვიდრე მიწისდამმუშავებელ გლეხს მოხვდებოდა. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არაა: მიწის პატარა ნაკვეთები იჯარით აიღებოდა არა თვით მიწის-დამმუშავებელთაგან, არამედ მეტ ნაწილად წვრილი მოიჯარადრეებისაგან, რომელნიც მის დასამუშავებლად ქირაობდნენ მოჯამაგირე - მიწის დამმუშავებელებს, რასაკვირველია, მეტად დაბალ ფასად. სხვაგვარად ხომ უმუშევარი გლეხი და მისი ოჯახი შიმშილით ამოწყდებოდა! იგი იძულებული იყო მთელი წელიწადი ჩალის ფასად ემუშავნა მოიჯარადრესთან, ანდა იმგვარივე ხელფასით მუშაობას იწყებდა ქალაქად. გლეხობის უმიწობას უსაშინელესი შედეგები ჰქონდა: მთელი თემები იღუპებოდა შიმშილისაგან, რომ არაფერი ითქვას სხვადასხვა სნეულებაზე, რომელნიც უჭმელობისაგან წარმოსდგება."[9] გლეხის ასეთ დამოკიდებულებას მიწისადმი ნიკო ნიკოლაძე ხსნიდა: „რომელი სულელი გაბედავდა ჩაეფლა ოფლითა და შრომით მოპოვებული ფული ისეთ მიწაში, რომელიც მას ნამდვილად ჩამოერთმეოდა მფლობელის კაპრიზით, დღეს თუ არა, ხვალ მაინც? აქ ისე კი არ იყო, როგორც მიწის სათემო მფლობელობისას: უკანასკნელ შემთხვევაში მიწის დამმუშავებელი მიწას ფლობს სრულად გარკვეული წლების განმავლობაში, მან იცის, რომ ამ წლების გასვლის შემდეგ მას ამ მიწას ვერავინ წაართმევს და ამისთვის, თუ მიწის ნაკლებობა იგრძნობა, ანოყიერებს მას, აუკეთესებს, ფულს ხმარობს, მაშინ როცა მფლობელს უფლება აქვს წაართვას მიწა პირობის შეკვრის მეორე დღესვე, ან როცა მას მოუნდება. გარდა ყველა ამისა, არსად არ იყიდებოდა ზედმეტი ხორბალი, თუ კი იგი შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ მოვიდოდა, რადგან გზების მდგომარეობა იმდენად სავალაო იყო, რომ ძლივს შეეძლოთ ხორბლის მიზიდვა მეზობელ ქალაქამდე. ეს ვითარება მეტად სწევდა უკან მიწათმოქმედებას.

ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა თითქმის მთელი ფრანგი ხალხი, იშვიათი გამონაკლისის გარეშე. ამასთან ერთად არ უნდა იქნეს დავიწყებული, რომ ამ გამონაკლისს წარმოადგენდნენ არისტოკრატები, რომელთაც ხალხი, მათი ბოროტმოქმედებისათვის, მეტად ძლიერი ბუნებრივი მიზეზით, გულგრილად ვერ უცქეროდა და რომლებშიც მას არ შეეძლო არ დაენახა თავისი შეურიგებელი მტრები. ამ ვითარებამ გამოიწვია რევოლუცია, რომელმაც ძველი სოციალური წყობილება დაამხო. მაგრამ იმისათვის, რომ დანგრეულიყო მაშინდელი სოციალური წყობილება, უნდა გამორკვეულიყო ის რწმენანი, რომელნიც ამ წყობილების ქვაკუთხედად იდვნენ და ეს წინასწარი სამუშაო თავს იდვა რეფორმაციამ.

... როგორ ფიქრობთ, მკითხველო, მართალინი არიან უპატენტო მეცნიერნი, რომელნიც ამას ამბობენ? თუ შემდეგ კითხვას ამზადებთ: როგორღა დაიწყო რევოლუცია პარიზში, სადაც, როგორც ცნობილია, სულაც არაა მიწის დამმუშავებლები და იგი რატომ არ დაიწყო პროვინციებში? აბა, ამაზეც იმავე მეცნიერებს ვკითხოთ, რომელთაც ზევით დავეკითხეთ!

ისინი ამბობენ: როცა რომელიმე სახელმწიფოში ხალხის მოღვაწეობის რომელიმე მნიშვნელოვანი დარგი შებოჭილია, იგი, ამის გამო, სხვა დარგების მოშლასაც იწვევსო. თუნდაც ისინი ადრე კარგ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, ეს მნიშვნელოვანი დარგები თავის უსუსურ მდგომარეობაში რჩებიანო.

რადგან საფრანგეთში მიწათმოქმედება უკიდურესად შევიწროვებული იყო მიწის მუშაკთა უმამულობის გამო, ამიტომ სახალხო მოღვწეობის სხვა ყველა დარგი, როგორიცაა: ვაჭრობა, მრეწველობა და ა.შ., უნდა არა ნაკლებ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, მაგრამ, ფრანგ მინისტრებს ეჩვენებოდათ, რომ მრეწველობა და ვაჭრობა გაფურჩქვნილი იყო და, რომ ამიტომ, ცუდი არ იქნებოდა მათი ცოტა შევიწროება. როგორ შეევიწროებინათ? გადაწყვიტეს შემოეღოთ შემავიწროებელი საამქრო დაწესებულება. რომელიც ჩანასახშივე სპობდა ყოველგვარ სიახლესა და და გაუმჯობესებას მრწეველობაში. ეს ცოტაა: მიწის დამმუშევბელთა ცხოვრების მსგავსად მოაწყეს ცხოვრება ხელოსნების, ფაბრიკის მუშების: რადგან მუშა სამუშაოს იღებდა არა იმისაგან, ვისაც ეს სამუშაო სჭირდებოდა, არამედ მდიდარი კაპიტალისტისაგან, ისევ მეორე, მესამე ხელიდან, ამით იგი, მიწის მუშის მსგავსად, მდიდარი კაპიტალისტისაგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში ვარდებოდა. ამ მიზეზებმა ხელოსანი ისეთსავე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, როგორშიც მიწის მუშა იმყოფებოდა. ხელოსანი არისტოკრატში, სასულიერო პირში, კაპიტალისტში თავის მტერსა ხედავდა და ცდილობდა მათ დამცირებას, მათთან გათანაბრებას. პარიზში კი ძალიან ბევრია ხელოსანი ოსტატები. აი სწორედ ამიტომ პარიზში დაიწყო რევოლუცია."[10]


XIX საუკუნის ქართველი განმანათლებლების განსაკუთებული ყურადღება დასავლური პოლიტიკური სისტემების მოდელებისადმი იყო მიმართული. ნიკო ნიკოლაძე ქართველი განმანათლებლების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია 1866 წელს გამოქვეყნებული სტატია: „მოკლე განხილვა მმართველობის სხვადასხვა ფორმისა". საინტერესოა ნიკო ნიკოლაძის განმარტება: „მმართველობის ფორმას ან სახეს უწოდებენ იმ წესს და დაწყობილებას, რომელიც არსებობს სახელმწიფოში ხალხის სამართავად დაწესებულია სამგვარი უფლება 1. სჯულისდამდები (საკანონმდებლო - გ.ქ.), 2. აღმასრულებელი ანუ ადმინისტრატიული და 3. სამსჯავრო (სასამართლო - გ.ქ.)"[11]

ავტორი სტატიაში მმართველობის ორ ძირითად ფორმას: მონარქიასა და რესპუბლიკას გამოყოფს, რომლებსაც ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე აღწერს.

ნიკო ნიკოლაძე მონარქიულ სისტემას შემდეგი სტრუქტურის მიხედვით აღწერს:

1.         დესპოტური მონარქია - „როცა ხელმწიფე თავის ნებაზედ მართავს თავის სამფლობელოს, არ მიხედავს არა კანონს და თავის ქვეშევრდომებს ისე ექცევა, როგორც თვითონ უნდა და ეხალისება, მაშინ ამგვარ მმართველობის დესპოტურს ეძახიან. დესპოტურს სახელმწიფოში მმართველობის უფლება დაყოფილი არ არის. თუმცა იქ დაწერილი სჯული არსებობს, მაგრამ საქმით იმას არ ასრულებენ. აქ ხელმწიფის და იმისი მმართებლობის ნება სჯულზედ უმაღლესია. მცხოვრებლების სიცოცხლე და საკუთრება სრულიათ იმათს ხელშია. დესპოტური მმართველობის ფორმა არსებობს მხოლოდ გაუნათლებელს ქვეყნებში, სადაც ხალხი დაცემული და დამონავებულია, მაგალითად სპარსეთში, ჩინეთში და სხვა აზიის სახელმწიფოებში."[12]

2.         აბსოლუტური მონარქია - რომელს სახელმწიფოშიაც ხელმწიფე მარტო თავის სახელით და უფლებით ამტკიცებს და გამოსცემს კანონებს და ამ კანონების ძალით თვითონ მართავს ხალხს, იმ სახელმწიფოს მმართველობას ჰქვიან გარეშეუსაზღვრელი (შეუზღუდავი-გ.ქ) ან აბსოლუტური და ხელმწიფეს - თვითმპყრობელი, აბსოლუტურს სახელმწიფოებში სამგვარი უფლება (სჯულის დამდები, აღმასრულებელი და სამსჯავრო) მხოლოდ ხელმწიფეზედ არის დამოკიდებული. ხელმწიფე ნიშნავს მოხელე კაცებს, რომელნიც მარტო იმის წინაშე არიან პასუხის მგებელნი."[13]

კონსტიტუციური მონარქია - „გარეშესაზღვრულს (შეზღუდული-გ.ქ.) ან კონსტიტუციურს უწოდებენ იმ მმართველობას, რომელშიაც ხელმწიფის უფლება გარეშეზღუდულია კონსტიტუციით. კონსტიტუცია ანუ ხარტია არის წესდება. რომელიც განსაზღვრავს ხალხის და ხელმწიფის უფლებას. ამგვარ წესდებას ურთიერთის თანხმობით ხელმწიფე და ხალხის წარმომადგენელი დეპუტატები შეადგენენ და დაამტკიცებენ. კონსტიტუციური მმართველობა არსებობს ყოველს ევროპის სახელმწიფოებში, რუსეთის და ოსმალეთის გარდა."[14]

მონარქიული მმართველობების ამ ზოგადი აღწერის შემდეგ ნიკო ნიკოლაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „კონსტიტუციურ მონარქიას" და მას ინგლისის მაგალითზე განიხილავს, „რადგან ის არის წარმომადგენელი ნამდვილის კონსტიტუციისა და ხალხის თვით-მმართველობისა. ანგლიის სახელმწიფო დაწყობილება მაგალითად აქვთ ევროპაში ყველა განათლებულ ხალხებს და როდესაც ისინი თავიანთს კონსტიტუციას ადგენდნენ, იმას ბაძავდნენ და იქიდან ბევრი გადმოიღეს...

...კონსტიტუციით ხელმწიფეს დიდი უფლება აქვს, მაგრამ ნამდვილად, საქმით ხელმწიფე კი არ მართავს ქვეყანას, იმას მართავს თვითონ ხალხი, ე. ი. ხალხის წარმომადგენელი პირები, რომელთაც ეკუთვნისთ სჯულის-დამდები უფლება. კონსტიტუციურს ქვეყნებში სამი უფლება ცხადად არის განსაზღვრული და ერთი მეორეს პირდაპირ არ ექვემდებარება. სჯულის დამდები უფლება პარლამენტის ხელშია, აღმასრულებელი - მინისტრების, რომელთაც ხელმწიფე ნიშნავს. მსაჯულებს თუმცა მმართებლობა ნიშნავს, მაგრამ იმას არ შეუძლიან ერთხელ დანიშნული მსაჯული თანამდებობიდან გადააყენოს, თუ სამართლით არ დამტკიცდა იმის დანაშაულობა და უკანონო ქცევა. მაშასადამე, მმართველობას სამსჯავრო უფლებაზედაც არა აქვს დიდი გავლენა. ამ სამ უფლებათაგან სჯულის დამდები უფლება უაღრესი არის. საქმით მმართებლობას პარლამენტი აძლევს მიმართულებას, თუმცა სახელით ხელმწიფე ითვლება სახელმწიფოს მმართველათ. კონსტიტუციურის ხელმწიფის მნიშვნელობა სწორეთ განიმარტება ამ სიტყვებით: ხელმწიფე მეფობს და არა მართავს (Le roi régne, mais ne gouverne pas)." var container = document.getElementById('nativeroll_video_cont'); if (container) { var parent = container.parentElement; if (parent) { const wrapper = document.createElement('div'); wrapper.classList.add('js-teasers-wrapper'); parent.insertBefore(wrapper, container.nextSibling); } }
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1405 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]