ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში საქართველოზე
2011-02-20, 5:26 PM

თებერვალში თვეში +11 გრადუსი (ცელსიუსით) დააფიქსირა ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, დაწესებულების შიგნით. მხოლოდ კომიტეტის რეკომენდაციების შემდეგ შეიტანეს იქ გამათბობლები.

 ეს შემთხვევა ერთ-ერთია არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებიდან, რომელიც   ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2010 წელს დააფიქსირა საქართველოში.  CPT არის ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ორგანო, რომელიც წევრ ქვეყნებში ვიზიტებს ახორციელებს თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის  ადგილებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ან დასჯის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით.

 CPT საქართველოში ყოველ სამ წელიწადში  გეგმიურ  მონიტორინგს ახორციელებს თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვების ადგილებში.

 საქართველოში რიგით მეოთხე გეგმიური ვიზიტი ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა 2010 წლის 5-15 თებერვალს განახორციელა და ვიზიტის ანგარიში 20 სექტემბერს  გამოქვეყნდა.

 როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშის ამბობს, კომიტეტის წინა, 2007 წლის ვიზიტის ანგარიშთან შედარებით წლევანდელ ანგარიშში ოდნავ პოზიტიური ცვლილებები ფიქსირდება , თუმცა 70 გვერდიანი ანგარიშის უმეტესი ნაწილი კრიტიკას უკავია.

 ვიზიტის ფარგლებში კომიტეტმა მოინახულა  სასჯელაღსრულების დაწესებულებები,  პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორები და პოლიციის განყოფილებები, ასევე ფსიქიატრიული საავადმყოფოები.

 ევროპის წამების კომიტეტი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ მთლ რიგ სფეროებში, განსაკუთრებით სასჯელაღსრულებისა და  ფსიქიატრიულ  დაწესებულებებში მხოლოდ მცირე ან არავითარი პროგრესი არ შეინიშნება -  ნათქვამია ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში რიგით მეოთხე გეგმიურ ანგარიშში.

 კომიტეტი დადებითად აფასებს პოლიციის განყოფილებების,  დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, შსს–ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სარეგისტრაციო ჟურნალების სათანადო წესით წარმოებას, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნას. CPT კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი უკანასკნელი ვიზიტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად. ასევე, კომიტეტის მიერ დადებითად არის შეფასებული სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული პრევენციის მექანიზმის საქმიანობა.

 თუმცა, გიორგი ტუღუშის თქმით, კომიტეტი მიუთითებს, რომ ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აქვს, არის კომიტეტის რეკომენდაციების შესრულება და CPT სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდა უკანასკნელი ვიზიტის რეკომენდაციების გათვალისწინება.

 კომიტეტმა განსაკუთრებით უარყოფითად შეაფასა ქსნის დაწესებულების საერთო რეჟიმის და მ. ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პირობები და აღნიშნა, რომ ამ დაწესებულებებში ადამიანების მოთავსება შეიძლება მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობად ჩაითვალოს. CPT–ს  რეკომენდაციაა აღნიშნულის სასწრაფო გამოსწორება. 

 კომიტეტი ყველაზე დიდ ყურადღბას უთმობს გამოძიების თემას და მიუთითებს, რომ არასათნადო მოპყრობის ფაქტები ძალიან ხშირად გამოუძიებელი რჩება და ხშირად დარღვეულია ის სტანდარტი, რომელსაც აწესებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო.

 CPT თავის ანგარიშში საკმაოდ ვრცლად შეეხო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადატვირთულობის პრობლემას, პატიმართა მიმართ არასათნადო და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს,  ასევე ჯანდაცვის სისტემას. კომიტეტი მიუთითებს, რომ ტუბერკულიოზი ჯერ კიდევ რჩება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სერიოზულ პრობლემად და საქართველოს მთვრობას მოუწოდებს, არსებითი ნაბიჯები გადადგას ამ საკითხის მოსაგვარებლად.

აგრეთვე კომიტეტმა თავის ანგარიშში  პატიმრებისთვის გრძელვადიანი პაემნების აღდგენა მოითხოვა, ვინაიდან, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ პატიმარმა შინარჩუნოს კონტაქტი ოჯახთნ და ახლობლებთნ.

  ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალური ცხოვრების პრობლემებზე, როგორებიცაა გაცნობიერებული თანხმობა სექსუალურ ურთიერთობებზე, კონტრაცეფცია, ფეხმძიმობისა და ბავშვის გაჩენის შედეგების გაცნობიერება. კომიტეტის რეკომენდაციაა, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის ერთ–ერთი მიზანი ზემოაღნიშნულ საკითხებზე შშმ პირთა ინფორმირება იქნება.


კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1011 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]