დაწერილი და დაუწერელი სამართალი
2011-04-09, 2:38 PM
სამართლებრივ ლიტერატურაში ერთმანეთისგან ანსხვავებენ სამართლის წყაროებს მისი მატერიალური და იურიდიული ანუ ფორმალური გაგებით. სამართლის წყაროში, მატერიალური გაგებით, მოიაზრება ის საფუძველი, რამაც განაპრობა ამა თუ იმ სამართლის ნორმის მიღება. ასეთ დროს განმსაზღვრელი ფაქტორი არის საზოგადოების ცხოვრების განვითარების დონე, ეკონომიკური ურთიერთოების ერთობლიობა და მისი განვითარების სტანდარტები, საზოგადოებრივი ცხოვრების პირობები. სწორედ აღნიშნული გარემოებები განსაზღვრავენ სამართლებრივ ნორმათა ხასიათს, მის შინაარსობრივ არსსა და მოსაწესრიგებელი ურთიერთობის რეგულირების ფორმალურ ხასიათს. უფრო კონკრეტულად კი, შეგვიძლია მოვახდინოთ შემდეგი ფორმულირება: საზოგადოებრივი საჭიროების რეალური პირობები განსაზღვრავენ სამართლებრივი ნორმის ჩამოყალიბების აუცილებლობასა და ახდენენ მის შესაბამის განსაზღვრებას, რათა იურიდიულად დაცული იქნეს თითოეული ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშვება სახელმწიფოში შესაბამის ქმედებათა სისტემატური განხორციელების დროს. შემდეგში სწორედ ასეთი ნორმა მოევლინება საზოგადოებას სავალდებულო სამართლებრივ აქტად.
სამართლებრივი წყაროს მატერიალურ გაგებისგან, როგორც აღვნიშნეთ, განასხვავებენ სამართლის წყაროს იურიდიული (ფორმალური) გაგებით. სწორედ ეს უკანასკნელი იხმარება უმთავრესად იურიდიულ ლიტერატურაში, ვინაიდან მეცნიერთა ნაწილი სამართლის წყაროს მატერიალურ გაგებას საერთოდ არ მოიაზრებს. სამართლის წყაროს ფორმალურ გაგებას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება. იგი აუცილებლად გულისხმობს სამართლის გამოხატვის გარკვეულ ფორმას, რომლშიც ეს ნორმა არის ჩამოყალიბებული. ეს ნიშანი მისი აუცილებელი პირობაა. ამასთანავე, შეგვიძლია მივუთითოთ, რომ რეალურად სამართლის თითოეულ დარგს თავისი იურიდიული წყაროები გააჩნია, რომლითაც რეგულირდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა, მაგრამ ასევე მრავალი აქტი ერთნაირად სავალდებულო ხასიათის მქონეა სამართლის თითოეულ დარგთან მიმართებაში. მაგალითისთვის კონსტიტუციაც, ქვეყნის უზენაესი კანონიც გვეყოფა. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ სამართლის წყაროს გაანალიზებასა და შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკაში. ეს საჭიროება განპირობებულია იმ სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობით, რასაც მოცემული ნორმა, ანუ სამართლის წყარო იურიდიული გაგებით მოიცავს.
სახელმწიფოსა და შესაბამისად, სამართლის განვითარების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართალს რამდენიმე იურიდიული წყარო აქვს. მხოლოდ კანონი სამართლის წყაროდ არ გვევლინება, მაგრამ მას ამავე დროს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და უპირველესი წყაროს სახით შეგვიძლია ღიად მოვისაზროთ, ვინაიდან იგი კონკრეტულად არეგულირებს ქცევის წესებს, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ურთიერთობებს და ასახავს ობიექტურ პროცესებს.
სამართლის სხვადასხვა დარგში სამართლის წყაროდ გვევლინება "დაუწერელი კანონი” ანუ ჩვეულება. იგი სამართლებრივი ნორმის მსგავსად საზოგადოებრივი მნიშვნელობის ქცევის წესს ადგენს, მაგრამ სახლმწიფოს მიერ დადგენილი არ არის როგორც შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის მქონე. ჩვეულება დროთა განმავლობაში თვით საზოგადოებაში იბადება და მისი შესრულების უზრუნველყოფაზე სწორედ ეს უკნასკნელი ზრუნავს. ჩვეულება, როგორც სამართლის არასავალდებულო წყარო ჩვენს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაშიც გვევლინება. მაგალითისთვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: "ჩვეულებანი გამოყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს”. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე დროს არ ეწინაარმდეგება სამართლისა და ზნეობის ნორმებსა და საჯარო წესრიგს. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისგან განსხვავებით ჩვეულებითმა სამართალმა უფრო დიდი გამოყენება ჰპოვა საერთაშორისო სივრცეში. იგი გვევლინება, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად, "რიგით მეორე”, წყაროდ, "როგორც სამართლებრივ ნორმად აღიარებული საყოველთაო პრაქტიკის მოწმობა”. ჩვეულება, რომ საერთაშორისო სამართლის წყაროდ მივიჩნიოთ, აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს 2 მოთხოვნას, როგორც სუბიექტურს ასევე ობიექტურს. ობიექტური მოთხოვნა – გამოიხატება საყოველთაო პრაქტიკაში. ანუ სახელმწიფოები შესაბამის ქმედებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა ახორციელებდნენ. ამავე დროს, უნდა აღვნიშნო, რომ საყოველთაო პრაქტიკაში არ მოისაზრება ყველა სახელმწიფოსა და სხვა საერთაშორისო სუბიექტის პრაქტიკის ერთგვაროვენა. იგი შეფასებითი კატეგორიაა და არ უნდა მოხდეს მისი, როგორც ყველა სიტუაციაში მსგავსის განხილვა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ თანდათანობით მყარდება "მომენტალური ჩვეულების” შესახებ არსებული მოსაზრებები. მეორე, უკვე სუბიექტური ელემენტი, რომელსაც ჩვეულება უნდა აკმაყოფილებდეს არის ის, რომ საერთაშორისო სამართლის სუბიექტების მიერ იგი აღიქმებოდეს როგორც სამართლებრივ ნორმად (ე.წ. ოპინიო იურის). ანუ პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზეზი განპირობებული უნდა იყოს სწორედ სახელმწიფოების მიერ მათი შესასრულებლად სავალდებულოდ მიჩნევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ღიად გავამახვილოთ ყურადღება ჩვეულებით სამართალზე, როგორც სამართლის ერთ-ერთ წყაროზე, როგორც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში, ასევე საერთაშორისო სამართლის დონეზეც. მისი არსი თითოეულ მოცემულ შემთხვევაში შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს, მაგრამ მისი მნიშვნელობა უდაოდ ძალიან დიდია
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1611 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]